აშშ-ზე “ნაწყენი” პუტინი - რატომ დაიწყო ომი უკრაინაში

Image-empty-state.png

დიმიტრი ავალიანი | ბლოგ-პოსტი | 3 ივნისი, 2022

G8 სამიტის შეხვედრა, 2013

სამ თვეზე მეტია, რაც უკრაინაში გრძელდება ომი, რომელიც რუსეთის მმართველმა რეჟიმმა წამოიწყო.


ამ ომის დაწყების ოფიციალურად გაცხადებულ მიზნებს რუსეთი პერიოდულად ცვლის - თავიდან კრემლი აცხადებდა, რომ უკრაინის “დენაციფიკაცია” და “დემილიტარიზაცია” სურდა. მოგვიანებით მიზნები უფრო მოკრძალებული გახდა და კამპანიის მიზნად ხან “დონბასის გათავისუფლება”, ხან უკრაინის სამხრეთის დაპყრობა და დნესტრისპირეთზე გასვლა, ხან უკვე ოკუპირებული უკრაინის რეგიონების ანექსია სახელდება.


შესაბამისად, არ არის ბოლომდე ნათელი ვლადიმირ პუტინის მოტივაცია - კონკრეტულად რა ამოცანის შესრულებას ისახავდა იგი მიზნად, როდესაც უკრაინაში შეჭრის ბრძანებას გასცემდა.


თუმცა, თუ რუსეთის პრეზიდენტის წინა წლების ქმედებებს გადავავლებთ თვალს, ნათელი ხდება რომ ის ამ “დიდი ომისკენ” მიზანმიმართულად მიდიოდა.



“ობამა-პუტინის პაქტი”?


პუტინის ღია ანტიდასავლური პოლიტიკის დასაწყისად 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მის გამოსვლას მიიჩნევენ. მაშინ მან “ერთპოლუსიანი” სამყაროს წინააღმდეგ გაილაშქრა და “მრავალპოლარულ” სამყაროს დაუჭირა მხარი.


ფაქტობრივად, ეს იყო განაცხადი ევროპაში აშშ-ის გავლენის შემცირებაზე, NATO-ს გაფართოების შეჩერებასა და რუსეთისთვის საკუთარი გავლენის სფეროს დაკანონებაზე.


თუმცა, მაშინ აშშ-ში ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციასთან ამის თაობაზე საერთო ენას, ბუნებრივია, ვერ გამონახავდა.


2009 წელს, აშშ-ს პრეზიდენტად ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ, კრემლი ვაშინგტონის “დამუშავებას” აქტიურად შეუდგა, რათა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ერთპიროვნული ბატონობის “სანქცია” მოეპოვებინა. თანაც, ამას ფაქტობრივად ღიად და გამჭვირვალედ აკეთებდა.


2009 წლის მარტში სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “ურთიერთობების გადატვირთვის” სიმბოლურ ღილაკს დააჭირეს ხელი.


თუმცა, მთავარი მოვლენა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის კრემლთან ურთიერთობაში ცოტა მოგვიანებით მოხდა.


2009 წლის ივლისში შედგა ვლადიმირ პუტინის (რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი) და ბარაკ ობამას პირველი შეხვედრა კოლორიტულ არაფორმალურ გარემოში - ჩაის, რუსული ბლინების და წითელ პერანგში გამოწყობილი მსახურის მიერ ჩექმით გაღვივებული სამოვრის თანხლებით.


ამ შეხვედრაზე პუტინი დიდხანს უხსნიდა ამერიკის პრეზიდენტს რუსეთის “განსაკუთრებული ინტერესების” არსებობას პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათი პატივისცემის აუცილებლობას. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ოფიციალური რუსული პრეს-რელიზები იუწყება.


კონკრეტულად რა უპასუხა ამაზე ბარაკ ობამამ, უცნობია.


მაგრამ მოვლენების შემდგომი განვითარება იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გარკვეული სახის არაფორმალური “ობამა-პუტინის პაქტი” დაიდო.


სავარაუდოდ, მისი პირობები იმაში მდგომარეობდა, რომ ვაშინგტონი თანახმა იყო რუსეთს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაფერი გაეკეთებინა საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, მაგრამ არასამხედრო და არაძალისმიერი მეთოდებით.


კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა უყოყმანოდ გაიყვანა სამხედრო ბაზა ყირგიზეთიდან, რომელსაც ავღანეთის კამპანიის მომარაგებისთვის იყენებდა, მაგრამ რუსეთს ის აღიზიანებდა.


ვაშინგტონმა ასევე მშვიდად მიიღო უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა - 2010 წელს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა რუსეთისკენ მკვეთრად შემოაბრუნა.


გარდა ამისა, შეერთებული შტატები თავად მიესალმა და გარკვეულწილად ხელი შეუწყო კიდეც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას, რის შედეგადაც ხელისუფლებაში რუსეთისადმი ბევრად უფრო ლოიალური ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია “ქართული ოცნება” მოვიდნენ.


2010-2011 წელს საქართველოში ტერაქტების სერია მოხდა, მათ შორის აფეთქება ამერიკის საელჩოსთან, რაშიც თბილისმა მოსკოვი დაადანაშაულა. მაშინ, თუ ამერიკული მედიის წყაროებს დავუჯერებთ, აშშ-ს რეაქცია რუსეთის მიმართ არასაჯარო, თუმცა საკმაოდ მკაცრი იყო.


ეს გასაგებია - ასეთი ქმედებები “პაქტის” დარღვევა იქნებოდა. აფეთქებები შეწყდა - როგორც ჩანს, აშშ-ს ჩარევის შედეგად.


მას შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობა საკმაოდ “ჰარმონიულად” ვითარდებოდა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე ორ ქვეანას შორის დიდი უთანხმოებები არ ყოფილა.


ასე გრძელდებოდა სანამ უკრაინაში 2013 წლის ბოლოს მაიდანი - ევროპული არჩევანის დასაცავად მასობრივი საპროტესტო აქციები - არ დაიწყო.



უკრაინული მაიდანი - შემობრუნების წერტილი


ამერიკელები ამ პროცესებში “პაქტს” იცავდნენ და მოვლენებში არ ერეოდნენ. ერთადერთი „ჩარევა“ გახდა ყბადაღებული ორცხობილების დარიგება აქციის მონაწილეებისთვის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდის მიერ, რაც რუსეთში პუტინის მომხრეებს დღემდე მოსვენებას არ აძლევს.


საბოლოოდ, კრიზისის მოგვარებას 2014 წლის თებერვალში ევროპელი დიპლომატები - გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, შეეცადნენ.


უკვე მას შემდეგ, რაც კიევის ქუჩებში ათეულობით დემონსტრანტი დაიხოცა, შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ევროპელი დიპლომატების შუამავლობით შედგა. ამ შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ეროვნული თანხმობის მთავრობა უნდა შექმნილიყო, შეცვლილიყო კონსტიტუცია, თუმცა ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტად წლის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო.


ეს შეთანხმება მიიღეს ოპოზიციის ლიდერებმა, თუმცა არ მიიღო შეკრებილმა ხალხმა. გაისმა მოწოდებები იანუკოვიჩის ადმინისტრაციის შტურმის თაობაზე. რასაც პრეზიდენტი არ დაელოდა და კიევი დატოვა.


თითქოსდა რა შუაშია აქ ამერიკა?


მაგრამ იმ სამყაროში, რომელშიც საბჭოთა კაგებე-ს ოფიცრის მენტალობის მქონე პუტინი ცხოვრობს, ხალხის ნება როგორც ასეთი არ არსებობს. ხალხი მის წარმოდგენებში ადვილად მანიპულირებადი მასაა, რომელსაც ვიღაცები აზომბირებენ და მართავენ.


შესაბამისად, მისი აზრით, იანუკოვიჩის გაქცევა, ახალმიღწეული შეთანხმების ჩაშლა და ხელისუფლების ცვლილება უკრაინაში სწორედ ამერიკელების ჩარევის შედეგია. რაზეც მას არაერთხელ, გულწრფელი წყენის ინტონაციით საჯაროდ უსაუბრია და აშშ ღიად დაუდანაშაულებია.


მისი გადმოსახედიდან, ეს “პაქტის” დარღვევა იყო. მათ ხომ ყველაფერზე მოილაპარაკეს, შემდეგ კი მეორე მხარემ ასეთი თაღლითობა და ღალატი ჩაიდინა. “კარგი ბიჭები” ამას არ პატიობენ.


გარდა ამისა, პუტინის გადმოსახედიდან, ყველა “ფერადი რევოლუცია” მისი, პუტინის, დამხობის რეპეტიციაა.


სავარაუდოდ სწორედ მსგავსი არგუმენტები მოჰყავდა პუტინს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრებში 2014 წლის მარტში, როდესაც ის ყირიმის ანექსიას ამზადებდა, კანცლერი კი, როგორც ჩანს, მის დაშოშმინებას ცდილობდა.


მაშინ გერმანულ მედიას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მოჰყავდა მერკელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პუტინი “სხვა სამყაროში ცხოვრობს”.


სავარაუდოდ, იგივე არგუმენტები მოჰყავდა პუტინს 24 თებერვლამდე ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებისას, რომლებიც ახალი ომის თავიდან აცილებას ამაოდ ცდილობდნენ - წყაროების ცნობით, ამ საუბრებში პუტინი დიდ დროს ისტორიის და ბოლო წლების მოვლენების საკუთარი ინტერპრეტაციის ახსნას უთმობდა.



პუტინის ალტერნატიული რეალობა


როგორც ჩანს, სწორედ 2014 წელს პუტინმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ საბჭოთა კავშირი არა მშვიდობით, როგორც ადრე ფიქრობდა, არამედ ომით უნდა აღადგინოს. იმაში, რომ საბჭოთა კავშირი ამა თუ იმ ფორმით უნდა აღდგეს, მას, როგორც ჩანს, ეჭვი არასოდეს ეპარებოდა. ამისთვის კი იგი ჯარს აშენებდა (უფრო სწორად, ეგონა, რომ აშენებდა) და შესაფერის მომენტს ელოდა. და ეს მომენტი, მისი აზრით, სწორედ 2022 წლის დასაწყისში დადგა.


თუმცა, როგორც გაირკვა, მთელი ამ ხნის განმავლობაში პუტინი არა ტრიუმფს, არამედ კატასტროფას ამზადებდა - როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საკუთარი ქვეყნისთვის.


აღმოჩნდა, რომ რუსეთის ჯარი, რომელსაც რუსული პროპაგანდა უძლეველად ხატავდა და მთელ მსოფლიოს ეს თითქმის დააჯერა, ისეთივეა, როგორც რუსეთის ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, განათლება და ა. შ. - არაეფექტური და ღრმად კორუმპირებული. და უკვე მესამე თვეა ევროპის თუმცა დიდი, მაგრამ ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის არმიას არათუ ვერ ამარცხებს, არამედ თავადაც რამდენიმე მტკივნეული მარცხიც განიცადა.


პუტინმა, ასევე, აშკარად სათანადოდ ვერ შეაფასა დასავლეთის მოსალოდნელი რეაქცია და სანქციების გავლენა რუსულ ეკონომიკაზე.


ამგვარად, ერთი ფუნდამენტურად მცდარი დაშვებით - რომ მაიდანი უკრაინაში იყო არა უკრაინელების ნების გამოხატულება, არამედ შეერთებული შტატების სპეცოპერაცია, პუტინმა თავისთვის ალტერნატიული რეალობა შექმნა. და ამ რეალობაში მისი ყველა ქმედება სწორი და ლოგიკური იყო.


თუმცა, საბოლოოდ, პუტინის თავში არსებულმა ამ ალტერნატიულმა რეალობამ ნამდვილ რეალობასთან შეჯახებას ვერ გაუძლო.



 

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები და ინფორმაცია ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რუსეთის კვლევის ცენტრის თვალსაზრისს.