Memento Mori

Image-empty-state.png

გიორგი ფანიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 18 აპრილი , 2022

წელს - 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინს 70 წელი შეუსრულდება. 70 წლის ასაკში იოსებ სტალინს უკვე მეორე ინსულტი ჰქონდა გადატანილი, ლეონიდ ბრეჟნევი კი იმდენად დაუძლურდა, რომ რეალური ძალაუფლება მისმა გარემოცვამ გადაიბარა, იური ანდროპოვმა ამ ასაკამდე საერთოდ ვერ მიაღწია, ხოლო ბორის ელცინი უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა ხელისუფლება გადაებარებინა.


წინამორბედებთან შედარებით, კრემლის თავკაცი გარეგნულად თითქოს მართლაც მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია. მკაცრად გაკონტროლებულ და ოსტატურად დამონტაჟებულ სატელევიზიო სიუჟეტებს თუ დავუჯერებთ, ვლადიმირ პუტინი სპორტის რამდენიმე სახეობით (ძიუდო, ცურვა, ტანვარჯიში, თხილამურებით სრიალი, ჰოკეი და ცხენოსნობა) იქცევს თავს, ტაიგაში დასეირნობს და ავადაც თითქმის არ ხდება.


მმართველობის 23-ე წლისთავზე საქართველოშიც და რუსეთის დანარჩენ სამეზობლოშიც ხალხს ჰგონია, რომ ვლადიმირ პუტინი მხოლოდ გეოპოლიტიკით არის გართული და სხვა არაფერი აინტერესებს. თუმცა, გამოცემა “Проект“-ის ჟურნალისტების გუნდმა გამოარკვია, რომ ეს ასე არ არის და რუსეთის ლიდერი საკუთარ ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას უთმობს. როგორც ჩანს, ასაკში შესულ კრემლის თავკაცს საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ზრუნვის მიზეზებიც აქვს.

რადგან ვლადიმირ პუტინის ფიზიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა მის პოლიტიკურ სიცოცხლესთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოცემა “Проект“-ის ჟურნალისტური გამოძიების მიგნებებზე დაყრდნობით მოგითხროთ თუ რა მდგომარეობაშია კრემლის თავკაცის ჯანმრთელობა.


 

ახალგაზრდა კვიცი თუ ალფა-მამრი?


რუსეთის პრეზიდენტის სავარძელი რომ დაიკავა ვლადიმირ პუტინი 47 წლის იყო. როგორც წარსულში მასთან მომუშავე ჩინოვნიკი იხსენებს, პრეზიდენტობის პირველ წლებში ის მართლაც იშვიათად ავადმყოფობდა და გეგმურ სამედიცინო გამოკვლევებსაც დიდ ყურადღებას არ უთმობდა.


პრეზიდენტობის დასაწყისშივე პუტინმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი, ძალების გაფურჩქნის ასაკში მყოფი, აქტიური მამაკაცის როლი მოირგო. უნდა ითქვას, რომ ამ როლის მეტნაკლებად კარგად შესრულების საშუალებას მას ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობაც აძლევდა. დაუძლურებული და მომჩვარული ბორის ელცინის შემდეგ, სახელმწიფო ტელევიზიებმა ახალი სახელმწიფოს მეთაურის მამაკაცურად სპორტული სახე-ხატი აქტიურად აიტაცეს, მაგრამ მალევე გადაამლაშეს. კრემლისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პუტინისგან ალფა-მამრის სახის გამოძერწვა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე მიუწვდომელი გახდა, თანდათან საინფორმაციო ველზე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვლადიმირ პუტინი არასდროს ავადმყოფობდა, ტრავმებსაც არ იღებდა, ზოგადად, მუდმივად საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იყო და რუსეთის ბედის გარდა მას არაფერი აწუხებდა.


არადა, ცხენოსნობის მოყვარულ რუსეთის პრეზიდენტს სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებულმა ტრავმებმა გვერდი მასაც არ აურა. როგორც მისი გარემოცვის ყოფილი წევრები ამბობენ, თურმე პირველი სერიოზული ტრავმა პუტინმა სწორედ 2002 წელს მიიღო ცხენიდან ჩამოვარდნისას. ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მას რამდენიმე დღე გადაადგილება არ შეეძლო და ხანგრძლივი მკურნალობაც დასჭირდა. ეს ტრავმა კრემლის თავკაცს თავს მოგვიანებითაც შეახსენებს, კერძოდ, 2012 წელს, როდესაც სახალხო ერთიანობის დღეს - 4 ნოემბერს, პატრიარქ კირილთან ერთად წითელ მოედანზე გამოსულს კოჭლობით უწევს გადაადგილება. სახელმწიფო ტელევიზიები მაქსიმალურად მოერიდებიან და შეკვეცავენ პუტინის კოჭლობის ვიდეო კადრებს, თუმცა საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე ნათლად ჩანს, რომ პუტინი კოჭლობით გადაადგილდება.


2012 წელს რუსეთის პრეზიდენტს მცირე კოჭლობა ჯერ კიდევ სექტემბერში გამართულ აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ფორუმზე შეამჩნიეს, მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა - გადაიდო რამდენიმე ვიზიტი, შემოკლდა იმ საზეიმო-კულტურული ღონისძიებების პროგრამები, რომელსაც პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა, რადგან მას საათზე მეტ ხანს ჯდომა უჭირდა. მაგალითად, ერთ საათამდე შეამცირეს დიდ თეატრში დაგეგმილი წარმოდგენა, რომელიც ნაპოლეონზე გამარჯვების 200 წლისთავს ეძღვნებოდა, თუმცა მასზე დასწრება რუსეთის ლიდერმა მაინც ვერ შეძლო. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ 2012 წლის დეკემბერში მან უარი თქვა კრემლში იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიღებაზე. კრემლისა და სხვა ჩინოვნიკებს პუტინის ჯანმრთელობის პრობლემები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. “Шеф не в порядке“ - ფუსფუსებდნენ თურმე ჩინოვნიკები. ასევე, ხმები დადიოდა, რომ ვლადიმირ პუტინი კორსეტს ატარებდა და საერთოდაც ხერხემალზე ოპერაციას საჭიროებდა.


ცხენიდან ჩამოვარდნის ფაქტი კრემლის თავკაცმა მხოლოდ გასულ 2021 წელს აღიარა და თქვა, რომ ცხენის ყალყზე შედგომისას მას ნამდვილი კულბიტი (გადაყირავებით ჩამოვარდნა) შეემთხვა, თუმცა, ჩამოვარდნისას, ნიადაგზე საკმაოდ კომფორტულად დაენარცხა.


2012 წელი ნიშანდობლივი იმითიც არის, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კრემლმა პირველად გამოიყენა ე.წ. “საინფორმაციო კონსერვები“ ანუ წინასწარ გადაღებული პრეზიდენტის შეხვედრები დაქვემდებარებულ ჩინოვნიკებთან, რომელთა პუბლიკაცია ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევდა კვირაზე მეტი ხნით გაუჩინარებულიყო საჯარო სივრციდან. “საინფორმაციო კონსერვების“ ტაქტიკა გარიყული და შევიწროებული ჟურნალისტების თვალს შეუმჩნეველი არ დარჩენია. დროთა განმავლობაში კი, კრემლის თავკაცის საჯარო სივრციდან გაუჩინარებები გახშირდა, შესაბამისად, ალბათ, იმატა ჯანმრთელობის პრობლემებმაც.


სისხლის აბაზანები და ასაკთან ბრძოლა



გაზაფხულზე ალტაის წითელ ირმებს რქები ძალზე სწრაფად ეზრდებათ, დღეში რამდენიმე სანტიმეტრით, მათი რქები ჯერ გამაგრებული არაა და სავსეა სისხლით. არატრადიციული, რუსული ხალხური მედიცინა თვლის, რომ სწორედ ასეთი ირმის რქის სისხლის ნახარშის აბაზანების მიღება ძალზე სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემისთვის და აახალგაზრდავებს კანს. ხალხური მედიცინის ეს მიმდინარეობა მდიდარ და გავლენიან რუსებში საკმაოდ პოპულარულია და ირმის რქის სისხლის მოპოვების მთელ ინდუსტრიას ამუშავებს.


როგორც წარსულში ვლადიმირ პუტინთან მომუშავე ჩინოვნიკი ამბობს, პირველად სისხლიანი აბაზანის პროცედურა მაშინ ჯერ კიდევ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღმოაჩინა, გამოცადა და მოგვიანებით პრეზიდენტსაც შესთავაზა. სერგეი შოიგუსთან ერთად, ალტაიში სტუმრობისას, რუსეთის ლიდერს სისხლიანი ნახარშის აბაზანები მიუღია და ეს პროცედურა ფრიად მოსწონებია. ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინი სერგეი შოიგუსთან ერთად, ხშირად სტუმრობს ალტაის და როგორც ამბობენ, იქ ყოფნისას, ირმების სისხლის აბაზანის მიღებაზე უარს არ ამბობს. პრეზიდენტის შემყურე, მოქნილმა ელიტამ სახალხო მედიცინის ეს უცნაური და სისხლიანი პროცედურა უმალ აიტაცა და სხეულის გაჯანსაღების ერთ-ერთ საშუალებად დაამკვიდრა. ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკი იხსენებს, რომ ალტაიში სისხლის აბაზანა თავადაც მიუღია და იქ მოსკოვის მერს, სერგეი სობიანინსაც გადაჰყრია. ირმის რქის ექსტრაქტს “გაზპრომის“ მესვეურები და სხვა გავლენიან რუსები თურმე ბიზნეს ჯეტებით ალტაიდან მოსკოვში დღემდე ეზიდებიან.


რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებს თუ დავუჯერებთ, რუსეთის პრეზიდენტს ცხოველები უყვარს და მათზე ზრუნავს. არადა, ალტაიში ირმის რქის სისხლის ექსტრაქტში ბანაობა ირმებისთვის ძალზე მტანჯველ პროცედურას უკავშირდება, რაც ადამიანებისთვის ფრჩხილების ძალით დაძრობას უტოლდება. როგორც ჩანს, გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების სურვილით შეპყრობილ რუსეთის ლიდერს ცხოველებზე ზრუნვა ავიწყდება ან ცხოველებისადმი მისი გადაჭარბებული სიყვარულიც კრემლის პროპაგანდის ნაწილია.


თავისთავად საინტერესოა ის გარემოება, რომ ირმის რქების სისხლიანი ნახარშის აბაზანების სარგებლიანობის თაობაზე არანაირი დამაჯერებელი სამედიცინო მტკიცებულება არ არსებობს და ეს ვლადიმირ პუტინმა ალბათ მშვენივრად იცის. ეს გარემოება განსაკუთრებით უცნაურად გამოიყურება იმის ფონზე, რომ პრეზიდენტის ახლო ნათესავები სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკის მქონე ხალხია, რომელთა ნაწილმა მართალია მსხვილ ბიზნესში გადაინაცვლა, მაგრამ პრეზიდენტისთვის სამედიცინო მოსაზრების გაზიარებასა და რეკომენდაციის მიცემის შესაძლებლობას მოკლებულები არ არიან.


სიმსივნის კვალდაკვალ…



მოსკოვის დასავლეთით, კუნცევოში მდებარეობს N1 ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების ჯანმრთელობაზე. ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედის და იქ უზრუნველყოფილია პერსონალური ექიმების მზრუნველობა, ვიპ-პალატები, სპეციალური კავშირი და უსაფრთხოება.


როგორც ჟურნალისტურ გამოძიებას წარსულში პრეზიდენტის გარემოცვის წევრმა გაანდო, პრეზიდენტობის პირველ წლებში, უფრო კონკრეტულად, პირველ ორ საპრეზიდენტო ვადაში, ვლადიმირ პუტინი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს თავად სტუმრობდა და რეგულარულ გამოკვლევებს ადგილზე იტარებდა, რაც პრინციპში იშვიათად ხდებოდა და გეგმურ ხასიათს ატარებდა. მას იქ საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ხვდებოდა, შემდეგ კი, პრეზიდენტი გამოკვლევებისთვის პერსონალური ექიმების ჯგუფს ბარდებოდა.


როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, ასაკის მატებასთან ერთად, კრემლის თავკაცმა ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გახშირებული ვიზიტების დასაფარად, ექიმების ჯგუფი თავისი უახლოესი გარემოცვის განუყოფელ ნაწილად აქცია. პუტინმა ექიმებთან გეგმური ვიზიტები შეწყვიტა, თუმცა ახლა ექიმები სტუმრობენ მას ხშირად და თან დაჰყვებიან საქმიანი მივლინებებსა თუ შორეულ მგზავრობებში. სწორედ პრეზიდენტის მგზავრობებზე და ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს საჯარო კონტრაქტებზე თვალის მიდევნება იძლევა უნიკალური საშუალებას გამოითქვას ვარაუდები თუ ვინ და რისგან მკურნალობს რუსეთის ლიდერს.


ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო საქმეებისგან მოსასვენებლად, ასევე უცხოელი სტუმრების მისაღებად, ყველაზე ხშირად სოჭის სახელმწიფო რეზიდენციით «Бочаров ручей» სარგებლობს. როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის სოჭში სტუმრობის პერიოდში, სწორედ ამ რეზიდენციის სიახლოვეს სახლდებიან N1 ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები.


კრემლის საავადმყოფოს კონტრაქტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2016-2017 წლებში რუსეთის ლიდერს მუდმივად თან ახლდა ექიმების დაახლოებით 5 კაციანი პერსონალი, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევებში, თანმხლები ექიმების შემადგენლობა დრამატულად იყო გაზრდილი. მაგალითად, 2016 წლის ნოემბერში პუტინი საჯარო სივრციდან ერთი კვირით გაქრა და სწორედ ამ დღეებში სოჭის სანატორიუმ «Русь»-ში შესახლდა ექიმების 12 კაციანი ჯგუფი. პერსონალური ექიმების გარდა, სოჭში ჩავიდნენ ნეიროქირურგები, ანესთეზიოლოგები, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოვენეროლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი და მედდა. როგორც ჩანს, მკურნალობამ კარგად ჩაიარა, რადგან 1 დეკემბერს ვლადიმირ ვლადიმირის ძემ უკვე ფედერალურ ასამბლეას მიმართა. მოგვიანებით ნეიროქირურგების ჯგუფის ხელმძღვანელს, ოლეგ მიშკინს, პრეზიდენტმა რუსეთის “დამსახურებული ექიმის“ წოდება მიანიჭა.


როგორც ჩანს, 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტს კვლავ სერიოზული სამედიცინო პროცედურის ჩატარება დაჭირდა, რასაც მისი სოჭში ყოფნისას ექიმთა 13 კაციანი ჯგუფის ერთდროული ჩასვლა ადასტურებს. ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ნეიროქირურგები, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, ინფექციონისტი, რეაბილიტოლოგი და საოპერაციო მედდები, ასევე ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოვენეროლოგი და ნევროლოგი.


2019 წლიდან შეიმჩნევა პუტინის თანმხლები ექიმთა ჯგუფის შემადგენლობის გაფართოება - მას უკვე მუდმივად თან ახლავს 9-10 კაციანი ექიმთა ჯგუფი.


ამასთან, ფრიად ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში კრემლის თავკაცმა განსაკუთრებით დაიახლოვა ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტები და ონკოლოგი. პრეზიდენტის ამალის განუყოფელი ნაწილი გახდნენ ოტორინოლარინგოლოგები ალექსეი შეგლოვი და იგორ ესაკოვი, ასევე ქირურგი-ონკოლოგი ევგენი სელივანოვი, რომელიც თურმე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეზე სპეციალიზდება. ექიმების სწორედ ეს შემადგენლობა იმდენად დაახლოებულია ვლადიმირ პუტინთან, რომ, მაგალითად, ალექსეი შეგლოვი საზოგადოებრივი ღონისძიებების ფოტოებზე ვლადიმირ პუტინთან ერთად გვხვდება, ხოლო მამამისი, ნიკოლაი შეგლოვი, რომელიც, ასევე, ქირურგია, “ერთიანი რუსეთის“ სიით რუსეთის დუმის დეპუტატი გახდა.


პუტინი არ მალავს თავის ინტერესს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მიმართ და ამ მხრივ, მას დაინტერესება საჯაროდაც გამოუხატავს.


დანამდვილებით ცნობილი არ არის, აქვს თუ არა რუსეთის ლიდერს პრობლემები ფარისებრ ჯირკვალზე, თუმცა ოტორინორალინგოროგები ის ხალხია, ვინც პირველი ამჩნევს ამ სახის სიმსივნურ წარმონაქმნებს, მოგვიანებით კი, საქმეში ონკოლოგი ერთვება.


2016-2020 წლებში, ჯამში, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები ალექსეი შეგლოვი და იგორ ესაკოვი ვლადიმირ პუტინს სოჭში 59-ჯერ ეწვივნენ და მის უშუალო სიახლოვეში 282 დღე გაატარეს, ონკოლოგი სელივანოვი კი პრეზიდენტს 35 ჯერ სტუმრობდა და მისი ჩრდილის ქვეშ სოჭში 166 დღე გაატარა.


გაუარესებული ჯანმრთელობა და კოვიდის შიშები



2021 წელს პრეზიდენტის ჯანმრთელობამ გაუარესების შესახებ საუბრებმა იმატა. ფაქტია, რომ ვლადიმირ პუტინი კოვიდ ინფექციას მაქსიმალურად ერიდება და თავისი შეხვედრების უმრავლესობის გამართვას ონლაინ ფორმატში ამჯობინებს. ჟურნალისტებისთვის, მეცნიერებისთვის, კულტურისა თუ სპორტის წარმომადგენლებისთვის, ასევე მაღალი რანგის საკვანძო ჩინოვნიკებისთვისაც კი, ვლადიმირ პუტინთან ფიზიკური შეხვედრა უამრავ ტესტირებებს, მთელ რიგ საკარანტინო შეზღუდვებსა და სანიტარული უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს უკავშირდება.


2021 წლის სექტემბერში რუსეთის ლიდერი კვლავ გაუჩინარდა საჯარო სივრციდან, თუმცა რა მიზეზით ჯერჯერობით უცნობია. ფაქტია, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან ის კიდევ უფრო მეტად ერიდება კოვიდ ინფექციას და უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზეც კი გადაჭარბებულ სოციალურ დისტანციას იცავს. უცხო სახელმწიფოს ლიდერებმა საკუთარ თავზე იგემეს კრემლის უმკაცრესი სამედიცინო შემოწმებებისა და გადამეტებულად გრძელი მოლაპარაკებების მაგიდის დისკომფორტი, რაც შეუმჩნეველი არავის დარჩენია და ბევრს ღიმილიც მოჰგვარა.

არადა, მსოფლიო ლიდერების უდიდესმა ნაწილმა ერთხელ მაინც გადაიტანა კოვიდ ინფექცია და კოვიდ ინფექციის შიშით ისინი თავქუდმოგლეჯილი არ გაურბიან ხალხთან ფიზიკურ კონტაქტს. მაგალითად, კოვიდ ინფიცირებული ბორის ჯონსონი წმინდა თომას ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გახდა მოსათავსებელი, თუმცა ამის შემდეგ მას სოციალური აქტიურობა არ შეუმცირებია, პირიქით. აქ რა მოსატანია და საქართველოს პრემიერიც კი, კოვიდით ორჯერ დაინფიცირდა და ამის გამო, ის ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრების გამართვას არ მორიდებია (მას უფრო სხვა პრობლემა აქვს - მასთან შეხვედრის მსურველთა სიხალვათე).

ცხადია, რომ ვლადიმირ პუტინი კოვიდს საკმარისზე მეტად უფრთხის, რაც ეწინააღმდეგება “უშიშარი ალფა-მამრის“ იმიჯს. ეს კოვიდის შიშები გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობა ძველებურად მყარი აღარ არის და კოვიდით დაინფიცირებამ შეიძლება მისი მდგომარეობა მხოლოდ გააუარესოს, რასაც ის ცალსახად ერიდება.

კრემლი უარყოფს ყოველგვარ ინფორმაციას ვლადიმირ პუტინის ნებისმიერი ავადმყოფობისა თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის თაობაზე და კვლავ მისი ყოვლისშემძლე სახე-ხატის დამკვიდრებას ცდილობს. რუსული პოლიტიკური სისტემა კი იმდენად დახურულია, რომ რაიმე ინფორმაციის გადამოწმება თუ დადასტურება შეუძლებელია. ამიტომ, რთულია დარწმუნებით საუბარი კრემლის თავკაცის ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობაზე.


მოკლედ რომ შევაჯამოთ, წინამორბედებთან შედარებით, თავისი ასაკისთვის ვლადიმირ პუტინი თითქოს მართლაც ნორმალურად გამოიყურება, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები უკვე აღენიშნება და ის ჯანმრთელობაზე ზრუნვას საკმაოდ დიდ, შეიძლება ითქვას ზღვარგადასულ ყურადღებასაც უთმობს. ალბათ, საკუთარი ჯანმრთელობით შეპყრობის მიზეზებიც აქვს, რადგან ნეიროქირურგების, ოტორინოლარინგოლოგების და ონკოლოგების თანმხლებით შავი ზღვის სანაპიროს, როგორც წესი, არ სტუმრობენ.


ასაკი ასაკია და ის რუსეთის ლიდერსაც თავის კვალს ამჩნევს, უახლოეს წლებში კიდევ უფრო მეტად დაამჩნევს. პრეზიდენტის უკვე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ გაღრმავდება და ძველს ახალი წუხილები მხოლოდ დაემატება. უკრაინაში გაჩაღებული სისხლიანი ომი და მწვავე სანქციები კი მას «Бочаров ручей»-ში განმუხტვისა ან/და ირმის რქებიდან გამოდენილ სისხლის გამაჯანსაღებელი აბაზანების მიღების საშუალებას სულ უფრო ნაკლებად მისცემს.


როგორც ამ წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, ვლადიმირ პუტინის ფიზიკური სიცოცხლისუნარიანობა პოლიტიკურს პირდაპირ ებმის და რადგან რუსეთის პოლიტიკური სისტემა რაიმე სახის დემოკრატიულ ცვლილებებს გამორიცხავს, კრემლის თავკაცის ასაკი და შერყეული ჯანმრთელობა მზარდად საყურადღებო და ანგარიშგასაწევი ფაქტორები გახდება როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის გარეთ.