top of page

გენოციდი 'დენაციფიკაციის' სახელით

თამარ თოლორდავა - რუსეთის კვლევის ცენტრის თანადამფუძნებელი, მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია | კრიტიკა | 18 მაისი, 2022



3 აპრილს მსოფლიომ ახალ, უფრო სასტიკ რეალობაში გაიღვიძა. 2 აპრილს უკრაინის მთავრობას მათი სამხედროების მიერ რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შემაძრწუნებელი რეალობა დახვდა - რუსი ჯარისკაცების მიერ მოწყობილი სასაკლაო - ქუჩებში ხელფეხშეკრული დახოცილი მოსახლეობა, დახვრეტილი ქალები, კაცები და ბავშვები. ბუჩის მერის, ანატოლი ფედორუკის განცხადებით, ქალაქში რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს ყოველი მეხუთე მოქალაქე. ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრიდან 650 დახვრეტილი იყო.

4 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში ვიზიტის დროს განაცხადა: ,,რასაც ხედავთ ირგვლივ, რაც მათ გაუკეთეს თანამედროვე ქალაქს, დამახასიათებელია რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ადამიანებს ცხოველებზე უარესად მოექცნენ. ეს არის ომის დანაშაული და ამ ყველაფერს მსოფლიო აღიარებს როგორც გენოციდს”. ზელენსკის მიერ სიტყვა“გენოციდის” გამოყენებას აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია მოჰყვა როგორც პოლიტიკოსებში, ასევე მკვლევრებში.

მაგალითად, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც 4 აპრილს აღნიშნა, რომ მან დაინახა უკრაინაში შესაძლო “გენოციდის” ნიშნები. 7 აპრილს, CNN-თან ინტერვიუს დროს, პოლონეთს პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული შეიცავს გენოციდის ნიშნებს და ის ფაქტი, რომ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, გვიჩვენებს თუ რა არის რუსეთის ინტერვენციის მიზანი - უკრაინელი ერის განადგურება. 12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასა. მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, მან განმარტა, რომ ტერმინი გენოციდი გამოიყენა იმიტომ, რომ სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი ცდილობს გაანადგუროს უკრაინელად ყოფნის იდეაც კი. ასევე, დაამატა, რომ იურისტებმა საერთაშორისო დონეზე უნდა გადაწყვიტონ კვალიფიცირდება ეს ყველაფერი გენოციდად თუ არა, მაგრამ მას ნამდვილად მიაჩნია, რომ ეს გენოციდია. ზემოთ აღნიშნული მსოფლიო ლიდერების პოზიცია გაიზიარა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და აღნიშნა,რომ აბსოლუტურად სწორია რომ სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს გენოციდზე და იყენებს ამ ტერმინს იმის შესაფასებლად რაც პუტინმა ჩაიდინა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ ამ ტერმინთან ფრთხილად იქნებოდა ,,რადგან ეს ორი ხალხი[უკრაინელები და რუსები] ძმები არიან”. უკრაინელი და რუსი ხალხის ძმობაზე აქცენტით კი უკრაინელების სამართლიანი რისხვაც დაიმსახურა, რადგან ამ ორი ერის ძმობაზე საუბარი, სადაც რუსეთს უფროს ძმობაზე აქვს პრეტენზია, რომელსაც უმცროსი ძმის დასჯა შეუძლია, სწორედ რუსული პროპაგანდის ნაწილია და ამიტომაა უკრაინელი ერისთვის მიუღებელი. მაკრონი არ აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც ოფიციალურად შეიკავა თავი ამ ტერმინის გამოყენებისგან. პარტია ,,ქართლი ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს შეფასების შემდეგ შეიძლება გაკეთდეს მათი მხრიდან პოლიტიკური შეფასება.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ამ თემაზე დისკუსია მხოლოდ პოლიტიკოსებში არ დაწყებულა და ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა რა შეფასებებს აკეთებენ გენოციდზე და სამხედრო დანაშაულებზე მომუშავე მკვლევრები. მაგრამ სანამ მათ შეფასებებს განვიხილავდე, მნიშვნელოვანია თვითონ ტერმინის ,,გენოციდი” წარმოშობაზე და განმარტებაზე ვისაუბრო, რადგან გავიაზროთ თუ რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტერმინი ,,გენოციდის” გამოყენება. რთულია არ დაეთანხმო ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ,,გენოციდის” გამოყენების შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ ,,ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა”.

1941 წლის აგვისტოში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა მესამე რაიხის სასტიკ ქმედებების შეფასებისას თქვა ,,ჩვენ წინაშეა დანაშაული სახელის გარეშე". ზუსტად 3 წელიწადში, პოლონელმა ებრაელმა ადვოკატმა, რაფაელ ლემკინმა შემოიღო ტერმინი გენოციდი და ახლა, როცა იმ ბოროტებას და დანაშაულს რაც უკრაინაში ხდება აქვს სახელი, ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ის, რასაც რუსეთის ფედერაციის სამხედროები უკრაინაში სჩადიან და როგორც ამას ხსნის და ამართლებს კრემლი და მისი პროპაგანდის შემოქმედნი, ნამდვილად უნდა შეფასდეს როგორც გენოციდი.

როგორც უკვე აღვნიშნე, ტერმინი ეკუთვნის რაფაელ ლემკინს, რომელიც თავად გამოექცა ნაცისტური გერმანიის შეჭრას პოლონეთში. მან ტერმინი პირველად 1944 წელს გამოიყენა თავის წიგნში. სიტყვა შედგება ბერძნული პრეფიქსისგან "genos", რაც ნიშნავს რასას და ლათინური სუფიქსისგან "cide", რაც ნიშნავს მკვლელობას და გულისხმობს ერის ან ეთნიკური ჯგუფის განადგურებას. ლემკინის აზრით, გენოციდი მხოლოდ ერის მყისიერ განადგურებას არ გულისხმობს, რადგან ,,მისი მიზანია დასახოს სხვადასხვა ქმედებათა კოორდინირებული გეგმა, რომელიც მიმართულია ეროვნული ჯგუფების სიცოცხლის მთავარი საფუძვლების მოსპობისკენ, თავად ამ ჯგუფების განადგურების მიზნით. ასეთი გეგმის მიზანი შეიძლება იყოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების, კულტურის, ენის, ეროვნული გრძნობების, რელიგიის და ეროვნული ჯგუფების ეკონომიკური არსებობის დეზინტეგრაცია და პირადი უსაფრთხოების, თავისუფლების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და ამ ჯგუფის წევრების სიცოცხლის განადგურება". გენოციდი მიმართულია ეროვნული ჯგუფებისკენ და ინდივიდების, როგორც მოცემული ჯგუფის წევრების წინააღმდეგ (Lemkin 1944, 79).


სწორედ ლემკინი ლობირებდა ახლად შექმნილ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გენოციდის შესახებ კონვენციის მიღებას. 1948 წელს დაამტკიცეს გაეროს გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენცია, რომლის მეორე მუხლის მიხედვით, გენოციდი ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფების სრულად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით: (a) ჯგუფის წევრების მკვლელობა; (b) ჯგუფის წევრებისთვის სერიოზული ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენება; (c) ჯგუფისთვის განზრახ ისეთი ცხოვრების პირობების შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს მის სრულად ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას; (d) ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანია ჯგუფში შობადობის შემცირება; (e) ერთი ჯგუფის ბავშვების მეორე ჯგუფში იძულებით გადაყვანა.

ადამიანებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას და წინა პერიოდს აკვირდებიან გენოციდის ოფიციალური განმარტებების წაკითხვის შემდეგ ნათელი უნდა გახდეს თუ როგორ უნდა შეფასდეს რუსეთის ქმედებები უკრაინაში.


​​ 5 აპრილის ვაშინგტონ პოსტისთვის დაწერილ სტატიაში, გენოციდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, ევგენი ფინკელი ვრცლად განიხილავს ამ თემას და რამდენიმე საკითხს გამოყოფს. ის აღნიშნავს, რომ ხშირად, აქტივისტები და პოლიტიკოსები არასწორად იყენებენ ტერმინს და ყველაფერს, რასაც გმობენ გენოციდს უწოდებენ. ამის მაგალითია როცა ანტივაქსერი აქტივისტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვების აცრას მოიხსენიებენ როგორც გენოციდს. სწორედ ასეთი მიდგომები ტერმინი გენოციდის გამოყენებას, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც “დანაშაულების დანაშაულს”, ფასს უკარგავს. ფინკელი გაეროს მიერ მიღებულ კონვენციას განიხილავს და რამდენიმე ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, როცა 1948 წლის კონვენციას21-ე საუკუნეში მიმდინარე მოვლენის აღსაწერად ვიყენებთ:

1. გენოციდის ჩადენისთვის არ არის საჭირო მსხვერპლის დიდი რაოდენობა, მნიშვნელოვანია განზრახვა და როგორ შეირჩა სამიზნე ჯგუფი; კონვენციით არ არის განსაზღვრული რა რაოდენობის მერე ითვლება დანაშაული გენოციდად და "მთლიანად ან ნაწილობრივ" ღიაა ინტერპრეტაციისთვის;


2. კონვენციით განსაზღვრული განმარტება უნაკლო არაა. განახლებულმა ვერსიამ შეიძლება უფრო მეტი ჯგუფი მოიცვას, რომლებიც განსაზღვრული იქნება სექსის, ასაკის ან სექსუალური იდენტობის მიხედვით;

3. განზრახვის დამტკიცება რთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებები გაცემული იყო ზეპირად ან იყო შენიღბული ბიუროკრატიული ჟარგონით.


უკრაინის შემთხვევაში კი ბევრი ფაქტი არსებობს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის მოწყობისკენ მიგვანიშნებს. ფინკელი ამბობს, რომ ომის დასაწყისში რუსეთის უკრაინაში შეჭრის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის ანექსია, მთავრობის შეცვლადა ,,დასავლეთის უღლისგან” გათავისუფლება და ამ ყველაფრის 3 დღეში შესრულება, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსული არმია ისეთ რეალობას შეეჩეხა, რომელიც ყვავილებით შეგებებისგან ძალიან შორს იყო, მათი კოლონიალიზმის იდეებით გაჟღენთილი გეგმები გენოციდურმა იდეებმა შეცვალა. ბევრი ის მკვლევარი, ვინც ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია, ამბობს, რომ რთულია დარწმუნებით თქვა, რომ ეს მკვლელობები მოტივირებულია ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანების განადგურების სურვილით, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ომამდელ და ომის დაწყების შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს და ასევე, სამთავრობო მედია-გამოცემა РИА Новости-ში დაბეჭდილ ტიმოფეი სერგეიცევის სტატიას “რა უნდა უყოს რუსეთმა უკრაინას?” თუ გადავავლებთ თვალს, ნათელი ხდება, რომ 1. პუტინისთვის უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი ერი არ არსებობს და 2. სწორედ ამიტომ, უკრაინა უნდა გახდეს რუსეთის იმპერიის ნაწილი და ურჩი უკრაინელები, უნდა დაისაჯონ. ეს სტატია არ უნდა აღვიქვათ, როგორც ერთი ავტორის მიერ დაწერილი მოსაზრება, რადგან სამთავრობო გამოცემებში ასეთ თემებზე სტატიები უბრალოდ არ იბეჭდება. ეს ტექსტი, ფაქტობრივად, უნდა აღვიქვათ, როგორც კრემლის და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ განაცხადად თუ რა განზრახვით აგრძელებენ ომს უკრაინაში. სწორედ ამიტომ უწოდა ცნობილმა ისტორიკოსმა, ტიმოთი სნაიდერმა ამ ტექსტს,,რუსეთის გენოციდის სახელმძღვანელო”. რატომ შეიძლება ამ სტატიას ვუწოდოთ “რუსეთის გენოციდის სახელმძღვანელო”? ტექსტის წაკითხვის შემდეგ ნათელი ხდება, თუ რას გულისხმობდა ვლადიმერ პუტინი, როდესაც უკრაინის,,დენაციფიკაციაზე” და ,,დემილიტარიზაციაზე” საუბრობდა - ესაა ქვეყნის დეუკრანიზაცია. აი, რას გვთავაზობს ტექსტის ავტორი: უკრაინული პოლიტიკური და სამხედრო ელიტა უნდა განადგურდეს; “ნაცისტურ” საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციების საქმიანობა უნდა აღმოიფხვრას და აიკრძალოს; უნდა მოხდეს ნაცისტური რეჟიმის თანამზრახველების სახელების გასაჯაროება; ისინი, ვინც არ დაექვემდებარებიან სიკვდილით დასჯას ან პატიმრობას, ნაცისტური ქმედებებისთვის უნდა დაისაჯონ იძულებითი შრომაში ჩართვით; იმ მოსახლეობის დენაციფიკაცია, რომლებიც ან პასიური ნაცისტები იყვნენ ან რეჟიმის თანამონაწილეები, უნდა მოხდეს მათი ხელახალი აღზრდით და ამისთვის იდეოლოგიური რეპრესიები და ცენზურა უნდა იყოს გამოყენებული; არსებული სახელმძღვანელოები და საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აიკრძალოს; სახელწოდება,,უკრაინა" აღარ უნდა არსებობდეს. თუ გავიხსენებთ გაეროს კონვენციის მიერ მიღებულ განმარტებას, წესით, ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთის ფედერაციის განზრახვა ნამდვილად გენოციდურია.


მკვლევრებს შორის არიან ისეთები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ შეიძლება ის რაც ხდება უკრაინაში იყოს გენოციდი (მკვლელობები და გაუპატიურებები ამას მიანიშნებენ), მაგრამ ამ ფაქტის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულება ამ ეტაპზე არ არსებობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო სამართლიანად, მაგრამ ის, რასაც უკრაინაში აკეთებს, ნამდვილად არაა გენოციდი და პოლიტიკური ლიდერები ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა ამ ტერმინს იყენებენ.


მაგრამ იმ მკვლევრების არგუმენტები, რომლებიც მსოფლიოს მოუწოდებენ, რომ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდის ეწოდოს, ვალიდურია. ჯერ კიდევ 14 მარტს, მკვლევარმა ანტონ შეხოვცოვმა აღნიშნა, რომ რუსული სისასტიკე უკრაინაში მხოლოდ ომის დანაშაული არაა, რადგან უკვე ნათელია რა არის კრემლის საბოლოო მიზანი უკრაინაში - ეს არაა მხოლოდ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურება, არამედ უკრაინელი ხალხის გენოციდი. ომის დაწყებიდან ორი დღის თავზე ტიმოთი სნაიდერი წერდა: ქვეყანაში შეჭრა დასაბუთების გარეშე ნამდვილადაა დანაშაული. სახელმწიფოს ლიდერების მიზანში ამოღება კი ნამდვილად გენოციდია.


ის, რაც ჩვენ ბუჩაში ვნახეთ, მხოლოდ ერთ პატარა ქალაქში მომხდარი საშინელი მკვლელობებია, მაგრამ როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია იმ საშინელებების, რაც სხვა ქალაქებში რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს. ჩვენ ჯერ არ ვიცით რა სურათი დახვდება უკრაინის მთავრობას მარიუპოლის გათავისუფლების შემდეგ. ამ ეტაპზე ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 20 000-მდე ადამიანი შეეწერა მარიუპოლის ბლოკადას.


РИА Новости-ში დაბეჭდილ “გენოციდის სახელმძღვანელოს” მითითებების განხორციელებას რეალობაში ვხედავთ. გარდა დაფიქსირებული ხოცვა-ჟლეტის, გაუპატიურებების, სამშობიაროების და საავადმყოფოების, თეატრს შეფარებული ბავშვების დაბომბვის ფაქტებისა, უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის, ლიუდმილა დენისოვას განცხადებით, 1.2 მილიონი უკრაინელი მათი სურვილის საწინააღმდეგოდ არის გადაყვანილი რუსეთში, აქედან 210, 000 ბავშვია. მისი ინფორმაციით, ბავშვებს რუსულად ასწავლიან იმ ისტორიას, რომელიც ვლადიმერ პუტინმა უთხრა ყველას. “ისინი ანადგურებენ ჩვენს ნაციონალურ იდენტობას, ართმევენ ჩვენს ქვეყანას მომავალს” - აღნიშნა მან.

მეორე ფაქტი, რომელიც გენოციდურ ქმედებებზე მიუთითებს, რუსების მიერ მოწყობილი,,საფილტრაციო ბანაკებია”. რუსეთის ტერიტორიაზევე ხშირ შემთხვევაში იძულებით გადაყვანილი უკრაინის მოქალაქეებს უწევთ საფილტრაციო ბანაკების გავლა, სადაც მათ ჩხრეკენ და დაკითხვებს უწყობენ: მათ ეკითხებიან უკრაინის მხარეს არიან თუ რუსეთის; აინტერესებთ, იციან თუ არა უკრაინელი სამხედროების პოზიციები მარიუპოლში; მონაწილეობდნენ თუ არა ბრძოლებში; ეძებენ პროუკრაინულ ტატუებს და ნიშნებს; პროუკრაინული განწყობების შემჩნევის შემთხვევაში იჭერენ, სცემენ და აწამებენ. ლიუდმილა დენისოვას მტკიცებით, ის ადამიანები, რომლებიც პროუკრაინულ განცხადებებს აკეთებენ, ხშირად ქრებიან. თავშესაფრის მისაღებად კი პასპორტის ჩაბარებას ითხოვენ, რაც, ფაქტობრივად, მძევლად აყვანას ნიშნავს.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთი ფედერაციის ქმედებები უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდად აღიარა და მოუწოდა გაეროს, ევროპის პარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას და სხვა ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, ,,აღიარონ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი, კაცობრიობის წინაშე დანაშაული და ომის დანაშაულები უკრაინის და მისი ტერიტორიის წინააღმდეგ”. გენოციდი აღიარა ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, კანადამ და ჩეხეთმა.

25 აპრილს ჰელსინკის კომისიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინაში რუსეთის ქმედებების გენოციდად შეფასებისკენ მოუწოდა. განცხადებაში ვკითხულობთ: ჩვენ ამ დასკვნამდე დაუფიქრებლად არ მივსულვართ და ვაღიარებთ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენებისას სიზუსტის დაცვა, თუმცა, აურაცხელი მტკიცებულებების გათვალისწინებით - პუტინისა და მისი რეჟიმის მიერ უკრაინული სახელმწიფოებრიობის არსებობის უარყოფა; მშვიდობიანი მოსახლეობს განზრახ მიზანში ამოღება; მარიუპოლის განადგურება; მასობრივი საფლავები; ცნობები უკრაინელი ხალხის, მათ შორის ბავშვების იძულებით დეპორტაციის შესახებ რუსეთში, სადაც უკრაინული იდენტობის განადგურების მიზნით მათი ინდოქტრინაცია ხდება"ხელახალი განათლების ბანაკებში" - ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა აიმაღლოს ხმა და ისაუბროს ერთიანი ძალებით და სიცხადით იმ ენით აუწერელ საშინელებაზე, რომელიც ხდება უკრაინაში. ფაქტები მიუთითებს განზრახვაზე და რუსეთის აშკარად აქვს განზრახული უკრაინული იდენტობისა და არსებობის განადგურება და აღმოფხვრა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მანდატს, რომ ეს დასკვნები გამოიყენონ ეროვნულმა ან რეგიონულმა საერთაშორისო სასამართლოებმა თუ ტრიბუნალებმა რათა გამოიძიონ რუსეთის ომის დანაშაულები, მათ შორის გენოციდი და ბრალი წარუდგინონ პასუხისმგებელ პირების.


დაბოლოს, ტექსტს დავასრულებ ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორის, ფილიპ სანდსის ,,ნიუ-იორკ ტაიმსისთვის'' დაწერილი სტატიიდან ამონარიდით: დოქტორი ლემკინი, რომელიც 1959 წელს გარდაიცვალა, სიტყვა გენოციდს გამოიყენებდა ბუჩაში მომხდარი სასაკლაოს შეფასებისას. მას უდავოდ გაუხარდებოდა, რომ მის მიერ შემოღებული ტერმინი შევიდა იურიდიულ ლექსიკონში და შეცვალა ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ და რა არ შეუძლიათ სახელმწიფოებს გაუკეთონ ადამიანებს. თუმცა, ის შეძრწუნებული იქნებოდა სიტყვების ანალიზისა და ასეთი საშინელი სისასტიკისთვის ტერმინის შერჩევაზე კამათის გამო.


თუ მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება, დახვრეტა, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება, ქალაქების ბლოკადა, საკვებ რესურსებთან და სამკურნალო საშუალებებთან წვდომის შეზღუდვა, ინდოქტრინაციისთვის განათლების ცენტრების მოწყობა და ამ ყველაფრის ერთი მიზნით შესრულებას - უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინული იდენტობის განადგურება - გენოციდად არ შეაფასებს მსოფლიო და დამნაშავეები სათანადოდ არ დაისჯებიან, მაშინ როგორ ავიცილებთ თავიდან პუტინის მსგავსი პოლიტიკური ლიდერების მორიგ დანაშაულებს?!

bottom of page