top of page

გამოიყენებს თუ არა კრემლი არასტრატეგიულ (ტაქტიკურ) ბირთვულ იარაღს უკრაინაში გამარჯვების მოსაპოვებლად?

Image-empty-state.png

გიორგი ფანიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 2 აპრილი, 2022

უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა ჩაატარა სტრატეგიული შეკავების ანუ ბირთვული ძალების წვრთნები. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე კი, რუსეთმა ბირთვული ძალები “განსაკუთრებულ რეჟიმზე“ გადაიყვანა. ამით კრემლმა დანარჩენ მსოფლიოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ დასავლეთის შესაკავებლად ის არაფერს მოერიდება.


კრემლის შესაძლო ბირთვულ აგრესიას კვებავენ და ზურგს უმაგრებენ რუსი პროპაგანდისტებიც, რომლებიც არ ერიდებიან ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ მოწოდებებს და ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავენ.


ქვევით შევეცადოთ ერთად გავერკვეთ თუ რით განსხვავდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღი სტრატეგიულისგან და რამდენად მაღალია ამ იარაღის გამოყენების ალბათობა უკრაინაში.


 

ისტორიული კონტექსტი


ბირთვული იარაღის სტრატეგიულ და არასტრატეგიულ კატეგორიებად დაყოფა ძირითადად რუსეთსა და აშშ-ს ახასიათებთ. ამ დაყოფას, სხვა ფაქტორებთან ერთად, უმთავრესად განაპირობებს დაპირისპირებული მხარეების (რუსეთისა და აშშ-ს) გეოგრაფია. მაგალითად, სხვა ბირთვული სახელმწიფოები თავიანთ ბირთვულ არსენალებს სტრატეგიულ და არასტრატეგიულ კატეგორიებად არ ყოფენ და ერთიან კონტექსტში განიხილავენ.


ჯერ კიდევ 70-იან წლებში, აშშ-საბჭოთა კავშირის მოლაპარაკებებზე, შეთანხმდა, რომ ის ბირთვული ძალები, რომელთაც 5500 კილომეტრზე მეტი მანძილის გადაკვეთა შეეძლოთ სტრატეგიულ ხასიათის იარაღად შეფასებულიყო. ყველაფერი დანარჩენი კი, რასაც ნაკლებ მანძილზე ჰქონდა წვდომა, არასტრატეგიულ (ტაქტიკურ) ბირთვულ შეიარაღებად ჩაითვალა.


უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, დღეს რუსეთს შეიარაღებაში აქვს გამოსაყენებლად ვარგისი 520-550 ერთეული ტაქტიკური ბირთვული იარაღი.



სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღის თანამედროვე აღქმა


წვდომის მანძილის გარდა, მოსკოვის და ვაშინგტონის თანამედროვე გადმოსახედიდან სტრატეგიულ ბირთვულ იარაღში იგულისხმება კლასიკური ბირთვული იარაღი, რომელსაც გააჩნია გამანადგურებელი პოტენციალი, რაც შესაძლო მოწინააღმდეგეს მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს.


ნატო-სა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ამ ტიპის იარაღის გამოყენებას შეუძლია არაფერი ცოცხალი არ დატოვოს დედამიწაზე.


სტრატეგიულისგან განსხვავებით, არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული იარაღი განკუთვნილია კონკრეტული ტაქტიკურ-ოპერატიული ამოცანების გადასაწყვეტად საომარი მოქმედებების არეალში ან უშუალოდ ბრძოლის ველზე. ტაქტიკური ბირთვული იარაღის დანიშნულებას არ წარმოადგენს მოწინააღმდეგისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება, ის უფრო ორიენტირებულია მოწინააღმდეგის დემორალიზაციაზე, შესაბამისად, მისი აფეთქების სიმძლავრეც შედარებით ნაკლებია (1-დან 100 კილოტონამდე, მაშინ როდესაც ზოგიერთი სტრატეგიული ბირთვული ბომბის სიმძლავრე 800 კილოტონას აღწევს). რუსული სამხედრო აღქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ ექნება ტოტალური გამანადგურებელი ეფექტი, ამიტომ ის უბრალოდ მიჩნეულია როგორც ჩვეულებრივზე უფრო მძლავრი იარაღი.


ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია კონტინენტთა შორისი ბალისტიკური რაკეტების, ბირთვული ქობინებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავების რაკეტებისა და მძიმე/სტრატეგიული ბომბდამშენების შეიარაღებაში არსებული ბირთვულ ქობინებიანი ფრთოსანი რაკეტების, ასევე საარტილერიო ბირთვული ნაღმებისა და ბირთვული ყუმბარმტყორცნების მეშვეობითაც კი.


რა შემთხვევებში უშვებს რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას?


რუსულ სამხედრო გეგმარებაში არსებობს “ბირთვული დეესკალაციის“ კონცეფცია. ამ პარადოქსული კონცეფციის ნაკვალევის მიგნება შესაძლებელია სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობის სახელმწიფო დოკუმენტებში. მაგალითად, “სამხედრო-საზღვაო სფეროში საქმიანობის რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “სამხედრო კონფლიქტის ესკალაციისას ძალის გამოყენების დემონსტრირება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით არის არსებითად შემაკავებელი ფაქტორი“.


მეორე რუსული დოკუმენტი, როგორიც არის “ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები“, ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთზე სხვა სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში. ამასთან, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება დაიშვება არა მხოლოდ ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა კოალიციის მიმართაც, რომელთაც არსენალში არ გააჩნიათ ბირთვული შეიარაღება.


ამგვარი მიდგომით, გამოდის, რომ შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში, კრემლს შეუძლია “ბირთვული დეესკალაციას“ დაეყრდნოს და არასტრატეგიული ბირთვული იარაღი დემონსტრაციულად გამოიყენოს მოწინააღმდეგის არა მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსა და არა სანაოსნო აკვატორიაში.


აქვე, მაინც მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უფრო სავარაუდო ხდება შეიარაღებული კონფლიქტის ისეთ ეტაპზე, როდესაც ბრძოლის ველზე სასურველი შედეგი ვერ იქნა მიღწეული ზემძლავრი იარაღის გამოყენებით, როგორიც არის, მაგალითად, აკრძალული თერმობარული იარაღი (რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს თერმობარული რაკეტა), ასევე ქიმიური იარაღი.


დაუშვათ ვლადიმერ პუტინი არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, რა მოხდება შემდეგ?


პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა, ბირთვული იარაღის გამოყენება ორ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს - ლოგისტიკურს და სამეთაუროს.


საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი სტრატეგიული ბირთვული იარაღისგან განსხვავებით, რომელზეც წვდომა უშუალოდ წყალქვეშა ხომალდებისა და სარაკეტო ძალების ოფიცრებს გააჩნიათ, არასტრატეგიული ბირთვული იარაღი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარი სამმართველოს ოფიცრების განკარგულებაშია, რაც ნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბირთვული ქობინების გადამტანამდე/გაშვების ადგილებამდე მიტანა და მათი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა იქნება საჭირო, რაც გარკვეულ დროს და სკრუპულოზურ სამხედრო-ტექნიკურ ძალისხმევას საჭიროებს.


არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების სისრულეში მოყვანის პროცესი არაერთი რგოლის ჩართულობასა და მონაწილეობას მოითხოვს. პრეზიდენტის გარდა, პროცესში მონაწილეობს თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარი სამმართველოს უფროსი, იმ შემნახველი ბაზის მეთაური და ოფიცრები, სადაც ინახება არასტრატეგიული ბირთვული ქობინები, იმ სარემონტო ბაზის მეთაური და ოფიცრები, რომელთაც გაშვების ადგილამდე უნდა გადაიტანონ არასტრატეგიული ბირთვული ქობინები. ამასთან, საქმის კურსში უნდა ჩადგნენ იმ შეიარაღებული ძალების სახეობის (სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო თუ სხვა) მეთაური, რომლის მეშვეობითაც ხდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენება და იმ სამხედრო ოლქის მეთაურიც, საიდანაც უნდა იქნას გასროლილი არასტრატეგიული ბირთვული იარაღი.


ამ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით ძალზე რთულ, პოლიტიკურად უკიდურესად სარისკო და საკმაოდ შრომატევად პროცესში, თითოეულ ეტაპზე ბევრი რამ შეიძლება არ წავიდეს გეგმის მიხედვით.


მაგალითად, შეიძლება განვითარდეს ტექნიკური პრობლემა, განხორციელდეს ფარული საბოტაჟი ან კონკრეტულმა ოფიცრებმა უბრალოდ უარი თქვან ბრძანების შესრულებაზე.


მაღალი ალბათობით, შეიძლება იმის თქმა, რომ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანების შესრულებაში ვლადიმირ პუტინი მხოლოდ სამხედროებს არ დაეყრდნობა და პროცესის გაკონტროლებას მისდამი ლოიალურად განწყობილ “როსგვარდიას“ ან სპეციალური ოპერაციის ძალებს დაავალებს.


ამგვარ მეთვალყურეობასა და გაკონტროლებას კი სამხედროები ვერ გუობენ, რაც მათში ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების ჯეროვნად შესრულების მოტივაციას მხოლოდ შეამცირებს და კიდევ უფრო გაზრდის “საავარიო მდგომარეობის“ რისკებს.


ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ არ ან/და ვერ მოხერხდეს ვლადიმირ პუტინის თავზეხელაღებული ბირთვული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა სუფთა ლოგისტიკურ-ტექნიკური პრობლემების, საბოტაჟის ან/და სამხედრო მეთაურების გონივრული უმოქმედობის გამო.




როგორია კრემლის მიერ უკრაინაში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა?


წმინდა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინაში გვარიანად შეფერხებული და დანაკარგებიანი სამხედრო კამპანიის ფონზე, საბრძოლო მოქმედებებში გარდატეხის შესატანად, სავსებით არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმირ პუტინმა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა გაიზრდება თუ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები, შეფერხებები და ლოგისტიკური ჩავარდნები უფრო მსხვილ მასშტაბებს მიიღებს.


ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს, თან არ არსებობს იმის არანაირი გარანტია, რომ ამ იარაღის გამოყენება უკრაინული წინააღმდეგობის დემორალიზაციას გამოიწვევს, პირიქით, შესაძლოა ამან უკრაინული ბრძოლა უფრო მედგარი და შეუპოვარი გახადოს. როგორც გამოჩნდა, რუსულმა სამხედრო თუ საგარეო დაზვერვამ აქამდეც აბსოლუტურად არასწორად შეაფასა უკრაინის მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების განწყობები და სულისკვეთება, ასე რომ, ის შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისას კიდევ ერთხელ შეცდეს.


ამიტომ, მოკლედ რომ შევაჯამოთ, უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა არსებობს და ის ძალიან დაბალი ნამდვილად არ არის, თუმცა, ამ მომენტში, არც ძალიან მაღალია. უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაახლოებით საშუალო ნიშნულზეა, რაც თავისთავად საგანგაშოდ საყურადღებო და გასათვალისწინებელია.


 

ეს საინფორმაციო-ანალიტიკური სტატია ძირითადად ეყრდნობა რუსულენოვან ინტერნეტ გამოცემა “მედუზაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს სამხედრო ექსპერტთან, პაველ ლუზინთან, ასევე სხვა ღია წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციას.

bottom of page