ისტორიის გაყალბების რუსული კიდობნიდან

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 20 აპრილი, 2022

ვუსმენ ლავროვს, რომელიც სსრკ დიპკორპუსის საუკეთესო ტრადიციებში უბნობს, როგორი არაადამიანობები აქვთ ჩადენილი დასავლურ დემოკრატიებს ავღანეთში თუ სხვაგან და სხვაგან. ასე ცდილობს იგი უკრაინაში რუსული აგრესიის გამართლებას. ერთია, ამერიკელების მიერ ინდიელთა გაწყვეტა ან შავკანიანთა მონობა არ უხსენებია ჯერ. მაგრამ, თუ გაუჭირდა, მგონია, ფეოდალიზმის ეპოქაშიც გადავა გონებით და ბუჩას თუ მარიუპოლის სასაკლაოებს კათოლიკური ინკვიზიციის არსებობის ფაქტითაც გაამართლებს. ცოდვა სახელმწიფოთა არსებობის მუდმივი თანამგზავრია ყველგან და ყოველთვის. მაგრამ არსებობს დიდი ცოდვები და პატარა ცოდვები, ისევე როგორც გარდასული ეპოქების ცოდვები, რომელთა დღევანდელ დანაშაულებებთან გაიგივება ანაქრონიზმიცაა და დეზინფორმაციაც. აი, ეს ორი ხერხია დღეს რუსული დიპლომატიის არსენალში - საკუთარი ამორალური პოლიტიკის „გათეთრება“ სხვათა მიერ ოდესღაც ჩადენილი ცოდვებით ხდება. ოღონდ რუსული ოფიციოზის მიერ ესეც არ კეთდება ადეკვატურად და ისტორიული კეთილსინდისიერების დაცვით. ევროპის ისტორიის რუსული ნარატივი გაყალბებულია. ნათქვამის მაგალითია მეორე მსოფლიო ომის დაწყების ტრადიციული რუსული ვერსია.


ამ ბლოგ-პოსტს უფრო ჩემთვის ვწერ, რადგან ბევრს ეს ისედაც ესმის. კიდევ ვწერსტუდენტებისათვის, რადგან მათ მეოცე საუკუნის მსოფლიო კატაკლიზმები კარგად არ იციან, რაც დღევანდელი ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების ვერგაგების საწინდარია. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისათვის პასუხისმგებლებზე ათასი ზედაპირული ან დამახინჯებული რამ იწერება და ვრცელდება სოციალურ ქსელებში - არა მხოლოდ რუსულად, არამედ ქართულადაც.


რუსული პროპაგანდა და ისტორიოგრაფია არ იყო სუსტი - ნიაღვარივით მოდიოდა იმჟამადაც და ომისშემდეგაც. დეტალურად ასწავლიდნენ ძვლებგაუმაგრებელ ახალგაზრდებს თუ იდეოლოგიზებულ ძველგაზრდებს, როგორი გარდაუვალი იყო 1939 წლის სსრკ-გერმანიის გარიგება, პოლონეთის გაყოფა,ბალტიისპირეთის ანექსირება. ეს ყოველივე სწორედაც რომ მეორე მსოფლიო ომის წინაპირობა და დასაწყისია - ოღონდ რუსული ვერსიით, ინგლის-საფრანგეთ-პოლონეთი რაღაც მაგდაგვარს აპირებდა და სსრკ-მ მხოლოდ დაასწრო. დღესაც იმავეს წერენ ოფიციალური პროპაგანდისტები და თავადპუტინიც. არგუმენტად მოჰყავთ დასავლეთის დათმობა ჰიტლერისადმი მიუნხენის 1938 წლის კონფერენციაზე, რასაც ჩეხოსლოვაკიის მოსპობა მოჰყვა. ასევე ბევრი იწერება გერმანია-პოლონეთისთავდაუსხმელობის 1934 წლის პაქტზე. მოკლედ, აცხადებს რუსული პროპაგანდა, სტალინს სხვა გზაარ რჩებოდა, თუ არა საერთოვროპული და იაპონური ანტისაბჭოთა ალყის გარღვევა, მასში ბზარებისშეტანის გზით. პუტინი, თავის 2020-ის სტატიაში, რომელიც ჰიტლერის დამარცხების 75-ე წლისთავსმიეძღვნა, სწორედ ამ ჩვენებას აღადგენს. იგი აღარ მალავს რიბენტროპ-მოლოტოვის 1939 წლის 23 აგვისტოს პაქტის საიდუმლო ოქმს, რომლის თანახმადაც პოლონელებისა და ბალტიელების ბედი მათ ზურგს უკან წყდებოდა. პუტინი აღარც იმის დაფარვას ცდილობს, რომ სტალინმა ანტისემიტი ჰიტლერის საამებლად გაათავისუფლა ებრაელი ლიტვინოვი საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობიდან. რუსული ისტორიოგრაფიის, კერძოდ კი უშუალოდ პუტინის ოპუსების საკვანძო ხაზი ხომ ახლა საბჭოთა კავშირის უმწიკვლობის მტკიცება აღარაა. მისი მიზანია დამტკიცება, რომ სამყარო ჯუნგლებია, მასში ყველა სახელმწიფო თანაბარი მხეცია და თუ შენ არ შეჭამ, სხვა შეგჭამს. ჰოდა, მიიჩნევს პუტინი, საფრანგეთ-ინგლისის მხრიდან ჩეხოსლოვაკიის გაწირვა მიმართული იყო ჰიტლერის დასაგეშად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. აბა როგორ: სსრკ ჩეხოსლოვაკიის დაცვას ითხოვდა, მაგრამ მას არავინ მოუსმინა?! ამის შემდეგ, სტალინმა თავად გადაწყვიტა ჰიტლერთან გარიგება, რათა გერმანული საფრთხე აეცილებინა ან გადაევადებინა და საზღვრებიც მაქსიმალურად გაეწია მოსკოვიდან დასავლეთით, არანაკლებ „დამნაშავე“ პოლონელების ხარჯზე. ლოგიკურია? კი. სამწუხაროდ, ლოგიკური სქემების აწყობა რუსებს არასოდეს უჭირდათ. საქმე ისაა მხოლოდ, რომ ამისათვის დეზინფორმაციას იყენებდნენ და იყენებენ - ანუ, ამბობდნენ 20% სიმართლეს და ამატებდნენ 80% ტყუილს. ახლაც ასეა.


ჩეხოსლოვაკია მართლა გაწირა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. ამის მიზეზი ორი იყო. ჰიტლერის შიში და იმჟამინდელი პარადიგმა ეთნიკურ საკითხებში, რომლის თანახმად ეთნოსთა ერთ სახელმწიფოში თავმოყრა ბუნებრივ მოთხოვნილებად ითვლებოდა. გერმანიამაც ამით ისარგებლა და საკუთარი მოდგმით დასახლებული სუდეტები დასტყუა ჩეხებს ჩემბერლენისა და დალადიეს თანხმობით. დანარჩენი, ანუ ჩეხოსლოვაკიის სრული დაპყრობა და სლოვაკურ ნაწილში მარიონეტული ხელისუფლების შექმნა, ჰიტლერის თვითნებობა იყო. ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ამას წინააღმდეგობა არ გაუწია. ჩეხების ნაცვლად კი ფრანგები ან ინგლისელები ვერ იომებდნენ.


მოკლედ, დასავლეთის მოლაპარაკებები ჰიტლერთან ამ უკანასკნელისა და ომის შიშით იყო განპირობებული. ეს სულაც არ წარმოაჩენს დასავლეთს საუკეთესო მხრიდან: როგორც ჩერჩილმა ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერის მისამართით თქვა, მას ჰქონდა არჩევანი ომსა და უღირსობას შორის. მან აირჩია უღირსობა და მიიღებს ომს. თუმცა აქ იყო სხვა გარემოებაც: დასავლეთი ნამდვილად არ ენდობოდა სტალინს და, შესაბამისად, არ სურდა მასთან მჭიდრო თანამშრომლობა თუნდაც ჰიტლერის წინააღმდეგ.


ოღონდ ეს გამოწვეული იყო არა ბრიტანეთის, საფრანგეთის ან თუნდაც პოლონეთის განზრახვით, თავს დასხმოდნენ სსრკ-ს, რითაც სტალინი დიდი ხნის განმავლობაში აშინებდა მოსახლეობას ან იშინებდა თავს. 1921 წლის შემდეგ მსგავსი გეგმები დასავლურ დედაქალაქებში აღარ არსებობდა და პუტინსაც ვერაფერი მოაქვს საბუთად, რომ სტალინის პარანოია გაამართლოს. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ქვეყნები არ იქნებოდნენ წინააღმდეგნი, თუ კი ორი მონსტრი - ჰიტლერი და სტალინი - ერთმანეთს დაეჯახებოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს ჰიტლერის წაქეზებას საბჭოთა კავშირთან ომისაკენ, რადგან ამით, მინიმუმ, პოლონეთი გაიჭყლიტებოდა. დემოკრატიულ დასავლეთს კი სწორედ პოლონეთის დაცვა სურდა, რაზეც სცადა კიდეც მოლაპარაკება იგივე საბჭოთა კავშირთან.


მაგრამ საბჭოთა კავშირს, პირველ რიგში, პოლონეთი უყურებდა ეჭვით - თანაც ეგებ უფრო მეტადაც, ვიდრე ჰიტლერს: 1937-1938 წლებში ჰიტლერელებს ჯერ მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი თუ ჰყავდათ დახვრეტილი პოლიტიკური თუ რასობრივი მიზეზებით, სტალინის ხელები კი ამ წლებში უკვე იყო გასვრილი სსრკ-ში მცხოვრები 85 000 პოლონელის სისხლით. სტალინი საუბრობდა „პოლონურ ჭუჭყზე“ და ეს უდავოდ იცოდნენ ვარშავაში.


ოღონდ პოლონელები არ ისახავდნენ შურისძიებას მიზნად. მათ ამისი ძალა არ ჰქონდათ, გერმანელებთან ალიანსი კი არ სურდათ. ცნობილია, რომ ჰიტლერი ვარშავას სსრკ-ზე თავდასხმას სთავაზობდა, ოღონდ ამ უკანასკნელს თავისი მიწების ნაწილი უნდა დაეთმო დასავლეთში და თანაც გერმანიის პროტექტორატი ეღიარებინა. ბუნებრივია, ამაზე პოლონეთი არ და ვერ წავიდოდა. იგი თანაბრად ცდილობდა დისტანცირებას სსრკ-სა და ჰიტლერული გერმანიისაგან.


შედეგად, შეიძლება ვისაუბროთ ინგლის-საფრანგეთის შეცდომაზე მიუნხენის კონფერენციის დროს, რამაც ჩეხოსლოვაკია გაწირა, მათ გაუბედაობაზე 1939 წელს, როდესაც გერმანია პოლონეთს დაესხა თავს. შეიძლება ამერიკაც ვამუნათოთ, რომელმაც უკრაინაში „ჰოლოდომორის“ დატრიალების ფონზე გადაწყვიტა სსრკ-სთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი გერმანულ-რუსული გარიგებით დაიწყო პოლონეთის და რიგი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის დანაშაულებრივ დარღვევას წარმოადგენდა. ამ დანაშაულს ვერაფრით გაუთანაბრდება დასავლური შეცდომები.


ევროპის უახლესი ისტორიის ეს ტრაგიკული ეპიზოდი გავიხსენე, რათა ვთქვა, თუ რაოდენ თვისებრივია განსხვავება რუსულ და დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კონცეფციებს შორის. დასავლეთი შეიძლება იყოს თვალთმაქცი, ეგოისტი, დამფრთხალი, მაგრამ იგი მაქსიმალურად სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს. რუსეთი კი სწორედ ამ უკანასკნელს არ აგდებს არაფრად - უფრო სწორად - მას დღენიადაგ აუპატიურებს. დღევანდელობაზე რომ მოვახდინოთ ექსტრაპოლაცია, შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: დასავლეთში მართლაც ურჩევნია მავანს, რომ რუსეთი სუსტი იყოს, რადგან ასე უფრო წინასწარმეტყველებადი იქნება. ამისათვის, მათ, შესაძლოა, უკრაინისათვის მინიჭებული ჰქონდეთ ანტირუსული მოწინავე სადროშოს როლი. ახლა არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ასეთი შეხედულებები შეუფერებელია დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკური კულტურისათვის და მხოლოდ მარგინალური თუ იქნება - დავუშვათ, რომ ასეა და ბაიდენს ან ჯონსონს ყოველ ღამე რუსეთის დაშლა ესიზმრებათ. მთავარი ისაა, რომ დასავლეთი საამისოდ ისევ საერთაშორისო სამართალს ეყრდნობა. ასეთი საყრდენია, მაგალითად, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის 1975 წლის ფინალური აქტი, რომელსაც სსრკ-მაც კი მოაწერა ხელი. ამ აქტის თანახმად, ქვეყნები თავად ირჩევენ საკუთარ პოლიტიკურ ორიენტაციას და უკრაინამაც აირჩია - კარნახით თუ ნებით - აირჩია. რუსეთი კი არღვევს ამ პრინციპს, მოქმედებს ღია აგრესიის ფორმით. ესაა მთავარი განსხვავება, რასაც არანაირი დეზინფორმაცია არ და ვერ უნდა აწონასწორებდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ და ზოგიერთებთან მიმართებაში, დეზინფორმაცია მუშაობს. ამიტომაც დავწერე ეს პოსტი.


უშუალოდ პუტინის წიაღსვლები ევროპული ისტორიის ამ საკვანძო ფურცლებზე კი შეგიძლიათ იხილოთ კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე.