კურიოხინიდან და მამონოვიდან ობლომოვამდე ტროიცკის გავლით


დავით დარჩიაშვილი | კრიტიკა | 31 ივლისი, 2021


იყო ბანდიტების სამყარო, იყო კაგებისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების. . . და იყო ანდერგრაუნდიდან ამოსული, ჰიპური შემოქმედებითობის. ხო, რა თქმა უნდა, იყო ნაცრისფერი მასაც. ისინი ერთმანეთში გადადიოდნენ. თუმცა, ალბათ, კაგებისტები არავისში გადადიოდნენ. ისინი ყველგან იყვნენ, მაგრამ აღზრდა-სპეციფიკური „განათლების“ წყალობით მაინც განსაკუთრებულად კაგებისტური esprit de corps ჰქონდათ. ამან საბოლოოდ თავი პუტინის ზეობისას გამოავლინა და ყველა ეს დანარჩენი დათრგუნა.


დღეს იმ შემოქმედებზე მინდა საუბარი, ანდერგრაუნდიდან რომ ამოვიდნენ. მათ შეიძლება, პირობითად, მოსკოვის და ლენინგრადის როკი ვუწოდოთ. ის სხვა ქალაქებშიც იყო და თანაც ყველა იმათგანი, ვინც ამ მოვლენას ეზიარა/შეუერთდა, პირადად არ იყო როკმენი. თუმცა როკი ასეთებსაც იტაცებდა. საერთოდ კი ეს ავანგარდი იყო, კულტურით პოლიტიკის დათრგუნვა, რადგან, როგორც მათი მეგობარი, კრიტიკოსი ანდრეი ხლობისტინი ამბობდა, პოლიტიკოსები ხომ მოლაპარაკე თავები არიან, ისინი, სპორტსმენების მსგავსად, დეგრადირებულ კულტურას წარმოადგენენ და მათ კულტურითვე უნდა დაუპირისპირდე.


ავანგარდისტ-როკმენები საკუთარი თავის და ხალხის „საგონებელში“ ჩაგდებას ცდილობდნენ. კურიოხინი უკრავდა, დირიჟორობდა, რეჟისორობდა, მსახიობობდა, გადაცემები მიჰყავდა. მისი მეგობრები იხსენებენ იმ გადაცემას, რომელშიც განავითარა თეორია, რომ ლენინი სინამდვილეში სოკო იყო, რადგან სოკოს მომხმარებელი ადამიანები ბოლოს ,,სოკოვდებიან’’, ლენინს კი სოკო უყვარდა. საერთოდ, ოქტომბრის „რევოლუცია“ სოკოებმა მოახდინეს. . .


ხლობისტინი ხარობდა მაშინ, რომ ხელოვნება გავიდა კომფორტის ზონიდან და რისკის ზონას დაუბრუნდა. ამ წრეში ახერხებდნენ ნახევარსიტყვებით ურთიერთგაგებას. ყველა ერთნაირი ინტელექტის არ იყო და ტროიცკი იხსენებს, რომ მას ცოისთან ურთიერთობა ცოტა ეზარებოდა. მაგრამ ცოიც იქ იყო, როგორც სხვებივით ენერგიული, მხიარული და ნიჭიერი. პუტჩის დროს ტროიცკიმ ელცინისაგან მედალიც მიიღო გაბედულებისათვის, კურიოხინი კი ნაციონალბოლშევიკებში წავიდა ბოლოს. ტროიცკის იგი არ ემეტება და ამ სვლას ანტინუვორიშობის, გაიდარისრისეული ბურჟუაზიულობის მიუღებლობით ხსნის:


ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდითო, ნაციონალბოლშევიზმი ჩემთვის ორი მიუღებლობის გაერთიანება იყოო. არ თუ ვერ გამიგო და იმ გარეწარს, დუგინს აეტორღიალაო. ტროიცკი კი ყირიმის ანექსიას გმობს, საქართველოს გულშემატკივრობს და როცა კაგებისტებმა პუტინის მეთაურობით საბოლოოდ აიღეს ძალაუფლება, ტროიცკიმ თავისი ახალი ფორმატით - „ბიძია ტ’იომას ქოხით“ - თავი იუთუბსა და ესტონეთს შეაფარა. ტროიცკი მოვლენაა - მან ანდერგრაუნდის სახეები ბრიტანეთში გამოსულ წიგნში ასახა, იგი ფესტივალებს აწყობდა, მოსკოვის პუტჩით დაინტერესებულ მსოფლიოს, იგივე მიკ ჯაგერს, ტროიცკი უკავშირდებოდა. ერთ-ერთ მხატვრულ ფილმში, რომელიც იმ დროს ეძღვნება, ტროიცკის პროტაგონისტი რუსი როკმენების დასავლეთისათვის მიყიდვითაა დაკავებული, რაც ტროიცკის სწყინს. მე მახსოვს ოთხმოცდაათიანი და ორიათასიანი წლების მიჯნაზე ტროიცკის ერთ-ერთი საგადაცემო ფორმატი ეთნოროკზე. არა, ტროიცკი თავისებური კულტურტრეგერი იყო, თავად იმ ტუსოვკებიდან ამოსული. ისიც უკრავდა და მამონოვთან ამ უკანასკნელის სიკვდილამდე მეგობრობდა. საერთოდ, მათგან ბევრი დაიღუპა მეტნაკლებ ახალგაზრდობაში - ტროიცკისათვის - პუშკინივით და ლერმონტოვივით შეგნებულად. მამონოვს კი ტროიცკი ახასიათებს, როგორც პლასტიკურობის გენიოსს à la „ჯექსონი ისვენებს“. თუ კურიოხინმა თავი ბოლოს ნაციონალბოლშევიზმს მიაყრდნო, მამონოვი რელიგიაში წავიდა, მაგრამ უწყინარ რელიგიაში: როკმენობიდან რელიგიურობამდე კინოში ოლეგ იანკოვსკის პარტნიორობითა და ივანე მრისხანეს როლის გავლით.


ამ ტუსოვკებში იყვნენ კლასიკური მაკარევიჩი და განათლებულ-ეშმაკური გრებენშჩიკოვი. ისინი, კურიოხინისა და მამონოვისაგან განსხვავებით (ოღონდ ეს უკანასკნელი ახლახან, უკვე ასაკში გააცილეს უკანასკნელ გზაზე), ისევ აქ არიან. მაკარევიჩი ღიად გმობს ყირიმის ანექსიას და კაგებისტებისაგან მართული ნაცრისფერი მასისაგან ზიზღს იღებს. გრებენშჩიკოვი პოლიტიკაზე ჩუმადაა - შემოქმედებაშია ბოლომდე, ბუდიზმისა და ირლანდიური მელოდიების გავლენის ქვეშ. ტროიცკი ანგლობს, გრებენშჩიკოვმა ათამდე კარგი სიმღერა დაწერა და მერე მათგან 500 გააკეთაო. ვინც გადარჩა, სადღაც 65 წლისები არიან. და მოდის, უფრო სწორად, მოსულია და დამკვიდრებული ახალი ნაკადი.


ახლებიდან ობლომოვი იმიტომ მინდა გამოვყო, რომ იგი ჩვენს მუსიკალურ უხუცესს, აწ განსვენებულ გია ყანჩელს მოსწონდა. ტროიცკი მეგობრობდა გიასთან და ამას თავად ჰყვება. სამწუხაროდ, ვერ გადავამოწმებთ, მაგრამ ტროიცკი ჩემში სრულ ნდობას იწვევს. რუსულ შემოქმედებით სიახლეებზე ჩვენი ეროვნული მუსიკის მეტრს იგი აცნობებდა ხოლმე. და ყანჩელს ობლომოვი ამოურჩევია - უთქვამს, ეს ჩემიაო. ყანჩელი პირადად მიუნხენის აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში მახსოვს. მიყურებდა. მომეჩვენა, რომ კეთილგანწყობით. მე თავი დავუკარი. მგონი 2013 წელი იყო. მე - ეული ნაცი ქოცებში, რომელსაც თავისი გასჭირვებოდა. ამას წინათ ტროიცკი იხსენებდა თუ რას ნანობს ცხოვრებაში. როგორც წესი (სხვაგვარად ვერც იქნება) ეს ადამიანებთან ურთიერთობაში დანაკლისებს ეხება. მეც ვნანობ, რომ იმ წუთას ვერც კი აღვიქვი, ვინ მიყურებდა. ვიფიქრე, რა ნაცნობი სახეა, და არ მივედი, კარგად არ მივესალმე. მეტი შანსი არც მქონია. რაც შეეხება ობლომოვს, როდესაც ყანჩელის სიმპათიაზე გავიგე, მოვუსმინე. ვინანე, რომ აქამდე არ გამეგო მისი სახელი. არა და რუსეთის მკვლევრობაზე ვდებ თავს. ყანჩელის მიერ ობლომოვის მოწონება კი ყანჩელისავე სულის ნიუანსებზე გვეუბნება ბევრს. მე არ ვარ მუსიკოსი თუ მუსიკალური კრიტიკოსი. ასეთ რამეებში სრულ დილეტანტად ვრგძნობ თავს და სმენასაც ვუჩივი. მაგრამ რაღაცების მოსმენა მეც მიყვარს. მოკლედ, რუსული ანდერგრაუნდის ფესვებსა და გაგრძელებაზე ხელოვნების კუთხით ვერ ვიმსჯელებ. მარტო იმას ვიტყვი, რომ მასში რაღაცები ყოველთვის მხიბლავდა. მაგრამ, როგორც ისტორიკოსს და, ცოტა ხნით, პოლიტიკოსსაც, უფრო ტექსტები მიზიდავდა. თუმცა, ვისოცკისა არ იყოს, ტექსტებს უდავოდ აძლიერებს „რიტმულ საფუძველზე“ დადება.


არა, ხელოვნების ნებისმიერი ნიმუშის უფრო ზოგად ფორმასაც მნიშვნელობა აქვს: აბლომოვი სიმღერისას იყენებს ყველაფერს, რითაც ვცხოვრობთ, მის კლიპებში Facebook პოსტების სკრინებია, ერთ-ორ სიმღერას, რომელშიც წამყვანი რეპული რეჩიტატივია, ეს კაცი პოსტმოდერნული ლიტერატურის ტექნიკით თავის თავს ელაპარაკება ამ პოსტების საფუძველზე და უცებ ვერ იგებ, სადაა უშუალოდ ავტორის მოსაზრება. ისეთი ბრუნია, როგორც საჩხერეში იტყვიან „მოკოტრიალებაა“, რომ  თითქოს თავის თავს შეუძახებს: მორჩი წუწუნს, დასავლეთის წისქვილზე წყლის სხმას და პუტინის ლანძღვას, დამშვიდდი. მაგრამ მალე ხვდები, რომ ეს მისთვის გამოგზავნილი პოსტების თუ კომენტარების შინაარსია, მისი პირადი განწყობა კი არის სიმღერაში „გაიქეცი, ძმაო, გაიქეცი“. რა საინტერესო შტრიხია, რომ მისი ესმოდა და იგი უყვარდა გია ყანჩელს. ესე იგი, ჩემს გატაცებაში მარტო ნამდვილად არ ვარ.


https://www.youtube.com/watch?v=9FQCDt_uIt0