ავტორიტარიზმის გრძელი საცეცები

Image-empty-state.png

ზურაბ სამარღანიშვილი | ბლოგ-პოსტი | 16 ივნისი, 2022

გასული წლების განმავლობაში არადემოკრატიულ ქვეყნებში დისიდენტობა განსაკუთრებით სახიფათო გახდა. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და, ზოგადად, ამა თუ იმ რეჟიმისთვის მიუღებელი მსოფლმხედველობის ადამიანები იდევნებიან როგორც ქვეყნების შიგნით, ისე მათ ფარგლებს გარეთ. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ეს პრობლემა უფრო გამძაფრდა. თუმცა, რუსეთის პუტინი ტრანსნაციონალურ რეპრესიებს არც მანამდე აკლებდა ძალისხმევას. კრემლის ეს მიდგომა განსხვავდება„პოლიტიკური ომისა“ და „რბილი ძალის“ კონცეპტებისგან, რომელთა მეშვეობითაც კონკრეტულხელისუფლებას აქვს წინასწარ დასახული გეგმა საკუთარი ინტერესების შესაბამისი გავლენა მოახდინოს ამათუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფისა ან, თუნდაც, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე.



კრემლის სტრატეგია

2000 წლიდან, მას შემდეგ რაც პუტინი რფ-ის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე კრემლი პროაქტიულად ცდილობს სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფთან დაახლოებას კორუფციული გარიგებების გზით. ამას გარდა, ანტი-ლიბერალურ წრეებთან კავშირი ვლადიმირ პუტინის ტროასეული სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. როგორც გასულმა წლებმა აჩვენა, კიბერშეტევები, ასევე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ტაქტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება როგორც სხვა ქვეყნების პოლიტიკური სისტემების დესტაბილიზაციის მიზნით, ისე ცალკეული ოპონენტების საწინააღმდეგოდ. მაგრამ საგულისხმო ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთის ხელისუფლება არც გაცხადებულად და არც შეფარვით არ ცდილობს, ეს ქმედებები მასთან ასოცირდებოდეს.


სრულიად განსხვავებული რამ ხდება მაშინ, როდესაც საქმე NATO-ს ქვეყნებში მყოფ და ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან თანამშრომლობაში შემჩნეულ რუს დისიდენტებს ეხება; განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან ყოფილან დაკავშირებულები. ამ შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლების ქმედებების შეფასებისას ნაკლებად გამოგვადგება პოლიტიკური მეცნიერების სფეროში განვითარებული კონცეპტები, რადგან ამ ქმედებებს უფრო მეტი საერთო განგსტერულ სულისკვეთებასთან აქვს.


ზოგადად, კრემლი „არამეგობრულ ქვეყნებში“ მყოფ რუსულ დიასპორებს არ ერჩის, მაგრამ „სახელმწიფო მტრების“ მიმართ პუტინის რეჟიმის, უფრო კონკრეტულად კი გასამხედროებული ელიტის დამოკიდებულება გაცილებით ვერაგია - მის მთავარ ამოცანას მოწინააღმდეგის ფიზიკური განადგურება წარმოადგენს. მკვლელობის იარაღად ნერვული აგენტის, „ნავიჩოკის“ გამოყენება კი, რაც მხოლოდ კონკრეტული სპეცსამსახურებისთვისაა ხელმისაწვდომი, სხვა არაფერია თუ არა კრემლის ერთგვარი გზავნილი, რომლის მეშვეობით რეჟიმი არა მხოლოდ „მოღალატეებს“იღებს მიზანში, არამედ მათაც, ვინც რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ პოლიტიკურ აქტივობებშია ჩართული. კრემლს მსგავსი სტრატეგიით მოქმედების მცდელობა ჰქონდა, სულ მცირე, უკრაინაში, ბულგარეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.


რუსულ სპეცსამსახურებს ქვეყნის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის ინსტრუმენტების ფართო არჩევანი აქვთ. დისიდენტების დევნის მიზნით კრემლი წარმატებით იყენებს როგორც საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტებს, მაგალითად „ინტერპოლს“, ისე მის ხელთ არსებულ სხვა ბერკეტებს - რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რუსულენოვან მედიასა და კულტურის სხვადასხვა სფეროს.


კრემლის ამ ქმედებებს ბანდიტურ ხასიათს დამატებით ისიც სძენს, რომ რუსეთის რეჟიმი ზემოაღნიშნულზე არანაკლებ ეფექტურად იყენებს მოძმე ავტორიტარების რესურსებს. როგორც სხვა მრავალი მიმართულებით, ისე ამ კომპონენტშიც რუსულ-ბელარუსული „ურთიერთგაგებაა“ გამორჩეული. 2021 წელს რუსეთის სასამართლომ MMA ორთაბრძოლის სპორტსმენის, ალექსეი კუდძინის ბელარუსში ექსტრადირების ნება გასცა. სასამართლომ გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პოზიციის საწინააღმდეგო მიიღო, ეს უკანასკნელი ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევდა. კუძინს ბელარუსში ბრალი ედებოდა 2020 წლის ანტი-სამთავრობო აქციების დროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმაში. 2021 წლის აპრილში, სადილის დასრულების შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში დაბრუნებული იორას ზიანკოვიჩი, აშშ-ის მოქალაქე, იურისტი, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა გაიტაცეს და მანქანით, 700 კმ-ის მანძილზე, ჩაიყვანეს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, სადაც ის ციხეში აღმოჩნდა.


ცხადია, არც ბელარუსი ჩამორჩება მოძმე რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკურ აქტივისტების წინააღმდეგ თავზეხელაღებული ბრძოლის მეთოდების გამოყენებაში. მარტო 26 წლის ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის შემთხვევა რად ღირს, - როდესაც ის ათენიდან ვილნიუსში კომერციული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავით მგზავრობისას, ბელარუსის საჰაერო შეიარაღებული ძალების ხომალდმა იძულებით დასვა მინსკში, სადაც ჟურნალისტი დააპატიმრეს.



ცდუნება ნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის

გაცხადებულად და საქვეყნოდ აღიარებული ავტორიტარული რეჟიმებისგან სხვას რას უნდა ველოდოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს კლუბი დახურული არავისთვისაა. პირიქით, იქ გაწევრიანება წახალისებულია, ხოლო „ურთიერთგაგება“, იგივე „понятие“, ეფუძნება უნივერსალურ ენას, ანუ პრინციპს: Ты - мне, я – тебе, რაც, თავის მხრივ, არც ისე დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის სარფიანი შეიძლება აღმოჩნდეს.


ამის ნათელი მაგალითი NATO-ს წევრი თურქეთია, რომლის დღევანდელი პრეზინდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯერ კიდევ 2009 წელს ესარჩლებოდა ჩინეთში მცხოვრებ რეპრესირებულ უიღურებს და ჩინეთის ხელისუფლებას გენოციდში ადანაშაულებდა. ჩინეთში მცხოვრები და კომუნისტური პარტიის მიერ ექსტრემიზმის ბრალდებით დევნილი მუსლიმი უიღურები ეთნიკურად თურქი ხალხია. შესაბამისად, თურქეთში ემიგრაცია მათთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენდა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც 1952 წელს თურქეთის სახელმწიფომ უიღურებს თავშესაფარი შესთავაზა. მას შემდეგ რაც ერდოღანი მმართველობის ანტიდემოკრატიულ გზას დაადგა და როგორც შედეგი, დაშორდა დასავლეთს, თურქულმა ლირამ გაუფასურება დაიწყო. პუტინი და სი ძინპინი „მოძმნე ქვეყნის მდგომარეობაში შევიდნენ“, ამ ფონზე უიღურების ყოფა თურქეთში გართულდა და მათი მომავალიც ბუნდოვანი გახდა.



არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩენილი არც ისე დემოკრატიული პატარა ქვეყნები


მცირე სახელმწიფოების როლი ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია. კრემლისგან დევნილ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქტივისტებს შესაძლოა, საქართველო სამოთხედ სულაც არ ესახებოდეთ. თუმცა, ისინი აქ იმიტომ ჩამოდიან, რომ (1) გეოგრაფიულად ახლოა; (2) არ სჭირდებათ ვიზა და (3) იაფია. ამდენად, დისიდენტთა უმრავლესობისათვის საქართველო ერთ-ერთი გაჩერებაა და არა დანიშნულების საბოლოო წერტილი. რუსი დისიდენტები სხვადასხვა ქვეყანაში, უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში გაემგზავრნენ. თუმცა, მათი გარკვეული რაოდენობა, არაოფიციალური მონაცემებით, 300 დისიდენტი საქართველოში ჩამოვიდა. ამ ხალხის სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში შემოშვება ცალსახად კარგია, მაგრამ გაურკვეველია, რა პრინციპით უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი დამოუკიდებელი მედიის „დოჟდის“ ტელე-არხის ჟურნალისტ, მიხეილ ფიშმანს.


ბუნდოვანია, თუ რა განზრახვა ამოძრავებს მოლიპულ გზაზე მოსიარულე საქართველოს ხელისუფლებას დისიდენტებთან მიმართებაში. დღეს 2022 წლის 16 ივნისია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეხუთე დღეა, რაც რუსს ბლოგერ ინსა ლანდერს საქართველოში არ უშვებენ. სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების სამართლებრივ არგუმენტები უცნობი რჩება, თუმცა ჩვენს ქვეყანაში საზღვრის „უკანონო“ კვეთის ძალზედ საგანგაშო ამბებიც გვინახავს. ჰოდა, სამართლებრივი გარემოებები რომ გვერდზე გადავდოთ, რა მორალური ან, თუნდაც, პრაგმატული საფუძველი შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ კრემლისგან დევნილი ადამიანები, რომლებიც პუტინმაც კი საქართველოს საზღვრამდე მოუშვა, არ მიიღო ქვეყანაში.


ყოველი შემთხვევისთვის, აღვნიშნავ, რომ წინამდებარე ბლოგში საუბარია არა მაკდონალდს მონატრებულ რუსზე, არამედ პუტინის რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ჟურნალისტებზე, მწერლებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე და ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენენ კრემლის პროპაგანდის მსხვერპლ რუსულენოვან ხალხთან სალაპარაკოდ როგორც რუსეთის შიგნით, ისე მთელს მსოფლიოში.