top of page

რუსეთის სისუსტე

Image-empty-state.png

ზურაბ ჭიაბერაშვილი | ბლოგ-პოსტი | 4 აგვისტო, 2022

2014 წლიდან უკრაინაში წამოწყებული სამხედრო აგრესიის ფართომასშტაბიან ომში არგადაზრდის ერთ-ერთ წინაპირობად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას უყენებდა. ეს ნიშნავდა, რომ დასავლეთს უარი უნდა ეთქვა მეორე მსოფლიო ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპზე - ქვეყნებმა თავად გადაწყვიტონ ნებისმიერ, მათ შორის, სამხედრო ალიანსში გაწევრიანება-არგაწევრიანების საკითხი (იმ პირობით, რომ ისინი წევრობის პირობებს აკმაყოფილებენ).


შედეგი ვიცით. უკრაინამ უარი თქვა სუვერენიტეტის დათმობაზე. დასავლეთმა უარი თქვა ფუძემდებლური პრინციპის უგულებელყოფაზე. ნატო გაფართოვდა: ამჯერად არა უკრაინისა და საქართველოს, არამედ შვედეთისა და ფინეთის ხარჯზე (ფორმალური პროცესის დასრულება მხოლოდ რამდენიმე თვის საკითხია). რუსეთმა ნატოსთან, 1200 კილომეტრის ნაცვლად, 2500 კილომეტრის სიგრძის საზღვარი მიიღო.


“ჩვენ არ გვაქვს შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები, როგორიც უკრაინასთან,“ - განაცხადა პუტინმა 2022 წლის 29 ივნისს აშხაბადში, „არ გვაქვს ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთთან. თუ ფინეთსა და შვედეთს უნდათ ნატოს წევრობა, შეუძლიათ შეუერთდნენ. მათი არჩევანია. როცა უნდათ, გაწევრიანდნენ.“ ამასთან, პუტინმა დაამატა: „თუ მათ ტერიტორიებზე [ნატოს] სამხედრო კონტინგენტი და ინფრასტრუქტურა განთავსდება, ვალდებული ვიქნებით, სიმეტრიულად ვუპასუხოთ და ისეთივე ძალით დავემუქროთ ამ ტერიტორიებს, რა ძალის მუქარაც ამ ტერიტორიებიდან წამოვა.“


განცხადების მეორე ნაწილში გაჟღერებული „სიმეტრიული მუქარის“ მიუხედავად, პუტინის ეს განცხადება მაინც უფრო შემგუებლური იყო, ვიდრე რუსეთის მიერ ნატოს სამიტამდე გაჟღერებული პოზიცია. კერძოდ, 2022 წლის 12 მაისის განცხადებაში რუსეთის საგარეო სამინისტრო ამბობდა, რომ „ფინეთის ნატოში გაწევრიანება რადიკალურად შეცვლის რუსეთის საგარეო პოლიტიკას და იგი იძულებული გახდება, მიმართოს სამხედრო-ტექნიკური და სხვა სახის საპასუხო ნაბიჯებს“.


რუსეთის მოკრძალებული რეაქცია ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას (გარდა იმ რეალური ფაქტისა, რომ კრემლშიც კარგად იციან - ნატო არავის ესხმის თავს):


1. სამხედრო პოტენციალი და ნატოსთან ინტეგრირების დონე ამ ორ ქვეყანას იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ნატოს ბევრ ახალ წევრს. ამდენად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის ფორმალურად გავრცელების გარდა, რუსეთისთვის დიდწილად არაფერი შეცვლილა. (ნატოში გაწევრიანებამდეც, შვედეთზე ან ფინეთზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა არ მოერიდებოდა ომში პირდაპირ ჩართვას.)


2. 1997 წლის მადრიდის გაფართოების სამიტიდან მოყოლებული, როდესაც ალიანსმა ვარშავის ბლოკის ყოფილი სამი სახელმწიფო - პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი - მიიწვია წევრებად, რუსეთი ასე იქცეოდა ყოველთვის: იგი ისტერიკას ტეხდა ქვეყნის გაწევრიანებამდე, მას შემდეგ კი, რაც ქვეყანა ნატოს წევრი ხდებოდა, ისტერიკა წყდებოდა. (თუმცა ნატოს ახალი წევრების ტერიტორიაზე სტრატეგიული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება ყოველთვის რჩებოდა ამერიკელებთან სტრატეგიულ ბალანსზე მოლაპარაკებების საგნად.)


3. უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან წარმოებული ომის მთელი ქვეყნის ოკუპაციაზე გათვლილ ფართომასშტაბიან შეტევაში გადაზრდისა და განცდილი სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, რუსეთს აღარც პოლიტიკური კაპიტალი აქვს და აღარც სამხედრო რესურსი, რომ ფინეთისა და შვედეთის მიმართ მისი მუქარა ვინმემ სერიოზულად აღიქვას. როგორც ლორდი პალმერსტონიიტყოდა საუკუნენახევრის წინ, „რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა და ქმედება ყოველთვის იყო სხვისი ხელყოფა იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას სხვა მთავრობების აპათია და უმოქმედობა მისცემდა. მაგრამ როგორც კი გააზრებული წინააღმდეგობა ხვდება, ის ყოველთვის ჩერდება და უკან იხევს.” (როგორც წინა ბლოგში ვწერდი, რუსეთის რევიზიონისტული და რევანშისტული პოლიტიკის განხორციელების მეთოდი ოპორტუნისტულია.)


არის მეოთხე და, ჩემი აზრით, მთავარი - და ამ სტატიის მთავარი სათქმელიც ესაა - ფაქტორი, რაც განასხვავებს რუსეთის რეაქციას შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასა და უკრაინა-საქართველოს გაწევრიანებაზე (უკრაინის შემთხვევაში „ველიკორუსული“ ნარატივი რომ არ მივიღოთ მხედველობაში):


რას აღიქვამს რუსეთი საკუთარ სისუსტედ, რაში გრძნობს იგი თავს მოწყვლადად.


როგორც ამერიკელი ისტორიკოსი და სტალინის ბიოგრაფი სტივენ კოტკინი ამბობს,[1] რუსეთის ყველა დიდი მმართველის - პეტრე პირველი იქნებოდა ეს თუ სტალინი - მთავარი პრობლემა რუსეთის სისუსტის გაცნობიერება იყო. მისი აზრით, ყველა ასეთი მმართველის პირობებში პიროვნების ირგვლივ სახელმწიფოს აშენება მართლდებოდა რუსეთის ამბიციის სხვაგვარად დაკმაყოფილების შეუძლებლობით: რუსეთს უნდოდა ყოფილიყო ევროპული დიდი სახელმწიფოების თანასწორი, მაგრამ მოკლევადიანად საჭირო რესურსის მობილიზება მხოლოდ ავტორიტარული (სტალინის დროს, ტოტალიტარული) მეთოდებით იყო შესაძლებელი.


თითქოს რა უნდა მოჯადოებული წრის გარღვევას? საკმარისია, რუსეთმა უარი თქვას იმპერიულ ამბიციაზე, რევიზიონისტულ და რევანშისტულ პოლიტიკაზე და საერთაშორისო წესრიგის ნორმალურ, ცივილიზებულ , პროგნოზირებად წევრად იქცეს, ეს სიკეთეს მოუტანს მასაც და დანარჩენ მსოფლიოსაც. მაგრამ ეს მოითხოვს ცვლილებას არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც - მაშინ რუსეთი დემოკრატიული უნდა გახდეს.


საქმე მხოლოდ ავტორიტარული მმართველების მიერ ძალაუფლების დათმობაშიც არაა. არც იმაში, შეელევა თუ არა კლეპტოკრატია რუსეთის უზარმაზარი ენერგორესურსებით პირად გამდიდრებას. რუსეთის მმართველები სხვაგვარად მოქცევაში რუსეთის დაშლის საფრთხეს ხედავენ, მით უმეტეს, როდესაც ცხვირწინ გორბაჩოვის „პერესტროიკის“ შედეგი უდევთ. სწორედ დაშლის საფრთხეა ერთ-ერთი ძირითადი მოტივი (როდესაც ამ არგუმენტს ვაყალიბებ, პუტინისა და მისი გარემოცვის აზროვნებას აღვწერ და არანაირად ვამართლებ ამ მიდგომას), რაც რუსეთის აგრესიას განაპირობებს და, სამწუხაროდ, ეს მიდგომა არც პუტინით დაწყებულა და არც მასთან ერთად დასრულდება.


რა კავშირშია ეს შვედეთ-ფინეთისა და უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის განსხვავებულ რეაქციებთან? კრემლის მესვეურებმა კარგად უწყიან, რომ რუსეთის დაშლის საფრთხე სამხრეთშია - ჩრდილო კავკასიაში - სწორედ იქ, რაც ნატოს საზღვართან აღმოჩნდება უკრაინის (ყირიმითა და დონბასით) და საქართველოს (აფხაზეთითა და ცხინვალის რეგიონით) ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში. ოღონდ რუსეთის დაშლის მიზეზი უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება კი არ იქნება, არამედ უკრაინაში განცდილი სამხედრო მარცხი და დასავლური სანქციებით გრძელვადიანად მიღებული უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი, რომელიც მხოლოდ გააძლიერებს რუსეთში, განსაკუთრებით მის სამხრეთში არსებულ ცენტრიდანულ ტენდენციებს.


თავის დროზე, საბჭოთა კავშირის დაშლის კვალად რუსეთის დაშლის საფრთხეს პრეზიდენტმა ელცინმა ქვეყნის ფედერალიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმით უპასუხა, თუმცა, საბოლოოდ, ეს პროექტიც ჩეჩნეთის ომით დასრულდა: ასეთ ბოლოსაც მოუხდებოდა რუსეთის მაშინდელი პრემიერის, ვიქტორ ჩერნომირდინის უკვდავი ფრაზა “хотели как лучше, а получилось как всегда“. მოგვიანებით კი ფედერალიზმის შეუძლებლობას რუსეთში დემოკრატიის შეუძლებლობაც დაემატა და ვლადიმირ პუტინმა ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია შეძლო, მათ შორის, ჩეჩნეთის ანტიჰუმანური და არაადამიანური სამხედრო კამპანიის ხარჯზე.

ახლა შეგვიძლია დავაზუსტოთ ის, რაც ზემოთ ვთქვით: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილება შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ მის დემოკრატიზაციას, ხოლო თავად დემოკრატიზაცია - სხვა სისტემურ ცვლილებებთან ერთად - მოითხოვს ფედერალიზაციას, როდესაც ტერიტორიითა და მოსახლეობით უზარმაზარი ქვეყანა ერთ, მოსკოვის თარგზე მოჭრილი კანონებით არ იმართება.


რუსეთს ამის ისტორიული გამოცდილება არ აქვს. ყირიმის ომში (1853-56) განცდილი მარცხის შემდეგ ალექსანდრ მეორემ ფართომასშტაბიანი რეფორმები წამოიწყო (ბატონყმობის გაუქმება, სასამართლო და განათლების რეფორმები), მაგრამ მასაც კი ვერ წარმოედგინა ფართო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული და პოლიტიკური რეფორმა, რომელიც საზოგადოებაში არსებულ პროტესტს პოლიტიკურ კალაპოტში მოაქცევდა. საბედისწეროდ სიმბოლურია, რომ რეფორმატორი მეფე „ნაროდნიკების“ თავდასხმის მსხვერპლი გახდა.


ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება უკრაინაში ომის მსხვერპლი: რუსეთის „მეფე“ თუ ტერიტორიული მთლიანობა.


 

[1] Stephen Kotkin, “Russia's Perpetual Geopolitics: Putin Returns to the Historical Pattern”, Foreign Affairs, Vol. 95, Issue 3, 2016.

bottom of page