„სავრომატი“ და უკრაინული შოკი

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 14 აპრილი, 2022

პერეისლავის საბჭო | 1654

რუსულ-უკრაინული დაპირისპირება, საუკუნეებს თუ არა, თაობებს მაინც გასდევს. აქ არ ვგულისხმობ ფეოდალური დროის ომებს - მოსკოვის ერთ-ერთი დიდი მთავრის მიერ კიევის გადაწვას ან პოლონელთა, კაზაკთა და მოსკოვიტთა სამკუთხედს. მიმაჩნია, რომ იმ დროს მთავარი რელიგიური, კუთხური თუ ქონებრივი დაპირისპირებები იყო, რასაც თანამედროვე ეროვნულ იდეოლოგიებთან ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო. მაგრამ მოგვიანებით, ნაციონალიზმების ეპოქაში, ეს ყოველივე რეინტერპრეტირებული იქნა: მოსკოველმა და კიეველმა ისტორიკოსებმა გარდასულ წელთა ამბებში ამ ორი ერის ეთნიკური მოტივების ძიება დაიწყეს.


ერისა და ისტორიის ეთნონაციონალისტური ახსნა ახლაც პოპულარულია როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში. დაახლოებით იგივენაირად უყურებს წარსულს საშუალო სტატისტიკური ქართველიც. ესეც გვაერთიანებს თუ გვამსგავსებს პოსტ-კომუნისტურ სივრცეზე მცხოვრებთ, მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში ერი მაინც უფრო აღიქმება სოციალურ-კულტურულ და იდეოლოგიურ პროდუქტად, რომლის ეთნიკურ ინგრედიენტებს მხოლოდ გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს. ფეოდალური დაქუცმაცებულობის დროინდელი იდენტობების გაიგივება თანამედროვე ეროვნულ მიზნებთან იქ მიღებული არ არის. ახლა არ მინდა შესვლა დისპუტში, თუ რომელი ხედვაა უფრო ადეკვატური და ხომ არ არსებობს ამ ორი პარადიგმის შერწყმის წარმატებული მცდელობები. ვიტყვი მხოლოდ, რომ ეთნონაციონალისტური ხედვები განსაკუთრებით კონფლიქტოგენურია.


რუსულ-უკრაინული ურთიერთობათა ისტორია ნათქვამის საყურადღებო მაგალითია. თუ უკრაინაში დომინირებს საკუთარი ნაციის ეთნიკური გაგების ერთი ფორმულა, რუსული საზოგადოება, ამ მხრივ, ორ ფორმულას შორის მერყეობს. კერძოდ, უკრაინელი ისტორიკოსების და, საერთოდ, ცნობადი ინტელექტუალური სახეების მნიშვნელოვანი ნაწილი ამტკიცებს, რომ ნამდვილი რუსეთი, რომელიც „კიევის რუს“-იდან მომდინარეობს, სლავური ფესვების მქონე უკრაინა და ბელორუსიაა, უშუალოდ რუსებმა კი ეს ეთნონიმი მიისაკუთრეს, თუმცა მათი „გენეტიკა“ ფინურ-უგრული და მონღოლურ-თათრული ბუნებისაა. მსგავს შეხედულებებს ავითარებენ როგორც პოპულარული უკრაინელი ისტორიკოსი და პოლიტიკის მეცნიერი ოლეკსანდრ პალი, ისე ყველასათვის კარგად ცნობილი, უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის უბადლო ანალიტიკოსი, ოლექსი არესტოვიჩი. ეს პრიმორდიალური ეთნიკური განსხვავებულობა მათთვის ასევეა კავშირში რუსეთის და უკრაინის პოლიტიკური ისტორიის განსხვავებულ ტრაექტორიებთანაც: მათი თქმით, თანამედროვე უკრაინელებმა დემოკრატია კაზაკური თავისუფლებისმოყვარეობიდან განავითარეს, რუსებს კი სახელმწიფოს მოდელი ბათუ ყაენის შთამომავალთაგან ერგო.


ალექსანდრ პალი - ისტორიკოსი

რაც შეეხება რუსულ ისტორიოსოფიას, იგი, როგორც ვთქვი, ორი დაპირისპირებული მოდელის ირგვლივ ჯგუფდება. დომინანტურია აზრი, რომ რუსები, ბელორუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და ერთი, აღმოსავლეთ სლავური ეთნო-ნაცია უნდა იყოს. მისი გამოყენებითი მოტოა „კიევი რუსული ქალაქების დედაა“. სხვათა შორის, ამ ლოზუნგის საწინააღმდეგო არც უკრაინელებს აქვთ არაფერი - მათ მხოლოდ დღევანდელი რუსეთის ისტორიული რუსეთობა აეჭვებთ. მსგავსი იდეა ცარისტული იმპერიის დროს ყალიბდებოდა, მაგრამ სრულ გაფურჩქვნას, პარადოქსულად, საბჭოურ ხანაში მიაღწია. პარადოქსი ისაა, რომ საბჭოელებმა ხელი შეუწყვეს ბელორუსის და უკრაინის ცალკე რესპუბლიკებად ფორმირებას, მაგრამ, იმავდროულად, წითელი მოსკოვის დაკვეთა ამ ხალხების გენეტიკური ერთობის მტკიცება იყო.


მეორე რუსული მოდელი უკრაინულს გავს - რუს ისტორიკოსთა ნაწილი თანხმდება, რომ თანამედროვე რუსებში დიდია ფინო-უგრების და თათარ-მონღოლების როგორც ეთნიკური, ისე კულტურული მემკვიდრეობის წილი. ისინი იღებენ იმ რეალობას, რომ სახელდება „მოსკვა“ აწ გამქრალი ფინურ-უგრული ტომების - მერიას ან ჩუდის - დანატოვარია და რომ მსგავსი ტოპონიმები უამრავია მდინარე ვოლგას ზემო წელსა თუ ოკას აუზში. მეტიც, მათ მონღოლური პოლიტიკური მემკვიდრეობაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და, ზოგჯერ, ამაყობენ კიდეც ამ მემკვიდრეობით. ასეთ შეხედულებათა პოპულარიზატორებს შორის აღსანიშნავია სარატოველი ისტორიკოსი, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, სარატოვის სათათბიროს დეპუტატი მმართველი „ეძინაია რასსიადან“, დიმიტრი ვიქტორის ძე ჩერნიშევსკი.


დიმიტრი ჩერნიშევსკი - სარატოვის საოლქო დუმის ყოფილი დეპუტატი


რა თქმა უნდა, რუსეთში არიან ევროპული განათლების მქონე ისტორიკოსები თუ სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლები, რომელთათვისაც ასეთი ეთნოგანსხვავებები არაა ბედისწერის ტოლფასი, მაგრამ ამჯერად საუბარი მათზე არ არის. როგორც ვთქვი, პოსტ-კომუნისტურ საზოგადოებებს სწორედ ეთნოფესვების ძიება და მომავლის მათი მეშვეობით განსაზღვრა იტაცებს. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით მაინც, სწორედ ჩერნიშევსკის იდეები იმსახურებს ყურადღებას რუსულ-უკრაინულ კონფლიქტთან დაკავშირებით.


დიმიტრი ვიქტორის ძის იდეური პროფილი იუთუბ არხის „სავრომატის“ მეშვეობით იკვეთება. მისი ვიდეო-ბლოგების საგრძნობი ნაწილი შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიას ეძღვნება. მათში ჩანდა და ჩანს ერთგვარი აღფრთოვანება ოქროს ურდოს მემკვიდრეობითა და რუსეთის ასოცირებით მასთან. მე არ შემხვედრია მისი პირდაპირი დავები უკრაინულ თემატიკაზე, მაგრამ ზოგადი შთაბეჭდილება, რაც ჩერნიშევსკის მონოლოგების მოსმენით მრჩება, შეიძლება განისაზღვროს, როგორც რუსული იმპერიალისტური ფესვებით სიამაყე. ყოველ შემთხვევაში, ჩერნიშევსკი დაპყრობითი ომების, ეთნოსთა ბრძოლის გარდასული ეპოქების ქარგაში ცხოვრობს. საინტერესოა, რომ მსგავსი მსოფლმხედველობის ნიშნები ეტყობა სამხედრო ოჯახში გაზრდილ ოლექსი არესტოვიჩსაც - ოღონდ საპირისპირო, უკრაინული მხრიდან: რიგ თავის ვიდეოშეტყობინებებში არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინა ისრაელად უნდა გადაიქცეს, რადგან რუსეთთან ომები არაერთხელ განმეორდება თვალსაწიერ მომავალში.


ოლექსეი არესტოვიჩი - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი

ჩერნიშევსკის არხის სახელწოდებაც არაა შემთხვევითი: სავრომატი იგივე სარმატია - ევრაზიის სტეპებზე ოდესღაც გაბატონებული, სკვითების შემავიწროებელი, თუმცა, ზოგიერთი ვერსიით, მისივე მონათესავე მომთაბარე ტომი. მე-17 საუკუნეში პოლონელთა მეომარ კლასს, შლიახტას, ქონდა ლეგენდა, რომ იგი (ც) სარმატთა შთამომავალი იყო. მოკლედ, ომი, როგორც სიქველე, ჩერნიშევსკის კრედოა. და აქ იწყება სწორედ ინტრიგა: ასეთი ადამიანი, ჩემთვის მოულოდნელად, თავისი სამრეკლოდან აკრიტიკებს თანამედროვე რუსეთს. მეტიც, იგი, ქარაგმებით, მაგრამ მაინც, უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხებაზე და ამ მარცხის აღიარების საჭიროებაზე საუბრობს. ალბათ არც ისაა შემთხვევითი, რომ ჩერნიშევსკიმ „ეძინაია რასსია“ დატოვა, ოღონდ ეს არ მომხდარა ევროპული ლიბერალური დემოკრატიისადმი რაიმე პიიტეტის განვითარების გამო: თავად იგი ამ ნაბიჯს ადგილობრივი ხელისუფლების საპროგრამო პრიორიტეტების ვერმიღებით ხსნის. მისეული ანტიპუტინისტობა უფრო შინნაბადია და სამხედრო ხელოვნების სპეციფიკური ცოდნიდან მომდინარე. რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ვიდეო ბლოგში, რომლის ნახვაც „სავრომატზე“ შეიძლება, ჩერნიშევსკი ისტორიული მაგალითების მოხმობით აცხადებს, რომ თუ აგრესორმა ელვისებური დარტყმით, ანუ ბლიც-კრიგით ვერ გაიმარჯვა, დამხვდურის ნება ვერ გატეხა, იგი წაგებულია. ომი ან უცებ უნდა მოიგო, ან სწრაფად შეწყვიტო და უკან დაბრუნდე - ასეთია მისი მოწოდება. სხვა შემთხვევაში ომი იქნება უაზრო და გაუთავებელი ხოცვა-ჟლეტა იგივე შედეგით.


გასაგებია, რომ 2022 წლის 10 აპრილს გამოქვეყნებული ეს იუთიუბ-პროდუქტი, რომელზედაც ჩერნიშევსკი ამბობს, რომ მას არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, პუტინის უკრაინულ ავანტიურას ეხება. „ღმერთო დაგვიფარე ამ უაზრო მკვლელობებისაგან. . .ღმერთმა ქნას, ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ეს ესმოდეთ“ ასკვნის იგი. როგორც ვთქვი, ჩერნიშევსკის მისვლა ამ აზრამდე არაა მთლად დასავლური ჰუმანიზმით განპირობებული. მაგრამ ეს მგონი მეორადია, თუ დასკვნა იგივეა, თუ საღი აზრი იმარჯვებს. ვფიქრობ, ამ როსტოველი ისტორიკოსის აზრთა მდინარება ნიშანდობლივია და რუსული საზოგადოების ინტლექტუალური მატრიცის სიღრმეებიდან მოდის. ეს უფრო მთავარია, ვიდრე რუსული ოფიციალური ტელეარხების პროპაგანდა და პუტინის ისტერიკა. დგება დრო, როდესაც პიარ ტექნოლოგიები უმწეო ხდება მკაცრი რეალობის წინაშე.