top of page

ახალი რუსეთის სილუეტი, ანუ „სპილენძის საუკუნე“.

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 18 მაისი, 2022

ნებისმიერი ერი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ცივილიზაცია და კულტურა. ეს ორი მოცემულობა ერთმანეთზე ახდენს გავლენას. პირველი არის სახელმწიფო ანუ კანონები და პოლიტიკა, რომელიც კანონების აღსრულება-არშესრულების პრაქტიკებთან ასოცირდება. იგი ეხება ცხოვრების ბევრ მატერიალურ სფეროს - ეკონომიკას, ჯანდაცვას თუ თავდაცვას. აქვეა ჩაწნული კულტურაც, როგორც იდეები, მორალურის და ლამაზის ძიება. სადღაც კულტურა და ცივილიზაცია ერთდება, რადგან პრაქტიკებს იდეები უნდა უმაგრებდეს ზურგს როგორც რეფლექსიით, ისე პროპაგანდითა თუ „შავი პიარით“. ჯერ კიდევ ელიტათა თეორიის ფუძემდებელი, ღირსსახსოვარი გაეტანო მოსკა ამბობდა, რომ მმართველობას სჭირდება არა მხოლოდ ძალა, არამედ მართულთა დარწმუნება იმაში, რომ ეს ძალა სამართლიანია, კომპეტენტურია, საუკეთესო არჩევანია. როგორც წესი, დარწმუნების ფუნქციას „მთავართა“ ინტელექტუალი მრჩევლები და პოეტები იზიარებენ, რაც ძველმა, მეცნიერებამდელმა ბრძენებმაც იცოდნენ. ამ ჭეშმარიტებას მისდევდნენ რუსეთის თეთრი თუ წითელი იმპერატორებიც. შესაბამისად, ისინი ყურადღებას აქცევდნენ თეთრი და წითელი ინტელიგენციის აზრს.


რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და კულტურის ურთიერთშეხება ერთი მიმართულებით მოძრაობა არასოდეს ყოფილა. ინტელექტუალები და ხელოვანნი მით უფრო ეპაექრებოდნენ „ამა ქვეყნის ძლიერთ“, რაც მეტი იყო მათი დესპოტიზმი. რუსეთში „პოეტი“ მუდმივად ოპონირებდა „Царь“-თან. ამიტომაც გახდა პოპულარული ტერმინი „ინტელიგენცია“, როგორც თავისუფალი პროფესიების ადამიანთა კლასის აღმნიშვნელი. რუსული ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ინტელიგენციას ხან აგინებდნენ, ხან ანადგურებდნენ, ხანაც იმორჩილებდნენ. ეს განსაკუთრებით ახასიათებდა საბჭოთა პერიოდს, თუმცა თავისუფალ ინტელექტუალთა და ხელისუფალთა ურთიერთობა არც მანამდე იყო უღრუბლო.


და მაინც, დესპოტთა ხელშიც იქმნებოდა ე.წ. მაღალი კულტურა, ანუ ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშები, რაც შემოქმედთა გარკვეული თავისუფლების (თუნდაც შინაგანის) გარეშე შეუძლებელია. ზოგჯერ ამ ნიმუშებით სისხლიანი ვამპირებიც ტკბებოდნენ, როგორც, მაგალითად, ბულგაკოვით სტალინი. აქ ჩნდება კითხვა - და მერე რა? გახდა ტურგენევის „მუმუ“ რუსული მასების გამაკეთილშობილებელი ან მმართველი კლასის სასტიკი ეგოიზმის შემარბილებელი?


დღეს „თავისუფალი პროფესიების“ ნაირფერი რუსული წარმომადგენლობა - მაგალითად, ვლოგერი ალექსანდრე ნევზოროვიდან ისტორიკოს სერგეი მედვედევამდე - ეჭვით უყურებს ხელოვნების გამაკეთილშობილებელ ძალას - ზოგადად, და რუსული ხელოვნებისას - კონკრეტულად. ეს ფილოსოფიური თემაა. აქ იმის თქმა მინდა მხოლოდ, რომ ვფიქრობ, ადრე არ მომხდარა რუსული იმპერიული იდეის იმ მასშტაბის უარყოფა „განათლებული კლასის“ მიერ, როგორც ეს ახლა ხდება; რუსული „მაღალი კულტურის,“ ანუ კულტურის მაღალმხატვრული გამომხატველობითი ფორმების წარმომადგენლები ისე დასცილდნენ რუსულ სახელმწიფო ცივილიზაციას, როგორც არასოდეს.


რუსულ ხელოვნებაში იყო „ოქროს“ და „ვერცხლის“ საუკუნეები - მე-19 საუკუნის დამდეგიდან საბჭოთა კავშირის შექმნამდე. ფილოლოგი არ ვარ და მათი თავისებურებების განხილვას ვერ ვიტვირთავ. ასევე, არ ვიცი, საბჭოთა ხელოვნება თუ შეიძლება მოინათლოს რკინის ან ბრინჯაოს საუკუნედ. მაგრამ მსურს ამ ლითონთა მეტაფორას გავყვე და დღევანდელი რუსული „მაღალი კულტურის“ სახეებისა თუ მათი განათლებული მომხმარებლების აზრთა მდინარებასაც შევურჩიო სპეციფიკური სახელი. წმინდა ესთეტიკური საზომებით, ისინი შეიძლება ადრე გაკვალულ რომელიმე ქარგას მისდევდნენ, ან, როგორც ყოველთვის, ევროპული ხელოვნებიდან იღებდნენ თავისებურ ინსპირაციას. ესეც არაა ჩემი განსჯის საგანი, მაგრამ მე ვამჩნევ სიახლეს რუსულ სახელმწიფო ცივილიზაციასთან მათ დამოკიდებულებაში და ამაზე ხაზგასასმელად ვუწოდებ მათ ეპოქას „სპილენძის საუკუნეს.“

ამ ტექსტის ინსპირაციაც სერგეი მედვედევის პოსტია. მოკლე, მაგრამ საოცრად გამომხატველი ტექსტით, რომელსაც სწორედაც რომ „მაღალ კულტურას“ მივაკუთვნებდი - იგი რუსეთის სემიოტიკურ ანუ ნიშნებისმიერ კატასტროფაზე საუბრობს. რეალობის ენათმეცნიერთათვის ნაცნობი დაყოფა ნიშნად და აღნიშნულად სერგეის რუსეთის გარეგანი რეპრეზენტაციისა და შიგთავსის დაპირისპირებაზე გადააქვს. იგი წერს, რომ 600 წელია რუსეთში სიმულაცია ბატონობდა - მისი გარეგნობა შინაგან მახასიათებლებს იყო აცდენილი. „გარეკანზე - არც თუ დახვეწილი, მაგრამ უხეში, მყარი, დროში გამოცდილი - სივრცე, იმპერია, მასშტაბი, ომი, ტანკები და თვითმფრინავები, ატომური იარაღი, კოსმოსი, კულტურა, მოსკოვი, პეტერბურგი, ტაძრები და სასახლეები. შიგთავსში, რომელსაც ვერ ხედავს სამყარო, მაგრამ რომელიც სხეულზე გვეკვრის - მონობა, უტიფრობა, ქურდობა, სიცრუე, ამპარტავნება, უნიჭობა და რუსული ცხოვრების დაუსრულებელი სიღატაკე. ჩვენ ამას მივეჩვიეთ. . .იგი სიდიადის ფასი გვგონია და მალულად ვამაყობთ კიდეც ყოფიერების ასეთი მოწყობით. . .დაე, გარეთ გავდიოდეთ მოსასაქმებლად, სამაგიეროდ არის ბალეტი, გუმბათები და გამოუცნობი სული“.


სემიოტიკური კატასტროფა, ანუ ამ ექვსასწლოვანი რუსეთის დამხობა კი მედვედევისათვის ისაა, რომ გარეგანი და შინაგანი სახე რუსეთისა გაერთიანდა, სიმულაცია დამთავრდა და უკრაინაში შეჭრილი არმიით რუსეთმა თავისი ეროვნული ნიშნები საექსპორტოდ გამოიტანა. და გაბრწყინდა ნახვრეტები, ხარვეზები, მოღრეცილი ნაკერები, ლპობაშეპარული ქსოვილი. ეს უკვე აღარაა რეპუტაციული ზიანი, ეს ცივილიზაციური კატასტროფაა, რომლიდანაც რუსეთი ვეღარასოდეს ამოვა.“


დღეს რუსული საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის წარმომდგენლების უმეტესობა უკრაინაში საკუთარი სახელმწიფოს დამარცხებას ლამობს. ასეთი რამ, პრინციპში, არ მომხდარა - ბოლშევიკების 1917 წლის ოცნებები არ ითვლება, რადგან პირველ მსოფლიო ომში იმპერიის დამარცხებით მათ უფრო დიდი იმპერიის ფორმირება უნდოდათ, მათ ინტელექტუალობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ახლა კი მწერლები, ჟურნალისტები, ისტორიკოსები, რომლებიც არ გაყიდულან, უკრაინას გულშემატკივრობენ. ჩვეულებრივი დისკურსის ნაწილი ხდება რუსული იმპერიალიზმის ნებისმიერი გამოვლინების უარყოფა, დაგმობა, თუნდაც ეს პუშკინის ზოგიერთ ლექსს ეხებოდეს. ესაა ჩემთვის რუსული „მაღალი კულტურის“ „სპილენძის საუკუნე“. მისი ნიშნები ელცინის დროსაც იყო, მისი ცალკეული წარმომადგენლები ალბათ ყოველთვის არსებობდნენ. მაგრამ ახლა ეს ხდება მეინსტრიმი. ისე, როგორც არასდროს, კრემლი კარგავს ინტელექტუალურ ლეგიტიმაციას.


ვფიქრობ, ეს არანაკლები საწინდარია რუსული იმპერიის დაისისა, არსებითად, ამ იმპერიის დაშლისა, ვიდრე ეკონომიკური პრობლემები, ნატოს უძლეველობა, უკრაინელთა გმირობა თუ ჩინეთის აჩრდილი. შინაგან ლეგიტიმაციას კარგავს არა უბრალოდ პუტინის მმართველობის სტილი, არამედ იმპერია, როგორც რუსეთის არსებობის ერთადერთი ფორმა. შეიძლება, იმპერიამ ჯერ კიდევ იარსებოს - შერჩეს რესურსი და მასების მდუმარება. მაგრამ ინტელექტუალური, „მაღალკულტურული“ საყრდენების გარეშე იგი მაინც განწირულია. იმპერიის იდეას არ უარყოფდა, არ უპირისპირდებოდა, არც დოსტოევსკი, არც ტოლსტოი, არც ზემოთნახსენები პუშკინი. მათთვის იგი ავკარგიანი მოცემულობა იყო. ეს იცვლება ახლა. სპილენძი ეს ნაკლებღირებული ლითონია. მე არ ვიცი, წმინდა ესთეტიკურად თუ გაუტოლდება მედვედევი ან ორლუშა ლერმონტოვს (ოქროს საუკუნე) ან ახმატოვას (ვერცხლის საუკუნე). მაგრამ პოლიტიკური ცვლილებების თვალსაზრისით, სპილენძის მნიშვნელობას დიდი ისტორია აქვს და ახალი ეპოქის მეტაფორადაც გამოდგება.

bottom of page