ანტიგენდერული პოლიტიკა როგორც გეოპოლიტიკა


თამარ თოლორდავა | კრიტიკა | 17 მარტი, 2022


2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში ინტერვენცია რამდენიმე ქალაქის დაბომბვით დაიწყო. პუტინმა უკრაინასთან ომი უკრაინის ,,დემილიტარიზაციით” და ,,დენაციფიკაციით” ახსნა. საინტერესოა, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რომელიც პუტინისა და კრემლის მოკავშირედ არის მიჩნეული, 6 მარტს ჩატარებული წირვის დროს უკრაინაში ომი ,,გეი აღლუმებზე დაფუძნებული ცივილიზაციის წინააღმდეგ მეტაფიზიკურ ბრძოლად” მოიხსენია,[i] მაშინ, როცა, კომენტარი არ გააკეთა რუსული არმიის მიერ ეკლესიების დაბომბვაზე და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, დაღუპვაზე. კრემლის და მასთან დაახლოებული პირების მიერ გენდერულ იდენტობასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული თემების დემონიზაცია და პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება არახალია. სწორედ ეს სტრატეგია გამოიყენეს მაშინ, როცა ევრომაიდანის დემონსტრაციების დემონიზებას ცდილობდნენ. და ზოგადად, კრემლის მიერ შექმნილი ,,ტრადიციული ღირებულებების დისკურსის” მიხედვით, სექსუალობის თემა პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებასთან, რომელსაც საფრთხეს NATO-სა და ევროკავშირის გაფართოება უქმნის.[ii] ტიმოთი სნაიდერი, 2018 წელს გამოცემულ წიგნში ამბობს, რომ პუტინს მუდმივად განიცდის ,,ყალბი”/არ არსებული პრობლემების ან მტრების გამოგონების საჭიროებას, რათა დაჩრდილოს მიმდინარე, რეალური, შიდა და/ან საერთაშორისო პრობლემები. მისი რეჟიმისთვის სასარგებლოა ისეთი მტრის არჩევა/გამოგონება და მასთან შებრძოლება, რომელიც მოერგება ლიდერის საჭიროებებს და არა ისეთ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც რეალურად ემუქრება ქვეყანას, რადგან ნამდვილ მტრებზე საუბარი გამოავლენს არსებულ სისუსტეებს და დიქტატორის მცდარობას.[iii]


სწორედ ამ ლოგიკით შეიძლება აიხსნას კრემლის მიერ გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის, როგორც დასავლეთიდან წამოსულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ და მისი გეოპოლიტიკური დისკურსის ნაწილად წარმოჩენა. რაზეც ბევრი ავტორი, მათ შორის ოლეგ რიაბოვი და ტატიანა რიაბოვა და ემილ ედენბორგი, ხშირად საუბრობს.[iv]


პუტინის მმართველობის პერიოდში, ზოგიერთი იდენტობასთან დაკავშირებული ნარატივები (როგორიცაა გენდერი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია) გამოყენებულია, ერთი მხრივ, ნაციონალური იდენტობის შესაქმნელად, ელექტორატის და ზოგადად, მოსახლეობის მობილიზაციისა და კონსოლიდაციისთვის და მეორე მხრივ, საერთაშორისო სივრცეში რუსეთის როლის ჩამოყალიბებისთვის. კრემლის მიერ უშუალოდ გენდერული იდენტობის პოლიტიზება ასეა ახსნილი და გამართლებული - რუსეთი, თავისი ძლიერი ნაციონალური ლიდერის - პუტინის - დახმარებით იბრძვის “დევიანტური” და “გარყვნილი” ევროპის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს რუსეთის უნიკალური კონსერვატიული ნაციონალური იდენტობის - პატრიოტიზმის, ტრადიციული გენდერული როლების, მართლმადიდებლობის - შეცვლას[v] და/ან გაქრობას. პუტინმა კი უნდა დაიცვას რუსეთის ღირსება და ამისთვის შეიძლება არადემოკრატიული კანონებიც მიიღოს და თავისი ,,ძალაუფლების ვერტიკალიც” გამოიყენოს. ამას ადასტურებს 2013 წლის 30 ივნისს რუსეთის ფედერალურ კანონში ,,ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის ზიანის მომტანი ინფორმაციისაგან ბავშვების დაცვის შესახებ” ცვლილებების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა მცირეწლოვნებში ,,არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა”. კანონს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ,,გეი პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს” ან ,,ანტი-გეი კანონს”. ამ კანონის მიღება, ისევე, როგორც, მაგალითად, ,,უცხოეთის აგენტის”[vi] კანონის მიღება, საფრთხის შემცველია, რადგან მარტივად შეიძლება პუტინის რეჟიმმა გამოიყენოს როგორც აქტივისტების, ასევე რეჟიმის კრიტიკოსების წინააღმდეგ და რაც მთავარია, ახდენს ლგბტქ თემის წევრების დემონიზებას და დისკრიმინაციის წახალისებას. ამას ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც, კანონის მიღებამ ,,გააძლიერა სტიგმა, წინასწარგანწყობა და წაახალისა ჰომოფობია”.[vii]


პუტინის რუსეთში იდენტობის პოლიტიკაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, საბჭოთა კავშირში არსებულ გენდერულ პოლიტიკასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ მიდგომებს გადავავლოთ თვალი, რადგან სწორედ ამ საკითხების კონტროლი (სექსუალური ორიენტაციის შემთხვევაში კი აკრძალვაც) იყო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი[viii] სტალინის მმართველობაში მოსვლის შემდეგ და ახლაც აქტუალურია, რადგან მიმდინარე მთავრობა აქტიურად იყენებს საბჭოთა გამოცდილებას გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ინსტრუმენტალიზაციისა და პოლიტიზების პროცესში.


Საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებელ რუსეთამდე


Რევოლუციამ ტრანსფორმაცია და რუსეთის იმპერიაში არსებული გენდერული წესებისა და ნორმების ცვლილებები მოიტანა. ამ ტრანსფორმაციას ბევრი მკვლევარი, მათ შორის გოლდშმიდტი, მოიხსენიებს როგორც პირველ რუსულ სექსუალურ რევოლუციას.[ix] სწორედ ამ პერიოდში წინ წამოიწია ოჯახურ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობის საკითხმა და მნიშვნელოვან ცვლილებებს შორის იყო განქორწინებისა და აბორტის ლეგალიზება,[x] ,,ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია”.


ე.წ. ,,პირველი სექსუალური” რევოლუცია დასრულდა მაშინ, როცა სტალინი გახდა საბჭოთა კავშირის მმართველი. ბევრ აკრძალვასთან ერთად, 1934 წელს, სისხლის სამართლის კოდექსს 121-ე მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც სექსუალური კავშირი მამაკაცებს შორის აიკრძალა და ისჯებოდა 5 წლიანი პატიმრობით.[xi] იგივე არ ეხებოდა ქალებს შორის სექსუალურ კავშირს. ლესბოსელ ქალებს ციხის მაგივრად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უშვებდნენ სამკურნალოდ. პირველად სწორედ სტალინის დროს მოხდა ამ საკითხის ინსტრუმენტალიზება და როგორც პოლიტიკური ინტერესებისთვის და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე, დასავლეთის დემონიზების პროცესში გამოყენება.[xii] 1933 წელს 174 გეი მამაკაცი იყო დაკავებული ლენინგრადში.[xiii] Მათ ბრალად ედებოდათ ბრიტანეთის დაზვერვისთვის მუშაობა, კონტრრევოლუციის მოწყობის მცდელობა და მორალური გარყვნილება.[xiv] შეიძლება ითქვას, რომ ეს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფო პროპაგანდა გეი ადამიანების სახელმწიფო მტრებად წარმოჩენას შეეცადა. ამ ნარატივს თითქმის 90 წლის შემდეგ ისევ ვხვდებით, როგორც რუსეთში, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. კრემლიდან წამოსული პროპაგანდა აქტიურად იყენებს ამ დისკურსს, როგორც ლგბტქ თემის, ფემინისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, დასავლეთის წინააღმდეგ.


მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში გენდერული თანასწორობა წახალისებული იყო, სახელმწიფო ქალებს დამატებით ვალდებულებებს აკისრებდა - მათ უნდა აღეზარდათ ჯარისკაცების, მშრომელების ღირსეული თაობები. თუ თეორიულად სსრკ იყო ეგალიტარიზმზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც ქალი და კაცი იყვნენ თანასწორები და არ არსებობდა მათ შორის განსხვავება, რეალობაში რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა იყო, რადგან სსრკ სტალინის რეჟიმის დროს აკონტროლებდა გენდერული და სექსუალური იდენტობის ყველა სფეროს და მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ნორმებს უნდა მორგებოდნენ.[xv] ჰეგემონური მასკულინობა გახდა წარმმართველი ძალა საზოგადოებასა და ქვეყანაში და მოახდინა არსებული იდენტობების პოლიტიზება. მისი გავლენით განისაზღვრა კაცისა და ქალის როლი საზოგადოებაში და წვლილი კომუნიზმის მშენებლობის პროცესში. ქალები იყვნენ მშრომელი დედები, მათი მოვალეობა იყო, ერთი მხრივ, გენდერული თანასწორობის იდეის ფარგლებში ყოფილიყვნენ დასაქმებულები (სკოლებში, ქარხნებში და ა.შ.) და მეორე მხრივ, ყოფილიყვნენ სამაგალითო დედები და მეუღლეები. ანუ, ქალთა ემანსიპაცია ნიშნავდა ქალების ორმაგ შრომას, მაშინ როცა, კაცებისთვის ტრადიციული მასკულინური როლი იყო განსაზღვრული - ისინი არიან მამები, ოჯახის მარჩენლები, მმართველები. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მხოლოდ ოთხი ქალი იყო პოლიტბიუროს წევრი.


გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები გარდაქმნამ [პერესტროიკა] და ღიაობამ [გლასნოსტი] მოიტანა და ეს საკითხები საჯარო დისკუსიის ნაწილი გახდა.[xvi]


ცივ ომში დამარცხებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ დამოუკიდებელ რუსეთში ახალი რეალობა და გამოწვევები გააჩინა. ეკონომიკურმა კრიზისმა, ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხებამ და ტრეფიკინგის გაზრდილმა შემთხვევებმა საზოგადოებაში რუსი კაცის კოლექტიური დემასკულინიზაციის განცდა გამოიწვია, რადგან მათ აღარ შეეძლოთ იმ როლის შესრულება - ოჯახის, ქალების და სამშობლოს დაცვა - რასაც საბჭოთა კავშირში ,,წარმატებით” ასრულებდნენ.[xvii] თუ იქამდე რუსეთი განიხილებოდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი იმპერიის ცენტრი, ახლა ის გახდა ჰეგემონური მასკულინობის და სექსისტური აღქმების ,,მსხვერპლი.’’ ახალ რუსეთს ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც ,,სუსტი ნებისყოფის ქალს”; პროსტიტუცია გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მეტაფორა.[xviii] მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დასავლეთსაც ჰქონდა მსგავსი, სექსისტური, მიდგომა და ხშირად რუსეთი აღიქმებოდა როგორც ,,ჩამორჩენილი ქალი, რომელსაც დასავლეთის წინამძღოლობა ჭირდება”.[xix]


საზოგადოებაში მასკულინობის დაკარგვის გრძნობა არ გამოუწვევია იმას, რომ მაგალითად, სახელმწიფომ გეი ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია მოახდინა,[xx] არც იმას, რომ ქალები უფრო დამოუკიდებლები გახდნენ და ხშირად კარიერას აყენებდნენ ოჯახზე წინ. მასკულინობის კრიზისი გამოიწვია სახელმწიფოს დასუსტებამ,[xxi] იმის გააზრებამ, რომ რუსეთი აღარ იყო ისეთივე მნიშვნელოვანი მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური აქტორი, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. ამ ყველაფერს დაემატა პრეზიდენტ ბორის ელცინის იმიჯი - ალკოჰოლიკი, რომელიც ქვეყანას არცხვენდა საერთაშორისო დონეზე.[xxii] საზოგადოების იმედგაცრუება კარგად ჩანდა საზოგადოებრივი აზრის ფონდის მიერ 1999 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომლის მიხედვითაც, რესპონდენტების მხოლოდ 4% ენდობოდა ელცინს.[xxiii]


პუტინი და გენდერული იდენტობის (რე)პოლიტიზება

როგორც უკვე აღვნიშნე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი მრავალგანზომილებიანი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. იდენტობის კრიზისი იყო პოლიტიკურ წრეშიც, რაც ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზეც აისახა.[xxiv] ელცინის რუსეთი აღქმული იყო ქვეყნად, რომლის პოლიტიკაც დათმობების პოლიტიკას წარმოადგენდა და დასავლეთს იყო დამორჩილებული.[xxv] რუსეთის მოსახლეობა ელცინის რეჟიმს ადანაშაულებდა ქვეყნის სუპერ სახელმწიფოს სტატუსის დაკარგვაში, პოლიტიკური პლურალიზმის პოპულარიზაციაში, ეკონომიკური კრიზისის შექმნასა და რუსეთის არმიის მარცხში ჩეჩნეთში. მაშასადამე, იყო მზაობა იმისა, რომ ახალი ლიდერი მიეღოთ,[xxvi] რომელიც ამ ყველაფერს შეცვლიდა, ქვეყნის იმიჯს აღადგენდა და არსებულ კრიზისს დაძლევდა.


1999 წლის 31 დეკემბერს ბორის ელცინი მოულოდნელად გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პუტინი გახდა, რომელიც 2000 წლის 25 მარტს არჩევნების შედეგად იქნა არჩეული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად.


პუტინს ორი მთავარი გამოწვევა ჰქონდა. პიროვნულ დონეზე მას უნდა მოეხდინა ძალაუფლების კონსოლიდაცია და შეექმნა ძლიერი მმართველის იმიჯი, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა ელცინის იმიჯისგან. პუტინმა პატრიარქალური საზოგადოების მოთხოვნებზე გააკეთა აქცენტი და ჰეგემონური მასკულინობის წესებით იხელმძღვანელა - საკუთარი თავი შეფუთა როგორც ,,მუჟიკი”, რომელიც ღონიერია, დამოუკიდებელი, მტკიცე ხასიათის მქონე, რომელიც არ იზიარებს ლიბერალურ ღირებულებებს, არ ცდილობს პოლიტიკურად კორექტული იყოს და არ ერიდება სექსისტური ან ჰომოფობიური განცხადებების გაკეთებას. ის გახდა ნაციონალური მასკულინობის სახე.[xxvii] თუ ბორის ელცინი ასოცირდებოდა სუსტ, ალკოჰოლის მომხმარებელ, კომიკურ ლიდერთან, პუტინმა მოახერხა ხალხისთვის დაემტკიცებინა, რომ ის იყო ლიდერი, რომელიც არ სვამს, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ადამიანების ციმბირული ვეფხვებისგან გადარჩენაც.[xxviii] პუტინმა აქტიურად გამოიყენა პოპულარული კულტურა თავისი მიზნების მისაღწევად. მისი დაბადების დღის აღსანიშნავად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ ეროტიკულ სურათებს კალენდრისთვის,[xxix] იწერებოდა სიმღერები პუტინზე, როგორც სასურველი შეყვარებულის/ქმრის იდეალურ მოდელზე.[xxx] წელს ზემოთ შიშველი ფოტოების[xxxi] გადაღებით, ფორმულა ერთის რბოლაში მონაწილეობით თუ ნადირობის ფოტოების გავრცელებით, მან ნამდვილად მოახერხა გამხდარიყო ჰეგემონური მასკულინობის სახე რუსეთში.


მეორე, შეიძლება ითქვას უფრო მნიშვნელოვანი მიზანი იყო ქვეყნის იმიჯის შეცვლა, როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო დონეზე. Ჩეჩნეთის მეორე ომის მოგება; დაპირება, რომ ჩეჩენ ამბოხებულებს გაანადგურებდა; რუსეთის, როგორც ძლევამოსილი საერთაშორისო აქტორის იმიჯის დაბრუნებაზე აქცენტირება; 2007 წელს ამერიკის და ნატოს კრიტიკა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აღქმული იქნა როგორც რუსეთის დიდებულ დაბრუნებად მსოფლიო პოლიტიკაში, სადაც რუსეთი აღარ იქნებოდა დასავლეთზე დამოკიდებული ან დაქვემდებარებული სახელმწიფო.


მართალია 2000-იანების დასაწყისში უკვე შეინიშნებოდა ნაციონალისტური მოძრაობების გაძლიერება და ,,ტრადიციული ღირებულებების” დაცვის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ პუტინის რეჟიმმა ამ თემების განსაკუთრებული პოლიტიზება 2012 წელს პუტინის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ დაიწყო. 2011 წელს რუსეთის მოქალაქეები ქუჩებში გავიდნენ რათა გაეპროტესტებინათ როგორც არჩევნების შედეგები, ასევე პუტინის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა წარდგენა. ეს გამოსვლები შეფასებული იქნა როგორც ყველაზე დიდი პროტესტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.[xxxii] ავტორიტარული რეჟიმები შეშფოთებულები აკვირდებიან ხოლმე ახლად წარმოქმნილ მასობრივ საპროტესტო მოძრაობებსა თუ სახალხო დაუმორჩილებლობას, რადგან ისინი საფრთხეს უქმნიან არსებული რეჟიმის სტაბილურობას. ამიტომ, პოლიტიკური ელიტა ხშირად მიმართავს რეპრესიებს, სხვა საკითხისკენ ცდილობს უკმაყოფილების მიმართვას[xxxiii] ან ახალ ,,ხელოვნურ” პრობლემებს ქმნის. Საშინაო კრიზისს მალე საგარეო კრიზისიც - უკრაინაში საპროტესტო ევრომაიდანის ორგანიზება და კონფლიქტი - დაემატა. პუტინს სჭირდებოდა პოზიციების გამაგრება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. სწორედ ამიტომ, მთავრობამ გადაწყვიტა აქცენტი ,,ტრადიციული ღირებულებების” დაცვაზე გაეკეთებინა.[xxxiv]


კრემლის მიერ წახალისებულ ტრადიციონალისტურ დისკურსში გენდერულ იდენტობასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ნატოსა და ევროკავშირს და პოსტ-საბჭოთა სივრცეში მისი გაფართოების მცდელობას. რუსული პროპაგანდა აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გეი აქტივისტები თამაშობდნენ დიდ როლს ევრომაიდანის ორგანიზებაში. Მედია-გამოცემამ ,,Комсомольская правда” გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ,,უკრაინას ევროპისკენ მოუწოდებენ ნაციონალისტები, ანტისემიტები, ნეონაცისტები და ჰომოსექსუალები”.[xxxv] როგორც უკვე აღვნიშნე, 2022 წლის რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში კრემლი სწორედ მსგავსი პროპაგანდისტული დისკურსით და არარსებულ მტრებთან (დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია) ბრძოლით ამართლებს.


პუტინის რუსეთს არ აწყობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე გავლენა დაკარგოს და მაქსიმალურად ცდილობს ამ ქვეყნებში არსებულ განწყობებზე იმოქმედოს. ის რუსეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მოსახლეობის იმედგაცრუებით სარგებლობს და ეუბნება, ნახეთ, სსრკ-ს დაშლამ (და არ დაგვავიწყდეს, ამ ფაქტს პუტინი გეოპოლიტიკურ კატასტროფად მოიხსენიებს) კი მოგიტანათ დამოუკიდებლობა, მაგრამ ასევე მოგიტანათ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. დასავლეთი საფრთხეს უქმნის როგორც თქვენს ტრადიციულ ღირებულებებს, ასევე რელიგიას. ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რა ურჩევნიათ - დემოკრატიული დასავლეთი, რომელიც ახალისებს ფემინურობას, გეი ურთიერთობებს, პედოფილიას, თუ პუტინივით ძლიერი მმართველი, რომელიც დაიცავს იდენტობას, ტრადიციას, რელიგიასა და ღირებულებებს.[xxxvi] პუტინში განსხეულებული რუსეთის სახელმწიფო თავის თავს ანიჭებს მსოფლიოში ტრადიციული ღირებულებების დამცველის როლს და გენდერული იდენტობის, ლგბტქ უფლებების და თანამედროვე დასავლეთის ღირებულებების კრიტიკას და მის წინააღმდეგ გალაშქრებას გეოპოლიტიკის ნაწილად აქცევს.[xxxvii] ამ ნარატვის მიხედვით, რუსეთია ტრადიციულ, ნამდვილ, ქრისტიანულ ღირებულებებზე ორიენტირებული დასავლეთი. თანამედროვე დასავლეთი სწორედ ამ ღირებულებებს უპირისპირდება, მაშინ, როცა რუსეთს შეუძლია გადაარჩინოს ევროპა,[xxxviii] დაიცვას ტრადიციული ღირებულებები და დაუპირისპირდეს ამორალურობას და გარყვნილების ლეგალიზებას.[xxxix] მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანობის, ტრადიციული ღირებულებებისა და ე.წ. ოჯახის სიწმინდის დამცველი ,,ერთმორწმუნე” რუსეთის ჯარისკაცები, ახლა, უკრაინაში მისი ინტერვენციის დროს, ანადგურებენ ეკლესიებს[xl] და ბომბავენ სამშობიარო სახლებს.[xli] ეს, რუსეთის სახელმწიფოს მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები,[xlii] კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რამდენად გულწრფელია პუტინი და მისი რეჟიმი ქრისტიანობის და ბავშვთა უფლებების დაცვაზე საუბრისას.


ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ისეთი ავტორიტარი ლიდერები როგორიც პუტინია, არ ცდილობენ ,,დაამარცხონ” დასავლეთის გავლენები იმიტომ, რომ მათ სურთ ტრადიციული ღირებულებების დაცვა, არც “ტრადიციული გენდერული როლების” დაცვა წარმოადგენს მათ მიზანს. ეს ყოველივე, გამოგონილი პრობლემები და მტრები, მათთვის საშუალებები უფროა, ვიდრე ძირითადი მიზანი. როგორც გარი კასპაროვი აღნიშნავს, მათ სურთ ,,გააუქმონ ინდივიდუალური თავისუფლება” იმიტომ, რომ ,,შეინარჩუნონ ძალაუფლება ყველა ფასად”.[xliii] აბსოლუტური ძალაუფლების მისაღწევად პუტინი ახდენს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის პოლიტიზებას და მათ გეოპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებს. გამოგონილი მტრის (დასავლეთის, რომელიც რყვნის) წინააღმდეგ ბრძოლით ის ცდილობს ნატოს და ევროკავშირის გავლენის შემცირებას და როგორც რუსეთის, ისე მთელი ყოფილი საბჭოეთის მოსახლეობას უგზავნის მესიჯს: დემოკრატიაზე უარი არის ის ფასი, რომელიც თქვენ უნდა გადაიხადოთ იმისთვის, რომ თქვენი გენდერული იდენტობა და ტრადიციული ღირებულებები იქნეს შენარჩუნებული. სასწორის ერთ მხარეს არის მასკულინობა, ჰეტეროსექსუალობა, ტრადიციული ღირებულებები და მეორე მხარეს, ,,გეიროპა”, სადაც ,,ჰომოსექსუალობა” არის ცხოვრების მთავარი სტილი და ტრადიციული გენდერული წესრიგი ჩამოშლილია.[xliv] როგორც რიაბოვი და რიაბოვა აღნიშნავენ, გეოპოლიტიკურ დისკურსში, ხშირად, რუსეთი განიხილებოდა როგორც “ნორმალურობის” უკანასკნელი ბასტიონი. რუსი მიმომხილველები ხშირად აღნიშნავენ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ ევროპული ღირებულებების შემოტანის მცდელობა გზაა გადაგვარებისკენ.[xlv] ჩემი აზრით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის პუტინის მიერ გამოგონილი ,,დემილიტარიზაციით” და ,,დანაციფიკაციით” გამართლებით კიდევ ერთხელ გახდა ნათელი თუ რას წარმოადგენს კრემლის ღირებულებათა სისტემა, რომელიც ნამდვილად შორს არის ქრისტიანული ღირებულებების, ოჯახის სიწმინდისა თუ ბავშვების უფლებების დაცვისგან.


 

[i] The Moscow Times. 2022. Russian Church Leader Appears to Blame Gay Pride Parades for Ukraine War, https://www.themoscowtimes.com/2022/03/07/news-from-russia-what-you-missed-over-the-weekend-153-a76802 (9.03.2022) [ii] Edenborg, E. 2021. ‘Traditional values’ and the narrative of gay rights as modernity: Sexual politics beyond polarization. Sexualities, 0(0), p. 7 [iii] Snyder, T. 2018. The Road to Unfreedom. Russia, Europe, America. New York: Tim Duggan Books, p. 42 [iv] მაგ. იხ. Raibov, O. and Riabova, T. 2014. The decline of Gayropa? How Russia itends to save the world. Eurozine, February, pp. 1-9; Edenborg, E. 2021. ‘Traditional values’ and the narrative of gay rights as modernity: Sexual politics beyond polarization. Sexualities, pp. 1-17 [v] Zevelev, I. 2016. Russian National Identity and Foreign Policy, Washington, D.C.: Center for Strategic and International Studies, pp. 11-12 [vi] კანონი ,,უცხოეთის აგენტის” შესახებ რუსეთში 2012 წელს მიიღეს, რომლის მიხედვით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან იღებს ფინანსურ დახმარებას, უნდა დარეგისტრირდეს როგორც ,,უცხოეთის აგენტი”. 2017 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამ სიას დაემატა მედიაც. [vii] BBC. 20017. European Court blasts Russia 'gay propaganda' law https://www.bbc.com/news/world-europe-40338637?ns_mchannel=social&ns_campaign=bbc_breaking&ns_source=twitter&ns_linkname=news_central (16.12.2021) [viii] Seckin, E. 2015. Gender Based Social Movements and LGBT Movements in Post-Soviet Russia. Middle East Technical University, p. 3 [ix] Goldschmidt, Paul W. 1999b. ‘Pornography in Russia’. In Consuming Russia: Popular Culture, Sex, and Society Since Gorbachev, edited by Adele Marie Barker, pp. 318-336. Durham: Duke University Press [x] აბორტი აიკრძალა 1936 წელს, ხოლო რე-ლეგალიზება მოხდა 1955 წელს, რადგან გაიზარდა არალეგალური აბორტის შედეგად გარდაცვლილი ქალების რაოდენობა. [xi] Gradskova, Y., Kondakov, A. and Shevtsova, M., 2020. Post-socialist Revolutions of Intimacy: An Introduction. Sexuality & Culture, 24(2), pp. 359-370 [xii] Sleptcov, N. 2017. Political Homophobia as a State Strategy in Russia, Journal of Global Initiatives: Policy, Pedagogy, Perspective 12(1), pp. 140-161 [xiii]1924-1991 წლებში სანქტ-პეტერბურგს ეწოდებოდა ლენინგრადი. [xiv] Khoroshilova, O. 2017. 1917 Russian Revolution: The gay community’s brief window of freedom, BBC, [online], https://www.bbc.com/news/world-europe-41737330 (16.12.2021) [xv] Attwood, L. 1996 Young people, sex and sexual identity, in Pilkington, H. (ed.) Gender, Generation and Identity in Cotemporary Russia, London and New York: Routledge, p. 96 [xvi] Gradskova, Y., Kondakov, A. and Shevtsova, M., 2020. Post-socialist Revolutions of Intimacy: An Introduction. Sexuality & Culture, 24(2), p. 363 [xvii] Riabov, O. & Riabova, T. 2014. The Remasculinization of Russia? Gender, Nationalism, and the Legitimation of Power Under Vladimir Putin, Problems of Post-Communism 6(12), p. 25 [xviii] Ibid [xix] Sperling, V. 2015. Sex, Politics, and Putin. Political Legitimacy in Russia. New York: Oxford University Press, p. 76 [xx] რუსეთში ,,ჰომოსექსუალობის” დეკრიმინალიზაცია 1993 წელს მოხდა. [xxi] Riabov, O. & Riabova, T. 2014. The Remasculinization of Russia? Gender, Nationalism, and the Legitimation of Power Under Vladimir Putin, Problems of Post-Communism 6(12), p. 25 [xxii] Sperling, V. 2015. Sex, Politics, and Putin. Political Legitimacy in Russia. New York: Oxford University Press, p. 76 [xxiii] Fom.ru. 1999. 29.12.1999, Опрос населения. Б. Ельцин, https://bd.fom.ru/report/cat/pres/eltzin_/rating_eltsin/t908020 (16.12.2021) [xxiv] Abushov, K., 2009. Policing the near abroad: Russian foreign policy in the South Caucasus. Australian Journal of International Affairs, 63(2), p. 190 [xxv] Suny, R. G. 2009. The pawn of great powers: The East-West competition for Caucasia, Journal of Eurasian Studies 1, p. 17 [xxvi] Sperling, V. 2015b. Putin's macho personality cult, Communist and Post-Communist Studies, p. 2 [xxvii] Riabov, O. & Riabova, T. 2014. The Remasculinization of Russia? Gender, Nationalism, and the Legitimation of Power Under Vladimir Putin, Problems of Post-Communism 6(12), pp. 26-27 [xxviii] 2008 წლის სექტემბერში გავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა ტელეკომპანია ,,როსიას’’ თანამშრომლები გადაარჩინა ციმბირული ვეფხვის თავდასხმისგან. Reuters. 2008. Putin saves TV crew from Siberian tiger, https://www.reuters.com/article/us-putin-tiger-idUSLV19939720080902 (20.12.2021) [xxix] Metro.co.uk. 2010. Pictures: Vladimir Putin’s bizarre Calender, https://metro.co.uk/2010/10/07/pictures-vladimir-putins-bizarre-calendar-3057695/ (20.12.2021) [xxx] Youtube. 2008. Такого как Путин/One Like Putin, English Subs, https://www.youtube.com/watch?v=zk_VszbZa_s&t=0s (20.12.2021) [xxxi] Cbc.ca. 2007. Putin gone wild: Russia abuuz over pics of shirtless leader, https://www.cbc.ca/news/world/putin-gone-wild-russia-abuzz-over-pics-of-shirtless-leader-1.639179 (20.12.2021) [xxxii] Aljazeera.com. 2011. Anti-Putin Protests Erupt Across Russia, https://www.aljazeera.com/news/europe/2011/12/2011121053755418485.html (20.12.2021) [xxxiii] Robertson B. G. 2009. Managing Society: Protest, Civil Society, and Regime in Putin’s Russia, Slavic Review, 68 (3), pp. 530-531 [xxxiv] Edenborg, E. 2021. Anti-Gender Politics as Discourse Coalitions: Russia’s Domestic and International Promotion of “Traditional Values”, Problems of Post-Communism, p. 3 [xxxv] Комсомолськая Правда. 2013. Гей-дровишки в костер Майдана, https://www.kp.ru/daily/26168.4/3055033/ (20.12.2021) [xxxvi] Rutland, P. 2014. The Pussy Riot affair: gender and national identity in Putin’s Russia. Nationalities Papers, 42(4), p. 580 [xxxvii] Edenborg, E. 2021. ‘Traditional values’ and the narrative of gay rights as modernity: Sexual politics beyond polarization. Sexualities, 0(0), p. 5 [xxxviii] Hooper, M. 2016. Russia’s ‘traditional values’ leadership. The Foreign Policy Center, https://fpc.org.uk/russias-traditional-values-leadership/ (21.12.2021) [xxxix] Agadjanian, A. 2017. Tradition, morality and community: elaborating Orthodox identity in Putin’s Russia. Religion, State & Society, 45(1), pp. 39, 49 [xl] BBC news. 2022. "Не можете сказать правды - просто помолчите". Ракетные и словесные удары по Украине заставляют УПЦ все больше отдаляться от Москвы, https://www.bbcrussian.com/russian/features-60655883 (10.03.2022) [xli] BBC news. 2022. Ukraine war: Three dead as maternity hospital hit by Russian air strike, https://www.bbc.com/news/world-europe-60675599 (10.03.2022) [xlii] ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამოძიება დაიწყო. [xliii] Kasparov, G. 2014. Forward, in Masha Gessen and Joseph Huff-Hannon (eds.). Gay Propaganda: Russian Love Stories. New York and London: Or books [xliv] Riabov, O. & Riabova, T. 2014. The Remasculinization of Russia? Gender, Nationalism, and the Legitimation of Power Under Vladimir Putin, Problems of Post-Communism, 6(12), p. 29 [xlv] Raibov, O. and Riabova, T. 2014. The decline of Gayropa? How Russia itends to save the world. Eurozine, February, p. 6