top of page

რუსეთ-საქართველოს კავშირი და გაყრა: რას გვიამბობს თარიღები
1783 წლის 23 ივლისი , 1918 წლის 26 მაისი , 1991 წლის 9 აპრილი

ჯაბა დევდარიანი | აკადემიური ესე | 2021

თარიღები, რომლებიც ისტორიის წიგნებიდან  გვახსოვს, ხშირად ისტორიულ შინაარსს შემდგომი კონტექსტისა და ინტერპრეტაციის შედეგად  იძენენ. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი წელი არავის შეუმჩნევია იმ წელს... არც რომის დაარსების თარიღი ჩაუნიშნავთ თანამედროვეებს წიგნებში, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ,  რომ თარიღები კი არ ქმნიან ისტორიას, როგორც ხშირად მიგვაჩნია, არამედ ისტორია ქმნის თარიღებს - როგორც მიჯნას, რომლის გარშემოც აყალიბებს თავის მონათხრობს.


როცა ისტორიული ეპოქები, დინასტიები და  ფორმაციები იცვლება, ზოგჯერ ისტორიკოსებიც და, მით უფრო, პროპაგანდისტები ერთსა და  იმავე თარიღს სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ. გადის დრო და ტყუილ-მართლის ფაქტებზე  დაფუძნებული გარჩევა სულ უფრო ჭირს. ისტორიოგრაფიის ადგილს გაყალბებული მეხსიერება  იკავებს.

საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება 1783 წლის 23 ივლისს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატით იწყება, მე-20  საუკუნის განმავლობაში კი საკვანძო თარიღის - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის  გამოცხადების დეკლარაციისა და 1991 წლის 9 მაისს, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის  გარშემო გარშემო ბრუნავს.


მათთვის, ვინც 80-იანი წლების ბოლოსა და  90-იანი წლების დასაწყისში ეროვნული მოძრაობის გაღვიძებისა და გააქტიურების ეპოქაში  ვიზრდებოდით, 1991 წლის 9 მაისიდან ვუცქერდით 1783 წელსაც და 1918-საც. მის თანახმად, გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული, საქართველო რუსეთის მხრიდან ღალატსა და დამცირებას  იტანდა. დღესაც, ოფიციალურ დისკურსსა თუ ისტორიის სახელმძღვანელოებში ეს ხედვა ჭარბობს,  ალბათ უფრო მძაფრადაც, რადგან ამასობაში მოხდა კონფლიქტები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,  2008 წლის ომი რუსეთთან და ამ ორი მხარის ოკუპაცია. 1991 წლიდან დანახული 1918 არასაკმარისად  რადიკალური გაყრა იყო რუსეთთან. გავრცელებული ხედვით, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას  „თავს დაატყდა თავისუფლება“. ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთ საპროგრამო გამოსვლაში, სწორედ  სოციალ-დემოკრატების გზა იყო „გზა ბარაბასი“ - რუსულ სამყაროსთან კომპრომისის მცდელობა,  რომელსაც შეუპირისპირდა „გზა ქრისტესი“ - წამებისა, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგენისა.


ეს მოკლე ნარკვევი მიზნად მითოლოგიურიდან ისტორიოგრაფიულ პერსპექტივაში ამ დიალოგის გადაყვანას ისახავს და კითხვებს უფრო სვამს  მომავალი და ახლანდელი მკვლევრებისათვის, ვიდრე პასუხებს იძლევა. როგორი იყო ეს სამი  თარიღი თანამედროვეებისათვის?! და როგორ ჩანს ეს თარიღები რუსეთიდან?


წიგნი ფიცისა


1783 საქართველოსთვის ლიტერატურულ-ფოლკლორული ტრადიცია უფროა, ვიდრე ისტორიული თარიღი. „დიდი ხანია გულს ირაკლისა გარდუწყვეტია  ბედი ქართლისა“ - ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“ 1839 წელს დაიწერა, ტრაქტატის  დადებიდან ათწლეულების შემდეგ, მაგრამ აქ წარმოდგენილი დებატები ქართულ დიდებულებს  შორის ჩვენთვის თითქმის ისტორიულ საბუთად აღიქმება.


სოლომონ ლეონიძის პირით ნათქვამი: „მაგრამ  შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება/ სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,/ მისდევდე შენსა  გულისკვეთებას და უთრგუნვიდე თავისუფლებას?“ აშკარად მე-19 საუკუნის, ეროვნული სახელმწიფოების მშენებლობის დაღს ატარებს, ვიდრე მე-18 საუკუნის სამეფო-სამთავროების პოლიტიკისა.  მართლაც, ისტორიული წყაროებიდან ცხადია, რომ ერეკლე მეფე მსგავსი - ეგებ არც ასე შორსმიმავალი,  მაგრამ პოლიტიკურად და ტაქტიკურად შესადარი - ხელშეკრულებების დადებას არც სხვა დიდ მეზობლებთან თაკილობდა. სწორედ ალიანსების დადებითა და შემდეგ მათი რღვევით ახორციელებდნენ  მთავრები „ბალანსის პოლიტიკას“ იმ დროს და ეროვნული - ამ სიტყვის მე-19-20 საუკუნეობრივი  გაგებით - პოლიტიკა აქ არაფერ შუაში იყო.


როგორი იყო ტრაქტატის ხედვა რუსეთის მხრიდან?  ამ კითხვაზე ჩვენ დამაკმაყოფილებელი და ისტორიოგრაფიულად დასაბუთებული პასუხი გვჭირდება.  აშკარაა, რომ იმდროინდელი რუსეთი ტერიტორიული ექპანსიის გზას ადგას და კასპიის ზღვაზე  სპარსეთთან ქიშპობის გზაზე საქართველოს მხრიდან ზურგის შემომტკიცება გეოპოლიტიკურად საინტერესოა. ერეკლეს ქცევა ტრაქტატის - ანუ ქვეშევრდომობის, პროტექტორატის მოთხოვნის  შემდეგ - რუსეთის მხრიდან ალბათ ღალატად თუ არა, არასაიმედოო პარტნიორობად აღიქმებოდა.


ისიც გვახსოვდეს, რომ თავისი მნიშვნელობით  - და განსაკუთრებით მისი შედეგებით - რუსეთსა და საქართველოში ტრაქტატი ერთნაირი მნიშვნელობისა  არ იყო. მე-19 საუკუნის გადმოსახედიდან, რუსეთის ქვეშევრდომობამ საქართველო ფიზიკურად  გადაარჩინა, მაგრამ სახელმწიფოებრივად დაღუპა. მოსკოვის თვალით, საქართველოს სამეფო-სამთავროების თანდათანობითი შემომტკიცება ტაქტიკური ნაბიჯი იყო, თანაც სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით  მეორეხარისხოვანი მიმართულებით. ეს გაკვრითი მეორეხარისხოვნება ჩანს ლერმონტოვის სიტყვებში  „удручен своим венцом,/Такой-то царь, в такой-то год,/ Вручал России свой  народ“ - მის ლექსში „მწირი“, რომელიც იმ წელსვეა დაწერილი, რომელშიც „ბედი ქართლისა.“


ოღონდაც, ქართული სამეფო გვირგვინის რუსეთში „გადასროლას“ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, როგორც ახლა ვიტყოდით „პიარ“ კომპონენტი გააჩნდა.  ჯერ ერთი, უძველესი ქრისტიანული სამეფო გვირგვინის შემოერთებამ რუსეთის მეფეების გაიმპერატორებას  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მეორეც, როგორც სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა, რუსეთმაც შეიძინა თავისი „ორიენტი“ - და ევროპული განათლებული მონარქიის მისია - სინათლე შეეტანა  „კავკასიელ ველურებში“. საქართველოს არისტოკრატია ამ საქმეში „კულტურული შუამავლის“  როლს თამაშობდა - ჩრდილო კავკასიელ „ველურებზე“ და „ურჯულოებზე“ ერთი საფეხურით მაღლა, ქრისტიანული ტრადიციიდან გამომდინარე - მაგრამ მაინც არასაკმარისად ცივილიზებული,  ევროპული პეწის პეტერბურღიდამ მსესხებელი. სწორედ ამ ორიენტალისტურ მოტივებს დაემყარა  მე-19 საუკუნის მთელი „კავკასიური რომანტიზმი“ თავისი პუშკინ-ლერმონტოვ-გრიბოედოვებით.


მე-19 საუკუნის რუსეთი სწორედ ამ, იმპერიული  მესიანიზმის კუთხით უყურებს საქართველოს შერწყმას რუსეთში. იგივე „მწირი“ ვნახოთ:


„И божья благодать сошла
На Грузию! Она цвела
С тех пор в тени своих садов,
Не опасаяся врагов,
За гранью дружеских штыков.“

1859 წელს, ილია ჭავჭავაძე „მწირის“ ამ კუპლეტს  უკვე ასე თარგმნის:

„მას აქეთ, რაცა კურთხევა ღვთისა

მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,

რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა –

ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს“


და ნათლად წარმოაჩენს იმ უფსკრულს, რომელიც  1783 წლის ორი მხრიდან ხედვებს შორის ყალიბდება. ფეოდალ მამათა და ლიბერალ შვილთა  შორის კონფლიქტში, შვილები იმარჯვებენ, ხოლო შვილებს - შვილიშვილები მოჰყვებიან. მათგან პოლიტიკურად ყველაზე უფრო წარმატებულები კი - სოციალ-დემოკრატები აღმოჩნდებიან. სწორედ  მათ გულზე და კისერზე გადაივლის მეორე საკვანძო თარიღი - 1918.


რა გვაქვს გასაკეთებელი:

- რუსული  და ქართული ისტორიოგრაფული მასალების მოძიება და შედარება, რომელიც 1783 წლისათვის  ქართული სამეფო-სამთავროების კარზე, ისევე როგორც რუსეთში მიმდინარე დისკუსიას გვიჩვენებს  და იმდროინდელი გეოპოლიტიკის კონტექსტში ჩასვამს.


- რუსული „ორიენტალიზმის“,  მასში საქართველოს როლისა და ამის პარალელურად - „ქართული სუბალტერნობის“ („ჩაგრული ერი“, „ობოლი ერი“, „რუსეთს ვერ მოერევი“) და „ქართული ორიენტალიზმის“ (კავკასიაში  „მაცივილიზებელი“ როლი) ფესვების მონახვა.


საქართველოს რესპუბლიკის  დაბადება


1918 წლის 26 მაისი ისტორიამ რამდენჯერმე  შექმნა. პირველად - თავად ამ დღეს, როცა ქალაქის ქუჩებში ზეიმი გაიმართა. მეორედ,  ალბათ 1921 წელს, როცა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ 26 მაისი უკვე საბჭოთა საქართველოს  ხელისუფლებამ აღნიშნა. მესამედ - 1922 წლიდან მისი აკრძალვითა და დავიწყებით. მეოთხედ  - ეროვნული მოძრაობის წიაღში ამ თარიღის ამოტივტივებით. კონტექსტი: აღფრთოვანებაც,  გაკილვაც, ანათემაც - ყოველთვის უკავშირდებოდა რუსეთს.


როგორც უკვე ვთქვით, ეს თარიღი - საქართველოს ტერიტორიაზე პირველი თანამედროვე ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება - მე-19 საუკუნის  მეორე ნახევრის ნაშრომზე აღმოცენდა, ლიტერატურის, ხელოვნების, ქართულენოვანი პრესის,  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საქველმოქმედო საღამოების თუ „ბალების“, სოფლის სკოლებისა და სოფლისვე მასწავლებლების, ვექილების და „დიაკვნების შვილების“[1] ძალისხმევით. 1990-იანი წლების გადმოსახედიდან  პირველი რესპუბლიკის მესვეურებს, ძირითადად იმას აყვედრიდნენ - და ახლაც აყვედრიან  - რომ ისინი რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ მოითხოვდნენ და „დამოუკიდებლობა თავზე  დაეცათ“. ეს ნაწილობრივ მართალიცაა. ოღონდ რუსეთთან ფრთხილი დამოკიდებულების მიზეზები  უფრო ღრმად მოჩხრეკას იმსახურებს.


მაშინდელ საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნა დღის წესრიგში არ იდგა რამდენიმე მიზეზის გამო. რაც მთავარია,  რუსეთის იმპერიის დაშლა სრულიად მოულოდნელად, კრიზისული მოვლენების ყველაზე უარესი  შესაძლო სცენარის განვითარების შედეგად მოხდა. სოციალ-დემოკრატები იმპერიის მმართველობაში მონაწილეობდნენ და დემოკრატიული ტრანსფორმაციის იმედი ჰქონდათ, რასაც საქართველოსთვის  ავტონომია უნდა მოეტანა. მართალია ისიც, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსეთის  იმპერიის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში იმაზე უფრო მნიშვნელოვან და გავლენიან როლს  თამაშობდნენ, ვიდრე ბოლშევიკური ფრთის ქართველი წარმომადგენლები. საქართველოში საზოგადოების  სერიოზული მხარდაჭერაც ჰქონდათ. შესაბამისად, „ახალ რუსეთში“, სახელმწიფო დუმაში არჩევის  შემდეგ მოვლენებზე გავლენის მოხდენის იმედიც გააჩნდათ.


ოღონდაც, რუსეთის იმპერიის შენარჩუნებისკენ  არა მხოლოდ მემარცხენე, არამედ მემარჯვენე პატრიოტებიც იხრებოდნენ და თანაც გეოპოლიტიკური  მოტივით. პირველი მსოფლიო ომის შედეგად რუსეთის დაშლა თუ თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა, სამაგიეროდ ოსმალეთის დანაწილება თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო. ქართველ პატრიოტებს  მიაჩნდათ, რომ ამ საქმეში იმპერიისა და მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა - ისტორიული  ქართული პროვინციების თბილისის გუბერნიის გარშემო შემომტკიცებისათვის კარგი საფუძველი  იქმნებოდა.


ორივე ამ გავლენიანი საზოგადოებრივი ფრაქციის  იმედებს 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ და ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების შემომტკიცებამ  ბოლო დაუდო. უკვე პოსტ-საბჭოთა საქართველოს გადმოსახედიდან უცნაურად ჩანს, რომ 1918 წლის 26 მაისს არ დამდგარა „რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის“ საკითხი და არც  1783 წლის ტრაქტატისთვის გადაუხედავთ. პირიქით, დამოუკიდებლობის იურიდიული უფლების  დასასაბუთებლად სწორედ ტრაქტატის დამდები ერთი მხარის გაქრობა დასახელდა. ამას პრაგმატული მიზეზებიც ჰქონდა ალბათ - თვითგამორკვევის ჯერაც ახლადშობილი უფლების დასაბუთება ევროპაში  ასეთი გზით უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე კოლონიური ტირანიისგან გათავისუფლების  უფლების მოხმობით (რაზეც, მაგალითად აშშ დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიუთითებს), რაც  ბევრად უფრო მტკივნეული აღსაქმელი იქნებოდა გინდ ლონდონში და გინდაც პარიზში (ამ საინტერესო  საკითხს კიდევ მივუბრუნდებით).


ჩავხედოთ დამოუკიდებლობის აქტს:


საქართველოს დამოუკიდებლობის  გამოცხადების დროს საქართველოში რუსეთის სახელმწიფო აღარ იყო და ამიტომ ეს დეკლარაცია  რუსეთის წინააღმდეგ არ მომხდარა.


საქართველოში მისი დამოუკიდებლობის  დეკლარაციამდე უკვე განმტკიცებული სახელმწიფო რეჟიმი არსებობდა და ეს რუსეთის სახელმწიფო  არ იყო.


რუსეთის დამფუძნებელ  კრებისათვის შემუშავებულ საარჩევნო კანონის მიხედვით ამორჩეულმა საქართველოს ეროვნულ ცხოვრების ორგანომ – საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, გარდაიქმნა რა იგი საქართველოს  წარმომადგენელთა კრებულად, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს  რესპუბლიკის მთავრობა შეჰქმნა.


დამყარებული ასეთს მტკიცე  საფუძველზედ საქართველოს მთავრობა ცნობილ უნდა იქმნას, როგორც ეროვნული მთავრობა, რომლის ავტორიტეტი და უფლება ყოველ ეჭვს გარეშეა, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული  საბჭო უნაკლო და ნამდვილი წარმომადგენლობა არის.


1918  წლის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

ანუ დამოუკიდებლობის აქტი ასეთ ტრიადას  ეყრდნობა: რუსეთის სახელმწიფო საქართველოში აღარაა (გაქრა დე იურე და დე ფაქტო ბოლშევიკური  რევოლუციის შემდეგ პეტროგრადში). ამისდა მიუხედავად არსებობს სახელმწიფო მმართველობა  (რომელიც რუსეთის სახელმწიფო არაა); და მესამე და მთავარი - არსებობს დემოკრატიულად  არჩეული ორგანო რომელიც ეროვნული სუვერენული უფლების მატარებელია.

თუკი აქ რუსეთთან საქართველოს ადრინდელი  ურთიერთობა ნახსენები არაა, საინტერესო არგუმენტაციას ვაწყდებით პარიზის კონფერენციაზე  საქართველოს ემისრის, ვარლამ ჩერქეზიშვილის ფრანგულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკაში“ 1919 წლის 19 ნოემბერს დაიბეჭდა[2]:


"ქართველ დელეგატებს  სურთ შეახსენონ ევროპის საზოგადოებრივ აზრს, რომ საქართველოს რესპუბლიკა კანონიერადაც  და ფაქტიურადაც საქართველოს სამეფოს სამართალმემკვიდრეა. პროტექტორატის შესახებ ხელშეკრულებით,  ეკატერინე რუსთა [დედოფალმა] აიღო ვალდებულება საკუთარი და მისი მემკვიდრეების სახელით, მკაცრად დაეცვა საქართველოს ავტონომია.


თუმცა, როცა იმპერიის  დაშლისას მეფის ადგილი რესპუბლიკურმა მთავრობამ დაიკავა, მათ არც კი უფიქრიათ საქართველოსთვის  ეცნობებინათ, აპირებდა თუ არა რესპუბლიკური რუსეთი დადებული ხელშეკრულების შესრულებას.  "


"როცა, თავის მხრივ,  ეს მთავრობაც დაემხო, და როცა ბოლშევიკურმა მოძრაობამ იმპერია ათობით რესპუბლიკად დააქუცმაცა, საქართველო მეორე ხელშემკვრელი მხარის გაქრობის ფაქტის წინაშე დადგა,  რითაც საერთაშორისო სამართალთან სრული თანხმობით აღიდგინა მოქმედების თავისუფლება  და გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

ვარლამ  ჩერქეზიშვილის სტატიიდან გაზეთში La Review de Paris 1919 წლის სექტემბერი


რა  გვაქვს გასაკეთებელი


- რუსეთის დროებითი მთავრობის დამოკიდებულების შესწავლა ტერიტორიული ავტონომიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის საკითხებისადმი, ამ  თემაზე არსებული შესაძლო აზრთა სხვადასხვაობა, რომ შევადაროთ საქართველოს არგუმენტაციას.


რამდენად თვლიდნენ ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებას „რუსული იმპერიის/რუსეთის სახელმწიფოს იურიდიულ დასასრულად (ან ახალ დასაწყისად)“  თავად ბოლშევიკები? დასავლეთის სახელმწიფოები? რუსეთის სხვა მეზობლები?


რუსეთის იმპერიისაგან განთავისუფლებული  სხვა ქვეყნების აქტებთან ქართულის შედარება.


ანუ, რომ შევაჯამოთ, 1918 წლის 26 მაისი  საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ, იურიდიულად მაინც, იხატებოდა არა როგორც  „საქართველოს გაქცევა ერთა საპყრობილიდან“ არამედ როგორც თავად რუსეთის გაქცევა/გაქრობა,  როგორც სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მატარებელი ერთეულისა ამ ტერიტორიაზე. სწორედ  ამ „არასაკმარისი პატრიოტიზმისთვის“ აკრიტიკებდნენ მაშინდელ მმართველებს 1980-იანი  წლების ბოლოს/1990-იანი წლების დასაწყისის ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები. უკომპრომისო  დაპირისპირება ყოველივე იმასთან, რაც რუსულმა სახელმწიფომ მოიტანა - ეს 1990-იანი  წლების მიდგომაა, რომლის მიზეზიც დიდწილად  ჯერ პირველი რესპუბლიკის ოკუპაცია, მერე კი საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამოცდილებაცაა.


ოღონდ, შესაძლოა „ჟორდანიას მთავრობის“  90-იანელ მგმობელებს გაჰკვირვებოდათ კიდეც, რომ ამ რიტორიკას საფუძველი სწორედ ჟორდანიამ  ჩაუყარა, ოღონდ ორი მნიშვნელოვანი ნიუანსით.


თუკი თავად დამოუკიდებლობის არგუმენტაცია  საკმაოდ ფრთხილი იყო, ეს იმითაც აიხსნება, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ოსმალური  ოკუპაციის რეალური საფრთხის წინაშე იდგა. როცა ეს პრობლემა დიპლომატიურად მოგვარდა   და თბილისის მთავრობამაც ზურგი მეტნაკლებად მოიმაგრა, უეჭველი და აშკარაა, რომ დღის  წესრიგში სწორედ ქართული ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა დადგა (სწორედ ეს „ბურჟუაზიული  სახელმწიფოებრიობა“ იქცევა შემდეგში საბჭოთა საქართველოს მესვეურების საქილიკოდ).  აი, აქ კი, რუსეთთან დამოკიდებულება ხდება მკვეთრად კონფრონტაციული - ოღონდ არა იმიტომ,  რომ ეს რუსეთია, არამედ იმიტომ, რომ ეს ბოლშევიკური რუსეთია. სწორედ აქ იბადება „პოლიტიკურ/ცივილიზაციური არჩევანის“ თემა, რომელიც დღემდეა  რიტორიკულად აქტუალური საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში.


1990-იან წლებში რუსული და საბჭოური იდენტური  ცნებებია ეროვნული მოძრაობისათვის. ასევე იდენტურია და ერთ ქვაბში იხარშება ბოლშევიკ-მენშევიკებიც:  ძნელია საბჭოთა ჯოჯოხეთგამოვლილი ერი და ელიტა დაარწმუნო, რომ სოციალ-დემოკრატია მთლად  გულაგს არ გულისხმობს. ოღონდაც 1918-1921 წლებში თუკი გულაგი ჯერ არ არსებობს, სამაგიეროდ ლენინ-ტროცკის „წითელი ტერორი“ არავის გამოჰპარვია და საქართველოს მთავრობისათვის  მკვეთრი ზღვარია ერთი მხრივ სოციალ-დემოკრატიასა და მეორეს მხრივ ბოლშევიზმს შორის.


ნოე ჟორდანიას საკვანძო ციტატა ვნახოთ,  რომელიც მისი საპროგრამო გამოსვლიდანაა დამფუძნებელი კრების წინაშე:[3]

„დასავლეთი და აღმოსავლეთი  – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით  

და ვირჩევთ დასავლეთს და თუ ბალშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ  დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე.


როგორც  ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ,  რუსეთის კი აზიისაკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ  აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს.“


ნოე  ჟორდანიას გამოსვლა ანტანტის სახელმწიფოთა მიერ საქართველოს დე ფაქტო აღიარებისადმი  მიძღვნილ დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე. 1920 წლის 14 იანვარი


სწორედ აქ ჩნდება და დოქტრინად ყალიბდება  საკვანძო რიტორიკული და პოლიტიკური მიდგომა - სოციალ-დემოკრატია ევროპაა, ბოლშევიზმი  კი აზია. საქართველო კი არ უარყოფს ყველაფერ რუსულს, არამედ რუსეთი სულ უფრო შორდება  ევროპას და ცივილიზაციას, ხოლო საქართველო ცდილობს მის ნაწილად დარჩეს.


ეს ხაზი თავის პოლიტიკურ განვითარებას ჰპოვებს  და უკვე სახელმწიფოებრივ-ღირებულებით ჭრილშიც ყალიბდება:[4]


"ბოლშევიზმის ჩვენში  შემოშვება, აქ მისი გამეფება ნიშნავს ჩვენი აზერბაიჯანათ გახდომას, ბალშევიკურ ოსმალურ იმპერიალიზმის საქართველში გაბატონებას. აზერბაიჯანის გზაზე ჩვენი შედგომა, მისი პოლიტიკური  მრწამსის მიღება – ეს თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს სამუდამოთ დასამარებაა, ეს ევროპისაგან სამუდამოთ  მოწყვეტაა და აზიის ფანატიკოსების ბრჭყალებში ჩავარდნაა.


ბალშევიზმის  ჩვენში შემოჭრა ნიშნავს უკან ჩამორჩენილი წყობილების მოწინავე ქვეყანაში შეჭრას, დემოკრატიის,  ხალხის ბატონობის ალაგას ტირანიის გამეფებას.


ერთი სიტყვით ბალშევიზმი  ამოართმევს ქართულ ხალხს სულს, ამოგლეჯს ყოველივე იმას, რაც მან შექმნა, რაშიაც გამოხატა  მისი შემოქმედებითი პოლიტიკური ნიჭი, დაეპატრონება ის უსულო გვამს და ბოლოს გაუგდებს  საჯიჯგნათ ან მოსკოვის რეაქციას ან ოსმალეთის ფაშას.


ნოე  ჟორდანიას სიტყვიდან დამფუძნებელი კრების  , 1920  წლის 30 აპრილის სხდომაზე გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 1 მაისი, N96


ევროპული დემოკრატიის საპირწონეა აზიური  ტირანია, ბოლშევიზმი არის აზიური, ანტი-პროგრესული, პოლიტიკურად ჩამორჩენილი წყობა,  რომელთანაც საქართველოს არაფერი შეიძლება ჰქონდეს საერთო. აშკარაა, რომ 1920 წლისათვის საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა უკვე მკვეთრად ნაციონალისტურია და, ამავე დროს,  ჟორდანია ახერხებს იმპერიული რუსეთის მიერ შემოთავაზებული „ორიენტალისტური მოდელის“  ამოტრიალებას - საქართველო რჩება პროგრესის და ევროპის მხარეს, ბოლშევიკების კლანჭებში მოქცეული რუსეთი კი სრული სვლით მიისწრაფის აზიისკენ. ამავე რიტორიკული სვლით, ერთმანეთს  უთანაბრდება ოსმალეთი და ბოლშევიკური რუსეთი. 1920 წლის მიდგომა „კლავს“ 1783 წლისას.  რუსეთი აღარაა არც დასავლეთისკენ მიმავალი გზა და არც ისტორიული მტრებისაგან მხსნელი. ასეთი რუსეთისგან თავის დახსნა - სასიცოცხლოდ აუცილებელია, ხოლო მის კლანჭებში მოხვედრა  - სასიკვდილო საფრთხე.


ბოლშევიზმის აზიურ ტირანიად წარმოდგენა  არც რუსული პოლიტიკური აზრისათვის იყო უცხო და არც ევროპული პროპაგანდისათვის. რუსეთის  „ცივილიზაციური ორსახოვნების“ თემა საერთოდ წითელ ხაზად გასდევს იქაურ პოლიტიკურ აზრს  და ზოგჯერ ნეგატიური კუთხითაა დანახული, როგორც ევროპაში ინტეგრირების შემაფერხებელი (რასაც, მაგალითად პეტრე პირველის იძულებითი ევროპეიზაციის პროექტი მოჰყვა), ზოგჯერ  კი პოზიტიურით (ევრაზიული იდეოლოგიები, „ჰარტლანდის“ თემა), როგორც იმპერიული უპირატესობის  მომტანი ევროპის წინააღმდეგ ბრძოლაში. სავარაუდოდ, მსგავსი რიტორიკა არსებობდა რუსეთის  იმპერიის დაშლისას შექმნილ სხვა ქვეყნებშიც - მაგრამ თუკი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების  გადმოსახედიდან, იმის მტკიცება, რომ ისინი „რუსეთზე უფრო ევროპელები“ არიან, გეოგრაფიულადაც  და ისტორიულადაც ბუნებრივად მოჩანს, საქართველოს მხრიდან ეს ამბიციური განცხადება  პოლიტიკური კონსტრუქციაა, რომელსაც დასაბუთება სჭირდება.


14 იანვრის გამოსვლაში ნოე ჟორდანია ამ  დასაბუთებას გვთავაზობს. საქართველო უპირველესად იმიტომაა ევროპა, რომ დემოკრატიული  სისტემით საკუთარი თავის მართვის უნარი დაამტკიცა.


„ახალი საქართველო  [...] წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებათ. წარვსდექით არა მოწყალებისათვის,  არამედ უფლებისათვის.


და მათ გვკითხეს: – რაა, რომ მოგაქვთ? ჩვენ უპასუხეთ: მოგვაქვს ორი ათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა; მოგვაქვს უაღრესი  დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის  ყურეში. ჩვენ არ ვართ სამანდატო, სააპეკუნო ხალხი; ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი,  ჩვენი ოპეკუნი, თავისი თავის ბატონი (ხანგრძლივი ტაში და ოვაციები). და ეს ჩვენ დავასაბუთეთ  არა სიტყვით, არა კეთილი სურვილებით, არამედ საქმით, სახელმწიფოს შეუწყვეტელი შენებით.


ნოე ჟორდანიას გამოსვლა ანტანტის სახელმწიფოთა  მიერ საქართველოს დე ფაქტო აღიარებისადმი მიძღვნილ დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.  1920  წლის 14 იანვარი.“


ყურადღება უნდა მივაქციოთ ხაზგასმას, რომ  „არ  ვართ სამანდატო, სააპეკუნო ხალხი“ - ამ პერიოდში ოსმალეთის იმპერიის ნამსხვრევების გადანაწილება ხდება სამანდატო ტერიტორიების  სახით ევროპულ სახელმწიფოებზე, ამიტომაც საქართველოს მთავრობის მეთაური იმას უსვამს  ხაზს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და არა „დეკოლონიზებული ერი“, რომელსაც საკუთარი  თავის მართვაში გარე დახმარება სჭირდება.


მაშ რა არის 1918 წლის 26 მაისი? რუსეთის  იმპერიასთან დადებული ხელშეკრულების ფაქტობრივი გაბათილება? საქართველოს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური  არჩევანი ევროპული დემოკრატიის სასარგებლოდ? რუსეთთან საბოლოო, ცივილიზაციური და პოლიტიკური  გაყრის მიჯნა მანამ, სანამ მას ბოლშევიკები მართავენ?


რესპუბლიკის მეორე დაბადება  - 1991


1991 წლის 9 აპრილი ისეთი თარიღია, რომელსაც  ცალკე სტატია ეკუთვნის. ის მუდმივად იყო ტრაგიკული წინამორბედის 1989 წლის 9 აპრილის  ჩრდილში და შემდეგ კი, 1991-92 წლის სამხედრო გადატრიალებამ დაჩრდილა და თითქოს გაახუნა კიდეც. ამის მიუხედავად, 1991 წელს გამოცხადებული „დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“  უშუალო კავშირშია ჩვენთვის ახლა საინტერესო ორ თარიღთან - 1783 და 1918 წლებთან, ისევე,  როგორც საქართველო-რუსეთის მტკივნეულ გაყრასთან.


თუკი მე-20 საუკუნის  ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას მისი წინამორბედი გულზე თუ არ ეხატებოდა, ეს  ერთის მხრივ ალბათ პირველი რესპუბლიკის მარცხის ბრალი იყო. მეორე მხრივ, საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას თავად ცვალებადი საბჭოთა პროპაგანდისა და დავიწყების  შრე ედო, რისი კარიც ძალიან საინტერესოდ შეაღო ამასწინათ დავით ხვადაგიანმა.[5] თანაც, პირველი რესპუბლიკისდროინდელი არქივები  და პუბლიკაციები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი და არც გამოკვლეული.


მაშინდელი პოლიტიკური რიტორიკის საყრდენი  ის იყო, რომ 1918 წელს რესპუბლიკა რუსეთის მიმართ არასაკმარისად რადიკალურად განწყობილმა  ძალებმა მართეს და ამდენად, ქვეყანა არ აღმოჩნდა მზად საგარეო ინტერვენციისათვის. ამგვარი მიდგომის საფუძველი სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური კონკურენტების, ეროვნულ-დემოკრატების რიტორიკა იყო, რომელიც - ნაწილობრივ საბჭოთა ცენზურის მიერ ვიზირების გზითაც - ვრცელდებოდა  საბჭოთა საქართველოში. ამასთან, საბჭოთა კავშირის მიერ გატარებული რეპრესიების მრავალი  ტალღა 1990-იანების გადმოსახედიდან წარმოუდგენლად სახავდა 1918 წლის ოპტიმიზმს, რუსეთის დემოკრატიული მომავლის შესაძლებლობის შესახებ.


ამ მიზეზების გამო, პოლიტიკური პარტიები  ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რუსეთს მიმართ შეურიგებლობაში. განსაკუთრებით 1989 წლის 9  აპრილის შემდეგ, ამგვარ მიდგომას ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა.


თუმცაღა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა პრაგმატულად მაინც ითვლებოდა დამოუკიდებლობის იურიდიულ საფუძვლად. დაახლოებით ისევე,  როგორც პირველმა რესპუბლიკამ მოიტანა იურიდიულ საბუთად ტრაქტატის ხელისშემკვრელი ერთი  მხარის „გაქრობა“, მეორე რესპუბლიკაც პრაგმატულად მიუდგა წინაპრის ხსოვნას და სწორედ  ერთხელ უკვე აღიარებული (მათ შორის დე იურე) დამოუკიდებლობას დააფუძნა თავისი ახალი  სიცოცხლე. „დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ ასახავს როგორც რუსეთის, ისე პირველი რესპუბლიკისადმი  დამოკიდებულებას.


საქართველოს  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, 1991 წლის 9 აპრილი


საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის  მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის  გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი  ორგანოებითა და კონსტიტუციით.


1921 წლის თებერვალ-მარტში  საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო  ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს  სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.


საქართველო საბჭოთა  კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც  არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან  დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა  მოღვაწეობას ემიგრაციაში.


ეს აქტი ნიუანსებსა და ტონში ფრიად განსხვავდება  1918 წლის დოკუმენტისაგან. ნათლად ჟღერს რუსეთის მხრიდან ისტორიული ჩაგვრის არგუმენტი,  რომელიც ამ ოფიციალურ დოკუმენტს მიღმა კიდევ უფრო ნათლად იყო გამოხატული მაშინდელ  პოლიტიკურ დისკუსიაში.


ალბათ სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ძირეული განსხვავება პირველი რესპუბლიკისა და მეორე რესპუბლიკის დამოკიდებულებაში რუსეთის მიმართ.


პირველმა რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ რუსეთის  თუ არა, რუსი ხალხის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულებით დაიწყო და 1920 წლისათვის  მყარად იყო დამდგარი ისეთი რიტორიკის მშენებლობაზე, რომელიც „ზემოდან მაყურებელ ნაციონალიზმს“  შეეფერება. მის თანახმად, რუსეთი მიდიოდა აზიური ჩამორჩენილობისაკენ, საქართველო კი  პროგრესული ევროპულობისაკენ - დემოკრატიის, მრავალპარტიულობის, მშრომელთა და ადამიანის  უფლებების პატივისცემის გზით. ეს იყო ისტორიული ტრაექტორიების „გაყრა“, რომელშიც „ისტორიული ტრავმის“ ტერმინოლოგია ნაკლებად იკითხებოდა. მეტიც, როგორც აღვნიშნეთ,  პირველი რესპუბლიკა შეგნებულად არიდებდა თავს „კოლონიური ზიზღის“ კულტივირებას ყოფილი მეტროპოლიის მიმართ და საერთოდ, კოლონიალურ თემას არ ეხებოდა.


1991 წლის დეკლარაციაც და მაშინდელი რიტორიკაც  მკვეთრად დადგა „მსხვერპლის მენტალობის“ გამოძერწვის გზას. 1989 წლის ტრავმას დაემატა  შემდგომი ტრაგედიებიც, რომლებშიც ყოველთვის რუსეთი თამაშობდა ბოროტი გენიის როლს  - მისი რეალური მონაწილეობა კი ყოველთვის მაქსიმალურად იყო გაზვიადებული საზოგადოებრივ  და პოლიტიკურ ცნობიერებაში. შესაბამისად რუსეთისადმი „შეურიგებლობის“ მეტ-ნაკლებად  ფარულ საყრდენად უკვე „ქვემოდან მაცქერალი ნაციონალიზმი“ შეიქნა - რუსეთი დაიხატა,  როგორც ბოროტი, თითქმის ყოვლისშემძლე და საქართველოზე „ჩაჯინებული“ ძალა.


ახლა საით?


რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულება ამ სამი  საკვანძო თარიღის გარშემო ფრიად საინტერესო და სასიკვდილო ტანგოა, რომლის „გაშიფრვა“  და ისტორიოგრაფიულ ფაქტებამდე დაყვანა ბევრი მითის დანგრევას და ბევრი პოლიტიკური  შუბის დამსხვრევას გვიქადის. ამისდა მიუხედავად, ურთიერთდამოკიდებულების გარკვევაში  ეს ფრიად სასარგებლო საქმე უნდა იყოს.


საქართველოს რომ მე-19 და ნაწილობრივ, მე-20  საუკუნის რუსეთის ცნობიერსა და ქვეცნობიერში იმაზე დიდი ადგილი უჭირავს, ვიდრე საქართველოს  ზომა-წონა - გინდ გეოგრაფიული და გინდ პოლიტიკური - იმსახურებს, აშკარაა. ამის მიზეზები  მრავალმხრივია, მაგრამ არასაკმარისად შესწავლილი. დაწყებული „რუსული ორიენტალიზმიდან“, რომელიც კავკასიის დაპყრობამ მოიტანა, საბჭოთა საქართველოს რომანტიზაციისა და ფოლკლორიზაციის გავლით, დამთავრებული „ფერადი რევოლუციების“ ფანტომური შიშებით, რუსული დისკურსის  ელემენტები შესწავლას, შეფასებასა და განზოგადებას მოითხოვს.


საბჭოთა კავშირზე ამბობდნენ, რომ ამ ქვეყანას  ძნელად პროგნოზირებადი ისტორია გააჩნდა, და ეს სამწუხარო ტრადიცია დღევანდელ რუსეთშიც  გრძელდება. ამისდა მიუხედავად, საქართველოს შესახებ არსებული რუსული ისტორიოგრაფიული,  ეთნოგრაფიული და სხვა წყაროების უფრო ღრმად შესწავლა ამ ქვეყნის პოლიტიკის ჩამოყალიბების  გზების შესახებაც მოგვაწოდებდა დამატებით იდეებს.


თავის მხრივ, რუსეთის,  როგორც მეზობლისა და პოლიტიკური პარტნიორის ხატების ტრანსფორმაციის შესახებ რუსეთში  მეტი ინფორმაციის არსებობამ შეიძლება „სარკეში ჩაახედოს“ ჩვენი მეზობლები.


ამ სტატიაში დასმული კითხვები, ახალგაზრდა ისტორიკოსებისა და მკვლევარების წასახალისებლად მოვიტანეთ, მოყვარული ისტორიკოსისა  და საერთაშორისო პოლიტიკის პრაქტიკოსის მხრიდან.


__________________________________________________________________________________________


[1] „ხალხოსნებს“,  იგივე „ნაროდნიკებს“ უძახდნენ ასე არისტოკრატები ქილიკით.

[2] „ფრანგული  პრესა ვარლამ ჩერქეზიშვილის წერილს აქვეყნებს“, მისაწვდომია ამ ბმულზე https://civil.ge/ka/archives/327395

[3] „ნოე ჟორდანია:  გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას!“, სტატია მისაწვდომია  ამ ბმულზე: https://civil.ge/ka/archives/350035

[4] „ჟორდანია:  ბოლშევიზმის შემოჭრა დემოკრატიის ალაგას ტირანიის გამეფებას ნიშნავს“, სტატია მისაწვდომია  ამ ბმულზე: https://civil.ge/ka/archives/349360

[5] დავით  ხვადაგიანი, „საბჭოური პროპაგანდა, როგორც - ტრადიცია“, მისაწვდომია მისამართზე: http://archive.ge/ka/blog

bottom of page