რუსეთის უკრაინული აგრესია, როგორც თაობათა ბრძოლა ძალაუფლებისათვის?

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 4 ივნისი, 2022

ვებ-გვერდმა „მედუზამ“ რუსეთის უკრაინული აგრესიის მიზეზების ერთი საინტერესო ნარკვევიც დადო. 2022 წლის 31 მაისის სტატიაში მაქსიმ ტრუდოლუბოვი ამ ომის სოციოლოგიურ ფესვებზე მოგვითხრობს. თავად მაქსიმი არაა სოციოლოგი, მაგრამ რუსული ანალიტიკური ჟურნალისტიკის ცნობილი წარმომადგენელია. იგი 1970 წელს დაიბადა რომში და ეს ფაქტიც მნიშვნელოვანია მისი ნარკვევის „ Против кого на самом деле воюет Путин?“ გასაგებად.


ნარკვევის არსი ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლება ნომენკლატურულ-კაგებისტური სუბკულტურის იმ ადამიანთა ხელშია, რომლებიც გასული საუკუნის 50-60-იან წლების მიჯნაზე სოციალიზირდნენ და ძალაუფლების დერეფნებს ეზიარნენ. 70-80-იანი წლების თაობის ის ნაწილი კი, რომელიც ზრდასრულ ცხოვრებას იმედიან „პერესტროიკის“ თუ ელცინის მმართველობისას დროს ეზიარა - მიჩუმათებულ-მარგინალიზებულია, „დაკარგული თაობაა“. დღეს ხელისუფლებაში მყოფთა მახასიათებელია იერარქიულობა, ლოიალურობა, ცენტრალიზებულ-ყველგანმყოფი სახელმწიფო მანქანის „ჭანჭიკობა.“ ეს მანქანა მათგან უსიტყვო მორჩილებას მოელის, თუ არა და სჯის, როგორც დასაჯა, მაგალითად, ალექსეი ნავალნი. ავტორი სოციოლოგ ნიკოლაი პეტროვს ციტირებს და ამბობს, რომ რუსეთის დღევანდელი მმართველები, არსებითად, არც არიან „ელიტა“. მათ ხელისუფლება არა ღია პოლიტიკური ბრძოლის პროცესში, არამედ ბიუროკრატიულ კიბეებზე თუ დერეფნებში მიიღეს.


ტრუდოლუბოვისათვის პუტინის მმართველობა ბრეჟნევის „უძრაობის“ ბოლო თაობის რევანშია იმათზე, ვისაც რუსეთში სიახლე უნდოდა და ვინც ახლა „უცხოეთის აგენტებადაა“ მონათლული. უკრაინაში კი, მიზეზთა გამო, ყველაფერი პირიქითაა: იქ სწორედ გარდაქმნების ეპოქის შვილები არიან ხელისუფლებაში. უკრაინაში გასაქანი მიეცა პირად ინიციატივას, რაც კვალს მათი სამხედრო ძალების მოქმედებასაც აჩნევს.


სოციოლოგიურადაც საინტერესოა და ისედაც, რომ ბრეჟნევის თაობის დინოზავრები მომავალზე მაინც ფიქრობენ. ხელისუფლება ვიღაცას უნდა დარჩეს - აბა, ცას ხომ არ გამოეკიდებიან? ტრუდოლუბოვის დაკვირვებით ეს „ვიღაცა“ მათ მიერ გამოზრდილი შვილები და შვილიშვილებია. ანუ, პოლიტიკურ კლასში ხდება ერთი თაობის - დაკარგული თაობის - გამოტოვება და ძალაუფლებისათვის ემზადებიან იგივე დინოზავრთა კონტროლქვეშ გაზრდილი 90-იან თუ 2000-იან წლებში დაბადებულები.


არსებითად, მიიჩნევს ტრუდოლუბოვი, პუტინის ბრძოლა ემსახურება არა იმდენად საბჭოთა კავშირის აღდგენას, რამდენადაც თაობათა და ღირებულებათა კონკურენციას. რატომაც არა: რა დრამასაც ვხედავთ ახლა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, შეიძლება ამ რაკურსიდანაც დავინახოთ. ეს არ იქნება სრული სურათი, შეიძლება იგი ხედვის არც ყველაზე მნიშვნელოვანი კუთხე იყოს. იდეოლოგია, რუსული იმპერიული ზრახვები მაინც თამაშობს როლს. თანაც, ბრძოლის ფორმასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სად შიდარუსული რეპრესიული პოლიტიკა და სად - უკრაინელთა დაუფარავი გენოციდი, რომელსაც რუსული იმპერიის სამხედრო მანქანა ახორციელებს. მაგრამ, ვფიქრობ, სოციალური რეალობის გასააზრებლად, ტრუდოლუბოვის ანალიზი საყურადღებოა.


ავტორი არაფერს ამბობს მომავალზე, მაგრამ დამაიმედებლად ჟღერს მისი ერთი მითითება: ის შვილები თუ შვილიშვილები, ვისთვისაც პუტინი ხელისუფლებას ამზადებს, 90-იან 2000-იანი წლების თაობის მხოლოდ მცირე ნაწილია. რა გზას აირჩევენ ამ თაობის დანარჩენი წარმომადგენლები? თუმცა აქვე მაფიქრებს უკრაინაში მიმდინარე ომის პერიპეტიები: ბრეჟნევის დროინდელი დინოზავრების კარნახით სწორედ ამ ახალგაზრდა რუსების ათასობით წარმომადგენელი სჩადის გენოციდს. ესე იგი, პრობლემა მხოლოდ ელიტარულ ახალგაზრდებში არაა?! როდის მიხვდება ეს ახალი თაობა, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ისიც უკვე დამნაშავეა და იარაღი დანაშაულებრივი ბრძანებების გამცემთა წინააღმდეგ უნდა შეატრიალოს?


ტრუდოლუბოვის ნარატივი ერთ ასოციაციასაც იწვევს ჩემში: რა ხდება ჩვენთან, საქართველოში პოლიტიკოსთა თაობების ურთიერთგავლენებისა თუ ცვლის თვალსაზრისით: აქაც ხომ არ გვაქვს ნიშნები საბჭოთა დინოზავრების მიერ „შვილიშვილების“ საკუთარ ჭკუაზე აღზრდისა? საჭიროა ამ თემის კვლევა. მანამდე კი მე გია ვოლსკი და ირაკლი კობახიძე მახსენდება. . .