ჩვენ და რუსები: საბჭოური „მოდერნიზაციის“ შვილები?

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 27 აპრილი, 2022

საბჭოთა არქიტექტურა

მკვლევრები საბჭოთა კავშირსაც მოდერნიზაციის პროექტად თვლიან, რადგან მოდერნიზაცია ადამიანის წოდებრიობაზე ამაღლებასა და მოსახლეობის ქალაქებში კონცენტრირებასთან ასოცირდება. ამას შეიძლება დაემატოს სეკულარიზაციაც. მაგრამ, მეორე მხრივ, ინტელექტუალები იმასაც უბნობენ, რომ საბჭოეთმა ნიადაგი შეუქმნა, პოსტსაბჭოეთმა კი უხვად აძლია წყალი და სასუქი ახალ ფეოდალიზმს: საბჭოურ ინდუსტრიულ ცენტრებში თავმოყრილ ადამიანთა დიდმა ნაწილმა ისევ კორუფციას, კრიმინალს, ტომობრიობას შეაფარა თავი. შემდეგ რელიგიაც დაბრუნდა - მონოთეიზმში შენიღბული ძველი კერპების სახით. ადამიანი ადამიანისათვის მგელი დარჩა, თუ მეტოქე იგივე გვარ-ტომის არაა. თუმცა, ხშირად, მტრობას ნათესაობაც არ შველის.


დღეს ჩვენი ყოფიერების ყოველ წუთს უკრაინაში დატრიალებული არმაგედონის ხატ-სახებანი განსაზღვრავს. საქართველოში ამას ემატება კიდევ ორი რამ: ინფორმაციები ყოფით ნიადაგზე გახშირებულ მკვლელობებზე და მეომარი უკრაინის ხელისუფლების საყვედურები საქართველოს ამჟამინდელ მმართველთა მიმართ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სწორედ ჩვენ ვაგებთ პასუხს - მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვიქცევით თავად - ვის ვაძლევთ არჩევნებში ხმას, გავდივართ თუ არ გავდივართ საპროტესტო მიტინგებზე. სანამ ხელისუფლება სცოდავს, ცოდვა მთელს ერზე გადმოდის. მკვლელობათა თუ სხვა ტიპის დანაშაულებებთან დაკავშირებითაც შეიძლება მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაზე საუბარი, მით უმეტეს, თუ მათი რაოდენობა მატულობს, თუ ისინი ჩვენს გვერდით ხდება. სხვათა შორის, ეს მოცემულობა ფეოდალიზმის და მოდერნიზაციის შეხვედრის ლამის ერთადერთი წერტილია: მაშინაც და ახლაც რიგით ადამიანებსაც საყვედურობდნენ მათი ხელისუფლებების თუ თანამოქალაქეების უკეთური ქცევისათვის. ეს ალბათ სწორი იყო და არის, რადგან ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველია, რომელიც თავის საზოგადოების უკეთურებაზეცაა პასუხისმგებელი და სიქველეზეც. ერის უკეთურება/სიქველე, უპირველეს ყოვლისა, მის მიერ არჩეული თუ ატანილი ელიტით განისაზღვრება.


ახლა არ მსურს დეტალური წიაღსვლები იმაზე, თუ რა მსგავსებაა როგორც რუსულ, ისე ქართულ თანამედროვე მმართველობებსა და ფეოდალიზმს შორის. ამაზე ბევრი დაწერილა და კიდევ დაიწერება. ვიტყვი მხოლოდ, რომ მთავარი მსგავსება ე.წ. პატრონალური პოლიტიკაა, როგორც ამ ახალ ფეოდალიზმს ჰენრი ჰეილი უწოდებს [i]. პატრონალურ პოლიტიკურ სისტემებში მთავარი ქვეყნის მმართველთა ირგვლივ დაწნული პატრონ-კლიენტური პერსონალური კავშირებია. ისინი განსაზღვრავს ადამიანთა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ წარმატებას. ბუნებრივია, ამ რეჟიმებში არაა კანონის უზენაესობის და კონსტიტუციებში ჩაწერილი ინსტიტუტების ადგილი - მთავარი ისეთი რეალური თუ არაფორმალური ინსტიტუტებია, რომლებიც იცავს არა ინდივიდუალურ თავისუფლებასა და თანასწორობას, არამედ განაპირობებს პერსონაჟების ადგილს გავლენიან კლანებში თუ მათ გარეთ. თუმცა ერთიცაა: ძველი ფეოდალიზმის დროს, თვალთმაქცობას მაინც არ ჰქონდა ადგილი - ადამიანთა უთანასწორობა ლეგალურად არსებობდა და, შესაბამისად, მახინჯი კი იყო, მაგრამ ლეგიტიმურიც. ახლანდელი სულ სხვაა - იგი, ერთგვარად, პოსტ-მოდერნული თუ პოსტ-სიმართლისეულია.


მაგრამ, ამ შემთხვევაში, ყურადღება იმ ფსიქოლოგიურ კლიმატსა თუ ღირებულებათა სისტემაზე მინდა გავამახვილო, რაც ძველ და ახალ ფეოდალიზმებს თანაბრად ახასიათებს. გარკვეული თავისებურებებით, ეს იდეაციური მხარე არადემოკრატიული და, არსებითად, არამოდერნული ცხოვრებისა, სახეზეა რუსეთშიც და საქართველოშიც.


თავისთავად, ესეც დიდი თემაა, რომელიც ბლოგის ფორმატში ვერ დაეტევა. მე, ამჯერად, მხოლოდ ჩანახატი ანუ ბლოგ-პოსტი მინდა შემოგთავაზოთ, რომლის ინსპირაცია ტელეკომპანია ფორმულას 25 აპრილის 14:00 საათიანი „ნიუსის“ ორი სიუჟეტი იყო. პირველი ეხებოდა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ბუნკერებში გამომწყვდეული ქალებისა და პატარა ბავშვების გაუსაძლის ყოფას, რომელმაც შეუძლებელია ვინმე გულგრილი დატოვოს, თუ სულზე ფეოდალური ქონი არ აქვს მოდებული. მეორე სიუჟეტი კი წინას მოსდევდა და საქართველოში ჩადენილ მორიგ მკვლელობას ეხებოდა: აღდგომაზე ვიღაცებმა ადამიანი დანით მოკლეს.


საერთოდ, გვიანსაბჭოურ ხანასა და 90-იან წლებში ყოფით კამათზე უცხოს სასიკვდილოდ გამეტება ქართული საზოგადოების სისტემური მახასიათებელი იყო. ახლაც საკმაო რაოდენობის ფაქტები მიუთითებს, რომ ამგვარი საქმის ჩამდენ ფსიქოტიპთა ნაკლებობას არ ვუჩივით. ფიზიკური ანგარიშსწორება სულაც არაა მხოლოდ პროფესიონალ კრიმინალთა სუბკულტურისათვის დამახასიათებელი. უფრო სწორად, ეს სუბკულტურა ფართოდაა გავრცელებული და რაც ფეოდალიზმის დროს ნორმა იყო, რადგან სახელმწიფო არც არსებობდა, ამჯერად ახალფეოდალური სუროგატის სახით გვახსენებს თავს. მოკლედ, ადამიანს, უფრო სწორად, საკუთარი კლანისა თუ ტომის არაწევრს, დიდი ფასი არ ადევს თანამედროვე ქართულ სოციუმში და ესაა წარსულის ცოცხალი მემკვიდრეობა.


რა თქმა უნდა, არც ყველა ქართველია ასეთი და არც რუსული არმიის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სადიზმს შეედრება ჩვენებურ მამრთა მიერ დანის ხშირი ტრიალი. მაგრამ სისტემური მახასიათებლებით მკვლელობები ქუჩებსა თუ რესტორნებში და რუსული აგრესია უკრაინაში ერთი ტიპისაა. ორივე შემთხვევა ფეოდალური ეთიკიდან მოდის. ამ ეთიკით, უცხო მეორეხარისხოვანი ადამიანია და თუ მასთან კონფლიქტი გაქვს ან ასე გჭირდება, არ უნდა დაინდო.


საბედნიეროდ, ომის წარმოების ბარბაროსული წესი, რომლის თანახმადაც ჯარისკაცი საზარბაზნე ხორცია, სამოქალაქო მოსახლეობა კი მძევალი, თანამედროვე ქართულ არმიას ნამდვილად არ ახასიათებს თუმცა კი გვსმენია 90-იანი წლების ომებში ქართველთა მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ. ეს იძლევა იმედს, რომ ფეოდალიზმის დროინდელი ღირებულებათა სისტემა ტოტალურად არ ბატონობს ჩვენში. აი, რუსული არმიის და, რაც მთავარია, მისი მთავარსარდლობის დამნაშავეობამ კი ნაცისტების და ბოლშევიკების რეკორდები გაიმეორა. ნაცისტების მაგალითი, რომელთა ერთ-ერთი ლიდერი, ჰაინრიხ ჰიმლერი ახალი რაინდული კლასის ფორმირების იდეით იყო შეპყრობილი, იმასაც აჩვენებს, რომ ახალფეოდალური ანუ დანაშაულებრივი ფსიქოზი რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ექსკლუზიური დაავადება არ არის. იმედია, უკრაინაში მიმდინარე ტრაგედია დანის მოყვარულ ამპარტავან ქართველებსაც დააფიქრებს, სადამდე შეიძლება მიდიოდეს უცხოს დეჰუმანიზაციის ფენომენი.


ჩვენ და ისინი საბჭოური „მოდერნიზაციიდან“ მოვდივართ. იგი იყო სანახევრო და, მნიშვნელოვანწილად, ფეოდალური წესების ამაღორძინებელი. თანამედროვე სადიზმი თუ მკვლელობებისაკენ მიდრეკილებები მარტო ამ უახლესი წარსულიდან ნაანდერძევი სისტემებითა თუ კულტურით ვერ აიხსნება, მაგრამ ეს მემკვიდრეობა საზიარო გვაქვს რუსებთან და თუ მათი არმიისა და სპეცსამსახურების სადიზმის მწვერვალებს ვერ ვაღწევთ, თავის დამშვიდებასაც არ უნდა მივეცეთ.


 

[i] Hale Henry E., Patronal Politics: Eurasian Regime Dynamics in Comparative Perspective, Cambridge University Press, 2015.