ამბავი მითისა, რომ თითქოს Умом Россию не понять


ბექა კობახიძე | კრიტიკა | 7 სექტემბერი, 2021



ჩვენში მიღებულია მსჯელობა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო ერთსახოვანი, ისეთი, როგორიც ახლა არის და რომ  რუს ხალხს ლამის დნმ-ში აქვს იმპერიალიზმი. ხშირად, შოვინიზმსაც აბრალებენ, მაგრამ რუსები შოვინისტები არ არიან. შოვინიზმსა და იმპერიალიზმს შორის დიდი სხვაობაა. ქართულ ეროვნულ ნარატივში გავრცელებული აზრით, რუსული იმპერიალიზმი და აგრესია ირაციონალურია. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო პირობებსა თუ პუბლიცისტიკაში ხშირად მოიხმარენ ამონარიდს ფიოდორ ტიუტჩევის ლექსიდან - „რუსეთს გონებით ვერ გაუგებ“. სინამდვილეში, რუსეთის ისტორიული განვითარების გზაზე ყველაფერი ძალიან ლოგიკურია, მხოლოდ გონება, მეცნიერება და რაციონალური ხედვა გვჭირდება მის გასააზრებლად.


ამ მოკლე ბლოგში რუსეთის ბოლო სამი საუკუნის ისტორიის სამი ეტაპი მინდა განვიხილო - პეტრე დიდიდან ლენინამდე, საბჭოთა რუსეთი და პოსტსაბჭოთა რუსეთი. აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნა - რაზე დგას დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება და რა მომავალი გველის ხვალ?


პეტრედან ლენინამდე რუსეთი იყო დასავლური სახელმწიფო. ძველი ევროპის ქვეყნებთან შედარებით ჩამორჩენილი, მაგრამ მაინც დასავლური თავისი კულტურით, განათლების სისტემით, საერთაშორისო პოლიტიკური კავშირებით და ა.შ. რუსეთი იყო დისკრიმინაციულ საწყისებზე აგებული რეპრესიული იმპერია, მაგრამ თავისი დროის მსოფლიოში არაფერი გაუკეთებია პატარა ერებისთვის იმაზე უარესი, რასაც სხვა იმპერიები აკეთებდნენ.


ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში მედასავლეთეობა, თერგდალეულების თაობა, პირველი რესპუბლიკა ვერ იშვებოდა, ეს იდეები იმპერიის ცენტრიდან რომ არ წამოსულიყო. ქართული ნაციონალიზმი საქართველოში არ შობილა, ის რუსეთიდან ჩამოჰქონდათ საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლება მიღებულ ახალგაზრდებს. რასაკვირველია, იმპერია მათ საჯარო მოხელეებად ზრდიდა და სხვა იყო განზრახვა. იმის თქმა მინდა, რომ სპარსეთის განაპირა პროვინციად ქცეულ საქართველოში, და ასეთი იყო ის მეთვრამეტე საუკუნეში, დასავლური საზოგადოება ვერ შეიქმნებოდა. თეატრი, ოპერა, ბიბლიოთეკა, გაზეთი, კლასიკური ჩაცმულობა და დასავლური მოდერნიზაციის სხვა ატრიბუტები ამ დროს შემოვიდა.


უფრო მეტიც, იმპერიამ, საკუთარი ნების წინააღმდეგ, შექმნა ლიტვური და ფინური ნაციონალიზმი, როდესაც პოლონიზებულ ლიტვურ არისტოკრატიას ლიტვური ენის სწავლება დაუწყო (პოლონელებისგან გასაუცხოებლად), ხოლო შვედური იდენტობის ფინურ არისტოკრატიას ფინელობა ასწავლა (შვედებისგან გასაუცხოებლად). არც ქართული არისტოკრატია უჩიოდა მაინცდამაინც ბედს. ისტორია შემდეგ ისე განვითარდა, რომ ფინელებმა და ლიტველებმა გაითავისეს ეს ნაციონალიზმი და ის იმპერიას დაუპირისპირეს. დღეს მათზე მეტი ნაციონალისტი და ანტირუსი აბა ვინ არის? ამით იმის თქმა მინდა, რომ აწმყოში ჩვენი აღქმები წარსულის შესახებ, ძალიან განსხვავდება წარსულისაგან.


იმპერიის წარსულს არაფერი საფეტიშო არ აქვს და ამის განზრახვა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ არც ისე მძიმეა ეს წარსული, როგორც ეს ჯერ საბჭოთა და შემდეგ ქართულმა ნაციონალისტურმა ისტორიოგრაფიამ დახატა. მაგალითად, იმპერიის დროს კავკასიაში ათ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოახრჩობდნენ ადამიანს; რამდენი ადამიანი იხვრიტებოდა საბჭოთა დროს?; იმპერიის დროს პოლიტიკურ დამნაშავეს შეეძლო სასამართლო პროცესი მოეგო ხელისუფლებისთვის და მოუგია კიდეც. შეიძლებოდა კანონი ყოფილიყო უსამართლო, მაგრამ კანონი კანონობდა; ასეთი რამ საბჭოთა ეპოქაში ძნელად წარმოსადგენია; იმპერიის დროს „გაციმბირება“ ნიშნავდა აღმოსავლეთში ან შორეულ აღმოსავლეთში გადასახლებას, სადაც ადამიანი ჩვეულებრივად ცხოვრობდა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მუშაობდა და ხელფასსაც იღებდა; საბჭოთა დროს „გაციმბირება“ ნიშნავდა გულაგს, სასტიკ პირობებში პატიმრობას და, მაღალი ალბათობით, სახლში ცოცხლად ვერ დაბრუნებას.


რომ არა ბოლშევიკური გადატრიალება, ეჭვი არ მეპარება, რომ დაიწყებოდა რუსეთის დეკოლონიზაცია ისევე, როგორც ეს ევროპულ იმპერიებში მოხდა. ბოლშევიკთა გამარჯვებას ისტორიის ლოგიკა არ ითხოვდა და ეს იყო ანომალია. პირადად ლენინის გონებამ შეძლო ხელისუფლების მოპოვება და შემდეგ მისი შენარჩუნება. როდესაც სსრკ-ზე საუბრობენ, მის მრავალ ცოდვას ჩამოთვლიან. მთავარი აქ არის ორი ფაქტორი: 1. საბჭოთა ხელისუფლებამ დასავლეთთან არსებული ხიდები დაწვა და მათ ნაცვლად ღობეები ააშენა. შესაბამისად, რუსეთი დასავლური სახელმწიფოდან იქცა აღმოსავლურ ტირანიად; 2. განადგურდნენ ის ელიტები, ვინც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ქმნიდნენ. თერგდალეულთა და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ფიზიკურად განადგურდა ან ქვეყნიდან განიდევნა. ეს დანაკარგი დღემდე ვერ აღიდგინა საქართველომ. ის რომ ყველაზე მეტად გონიერი, პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები, მათ შორის ელიტები, გვაკლდა ბოლო 30 წლის მანძილზე, სწორედ საბჭოთა პერიოდის რეპრესიების ბრალია. ამ ელიტების ადგილზე დაიწყეს საბჭოთა ადამიანების შექმნა - კომუნიზმის სოციალური ინჟინერიის შედეგებს დღემდე იმკის საქართველო.


საბჭოთა იმპერია ცივ ომში დამარცხდა. ფუკუიამამ და დასავლეთის ლიდერებმა ლიბერალური დემოკრატიის საბოლოო და სამუდამო გამარჯვების შესახებ დაიწყეს საუბარი. საქართველოს რომ ელცინის რუსეთი აფხაზეთში ებრძოდა, ამ დროს დასავლეთში სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანდებოდა, რადგან იქ გაიმარჯვა ლიბერალურმა დემოკრატიამ.


გერმანია რომ მსოფლიო ომში დამარცხდა, იქ ხომ საბოლოოდ დასრულდა იმპერიალიზმი და მართლა გაიმარჯვა ლიბერალურმა დემოკრატიამ, რატომ არ უნდა მომხდარიყო იგივე ცივი ომის შემდეგ რუსეთში?


რა საფუძვლიანი განსხვავებები იყო 1945 წლის გერმანიასა და 1992 წლის რუსეთს შორის? მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიის სათავეში მოვიდა კონრად ადენაუერი და ამერიკამ აამოქმედა „მარშალის გეგმა“. ადენაუერის თაოსნობით, გერმანული პოლიტიკური ელიტის სწორმა მუშაობამ და ამერიკის ფინანსურმა დახმარებამ გამოიწვია ის, რომ რიგითი გერმანელის ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდა. მან იგრძნო არაიმპერიულ და დემოკრატიულ გერმანიაში ცხოვრების უპირატესობა. შესაბამისად, ამას ჩაეჭიდა და შეიყვარა. მსგავსი განმეორდა იაპონიაშიც.


როდესაც პირველი მსოფლიო ომის შედეგად გერმანია გაანადგურეს და დაამონეს, ამან შექმნა ჰიტლერი და რევანში, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებამ საბოლოოდ დაამარცხა იმპერიალიზმის იდეები.


რა მოხდა 90-იანი წლების რუსეთში? იქ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო არა ადენაუერმა, არამედ საბჭოთა კლეპტოკრატიამ. თუ საბჭოთა დროს მოპარვას ჰქონდა ზღვარი, რადგან „ნომენკლატურშიკსა“ და „სილავიკს“ ვერ ეყოლებოდა ათი უცხოური მანქანა და ვერ ექნებოდა კერძო სასახლეები, ახლა უკვე მოპარვის ზღვარი წაიშალა. საბჭოთა ფუნქციონერებმა დაიწყეს ქვეყნის ძარცვა (როგორც საქართველოში). ამათ დაემატნენ საბჭოთა „ცეხავიკები“, რომლებიც ახლა უკვე ბიზნესმენები იყვნენ, ლეგალები და სახელისუფლებო კლეპტოკრატებთან ჰქონდათ კლიენტელური ურთიერთობა. ამ ორმა კასტამ გაძარცვა ქვეყანა. ამას ზემოდან ისიც დაერთო, რომ რუსეთმა საერთაშორისო ურთიერთობებში დაკარგა ძალა და გავლენა. მოქალაქე შიმშილთან ერთად ნაციონალისტურმა ღირსებამაც შეაწუხა. დასავლეთთან ურთიერთობების დათბობამ გამოიწვია მთელი აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის რესპუბლიკების, ბალკანეთის ქვეყნების დაკარგვა. სერბეთს ბომბავდნენ და ამ დროს რუსეთი სტატისტის როლში გვევლინებოდა.


შესაბამისად, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირის აღდგენა და წარსულის დაბრუნება, რადგან ეს წარსული უკეთესი იყო. 1996 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კომუნისტი ზიუგანოვი უგებდა ელცინს, მაგრამ სახელისუფლებო რესურსის სრული მობილიზებით, ხელების გადაგრეხვით, გაყალბებით, ოლიგარქების ფულადი რესურსების სრული მობილიზებით და დასავლეთის მხარდაჭერით ელცინმა მეორე ტურში დაიწერა გამარჯვება. ამ გამარჯვების გასაფორმებლად ოლიგარქებმა ბევრი გაიღეს, რათა შემდეგ უკან მეტი მიეღოთ. ელცინმაც უმატა ალკოჰოლის სმას, არაფუნქციური გახდა და ქვეყანა ოლიგარქიისა და კლეპტოკრატიის თარეშმა მოიცვა. რუსეთში გამოცხადდა დეფოლტი. 1998 წლის რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერების ისტორიულ ქვედა ზღვარზე დაეშვა.


რუსმა ამომრჩეველმა ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დაშლას და დასავლეთთან დაახლოებას დაუკავშირა. მათი აზრით, აი ამან დაღუპა რუსეთი! აი, ამიტომ გაუარესდა მათი ცხოვრების დონე!


საფუძვლიანად შეიძლება მტკიცება - 92 წლიდან რუსეთს რომ ჰყოლოდა კონრად ადენაუერი (ერთი ადამიანი არა, არამედ ასეთი პოლიტიკური ელიტა) და ყოფილიყო „მარშალის გეგმაც“, ცხოვრებაგაუმჯობესებული და ბედნიერი რუსი მოქალაქის წყალობით, დღეს ის დასავლური და პოსტიმპერიული ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო იქნებოდა. თუმცა ეს ოცნებაა, რომელიც ვერასდროს განხორციელდებოდა, რადგან 74 წლიანი კომუნისტური მმართველობის შემდეგ, შეუძლებელი იყო რუსეთში ასეთი მმართველი ელიტის არსებობა. ის არსაიდან ვერ აღმოცენდებოდა. ამასთანავე, არც დასავლეთს უზრუნია „ახალ მარშალის გეგმაზე“. ამ ზრუნვასაც არ ჰქონდა აზრი, რადგან დასავლეთიდან წამოსული დახმარება მაინც კლეპტოკრატების ჯიბეში დაილექებოდა.


90-იანი წლები მოსახლეობას დარჩა ტრავმად, რომლის განმეორება მას აღარ უნდა. ძალიან ეშინია.


აი ამ შიშზე დგას დღეს პუტინის ხელისუფლება. ის ორი ძირითადი არგუმენტით აპელირებს: 1. ნაციონალიზმი, რომელიც მსოფლიოში თითქმის ყველგან არის და მისი გამოყენება მუდამ იოლია; 2. შიში 90-იანების ქაოსსა და გაჭირვებაში დაბრუნებისა.


ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან, მოქალაქის აზრით, თუ რუსეთი დასავლეთს დაუახლოვდება, ის ძალას დაკარგავს; ამასთანავე, ეს აისახება ცხოვრების დონის გაუარესებაზე. ამიტომ, საჭიროა რკინისხელიანი წესრიგი, იმპერიის „ლეგიტიმური ინტერესების“ დაცვა და დასავლეთის გავლენების არდაშვება.


რუსეთის პრეზიდენტის სასახლის შესახებ ნავალნის გამოძიებას 118 მილიონი ნახვა აქვს. ასევე ყველამ ნახა მისი მოწამვლის შესახებ გამოძიება და საიდუმლო ჩანაწერები. ამ ყველაფრის შემდეგ, ნავალნი დააპატიმრეს. ყველამ ყველაფერი იცის, არავის მოეწონა მომხდარი, მაგრამ პროტესტმა არ იფეთქა. რატომ?


ამაზე პასუხი ხელისუფლების კონტრპროპაგანდისტულ მესიჯებში უნდა ვეძებოთ. სახელისუფლებო არხებმა მოსახლეობის ნაწილისთვის გაატარეს ნარატივი, რომ თითქოს არაფერი არ ყოფილა და რომ პრეზიდენტი პურიტანული ცხოვრებით ცხოვრობს. მოსახლეობის დარჩენილი ნაწილისთვის პუტინმა თავად ისაუბრა და იმოქმედა. ორი მთავარი მესიჯია ნავალნის წინააღმდეგ: 1. ის არის დასავლეთის აგენტი; 2. 90-იანების არეულობაში დაბრუნება და არეულობა გინდათ? აი ამ ორი ფაქტორის გამოისობით, ადამიანები მზად არიან უპატიებელი აპატიონ პრეზიდენტს.


მაგრამ რუსეთი სსრკ მაინც არ არის. ადამიანებს აქვთ ინტერნეტი და ისინი დადიან საზღვარგარეთ, ნახულობენ უკეთესი ცხოვრების მაგალითებს, უკეთეს პოლიტიკურ სისტემებს და სხვ.

თუ ლიბერალ-დემოკრატიულ დასავლეთს ცხოვრების დონით ვერ ჯობნი და ვერასდროს აჯობებ, მაშინ უნდა ეცადო იმას, რომ დასავლეთი გახდეს შენნაირი, შენ დაგემსგავსოს. ამერიკის არჩევნებში ჩარევა, საფრანგეთში ლე პენის დახმარება, გერმანიაში აფდ-ს და დე ლინკეს დაფინანსება, ბრექსიტის მხარდაჭერა... ამასთანავე, უშუალო სამეზობლოშიც (Ближнее зарубежье) ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროდასავლური ტიპის ხელისუფლებებმა კრახი განიცადონ და არ შექმნან წარმატების სახიფათო პრეცედენტები.


მსოფლიოს ხვალინდელი წესრიგის, საქართველოს დასავლური მომავლის და ბევრი სხვა უმნიშვნელოვანესი კითხვის პასუხი შეიძლება ვეძიოთ შემდეგ ცვლად გარემოებებში: დასავლეთში ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემები უფრო მალე ჩამოიშლება თუ რუსეთში ხალხი უფრო ადრე აბუნტდება? ეს ორივე შესაძლო სცენარი ხალხზეა დამოკიდებული, დასავლელ და რუს ხალხზე. დღეს იარაღი აღარაა ბრძოლის მთავარი საშუალება. ახლა მთავარია ინფორმაციით ბრძოლა. სოციალური ქსელების, ინტერნეტისა და ასეულობით საკაბელო არხის წყალობით, ადამიანი იმაზე უფრო მეტად ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვიდრე ოდესმე. ადრე თუ სოფელში „თავი კაცს“ ეთქმოდა ვისთვის უნდა მიეცათ ხმა და სოფელი თავის „ციციკორეებს“ უჯერებდა, ახლა მაგთისატის მაყურებელს ხან ტელე ობიექტივისკენ გაექცევა თვალი, ხალ ალტ ინფოსკენ, ხან ტელე იმედისკენ; ადრე თუ ქმარი („ოჯახის თავი“) წყვეტდა ვისთვის მიეცა ოჯახს ხმა, ახლა დიასახლისიც უსმენს, უყურებს, კითხულობს პოლიტიკას.


ასეა საქართველოში და ასეა სხვაგანაც. დემოკრატია ლამის აბსოლუტური გახდა, მაგრამ ამან წარმოშვა მისი მოწყვლადობაც. განათლებისა თუ განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ ადამიანებამდე მისასვლელი სასაუბრო არხები გაეხსნათ პოპულისტებს. უბრალო ადამიანებს პოპულიზმი, ნაციონალიზმი, სენსაციონალისტური ფეიკები ბევრად უფრო ესმით, ვიდრე ლიბერალური დემოკრატიის სიკეთეები. ეს ტენდენცია სულ უფრო მზარდია და რას უპირისპირებს ამ რეალობას ლიბერალური დემოკრატია, არ ვიცი, ეს ჯერ არ ჩანს. ამიტომ, მომავალი გვარიანად საშიშია.