top of page

სტალინის ორი სახე-ხატი

რუსუდან კობახიძე | აკადემიური ესე | 2021

ჩვენს სულიერ ცხოვრებაში  ყოველთვის არსებობს ყოველდღიური ცხოვრების მკვდარი ნარჩენები ან მკვდარი პროდუქტები.  და ხშირად ადამიანი აღმოაჩენს, რომ ეს მკვდარი ნარჩენები ცხოვრების მთელ სივრცეშია  განფენილი და ცოცხალი გრძნობისთვის, ცოცხალი აზრისთვის, ჭეშმარიტი ცხოვრებისთვის ადგილს  არ ტოვებს[1].


Yuri Zhdanov is quoted as reporting a family argument in which Vasilii, Stalin’s younger son, stated that he is a Stalin too! According to Zhdanov, Stalin replied: ‘No you’re not … you’re not Stalin and I’m not Stalin. Stalin is Soviet power. Stalin is what he is in the newspapers and portraits, not you, no not even me.’[2]


ფრანგი ფილოსოფოსი, ლუი მარინი წერდა, რომ  მეფეს მისი პორტრეტი ქმნის[3]. სწორედ ამ პორტრეტს ეყრდნობა მისი ძალაუფლება.  ესაა ხატი, სიმბოლო, რომელშიც აკუმულირდება და გამოიხატება ის იდეა, რომელიც მასების  სამართავადაა აუცილებელი, სიმბოლო ღრმად ილექება კოლექტიურ ცნობიერებაში და განსაზღვრავს  ადამიანთა დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, ქცევას. სიმბოლური აზროვნება წმინდა რაციონალური  აზროვნებისგან განსხვავებით ცნობიერების ღრმა შრეებამდე ჩადის და მისი მოქმედება გაცილებით  ეფექტიანია, რადგან სიმბოლოს გააზრება ბოლომდე არასოდეს ხდება. ის თავის თავში მოიცავს  უამრავ ასოციაციურ ქვეშრეს, რომელიც საუკუნეების მანძილზე დალექილია ადამიანის ქვეცნობიერში.


ამიტომ, როცა ხატი-სიმბოლოს ეფექტზე ვსაუბრობთ, მხედველობაში მისაღებია მისი მოქმედების განგრძობადი ხასიათი და ზემოქმედების ძლიერი  მექანიზმი. თანამედროვე პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი ძლიერი ხატი-სიმბოლო არის სტალინის  ფიგურა, რომლის აჩრდილიც დღემდე უჩუმრად განსაზღვრავს ტოტალიტარულ წარსულთან ჩვენი  საზოგადოების დამოკიდებულებებს.


სტალინის ფენომენის მიმართ ქართულ და არა  მარტო ქართულ საზოგადოებაში ამბივალენტური დამოკიდებულებაა, თუმცა ყველა თანხმდება,  რომ საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს ქვაკუთხედი სწორედ მისი ფიგურაა. ამიტომ, საბჭოთა  წარსულის გააზრებისა თუ გადააზრების პროცესში მისი სახე-ხატის გახსნასა და ანალიზს  საკვანძო მნიშვნელობა აქვს.


მაინც რა არის სტალინი? ზემოდან მოვლენილი ტრანსცენდენტური ბოროტება თუ საზოგადოებრივი განწყობების  ნაშობი მონსტრი? მგონია, რომ სტალინის ფენომენის გააზრებისას ამ კითხვაზე პასუხი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მისტიური ბოროტების აღქმაზე დაფუძნებული გააზრების პროცესი  ძირშივე კლავს საკითხის კომპლექსურ ანალიზს, ახალისებს „ტირანი-მსხვერპლის“ კონცეპტზე  აგებულ ანტისაბჭოთა მიდგომებს და უგულებელყოფს საზოგადოების როლსა და პასუხისმგებლობას  ტოტალიტარული რეჟიმის ფორმირებასა და შენარჩუნებაში.


წინამდებარე ესეს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება  პრეტენზია, ამ საკითხის ფუნდამენტურ განხილვაზე. ის წარმოადგენს დაკვირვებას სტალინის  ფენომენის რამდენიმე მახასიათებელზე და ეცდება, მოხაზოს კონტურები, რომლებიც სტალინის  სახე-ხატის ფორმირებასთანაა დაკავშირებული და აჩვენოს ამ სახე-ხატის ზემოქმედების  ზოგიერთი ასპექტი თანამედროვე ქართული საზოგადოების ცნობიერებაზე საბჭოთა წარსულის  გააზრების კუთხით.


მართალია, ამ ესეში წარმოდგენილი მსჯელობა  ძირითადად ქართულ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეს შეეხება და ვერ გადაწვდება რუსული  საზოგადოებრივი განწყობების არეალს, მაგრამ ვფიქრობ, სტალინის ფენომენის, როგორც საერთო-საბჭოთა  მოვლენის ამ კუთხით დანახვა „რუსეთის კვლევებისთვისაც“ რელევანტური იქნება.


სტალინის, როგორც ერთპიროვნული მმართველის,  ძლიერი სტრატეგოსის, ყოვლადბრძენი და ძლევამოსილი ბელადის სახე-ხატის შექმნისა და  მასებში ინდოქტრინიზაციისთვის მთელი სახელმწიფო მანქანა იყო მობილიზებული 1930-იანი  წლებიდან (სანამ სტალინის ძალაუფლება გაძლიერდებოდა, ბოლშევიკები ასე თუ ისე ნაკლებად  ეხებოდნენ კულტურას. ფიქრობდნენ, რომ ის პოლიტიკის მიღმა უნდა იდგას. დაშვებული იყო არაპოლიტიკური ლიტერატურა და ხელოვნება[4]). საბჭოთა პროპაგანდა, რომელშიც პარტიულ  ორგანოებთან ერთად კულტურის ყველა სფეროც ჩაერთო, მიზანმიმართულად და შეხმატკბილებულად ძერწავდა  დიადი ბელადის პორტრეტს.


საბჭოთა გაზეთების პირველ გვერდებზე დომინირებდა  მისი პორტრეტი. ის იყო „სოციალიზმის გამარჯვებათა, საამური და ბედნიერი ცხოვრების  შექმნის დიადი სიმბოლო“. ის მოიაზრებოდა იმ  სინათლის წყაროდ, რომელიც ეფინებოდა და განსაზღვრავდა ყველა „კეთილ“ მოვლენას. ცეკას  გენერალურ მდივანს არასოდეს მოიხსენიებდნენ მსაზღვრელ-ეპითეტების გარეშე. საბჭოთა  კავშირის ხალხთა და მთელი მსოფლიოს მშრომელთა დიდი ბელადი (великий вождь  советского народа и трудящихся всего мира), სოციალიზმის უდიდეს გამარჯვებათა ორგანიზატორი  (организатор великих побед социализма), დიდი სტალინი (великий Сталин), დიდი ბელადი (великий вождь), მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი (вождь всемирного пролетариата),  ბოლშევიკურ გამარჯვებათა ორგანიზატორი (организатор большевистских побед), უდიდესი ორგანიზატორი (великий  организатор), მშრომელი კაცობრიობის მესაჭე (кормчий трудящихся всего  человечества), დიდი ბელადი და მასწავლებელი (великий вождь и учитель), სოციალიზმის ისტორიულ გამარჯვებათა ორგანიზატორი  და სულისჩამდგმელი (организатор и вдохновитель исторических побед социализма), პროლეტარული  რევოლუციის დიდი არწივი (горный орел пролетарской революции) , კაცობრიობის გენიოსი და პროლეტარიატის ბელადი  (гений человечкства и вождь всемирного пролетариата)[5].


სოვიეტოლოგი ანიტა პიში შენიშნავს, რომ  სტალინის პორტრეტის შექმნისას მის პოსტერებზე არ იყო გამიზნული მისი, როგორც ადამიანის,  პიროვნული თვისებების გამოხატვა, მეტიც, მიზანი არ იყო მისი წარმოჩენა, როგორც ლიდერის.  მისი პერსონა კონსტრუირდა არქეტიპულ და მისტიკურ ხაზებში, რათა სიმბოლიზირებულიყო  ბოლშევიზმის არსებით მახასიათებლებად და უფრო კონკრეტული ორგანიზაციების - პარტიისა  და სახელმწიფოს გამოხატულებად[6].


თუმცა სტალინის კულტის ფესვები უფრო ღრმა,  ისტორიულ არქეტიპებს ეფუძნება. ჯერ კიდევ რუსმა ფილოსოფოსმა, ნ. ბერდიაევმა აღწერა  ბოლშევიზმის ფენომენში ჩადებული თვითმპყრობელობისა და რელიგიური მისტიციზმის ფესვები თავის ცნობილ წიგნში, „Истоки и смысл русского коммунизма“: „სწავლება, რომელიც საფუძვლად  ედება ისეთ ტოტალიტარულ დოქტრინას, რომელიც ცხოვრების მთელ სისავსეს მოიცავს - არა მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკას, არამედ აზროვნებასაც, ცნობიერებასაც და მთელ კულტურულ  შემოქმედებას - მხოლოდ რწმენის საგანი შეიძლება იყოს“[7] . ბერდიაევი ბოლშევიზმის მთავარ საყრდენ  კონცეპტებად თვითმპყრობელურ აბსოლუტიზმს მიიჩნევს, რომელიც თავის მხრივ ორთოდოქსული  რწმენის რუსული ვარიაციიდანაა ამოზრდილი. ის ამ მოვლენას უკავშირებს რუსი ნაციის უნიკალურ  თვისებას - დასავლური და აღმოსავლური ელემენტების ორთაბრძოლის შედეგად ისტორიულად ჩამოყალიბებულ მიდრეკილებას მისტიციფიკაციისადმი: „მხოლოდ რუსული სულისთვისაა დამახასიათებელი რელიგიური ენერგიის გადართვა არარელიგიურზე, მეცნიერებისა და სოციალური ცხოვრების  სხვა სფეროებზე.[8] თუმცა ამ მოვლენას, რომელსაც პიტერ ლამბერტი  „პოლიტიკურ რელიგიას“[9] უწოდებს, მსოფლიო ისტორიაში მრავლად მოეძებნება  ანალოგები, ისინი ხომ უნივერსალურ არქეტიპებს ეყრდნობა - ძირითადად მეფის სახე-ხატს,  რომელიც ტრანსცენდენტური ძალების მხარდაჭერით სარგებლობს. სიმბოლოები - ფოლადი, მზე,  მესაჭე, არქიტექტორი, მოძღვარი, ჯადოქარი, მშობელი მამა, ომის წლებში - მებრძოლი და  მხსნელი (მესია) უნივერსალური სიმბოლოებია, რომლებიც ბოლშევიზმმა აქტიურად გამოიყენა.


მიუხედავად იმისა, რომ  ბოლშევიზმი გამარჯვების პირველივე დღეებიდან ცდილობდა ისტორიის თავიდან გადაწერას  - „ძველ ისტორიასთან“ კავშირის გაწყვეტას და ახალი ტრადიციის შექმნას, რაც ძველი ისტორიის  უგულებელყოფაში გამოიხატებოდა, მას მაინც მოუწია „დიდი შემობრუნება“ რუსი ხალხის ისტორიისაკენ.  მეფის ხატის რეაბილიტაცია სწორედ სტალინის კულტის აღზევებისას იწყება - 30-იანი წლების  შუა ხანებიდან. ამ პერიოდში ვითარდება სახელმწიფოზე ორიენტირებული პატრიოტული იდეოლოგია,  რომელიც ასოცირდება ცარისტულ „ველიკოდერჟავიესა“ და რუსოცენტრიკულ ტრადიციებთან, რომელსაც  მ.ნ. რიუტინი „ნაციონალურ ბოლშევიზმს“ უწოდებს. სტალინის მითითებითა და მოთხოვნით  ისტორიის სახელმძღვანელოებში შედის რუსული ისტორიის „დიდი ფიგურები“ -იოანე მრისხანე, ალექსანდრე ნეველი, პეტრე დიდი [10].


როგორც ჩანს, იოანე მრისხანეს ფიგურა სტალინისთვის გამორჩეული იყო, რადგან ხალხის სულის გადასარჩენად მოვლენილი ტირანის სახე-სიმბოლო  ზუსტად ირეკლავდა იმ იდეას, რომლის განსხეულებას საბჭოთა რეალობაში თავად წარმოადგენდა. იოანე მრისხანემ, რომელიც თვითმპყრობელობის  ყველაზე საუკეთესო თეორეტიკოსი იყო, შექმნა მართლმადიდებლური სახელმწიფოს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მეფეს უნდა ეზრუნა თავისი ქვეშევრდომების სულთა გადარჩენაზე. ეკლესიის  ფუნქცია სახელმწიფომ შეითავსა. ასეთი მეფის სახე-სიმბოლო საჭიროებდა უფრო ძლიერ სტიმულს და სტალინის დავალებით სერგეი ეიზენშტეინს შეუკვეთეს ფილმი „ივანე მრისხანეს“ გადაღება, რომლის სცენარიც  თავად სტალინმა დაამტკიცა[11].

სტალინის სახე-ხატმა დაიწყო მმართველობის  აბსოლუტიზმის გამოხატვა, რომელიც ორთოდოქსულ-თვითმყრობელური ნაზავის დოქტრინაზე იდგა.  ყოვლისშემძლე ბელადის ფიგურისადმი ხოტბის აღვლენამ კანონიკური ფორმები მიიღო ლოზუნგებში,  პოსტერებსა თუ მასზე დაწერილ ლიტერატურულ ტექსტებში.


„ხელოვნების მუშაკთა“ უზარმაზარი არმია  ჩაერთო პროპაგანდისტული მანქანის მუშაობაში, როგორც „ახალი ადამიანის“ შექმნის ფსიქოინჟინრები  და ფსიქოკონსტრუქტორები. ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროთა ამ გაფართოებულ მუშაობაში  სტალინი თავად მონაწილეობდა. ის ნახულობდა ყველა ფილმს, სანამ ის ეკრანებზე გამოვიდოდა  და გასცემდა ნებართვას, ან ვეტოს ადებდა, მისი შენიშვნებისა და მითითებების მიხედვით  ხშირად იცვლებოდა ეპიზოდები, ის თავად აკონტროლებდა და არედაქტირებდა სლოგანებს პრესაში  დაბეჭდვამდე, შეჰქონდა კორექტივები სამეცნიერო ნაშრომებში. [12]


დიდი ტერორის (1937-1938 წწ.) დაწყებამდე  სტალინის ფიგურის ჰეროიზაციამ უკვე დასრულებული სახე მიიღო. მისი სახე-ხატის თაყვანისცემა  რელიგიური კულტის მსახურებას დაემსგავსა. ღმერთისა და მირონცხებული მეფის ხატი სტალინის ფიგურამ მიითვისა, თუმცა ქრისტიანული  რწმენის კონცეპტებიდან უცნაურად გაქრა მისი მთავარი მახასიათებლები: სიყვარული, თანადგომა,  წყალობა. შეიცვალა სამართლიანობის ცნება. ახალი აღთქმის წყალობაზე დამყარებული სამართალი  ძველი აღთქმის შურისმაძიებელმა და და მრისხანე ღმერთმა ჩაანაცვლა. აქცენტი გადავიდა „ყოვლისშემძლეობასა“ და „ყოვლისმომცველობაზე“ და შესაბამისად, საბჭოთა ადამიანს ამ  ყოვლისშემძლე ფიგურის თაყვანისცემა დაევალა.


მასებში ამგვარად დამუშავებული სახე-ხატის ინდოქტრინიზაციამ „ახალი ადამიანის“ ტიპი ჩამოაყალიბა, რომლის მთავარი მახასიათებელი  იყო მონური მორჩილება. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ეს მოვლენა, ერთი მხრივ, ბადებდა  არარაციონალურ რწმენას ბელადის ჰეროიკული და მისტიკური ფიგურის მიმართ, მეორე მხრივ  კი გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნებას.


თუმცა ამ საყოველთაო ოდებით განდიდებული  ხატის გვერდით საბჭოთა ხელოვნებაში მაინც იქმნება „ანტი-ხატი“, რომელიც პოსტსაბჭოთა  დროში უფრო სიცოცხლისუნარიანი აღოჩნდა. ესაა  მ. ჯავახიშვილის ჯაყო და მ. ბულგაკოვის ვოლანდი. თუ ამ სახეების სიმბოლურ შრეებს დავაკვირდებით,  შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ის კონტურები, რომლითაც „დიადი ბელადის“ ხატი დაიწერა,  ამ სახე-ხატებშიც განმსაზღვრელია. მხედველობაში მაქვს უძლეველობისა და აქედან გამომდინარე  - გარდაუვლობის/გამოუვალი მდგომარეობის ხაზი და მეორე - მისტიკური შარავანდედი, რომელიც  კიდევ უფრო აძლიერებს უძლეველობის კონცეპტს.


მიხეილ ჯავახიშვილმა „ჯაყოს ხიზნები“  1924 წელს დაასრულა. ტექსტი ამავე წელს დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“ და შემდეგ 1925 წელს გამოიცა პირველად ცალკე წიგნად. ავტორი რომანზე 20 წელი მუშაობდა, ამიტომ  ჯაყოს სახეში სტალინის პორტრეტის მოაზრება უფრო გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს და არა  მწერლის ჩანაფიქრი, თუ ერთგვარ პროფეტიკულ სახესთან არ გვაქვს საქმე, როგორიცაა დოსტოევსკის  „ეშმაკნის“ თუ რობერტ მუზილის „უთვისებო კაცის“  პესონაჟთა სახეები, რომლებმაც წლების შემდეგ შეისხეს ხორცი ბოლშევიკებისა და ნაცისტების  რეალურ გარემოში.


ჯაყოს სახე რომანის დასაწყისშივე ჩნდება.  ის თითქოს საიდანღაც  მოსულ ზღაპრულ დევს ჩამოჰგავს:


ჯაყო ჯივაშვილი ქალაქში  შემოვარდნილ დათვს ჰგავდა. დედაბოძივით სქელი და გაჩაჩხული ფეხები ძლივს იმაგრებდნენ უშნოდ და ისე განივრად დადგმულ თეძოებსა და მხარ-ბეჭს, რომ ვიწრო ტროტუარი მარტო ჯაყოს  ძლივს იტევდა.


რამდენიმე ნაჭრილობევით  დასერილი თავი და პირსახე ისეთი შავის, ხშირისა და აბურძვნილის ჯაგრით ჰქონდა შემოსილი, თითქო ჯაყოს ბეჭებზე კუპრში ამოვლებული უუზარმაზარი ზღარბი აცოცებულიყოო.


შავი  ჯაგრის ბუჩქნარი თვალებამდე სწვდებოდა და იმ ჯაგნარიდან მხოლოდ ხარის თვალებს, წინ-წამოყრილ  ცხენის კბილებსა და აჭყლეტილ ცხვირს ამოეყოთ თავი.


ერთი მტკაველის სიგრძე  ულვაშები გადმობრუნებულ ჯამებივით გამოყრილ ლოყებზე გაცვეთილ ცოცხებივით ეყარნენ,  ხოლო იმ ჯამებს დინჯად და მედიდურად ლამბაქების ყურები დასცქეროდნენ.


შუბლი დაბალი და ჩაზნექილი  ჰქონდა; ცხვირი - მოკლე და აჭყლეტილი; თვალები - მსხვილი კაკლის ოდენა და ამოყრილი, თანაც ცოცხალი და ცუღლუტი, მოელვარე და მოუსვენარი;

თვალებს ზედ დასწოლოდა  დაბურვილი, ხშირი და გრძელი წარბების ლარი, რომელიც მაღალსა და წინ-წამოვარდნილ კვინიხზე  შუაზე გადატეხილიყო.


თავთ ეხურა ყავისფერი  ოსური ნაბდის ქუდი, ტანთ ეცვა ოსური შალის გაპოხილი ჩოხა, ხოლო ფეხებზე - ხალვათი  პაიჭები, თათრული ჭრელი წინდები და ახლად ნაყიდი დაბახანური ჩუსტები.


ერთი ადლის სიგრძე და  ვერცხლით შეჭედილი თეიმურაზის პაპისეული ხანჯალი ტლანქსა და ბეჭგანიერ გოლიათს ხალვათ  სიარულისთვის თეძოზე ჩამოეკიდნა.


ჯაყოს ერთ ხელში რკინით  ნაჭედი მაჯის სისქე კომბალი ეჭირა, ხოლო მეორე იღლიაში ჭედილა - ცხვარი ამოეჩარნა,  რომელიც ისე ადვილად მიჰქონდა, თითქოს ის ცხვარი ვარიაზე მძიმე არ ყოფილიყოო. ბეჭებზე  რუსული თოფი ჰქონდა გადაგდებული, გულმკერდსა და წელზე სამი სავაზნე ჰქონდა შემორტყმული,  ხოლო თეძოზე გრძელი მაუზერი ეკიდა.


კომბალი და ჭედილა ხალხური ზღაპრისა და  ქრისტიანული სიმბოლოების სინთეზია. რუსული თოფი ბეჭებზე და თეძოზე - თეიმურაზის პაპისეული  ხანჯალი ძველი და ახალი საბრძოლო იარაღების შერწყმაზე მიუთითებს. ტანზე ოსური ჩოხა,  თავზე კი ოსური ნაბდის ქუდი უნებურად „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმომხტარი ტარიელის ანტი-სახედ  შეიძლება იყოს აღქმული (მას ტანსა კაბა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა). მისი ამაზრზენი გარეგნობა ხალხური ზეპირმეტყველებისთვის  დამახასიათებელ პრიმიტიული უხეში ძალის მახასიათებელ ნიშნებს ატარებს, თუმცა მასში  სუსტად, მაგრამ მაინც გამოსჭვივის მისტიური „ბნელი ძალის“ ელემენტები.


ამ ელემენტების გამძაფრება იოსიფ მანდელშტამის  ლექსის ალუზიაში ჩნდება, სადაც პოეტი ჯაყოს ტიპაჟს უკვე დიდი ბელადის ხატად ნათლავს  1933 წელს.


Мы живём, под собою не чуя страны,

Наши речи за десять шагов не слышны,

А где хватит на полразговорца,

Там припомнят кремлёвского горца.

Его толстые пальцы, как черви, жирны,

И слова, как пудовые гири, верны,

Тараканьи смеются глазища

И сияют его голенища.

А вокруг него сброд тонкошеих вождей,

Он играет услугами полулюдей.

Кто свистит, кто мяучит, кто хнычет,

Он один лишь бабачит и тычет,

Как подкову, кует за указом указ:

Кому в пах, кому в лоб, кому в бровь, кому в глаз.

Что ни казнь у него — то малина,

И широкая грудь осетина[13].


ძნელი სათქმელია, განსაზღვრა თუ არა ჯაყოს  სტალინთან ასოცირებამ მ. ჯავახიშვილის ბედი, ხედავდა თუ არა დიდი ბელადი საკუთარ ანარეკლს  ჯივაშვილის სახეში, მაგრამ გვიანსაბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოების ცნობიერებაში რომანის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ის უკვე მყარად ყალიბდება, როგორც ანტი-ხატი,  რომელიც დიადი სტალინის ხატის ხატს ანაცვლებს.


ბელადის უფრო დახვეწილი და მისტიფიცირებული  ანტი-ხატი მიხეილ ბულგაკოვმა შექმნა ვოლანდის სახით თავის ცნობილ რომანში „ოსტატი  და მარგარიტა“. წიგნი დიდი ტერორის პერიოდში დასრულდა და დღის სინათლე არ უნახავს  1967 წლამდე. მისი სრული ვერსია პარიზში გამოქვეყნდა.


სტალინისა და ბულგაკოვის ურთიერთობა უცნაური წინააღმდეგობებითაა სავსე და დღემდე კვლევის საგანია. ცნობილია, რომ 1920-იან წლებში  იოსებ ბესარიონოვიჩი არ ეწინააღმდეგებოდა და მეტიც, ხშირად ესწრებოდა ბულგაკოვის „თეთრი გვარდიის“ მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „ტურბინების დღეები“, რასაც გულმდუღარე  ბოლშევიკი მწერლების გულისწყრომაც კი გამოუწვევია. სტალინი ასე ხსნის ამ უცნაურ დაშვებას  ბილ ბელოცერკოვსკისადმი მიწერილ წერილში: „რაც შეეხება თავად პიესას, „ტურბინების  დღეები“ - ის არც ისე ცუდია, რადგან სარგებელი მეტი მოაქვს, ვიდრე ზიანი. ნუ გავიწყდებათ, რომ ძირითადი  შთაბეჭდილება, რომელსაც ეს პიესა მაყურებელს უტოვებს, ბოლშევიკებისათვის ხელსაყრელია:  „თუკი ისეთი ადამიანებიც კი, როგორიც ტურბინები არიან, იძულებულნი ხდებიან დაყარონ  იარაღი და ხალხის ნებას დაემორჩილონ, რითაც საკუთარ წაგებას აღიარებენ - ეს ნიშნავს,  რომ ბოლშევიკები უძლეველნი არიან, მათთან ვერაფერს გააწყობ“. „ტურბინების დღეები“  ბოლშევიკების უძლეველობის დემონსტრაციაა. მართალია, ავტორი ამის დემონსტრირებაში დამნაშავე  არაა, მაგრამ ჩვენ ეს რაში გვაინტერესებს“?[14]


ამ წერილში კარგად ჩანს სტალინის მთავარი  მიზანი - ანტისაბჭოთა განწყობების (ან მერყევ) ადამიანებში ბოლშევიკთა უძლეველობის  მითის დამკვიდრება და, შესაბამისად, შემგუებლობისა და ნიჰილიზმის დანერგვა.


ვოლანდის სახე-ხატი უკვე ბელადის მისტიფიკაციის მცდელობაა. მისტიკური საბურველი და დემონების თემა ბულგაკოვის ადრეული შემოქმედებისთვისაცაა დამახასიათებელი (“дьяволиада“), თუმცა სატანის ასე გამოკვეთილი სახე-სიმბოლო „ოსტატი  და მარგარიტას“ კუთვნილებაა. არსებობს თვალსაზრისი, რომ ეს რომანი ბულგაკოვმა პირადად  სტალინს მიუძღვნა - „რომანი ერთი მკითხველისთვის“[15], თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.


ვოლანდის ფიგურა ნაწარმოების დასაწყისშივე  არსაიდან ჩნდება. სხვადასხვა რაკურსით დანახული მისი სახე  თითქოს ხელიდან სხლტება. თვითმხილველთა აღწერით  ეს ტიპაჟი ურთიერთგამომრიცხავი გარეგნული მახასიათებლების ნაკრებია: ერთი აღწერით ის იყო დაბალი, ოქროსკბილებიანი  და კოჭლობდა მარჯვენა ფეხით, მეორე აღწერით ის იყო ძალზე მაღალი, პლატინის კბილებით  და კოჭლობდა მარცხენა ფეხით. მესამე აღწერილობით მას არანაირი განსაკუთრებული მახასიათებლები არ აღენიშნებოდა.  საბოლოოდ ავტორი თავად გვთავაზობს ვოლანდის გარეგნობის აღწერას: სუფთად გაპარსული,  მაღალი შავგვრემანი მამაკაცი საზღვარგარეთულ ტანსაცმელში, რომელსაც მარცხენა მხარეს  პლატინის კბილები ჰქონდა, მარჯვენა მხარეს კი ოქროსი, მარჯვენა თვალი - შავი, მარცხენა  კი - მწვანე[16]. ამ ორსახა იანუსის სიმბოლურ სახეს ემატება წარბისა და პირის ასიმეტრია. ასეთია ზეციდან მოვლენილი  ბოროტების აბსოლუტი.


ვოლანდის სახე დიამეტრალურად უპირისპირდება პროპაგანდისტული ფუნჯით შეთითხნილ სტალინის ფიგურას არა მარტო კეთილი/ბოროტი ძალის  კონტექსტით (აბსოლუტური ბოროტება - აბსოლუტურ სიკეთეს) არამედ თავისი მრავალშრიანი  და მრავალწახნაგიანი შიგთავსით - მარტივ და სქემატურ კონსტრუქციას, რომელიც პოსტერებში, ლოზუნგებში, ძეგლებში იჭედებოდა.


თუმცა სტალინის კეთილსა და  ბოროტ სახე-ხატებს მაინც აერთიანებს მთავარი კონცეპტი - ყოვლისმომცველი ძალა, რომელსაც ორივე  სიმბოლო ასხივებს. ესაა ერთი მედლის ორი მხარე, რომელიც საბჭოთა მოქალაქის მასობრივ  ქვეცნობიერში ღრმად ჩაიბეჭდა და როცა საბჭოთა სახელმწიფო ამოყირავდა, მედალიც გადმობრუნდა  და აბსოლუტური სიკეთის ხატი აბსოლუტური ბოროტების მხარეს გადმობრუნდა. ამგვარად დანახულმა  ბელადმა, ჩვენი აზრით, დიდწილად განსაზღვრა პოსტსაბჭოთა პერიოდში ტოტალიტარული წარსულის  გააზრების პროცესი.


„ჯაყოს ხიზნებიცა“ და „ოსტატი და მარგარიტაც“  პოპულარობას ნელ-ნელა იხვეჭს 1960-იანი წლებიდან, როცა „პიროვნების კულტი“ დაიგმო  და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მარქსიზმ-ლენინიზმის იდეურ მორჩილებას მხოლოდ დუნე  ინერციის სახე შერჩა.


ჯაყოსა და ვოლანდის სახე-ხატთა ელემენტები  შეიძლება დავიჭიროთ გვიანსაბჭოეთში შექმნილ ანტისაბჭოთა ფილმში, „მონანიება“, რომელიც  თენგიზ აბულაძემ 1984 წელს გადაიღო. ფილმის სიმბოლურ ქარგაში „მკვდარი ნარჩენი“, რომლის თავიდან მოშორებაც არ ხერხდება, არის ტირანი, რომელიც ტრანსცენდენტური ბოროტების სიმბოლური  შტრიხებითაა მოხაზული.


გვიანსაბჭოური თუ პოსტსაბჭოური ანტისაბჭოთა  განწყობები საქართველოში სწორედ „ტირანი-მსხვერპლის“ კონცეპტს მოერგო და ამ ჭრილში  დაიწყო ტოტალიტარიზმის გააზრება. ამის მაგალითია ოკუპაციის მუზეუმის კონცეფციაც -  უხეში ბოროტი ძალის წინაშე დაჩოქილი უმწეო საქართველო (ვახტანგ კოტეტიშვილის სკულპტურა).


ჯაყო საიდანღაც მოდის. ვოლანდიც - არსაიდან ჩნდება. ორივე უცხოა. ჯაყო - ოსია ( აქ სტალინის სავარაუდო წარმომავლობაა ხაზგასმული),  ვოლანდი - ზებუნებრივი ძალა. საზოგადოება მსხვერპლის როლშია. მართალია, დამსახურებულად  ( ვერც მ. ჯავახიშვილს ვერ ვუსაყვედურებთ, რომ ქართული საზოგადოების დაჩაჩანაკება  და დაუძლურება არ აღწერა და ვერც მ. ბულგაკოვს, რომ რუსული საბჭოთა საზოგადოების მანკიერებები  დაინდო), მაგრამ ძალა, რომელმაც იგი მიითვისა თუ დასაჯა, მაინც გარე ძალაა  და არა ამ საზოგადოებიდან ამოზრდილი, განსხვავებით თ. დოსტოევსკის ეშმაკთაგან, რომლებიც იმ მრუდე იდეებმა, ზნეობრივმა გახრწნამ დაბადა, რაც საზოგადოების წიაღში  აღმოცენდა.


ამ უძლეველი გარე ძალის სიმბოლო საკმაოდ  კომფორტული აღმოჩნდა საბჭოური ანტისაბჭოთა განწყობების მქონე საზოგადოებისთვის ტოტალიტარიზმის  შეფასების მარტივი ფორმულის შესაქმნელად, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება: არსაიდან  მოვლენილმა ბოროტმა ტირანმა გაანადგურა „ნაღები საზოგადოება“. საკითხის ასე გამარტივება ისევ საბჭოეთის უძლეველობის მითთან მიბრუნებას ჰგავს. „მაოხარი მკვდარი“ ისევ ამოუთხრელია  და ცოცხალი აზრისთვის ადგილს არ ტოვებს.


__________________________________________________________________________________________


[1] მამარდაშვილი,  მ. (2011) ცნობიერების ტოპოლოგია. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, გვ. 20

[2] Montefiore, S. S. (2007) Young Stalin. New York: Alfred A. Knopf, p. 4.

[3] Marin, L. (1988) Portrait of the king. Minneapolis: University of Minnesota Press, p. 218

[4] Kenez, P. (1985) The Birth of Propaganda State. New York: Cambridge University Press, p. 12

[5] კობახიძე, რ. "საბჭოთა პროპაგანდისტული მოდელის  ზოგიერთი ასპექტი (გაზეთი "კომუნისტის" 1936-37 წლების საგაზეთო ენა). ისტორიის  რეკონსტრუქციები, 3 (იბეჭდება).

[6] Pisch, A. (2016) The personality cult of Stalin in Soviet Posters, 1929-1953. Australian National University Press, p. 3

[7] Бердяев, Н (1955) Истоки и смысл русского коммунизма. Париж: Репринтное воспроизведение издания YMCA-PRESS, p. 100

[8] იქვე გვ.19

[9] Pisch, A. (2016) The personality cult of Stalin in Soviet Posters, 1929-1953. Australian National University Press, p. 21

[10] BRANDENBERGER D. L. and DUBROVSKY, A. M. (1988) 'The People Need a Tsar': The Emergence of National Bolshevism as Stalinist Ideology, 1931-1941. EUROPE-ASIA STUDIES, 50 (5): 873-892

[11] Марьямов Г. (1992) Кремлёвский цензор. Сталин смотрит кино. (недоступная ссылка) — М.: Конфедерация союзов кинематографистов «Киноцентр» — ISBN 5-7240-0043-1.

[12] Pisch, A. (2016) The personality cult of Stalin in Soviet Posters, 1929-1953. Australian National University Press, p. 29-30

[13] ჩვენ ვცხოვრობთ  ისე, რომ ვეღარა ვგრძნობთ ფეხქვეშ ქვეყანას.

ჩვენი სიტყვები  ათ ნაბიჯზე უკვე ინთქმება.

სადღაც  კი მაინც სანახევროდ ლაპარაკობენ

კრემლის  მთიელის გასახსენებლად.

ქონიანი  თითები რომ მატლებს მიუგავს.

ფუთიანი  საწონების ჭახაჭუხი გიჭედავს ყურებს,

როცა საუბრობს.

როცა იცინის, ტარაკნები კრთიან თვალებში

და ულაპლაპებს  ჩექმების ყელი.

გარს შემორტყმია  წვრილფეხობა - პაწაწუკა ბელადთა ჯოგი,

ნახევარკაცთა  მორთმეულით ლაღობს, ერთობა.

ვიღაც ფშვიტინებს,  ვიღაც კნავის, ვიღაც ზლუქუნებს.

ის კი გრუხუნებს,  აკაკუნებს,

გეგონება,  გრდემლზე ჭედავდეს დასტა-დასტა ბრძანებულებებს -

ვის საზარდულში  დაუმიზნებს, ვის - შიგ შუბლში, ვის - წარბსა და თვალში ესობა.

სჯის და  კაიფობს

ოსის ფართო,  გაშლილი მკერდი. (თარგმანი -რ.კ.)

[14] ответ Билль-Белоцерковскому. Сталин. Сочинения. Т. 11, 327-329

[15] Открытый урок с Дмитрием Быковым - «Булгаков. Роман для Сталина». 25 октября 2014. https://ru-bykov.livejournal.com/2015279.html (ნანახია  20 იანვარი 2021)

[16]

bottom of page