კრემლის ბუფერული სისტემა ცივი ომის დროინდელ ევროპაში: რა ცვლილებებია დღევანდელი მდგომარეობით და რა არჩევანის წინაშე დგანან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები?


ცოტნე ჭანტურია |კრიტიკა| 24 ნოემბერი, 2021


ნაწილი პირველი


შესავალი

ნაციონალურ ინტერესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო პოლიტიკაში - წერდა საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლისას მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა (თუ უმთავრესი არა) და რეალიზმის ტრადიციის დამფუძნებელი, ჰანს მორგენთაუ. მისი შეხედულებით, თანამედროვე სახელმწიფოს ინტერესების დასადგენად, აუცილებელი იყო სახელმწიფოს დაუცველობის პრობლემის გააზრება და ანალიზი. მართალია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეალობა რამდენადმე შეიცვალა, მაგრამ უდავოა, რომ ერი-სახელმწიფო და ნაციონალური ინტერესი კვლავ წამყვან როლს თამაშობს საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირებაში - მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ყოფილ საბჭოთა სივრცეს და განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციას.


რუსეთის ომებმა საქართველოსა (2008) და უკრაინასთან (2014-დღემდე) და ღია სამხედრო თანამონაწილეობამ სირიის სამოქალაქო ომში, კვლავ გააქტიურა ცივი ომის კონტექსტი და დასავლელი მკვლევრები აალაპარაკა „ახალი ცივი ომის“ არსებობის თაობაზე.[1] თუკი მათ შეხედულებებს სხვადასხვა დროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების პუტინისა და მედვედევის განცხადებებს შევუხამებთ,[2] დავრწმუნდებით, რომ მორგენთაუსეული გააზრება საერთაშორისო ურთიერთობებისა კვლავ ძალაშია.


დავიწყოთ რუსეთის დაუცველობის კონტექსტის განმარტებით. 1946 წლის თებერვალში, მოსკოვში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი (მოგვიანებით ცნობილი ამერიკელი დიპლომატი და ისტორიკოსი) ჯორჯ კენანი სახელმწიფო დეპარტამენტისადმი გაგზავნილ ტელეგრამაში იტყობინებოდა, რომ რუსეთის პოლიტიკის შესწავლისას ყველაზე სწორი მიდგომა მისი „ტრადიციული და ინსტინქტური დაუცველობის შეგრძნების“ გათვალისწინება იყო. ამ ტელეგრამამ, სადაც კენანი განმარტავდა საბჭოთა კავშირის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანატომიასა და ძირითად პრინციპებს, და რომელსაც უჩვეულოდ დიდი მოცულობის გამო მოგვიანებით „ვრცელი ტელეგრამა“[3] ეწოდა, წამყვანი როლი ითამაშა თეთრ სახლში საბჭოთა კავშირთან მიმართებით რუზველტისეული პოლიტიკის გადაფასებასა და ტრუმენისეული ახალი საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რომელიც ისტორიაში „შეკავების პოლიტიკის“ სახელით არის ცნობილი.[4]


თავის მხრივ, სტალინის შეხედულებები ზუსტ თანხვედრაში იყო კენანისეულ ინტერპრეტაციასთან. სტალინს მიაჩნდა, რომ დასავლელი იმპერიალისტები თავის ტრადიციული ქცევის სტრატეგიას არ უღალატებდნენ, რუსებს საზარბაზნე ხორცად გამოიყენებდნენ, დაპირებებით გაბერავდნენ, საბოლოოდ კი ხახამშრალს დატოვებდნენ.[5] მართალია, მოგვიანებით მოვლენები გარკვეულწილად მართლაც ამ სცენარით განვითარდა, მაგრამ საფიქრებელია, რომ ამერიკელთა ასეთი ქცევა სწორედ საბჭოელთა ვაშინგტონისადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული. ამერიკელები ენდნენ მათ, რომელთა ნდობის მოპოვებაც უახლოეს მომავალში სავარაუდო იყო (გერმანია, იაპონია, იტალია), კრემლმა კი, გარემომცველ სამყაროსთან თავისი ტრადიციული უნდობლობის შეგრძნებით, რასაც ერწყმოდა ამბიცია ევრაზიის კონტინენტზე ბატონობისა, ვაშინგტონისათვის შეუძლებელი გახადა რუზველტისეული პარტნიორული პოლიტიკის გაგრძელება. ამჯერად, თეთრ სახლში პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დაშვებული შეცდომის განმეორებას არ აპირებდნენ - გზა მშვიდობისაკენ გადიოდა არა იზოლაციონიზმზე, არამედ აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე. სხვაგვარად, რთული წარმოსადგენი არ იყო, თუ რა სცენარით განვითარდებოდა მოვლენები და რა ახალი საფრთხეების წინაშე დადგებოდა შეერთებული შტატები, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევრაზიის ბედი საბჭოთა კავშირისა და დასუსტებული დიდი ბრიტანეთისათვის რომ მიენდო.


როდესაც ვსაუბრობთ რუსულ „დაუცველობის შეგრძნებაზე,“ ვგულისხმობთ არა ამ ტერმინის ტრადიციულ გაგებას - ანუ დაუცველობას საკუთარ საზღვრებს შიგნით - არამედ ამ ფენომენის კონკრეტულ რუსულ გაგებას, რაც გულისხმობს დაუცველობას საკუთარ საზღვრებს მიღმა. ზბიგნევ ბჟეზინსკის შეხედულებით, კრემლისტური იმპერიალიზმის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი დაუცველობისა და ექსპანსიონიზმის ჩაკეტილი ისტორიული წრეა. დაუცველობა იწვევს ექსპანსიონიზმს, ექსპანსიონიზმი კი განაპირობებს დაუცველობას, რაც თავის მხრივ ექსპანსიონიზმის ახალ ტალღას წარმოშობს.[6] რთულია ამ ფორმულირებას არ დაეთანხმო. დაუცველობისა და ექსპანსიონიზმის უწყვეტი მოჯადოებული წრე თანადროულად კვებავს და ფიტავს კრემლის ძალაუფლებას, და სწორედ ეს მარადიული შეკუმშვა-გაფართოების პროცესი არის ალბათ ყველაზე სახასიათო რუსული „ძერჟავისათვის.“ შედეგად კი, კრემლისთვის ფაქტობრივად არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ეროვნული საზღვრები - არც რუსეთის და არც სხვა სახელმწიფოთა. რუსეთი იქ არის, სადამდეც კრემლი შეძლებს კონტროლის დამყარებას. შესაბამისად, „რუსეთი“ სრულებითაც არ არის სტატიკური ცნება, პირიქით, მისი მნიშვნელობა მუდმივად ცვლადი და ელასტიკურია გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ასევე, სრულებითაც არ არის გაუგებარი ის, რომ მსგავსი პრაგმატულ-რეალპოლიტიკური „ელასტიკურობა“ დასავლურ სამყაროში უნდობლობას იწვევდეს (და ალბათ უხერხულობასაც). ასე რომ, კრემლისადმი ზოგადი უნდობლობის მიზეზს თავადვე კრემლი ასხივებს და სანამ ის შინაგან გადაფასებამდე არ მივა, ეს მოცემულობა უცვლელი დარჩება. მეორე საკითხია ის, რომ კრემლს და რუსეთის მოსახლეობის საგულისხმო ნაწილსაც, თავადვე სურს ეს „დასავლეთისათვის არასანდო“ როლი მოირგოს, რადგან სწორედ ეს გარემოება გამოარჩევს სხვა დანარჩენი ძალებისგან რუსეთს და აქცევს დასავლეთისათვის უხერხულ მეტოქედ.


ცივ ომში საბჭოთა კავშირი დამარცხდა. დამარცხდა ასევე კომუნიზმის კრემლისტური სისტემა. საბჭოთა კავშირისგან განთავისუფლებული ერები ევროპულ ოჯახს დაუბრუნდნენ და დაიწყეს მშენებლობა იმ ახალი რეალობისა, სადაც კრემლი, კვლავინდებურად, ვერ შეძლებდა ჯერ სამხედრო ოკუპაციითა და შემდეგ პლურალისტურ ხელისუფლებათა სისტემური დემონტაჟითა და ერთპარტიული დიქტატურის დამყარებით ამ ხალხების მთავარი სახელმწიფოებრივი მონაპოვრის ხელყოფასა და განადგურებას. შესაბამისად, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაფართოება ყოფილ კომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში არის ლოგიკური შედეგი ამ ერების რუსეთთან ურთიერთობის ისტორიული გამოცდილებისა. ნატოს ცივი ომის შემდგომი გაფართოება, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპის გასაბჭოების პროცესისგან განსხვავებით, სრულ თანხვედრაშია ამ ერ-სახელმწიფოთა ნება-სურვილთან. მართალია, აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო პერიოდში იმატა ევრო-სკეპტიკურმა დამოკიდებულებებმა და ზოგი სახელმწიფო ცდილობს ახალი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ უდავოა, რომ მათთვის რუსეთისგან დამცავი ქოლგა ნატოს სახით უალტერნატივოა.


თუკი აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში ინტეგრაცია ლოგიკური შედეგია მათდამი კრემლის მიერ უახლოეს წარსულში განხორციელებული სამხედრო ოკუპაციისა[7] და ამ ოკუპაციის შემდგომ წარმოებული პოლიტიკისა, და ამდენად, სრულ თანხვედრაშია ამ ერების ნება-სურვილთან, კრემლისათვის - რომლისთვისაც მკაფიოდ განსაზღვრული ნაციონალური საზღვრები ფაქტობრივად არ არსებობს - ნატოს ეს ექსპანსია დაუცველობის შეგრძნებას აღაგზნებს.[8] რუსული მხარის არგუმენტი, რითაც მოსკოვი ცდილობს ნატოს აღმოსავლეთისაკენ ექსპანსია უკანონოდ წარმოაჩინოს, 1990-1991 წლებში დასავლელი პარტნიორების მიერ საბჭოური მხარისადმი მიცემული ზეპირი დანაპირებია იმის თაობაზე, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიის მიღმა „ერთ ინჩსაც“ არ გადადგამდა წინ. ეს არგუმენტი „not one inch eastward” (არც ერთი ინჩი აღმოსავლეთისაკენ) არგუმენტის სახელით არის ცნობილი და გორბაჩოვისა და შევარდნაძისადმი ნათქვამ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯეიმზ ბეიკერის სიტყვებს ციტირებს.[9] მართალია, როგორც საარქივო მასალები ადასტურებს, მსგავსი ზეპირი დაპირება მართლაც არსებობდა, მაგრამ: 1. ეს არ იყო ფორმალური (ხელშეკრულებაზე დაფუძნებული) დაპირება და შესაბამისად ფორმალური ვალდებულება, არამედ წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ ზეპირ დანაპირებს. შესაბამისად, ეს იყო პოლიტიკური დანაპირები ბუშის ადმინისტრაციისა გორბაჩოვისადმი და მისი ვალიდურობა ვრცელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ დროის იმ მონაკვეთზე, რომლის განმავლობაშიც ბუში და გორბაჩოვი შეინარჩუნებდნენ ლიდერის პოზიციებს; 2. საბჭოთა კავშირის რღვევა, ანუ იმ სახელმწიფოს განადგურება რომლისადმიც იყო მიმართული ეს ზეპირი დანაპირები, თავისთავად განაპირობებდა მისი ვალიდურობის გაუქმებას; და 3. ეს დანაპირები ფორმალური რომც ყოფილიყო - ანუ ხელშეკრულეობრივი ვალდებულება რომც ჰქონოდა, ფუნდამენტურად შეცვლილი გარემოებების გამო (სსრკ-ს რღვევა) საერთაშორისო სამართლის პრინციპის clausula rebus sic stantibus მიხედვით, დაკარგავდა ვალიდურობას.[10]


საბოლოო ჯამში, აშკარა ხდება, რომ „დასავლეთის დაპირებებზე“ აპელირება არაფერია, თუ არა კრემლის პროპაგანდის ნაყოფი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი საკითხით მანიპულირების მცდელობა. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ავად თუ კარგად, კრემლის პროპაგანდა და თავად კრემლი არსებობს და ამის უგულებელყოფა შეუძლებელია. შესაბამისად, გამოსავალი მდგომარეობს არა მხოლოდ იმის დადასტურებასა და საჯარო კამპანიაზე, რომ კრემლი ოკუპანტია - არამედ ისეთი ქმედების ინიცირებასა და განხორციელებაზე, რომელიც მოიტანს პოზიტიურ შედეგს.[11] მსგავსი ქმედების განხორციელება მეტწილად დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ვაშინგტონსა და დასავლური ქვეყნების სხვა დედაქალაქებში, და ასევე, როგორც არ უნდა მტკივნეულად გვეჩვენოს, მმართველ ელიტაზე მოსკოვში (ნებსით თუ უნებლიეთ; ნებაყოფლობითა თუ იძულებით).


როგორც ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის უახლესი ისტორიის გამოცდილება გვიჩვენებს, ამ პროცესში მოკრძალებული, თუმცა მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ კრემლის ორბიტისგან თავის დაღწევის სურვილით განმსჭვალულ პატარა ერებსაც. უფრო მეტიც, მსგავსი დამოკიდებულების არსებობის გარეშე, ანუ იმის რწმენის გარეშე რომ შენც, პატარა ერსაც, შეგიძლია განსაზღვრო და განკარგო შენი ბედი, შენი აწმყო და მომავალი, ვერანაირი მეგობრულად განწყობილი დიდი ძალა ვერ დაგეხმარება. ცვლილება უნდა დაიწყოს აქ და ახლა, რასაც თან უნდა სდევდეს მზადყოფნა სტრატეგიული ლოდინისათვის იმ მომენტამდე, სანამ შესაძლებლობის ფანჯარა არ გაიხსნება. სხვა დანარჩენი ისტორიის მისტერიაა.


ამ საკმაოდ ვრცელი შესავლის შემდეგ, რომელმაც, იმედი მაქვს, თავი არ შეგაწყინათ, სტატიაში განხილული იქნება კრემლის ბუფერული სისტემა ცივი ომის დროინდელ ევროპაში. ჩემი მიზანი საერთაშორისო პოლიტიკის ჭადრაკის დაფაზე არსებული იმ სვლების განხილვაა, რომლის გადადგმაც პოტენციურად შეუძლიათ რუსეთის ორბიტისგან თავის დაღწევის სურვილით განმსჭვალულ პატარა ერებს. სანამ პოტენციურ სვლებზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ჭადრაკის დაფაზე არსებული ვითარება, რაშიც ცივი ომისა და ცივი ომის შემდგომი პერიოდის განხილვა დაგვეხმარება.


გეოპოლიტიკურად ნატოსა და რუსეთს შორის არსებული რეგიონი, ანუ ორ დიდ ძალას შორის არსებული „საომარი ლელო,“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს მოიცავს, თუმცა კვლევის შედეგები, კვლევის კონტექსტიდან გამომდინარე, ალბათ უფრო მეტად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ღიად (როგორც მინიმუმ, ფორმალურად მაინც) პრო-დასავლურად განწყობილ ქვეყნებს დააინტერესებს. დღესდღეობით ეს ქვეყნები წარმოდგენილია „ასოცირებული ტრიოს“ სახით, რომელსაც შეადგენენ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.



ბუფერული სისტემის სტრუქტურა ზოგადად

ბუფერული სისტემა არის პოლიტიკური მოწყობის განზომილება, სადაც ერთი ან რამდენიმე ქვეყანა, ან უფრო ვრცელი რეგიონული სივრცე (რომელიც შესაძლებელია კონტინენტური პროპორციისაც კი იყოს), ამ სივრცის ირგვლივ არსებული ორი ან რამდენიმე უფრო ძლიერი ურთიერთდაპირისპირებული ძალის მიერ ორგანიზებულია იმგვარად, რომ ამ ძალებს შორის პირდაპირი შეხების შესაძლებლობა შემცირდეს და შესაბამისად, მინიმუმამდე დაყვანილ იქნეს უეცარი პირდაპირი კონფლიქტის რისკი. ანუ, ბუფერული სისტემა მინიმუმ ორი სუბიექტისა - ორი დიდი ძალა - და მინიმუმ ერთი ობიექტისაგან - ბუფერული სახელმწიფო - შედგება. როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, ბუფერული სისტემის ობიექტი ყოველთვის სახელმწიფო არ ყოფილა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დაუსახლებელი უკაცრიელი ტერიტორია, ანაც რაღაც გარდამავალი ორგანიზმი საფორტიფიკაციო დასახლებასა და პროვინციას შორის.


რომის იმპერიაში, მაგალითად, მიღებული პრაქტიკა იყო პროვინციულ ტერიტორიებზე საფორტიფიკაციო დასახლებებისა (ციხესიმაგრისა და მისი მიმდებარე დასახლების) და/ან ე.წ. „მარკას“ ტიპის ადმინისტრაციული ერთეულების არსებობა, რომელსაც მართავდა შესაბამისად გარნიზონის უფროსი და/ან მარკიზი. ეს ტერიტორია იყო იმპერიის პირველი ბლოკპოსტი, რომელიც ატყობინებდა ცენტრს უცხო ქვეყნის თავდასხმის შესახებ; ასევე, მშვიდობის პერიოდში სხვა დანარჩენთან ერთად, იღებდა უცხო ქვეყნის დელეგაციებსა და ვაჭართა ქარავნებს.[12] თავად ტერმინი „ბუფერული სახელმწიფო“ შედარებით გვიანდელია, და სავარაუდოდ, პირველად გამოიყენეს ბრიტანელებმა 1883 წელს, როდესაც მასში იგულისხმეს ავღანეთის ტერიტორია.[13]


ბუფერული სისტემა წარმოშობს ერთიან კომპლექსს, რომლის ერთ ნაწილზეც დომინანტური გავლენა აქვს ამ რეგიონში ინტერესების მქონე ერთ ძლიერ ძალას, მეორე ნაწილზე კი - ამ ძლიერი ძალის კონკურენტ (ან მტრულად განწყობილ) მეორე ძლიერ ძალას. ამ ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში კი მდებარეობს ერთგვარი ნულოვანი ზონა - ნეიტრალური ტერიტორია, რომელზეც ძლიერი ძალების გავლენა შედარებით სუსტია ან საერთოდ არ ვრცელდება.[14] ცივმა ომმა განაპირობა მთელი ევროპის კონტინენტის ტრანსფორმაცია შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებულ ბუფერულ კომპლექსად. ცივი ომის დროინდელი ევროპა, თავისი ევრო-ატლანტიკური დასავლეთით, კომუნისტური აღმოსავლეთითა და ნეიტრალური ცენტრით იდეალურად იყო თანხვედრაში ბუფერული სისტემის კონცეფციასთან.


თავის მხრივ, ბუფერული სახელმწიფოს კონცეფციის საფუძვლებს, ისევე როგორც კაცობრიობის გამოგონებათა უმრავლესობას, ძველ შუამდინარეთამდე მივყავართ. დაახ. 3500 წლის წინ, ძვ. წ. XV ს. -ში მითანის სამეფოს მეფეებმა, მდინარე ორონტესის ნაპირებთან (მდ. ლიბანსა და სირიაში) ჩამოაყალიბეს კადეშის სამეფო, რათა გამიჯვნოდნენ ეგვიპტელებს.[15] აღსანიშნავია, რომ ბუფერული სისტემის შექმნას საფუძვლად დაედო შუამდინარული კულტურა ქალაქ-სახელმწიფოების ტერიტორიულ-საფორტიფიკაციო მოწყობისა. უძველეს ცნობებს ამ კონტექსტში ძვ.წ. III-II ათასწლეულების მიჯნაზე შექმნილი შუამდინარული ეპოსი - „გილგამეშიანი“ ინახავს. ზურაბ კიკნაძე, ქართული თარგმანის შესავალში, ნაწარმოებში აღწერილ ქალაქის სტრუქტურას, მეტი თვალსაჩინოებისათვის, კონცენტრული წრეების სახით წარმოადგენს. ქალაქ-სახელმწიფოს (ნაწარმოებში აღწერილია შუმერული ქალაქ-სახელმწიფო ურუქი), რომელიც წარმოადგენს ამ კონცენტრული წრეების კომპლექსის ცენტრალურ წრეს - მთავარი ღვთაების ტაძრით მის ცენტრში - გარს აკრავს კიდევ ოთხი წრე: ყანების, საძოვრების, სანადირო ტერიტორიისა და უდაბნოს სახით. ქალაქ-სახელმწიფოს მოწყობის ეს მოდელი, გარდა მისი გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული განზომილებისა, სიმბოლურადაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც პოლიტიკური იერარქიის სარჩულს ატარებს. ძალაუფლების ცენტრი, ქალაქ-სახელმწიფოს მთავარი ღვთაების ტაძარი, გარშემორტყმულ-დაცულია რამდენიმე წრით მის ირგვლივ და პირიქით, სწორედ ეს მთავარი ღვთაება იცავს ამ ქალაქ-სახელმწიფოს ყველა სულდგმულსა და ზონას/წრეს.[16]



Fig. 1: სამმაგ-გალავნიანი ქალაქის ალყა (ნიმრუდი)[17]


კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი ბელგიელი ასირიოლოგისა და ეგვიპტოლოგის მარკ ფონ დე მიროოპის მიხედვით, ტიპური სახე შუამდინარული ქალაქისა წარმოადგენდა ერთ ან რამდენიმე საგალავნო წრისაგან შემდგარ ფორტიფიკაციას.[18] ბრიტანეთის სახელმწიფო მუზეუმი ინახავს ინგლისელი მოგზაურისა და არქეოლოგის, მოგვიანებით ვიქტორიანული ინგლისის სახელმწიფო მდივნის მოადგილის საგარეო საქმეთა საკითხებში ოსტინ ჰენრი ლეიერდის ილუსტრაციას, რომელიც შესრულებულია ადგილზე 1845-1847 წლებში უძველესი ასურული ქალაქი ნიმრუდის არქეოლოგიური გათხრებისას (იხ. Fig. 1). ილუსტრაციაში ჩანს, რომ ქალაქი სამმაგი საგალავნო სისტემით არის დაცული, მისი ცენტრალური ნაწილი კი, სწორედ ამ სამმაგ გალავანს მიღმა იმალება.


მრავალ-გალავნიანი არქიტექტურულ-საფორტიფიკაციო მოწყობა არა მხოლოდ შუამდინარულ ქალაქებსა და ქალაქ-სახელმწიფოებს, არამედ თავად ამ ქალაქების ცენტრალურ ნაწილში მდებარე ტაძრებსაც ახასიათებდა. ასეთი შემთხვევის ბრწყინვალე მაგალითია იერუსალიმის სოლომონის ტაძარი. ბიბლიის „მესამე მეფეთა“ წიგნში ვკითხულობთ: „და მოადგა არდაბაგი გარემო ზღუდესა მას ტაძრისასა და დაბირსა და მოაქმნა კედლის-კედელი გარემო კედელთა მათ. კედელი იგი შინაგანი ხუთ წყრთა სივრცითა და კედელი მეორჱ ექუს წყრთა სივრცითა და მესამისაჲ მის სივრცჱ - შჳდ წყრთა და განჰმარტა მოტიხვრით გარემო ზღუდეთა ტაძრისათა, რაჲთა არა ევნებოდის კედელთა მის ტაძრისათა“ [მესამე მეფეთა, VI: 5-6].[19] Fig. 2-ზე წარმოდგენილია სოლომონის ტაძრის ილუსტრაცია ანტვერპენის მრავალენოვანი ბიბლიიდან. ნახატზე ვხედავთ მრავალგალავნიან არქიტექტურულ მოწყობას რამდენიმე შიდა ეზოთი და სივრცეებით, საგალავნო კომპლექსის ბოლოს კი წარმოდგენილია თავად ამ ნაგებობის ცენტრალური ფიგურა - სოლომონის ტაძარი.


Fig. 2: სოლომონის ტაძარი[20]


შუამდინარული ტაძრებისა და ქალაქ-სახელმწიფოების არქიტექტურულ-საფორტიფიკაციო მოწყობის სტრუქტურა საოცარ მსგავსებას ამჟღავნებს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ბუფერულ სისტემათა სტრუქტურასთან (განსაკუთრებით რუსეთის ბუფერული სისტემის სტრუქტურასთან), სწორედ ამიტომაც, მეტი თვალსაჩინოებისა და კონცეპტუალიზაციისათვის განვიხილე ეს მაგალითები. ჩემი კვლევის მთავარ საგანს კი კრემლის ბუფერული სისტემა წარმოადგენს - ცივი ომის პერიოდში და დღეს.


კრემლის ბუფერული სისტემა ცივი ომის დროინდელ ევროპაში

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცივი ომის დროინდელი ევროპა წარმოადგენდა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებულ ბუფერულ კომპლექსს. მისი დასავლეთი ნაწილი ნატოს კოლექტიური თავდაცვის სისტემის ქვეშ გაერთიანდა, აღმოსავლეთი ნაწილი კი - ე.წ. აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების სახით - ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი იყო. კონტინენტის „რბილ მუცელს“ კი წარმოადგენდა ნეიტრალური ქვეყნების ბლოკი, რომელთა ერთი ნაწილი კაპიტალისტური ეკონომიკითა და დასავლური დემოკრატიული სისტემით იყო წარმოდგენილი, მეორე ნაწილი კი - უფრო სწორედ იუგოსლავია და 1970-იანი წლები ბოლოდან ნაწილობრივ ალბანეთი - სოციალისტური მართული ბაზრითა და კომუნისტური პარტიის/პროლეტარიატის დიქტატურით.



Fig. 3: ცივი ომის დროინდელი ევროპა სამხედრო ორიენტაციის მიხედვით


ბუფერული კომპლექსის ნეიტრალური ნაწილი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ძალაუფლების წრეების ურთიერთმკვეთ სივრცეში მდებარეობდა და შესაბამისად, თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა როგორც ევრო-ატლანტიკური, ასევე საბჭოური ბანაკისთვისაც.[21]


საბჭოთა კავშირის ბუფერული სისტემის, როგორც ცივი ომის პერიოდში ერთიანი ევროპული ბუფერული კომპლექსის ნაწილის, ყველაზე პერიფერიულ ზონას წარმოადგენდა ნეიტრალური ბლოკი, რასაც სდევდა კრემლის სატელიტი ქვეყნების ბლოკი „აღმოსავლეთის ბლოკის“ სახით და ა.შ. შიდა ბუფერული ზონები დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, კრემლამდე. [*შენიშვნა: ბუფერული ზონების ნუმერაცია კვლევაში წარმოდგენილია პერიფერიიდან-ცენტრის მიმართულებით].


კრემლისა და მის ბუფერულ ქვეყანათა ურთიერთობების თეორიული კონტექსტი

კრემლისა და მის ბუფერულ სახელმწიფოთა ურთიერთობა ორი გადმოსახედიდან შეიძლება დავინახოთ: პირველი არის კრემლიდან დანახული პერსპექტივა, მეორე კი - ამ ბუფერულ სახელმწიფოთაგან. ერთის მხრივ, ბუფერულ სახელმწიფოთა ეს ჯაჭვი/რკალი კრემლის ერთგვარ რთულ საფორტიფიკაციო სისტემას წარმოადგენდა, მეორეს მხრივ კი, ამ ჯაჭვი/რკალის შემადგენელი სახელმწიფოები ცდილობდნენ თავი დაეღწიათ მოსკოვის გავლენებისაგან. ანუ მედლის ერთ მხარეს კრემლის ინტერესები იდო, მეორე მხარეს კი - ბუფერულ სახელმწიფოთა.


2019 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში: „დეტანტი და ემანსიპაცია“,[22] ცივი ომის ისტორიის კვლევის ცენტრის დამფუძნებელმა დირექტორმა, კორვინუსისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების პროფესორმა ჩაბა ბეკეშმა წარმოადგინა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ემანსიპაციის თეორია (The Theory of Emancipation), რომელიც ისტორიულად მოიცავს ცივი ომის პერიოდს. ბეკეშის შეხედულებით, რაც დასტურდება საარქივო მასალათა კვლევის საფუძველზე, 1953 წლიდან წამოწყებულმა საბჭოთა კავშირის აქტიურმა საგარეო პოლიტიკამ (რასაც ბეკეში აქტიური საგარეო პოლიტიკის დოქტრინა-ს უწოდებს), რაც გულისხმობდა „აღმოსავლეთის ბლოკის“ ქვეყნების გააქტიურების ხელშეწყობას საერთაშორისო პოლიტიკაში,[23] გააჩინა რეალური საფუძველი ამ ქვეყნების ემანსიპაციისა სამ სუბიექტთან მიმართებით.


პირველი სუბიექტი, რომელთან მიმართებითაც ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპის (ანუ აღმოსავლეთის/საბჭოთა ბლოკის) ქვეყნები განიცდიდნენ ემანსიპაციას, იყო საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირისგან ემანსიპაციაში იგულისხმება კრემლის გავლენებისგან მდგრადი და ეტაპობრივი გათავისუფლება შიდა და საგარეო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები ფორმალურად საბჭოთა სატელიტებად რჩებოდნენ, 1953 წლიდან 1989 წლამდე მზარდი იყო მათი თავისუფლების დონე შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში (გარდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა, რომელიც 1989 წლამდე დარჩა კრემლზე დამოკიდებულ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ). რა თქმა უნდა, არსებობდა წითელი ხაზები, რომელთა გადაბიჯებაც ზეპირად დადგენილი წესების მიხედვით დაუშვებელი იყო (სწორედ ასეთ შემთხვევებს წარმოადგენდა მაგ. უნგრეთის 1956 წლის რევოლუცია და „პრაღის გაზაფხული“), მაგრამ, როგორც ჩანს, საკმაოდ ვრცელი სივრცე არსებობდა ამ წითელ ხაზებს შიგნითაც იმისათვის, რათა კრემლის ეს ფორმალურად სატელიტი ქვეყნები საბჭოთა ცენტრისგან ემანსიპირებულიყვნენ.


მეორე სუბიექტი, რომელთან მიმართებითაც აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები (გდრ-ის გარდა) განიცდიდნენ ემანსიპაციას, იყო შეერთებული შტატები და ზოგადად, დასავლური სამყარო. აქ არ იგულისხმება დასავლური გავლენებისგან გათავისუფლება, არამედ პირიქით, გარკვეულწილად მათთან დაახლოება და მათი გადმოსახედიდან „კრემლისგან ემანსიპირებულის“ სტატუსის მოპოვება/ზრდა; ანუ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების საერთაშორისო პრესტიჟის შედარებითი ზრდა, რაც მათ მიერ კრემლის გავლენებისგან ეტაპობრივი ემანსიპაციით იყო განპირობებული. ბეკეში ამტკიცებს, რომ ეს ემანსიპაციის პროცესი აშკარა იყო როგორც მინიმუმ 1960-იანი წლების ბოლოდან.


მესამე სუბიექტი, რომელთან მიმართებითაც აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები განიცდიდნენ ემანსიპაციას, იყო ე.წ. „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნები, ანუ განვითარებადი ქვეყნები. 1953 წლიდან (სტალინის სიკვდილის შემდეგ) მზარდი იყო აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან მიმართებით. ამ პროექტებში იგულისხმებოდა როგორც სამხედრო თანამშრომლობა (რომლის ყველაზე გახმაურებული მაგალითია ჩეხოსლოვაკიისა და ეგვიპტის თანამშრომლობა იარაღით მომარაგების საკითხში), ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მოდერნიზაცია.

ბეკეშის „ემანსიპაციის თეორია“ ვრცელდება ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე (ანუ „აღმოსავლეთის ბლოკზე“), მე კი მიმააჩნია, რომ შესაძლებელია ამ თეორიის განვრცობა „აღმოსავლეთის ბლოკის“ დასავლეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ბუფერულ ზონებზეც.[24] მაგ. ცივი ომის პერიოდში, იგივე სახის ემანსიპაციის პროცესი (ოღონდ, განსხვავებული ინტენსივობით) გაიარეს როგორც ფინეთმა და ავსტრიამ, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგაც გრძელდება, უბრალოდ, მოვლენათა ეპიცენტრი ამჯერად უფრო აღმოსავლეთითაა.


პირველი რკალი: ნეიტრალური ბლოკი

ნეიტრალიტეტის ისტორია და ზოგადად ნეიტრალიტეტი ცივი ომის პერიოდში ცივი ომის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი საკითხია. შესაბამისად, ლიტერატურაც ამ საკითხის შესახებ მწირია. ცივი ომის ნეიტრალიტეტის საკითხზე საერთაშორისო კვლევის ხელშესაწყობად 2015 წლის სექტემბერში სტოკჰოლმში, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის (შვედეთი), ლუდვიგ ბლოცმანის ინსტიტუტისა (ავსტრია) და ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებული დეივისის ცენტრის (აშშ) ორგანიზებით ჩატარდა სიმპოზიუმი თემაზე: „ევროპული ნეიტრალიტეტი და კრემლი ცივი ომის პერიოდში.“[25]


სიმპოზიუმის მიმართვაში ვკითხულობთ, რომ „მიმდინარე კრიზისმა უკრაინაში კვლავ გააქტიურა ცივი ომის დროინდელი თემატიკა და აქტუალური გახადა ცივი ომის პერიოდში კრემლის პოლიტიკის კვლევა ევროპის ქვეყნებთან მიმართებით.“ საბჭოთა კავშირისა და ევროპის ნეიტრალური ქვეყნების ცივი ომის დროინდელი ურთიერთობების ისტორიის შესახებ ლიტერატურის სიმწირიდან გამომდინარე, სიმპოზიუმის ორგანიზატორები იმედს იტოვებდნენ, რომ მათი ღონისძიება ხელს შეუწყობდა არსებული ვაკუუმის შევსებასა და პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა თვალთახედვის გაფართოებას ახალი კვლევითი მიგნებებით. სიმპოზიუმის ჩატარებიდან ექვსი წლის თავზე შესაძლებელი გახდა პირველი სისტემური კვლევითი ნამუშევრის გამოცემა.[26] ძირითადი ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა კვლევასაც ეთმობა ეს წიგნი, შემდეგია: ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, იუგოსლავია და ალბანეთი.[27]


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნეიტრალური ბლოკი თავისი ეკონომიკებითა და პოლიტიკური სისტემებით სრულებითაც არ იყო ერთგვაროვანი. უფრო მეტიც, მისი ერთი ნაწილი - იუგოსლავია და ალბანეთი - რკინის ფარდის მიღმა მდებარეობდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ქვეყნები სოციალისტური ქვეყნები იყვნენ, თუმცა არ იყვნენ საერთო სოციალისტური თავდაცვის ბლოკის წევრები.[28] ნეიტრალური ბლოკის დანარჩენი ქვეყნები დასავლური ორიენტაციისანი იყვნენ.[29]

Fig. 4: ევროპის დასავლური ნეიტრალური ქვეყნები მათ პოლიტიკაზე კრემლის გავლენების მიხედვით ცივი ომის პერიოდში, პირობითად დასავლეთ-აღმოსავლეთის წრფეზე


დას. აღმ.


შვეიცარია - შვედეთი - ავსტრია - ფინეთი


თავის მხრივ, ამ დასავლური პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემების მქონე ქვეყნებს, თუკი პირობითად დასავლეთ-აღმოსავლეთის წრფეზე განვალაგებთ იმის მიხედვით, თუ რომელზე უფრო მეტ ან ნაკლებ გავლენას ახდენდა კრემლი, ამ წრფის ყველაზე დასავლეთით აღმოჩნდება შვეიცარია, ყველაზე აღმოსავლეთით კი ფინეთი; ცენტრ-დასავლეთით - შვედეთი, ცენტრ-აღმოსავლეთით კი - ავსტრია.[30]


ჰანს მორგენთაუ წერდა, რომ ცივი ომის დროინდელ ნეიტრალიტეტს არაფერი ჰქონდა საერთო მორალურ და ეთიკურ საფუძვლებთან და განპირობებული იყო ამ ქვეყნების მიერ ნაციონალური ინტერესების დაცვის მიზნით გაკეთებული პრაგმატული კალკულაციებით. მორგენთაუსათვის, ძირითადი კონტექსტი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა ცივი ომის დროინდელი ნეიტრალიტეტის პოლიტიკის სწორ გააზრებას, იყო ნეიტრალური ქვეყნების „მძიმე რეალობები“ (“hard realities”).[31] ჩვენი ოთხეულიდან, შვეიცარიისა და შვედეთის შემთხვევები მეტ-ნაკლებად ცივი ომის კონტექსტს მიღმა იყო, ფინეთისა და ავსტრიის ნეიტრალიზაცია კი, პირდაპირ იყო განპირობებული მათი „მძიმე რეალობებით.“


ლუდვიგ ბლოცმანის ომის შედეგების კვლევის ინსტიტუტის (Ludwig Boltzmann Institut für Kriegsfolgenforschung) (გრაცი, ავსტრია) დირექტორის მოადგილისა და ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის პეტერ რუგენტალერის შეხედულებით, ფინეთისა და ავსტრიის ნეიტრალიტეტის შემთხვევები კომპრომისულ ხასიათს ატარებდა. ფინეთი, თვით-ნეიტრალიზაციის გზით, ცდილობდა კონსტრუქციული მეთოდებით მინიმუმამდე დაეყვანა საბჭოთა გავლენა ქვეყანაში. ავსტრიის 1955 წლის ნეიტრალიტეტი კი, რომელიც ახალი ავსტრიული სახელმწიფოს საფუძველშივე ჩაიდო, იყო კომპრომისული გადაწყვეტა ოთხი გამარჯვებული ძალის მიერ ავსტრიის ოკუპაციის დასრულებისა. რუგენტალერი მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი იყო ის ფასი, რომლის გადასახდელადაც მზად იყვნენ ავსტრიელები ქვეყნის ოკუპაციის დასასრულებლად (როგორც მოგეხსენებათ, ავსტრია და ვენა, ისევე როგორც გერმანია და ბერლინი, ოთხ ოკუპაციურ ზონად იყო დაყოფილი შეერთებული შტატების, საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ).[32]


ევროპის დასავლური ნეიტრალური ქვეყნებიდან, კრემლთან ურთიერთობის ყველაზე მძიმე გამოცდილება ფინეთს ჰქონდა. ფინეთის ომის შემდეგ, 1809 წლიდან შვედეთის იმპერიას გამოყოფილი და რუსეთს მიერთებული ფინეთი, რომლის განსაკუთრებული სტატუსიც „ფინეთის დიდი სამთავროს“ სახით რუსეთის იმპერიაში ისტორიაში პირველად იქნა აღიარებული, ყირიმის ომით, იაპონიასთან ომითა და 1917 წლის თებერვალ-ოქტომბრის რევოლუციებით დასუსტებულ რუსეთს 1917 წლის შემოდგომაზე გამოეყო და თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა.[33] დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ფინეთის დიდი სამთავროს ტერიტორიებიდან ქვეყანამ დაკარგა დასავლეთ კარელია და უარი განაცხადა ტერიტორიულ პრეტენზიებზე აღმოსავლეთ კარელიაზე;[34] ამასთანავე, 1920 წლის დორპატის სამშვიდობო ხელშეკრულებით, ქვეყანას საბჭოთა რუსეთისგან პეტსამოს რეგიონი ერგო.[35] 1939-1940 წლების ფინო-საბჭოური ზამთრის ომის შემდეგ, სადაც გენერალ გუსტავ მანერჰაიმის მეთაურობით ფინელებმა სასწაულებრივად უკუაგდეს წითელი არმია და ქვეყნის ოკუპაცია არ დაუშვეს, ფინეთს მრავალი ტერიტორიის დათმობა მოუწია საბჭოთა კავშირისათვის; ეს ტერიტორიებია: პეტსამოს, კარელიის, სალლასა და კუუსამოს პროვინციების ნაწილები, პორკალას კონცხი და ფინეთის ყურეში მდებარე ოთხი კუნძული.[36] 1956 წელს, ხრუშჩოვის მეგობრული ჟესტით, საბჭოთა კავშირმა ფინეთს პორკალას კონცხი დაუბრუნა, თუმცა ზამთრის ომის შედეგად ფინეთის მიერ დაკარგული სხვა დანარჩენი ტერიტორიები დღესაც რუსეთის შემადგენლობაშია.


სწორედ ამ ზემოთ აღწერილ „მძიმე რეალობაში“ იმყოფებოდა ფინეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1948 წლის აპრილში ქვეყნის პრეზიდენტმა იუჰო პაასიკივიმ კრემლთან „მეგობრობის, თანამშრომლობისა და თანადგომის“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულებამ საფუძველი დაუდო თანამედროვე ფინეთის ნეიტრალიტეტს და ქვეყანას დააკისრა ფინეთის გავლით საბჭოთა კავშირზე მიმართული ნებისმიერი შეტევის აღკვეთა. მართალია, დასავლელების მხრიდან ეს ხელშეკრულება ფინეთის კრემლისტურ ორბიტაზე გადასვლის ნიშნად იქნა აღქმული,[37] მაგრამ ორ-მსოფლიო-ომ-გამოვლილი ფინელებისთვის აშკარა იყო, რომ საბჭოთა კავშირის დაუცველობის შეგრძნების განეიტრალების გარეშე შეუძლებელი იყო ქვეყნის აღმოსავლეთის პოლიტიკის დარეგულირება. პაასიკივის პოლიტიკა ურჰო კეკონონენმა გადაიბარა და ქვეყნის პასიური ნეიტრალიტეტი აქტიურ ნეიტრალიტეტად გარდაქმნა, რაც დაგვირგვინდა კიდეც ჰელსინკის მოლაპარაკებათა ფორმატის შესახებ კეკონენის ინიციატივის წარმატებული განხორციელებით ჰელსინკის 1975 წლის ხელშეკრულების სახით, რამაც დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობები განმუხტვის პიკურ მდგომარეობაში შეიყვანა.[38]


ავსტრიის ნეიტრალიტეტიც ქვეყნის „მძიმე რეალობით“ იყო ნაკარნახევი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ ძალათა შორის წარმოქმნილმა დაძაბულობამ და ავსტრიული მხარის პოზიციამ შეუძლებელი გახადა ოთხი ძალის მიერ 1943 წლის მოსკოვის დეკლარაციაში გაწერილი მიზნის განხორციელება - ავსტრიის დამოუკიდებლობის აღდგენა. დეკლარაცია ავსტრიას აკისრებდა პასუხისმგებლობას ომში თანამონაწილეობაზე, ავსტრიული მხარისთვის კი ეს წინაპირობა მიუღებელი იყო. უთანხმოების შედეგად მოლაპარაკებების პროცესი შეფერხდა და მისი აღდგენა მხოლოდ 1954 წელს გახდა შესაძლებელი, თუმცა ამჯერად უკვე შეცვლილი პირობებით. ამჯერად, აღიარებული იყო რომ ავსტრია იყო მსხვერპლი მესამე რაიხისა; ამასთანავე განიხილებოდა მისი ნეიტრალური სტატუსის ჩამოყალიბება შვეიცარიის მოდელის საფუძველზე.


1954 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა ოთხი დიდი ძალის საგარეო საქმეთა მინისტრთა კონფერენცია, სადაც, სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა ავსტრიის საკითხიც. კონფერენციაზე ავსტრიულმა მხარემ პირობა დადო რომ არ შეუერთდებოდა არც ერთ სამხედრო ალიანსს და ამასთანავე, არ დაუშვებდა არც ერთი სამხედრო ალიანსის ბაზების განთავსებას ავსტრიის ტერიტორიაზე. მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ ავსტრიაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალთა ბალანსის შენარჩუნებაზე, რამაც გზა გაუხსნა 1955 წლის მაისისათვის ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულების ხელმოწერას.[39] თუმცა, სახელმწიფო ხელშეკრულების ხელმოწერამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, მოსკოვში საბჭოურ და ავსტრიულ მხარეებს შორის გაფორმდა მემორანდუმი. ამ ოფიციალური დოკუმენტით, ავსტრია იღებდა ვალდებულებას ერთგული დარჩენილიყო 1954 წლის ბერლინის კონფერენციაზე დადებული პირობისადმი და შვეიცარიის მოდელის საფუძველზე ჩამოყალიბებულიყო ნეიტრალურ სახელმწიფოდ. ამასთანავე, ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ფედერალურ მთავრობას ქვეყნის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად უნდა გადაეცა კონსტიტუციური კანონი ქვეყნის ნეიტრალიტეტის შესახებ.[40] ავსტრიელებმა დანაპირები მალევე შეასრულეს და სახელმწიფო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ფედერალური კონსტიტუციური კანონით, ავსტრიაში „ნებაყოფლობითი მუდმივი ნეიტრალიტეტი“ გამოაცხადეს.[41] ამ გარემოებათა საფუძველზე ჩამოყალიბდა თანამედროვე ავსტრიის რესპუბლიკა.


აღსანიშნავია, რომ შვეიცარია-ავსტრიის ნეიტრალური ჯაჭვის აღმოსავლეთისაკენ გაგრძელების მცდელობას ადგილი ჰქონდა 1956 წლის უნგრეთის რევოლუციისას. ამჯერად ავსტრიულმა ნეიტრალიტეტმა დასავლეთის „ტროას ცხენის“ როლი შეასრულა სოციალისტური უნგრეთისა და ვარშავის პაქტისათვის. მაშინ, სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისში შესული ქვეყნის ხელისუფლებამ იმრე ნადის ხელმძღვანელობით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ჩაბა ბეკეში მიიჩნევს, რომ ავსტრიულმა ნეიტრალიტეტმა უნგრეთში წარმოშვა ილუზია იმის შესახებ, რომ ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაში (ანუ ე.წ. „აღმოსავლეთის ბლოკის“ ქვეყნებში) შესაძლებელი იყო შვეიცარია-ავსტრიის ნეიტრალიტეტის ჯაჭვის გაგრძელება.[42] ეს ილუზია უნგრეთსა და საბჭოთა კავშირსაც ძალიან ძვირად დაუჯდათ, თუმცა, თუკი კრემლისათვის უნგრეთის რევოლუცია რეგიონში მისი ძალაუფლების შესუსტების ნიშანს წარმოადგენდა, რევოლუციის დამმარცხებელი საბჭოური სამხედრო ინტერვენციის შედეგები უნგრეთის ეროვნული ტრაგედია გახდა. აღმოსავლეთის ბლოკში ნეიტრალიტეტის შემოდინების რისკების კონტექსტში საგულისხმოა ასევე ჩეხოსლოვაკიის მაგალითი.


პეტერ რუგენტალერი აცხადებს, რომ 1968 წელს ჩატარებული საბჭოთა პოლიტბიუროს სხდომების სტენოგრაფიული ჩანაწერების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ პოლიტბიუროს ზოგი წევრი შიშობდა „პრაღის გაზაფხულის“ შედეგად ჩეხოსლოვაკიაში ნეიტრალიტეტის საკითხის აქტუალიზაციას. უფრო მეტიც, მათ მიაჩნდათ, რომ საწყის ეტაპზე ჩეხოსლოვაკია შეიძლებოდა გარდაქმნილიყო იუგოსლავიური ტიპის ნეიტრალიტეტად, მოგვიანებით კი ჩამოყალიბებულიყო ავსტრიული მოდელის საფუძველზე.[43] ეს ინფორმაცია ნათლად წარმოაჩენს ნეიტრალური ბლოკის ქვეყნების განლაგებას დასავლეთ-აღმოსავლეთის პირობით სხივზე. სხვა დანარჩენებთან შედარებით, იუგოსლავიის მოდელი ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობდა, იუგოსლავიურიდან ავსტრიულ მოდელამდე კი ჩეხოსლოვაკებისათვის ერთი ნაბიჯი იყო.[44]


კიდევ ერთი მეთოდი ქვეყნების კრემლის პოლიტიკისადმი ლოიალურად ან მტრულად განწყობების დადგენისა არის საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსიის საერთაშორისო აღიარება-არაღიარების საკითხის კვლევა. ანუ, აქ საქმე ეხება საბჭოთა კავშირის ტერიტორიის (კრემლის მიერ აღიარებულ საზღვრებში) სრულად აღიარება-არაღიარების საკითხს.


როგორც მოგეხსენებათ, 1940 წელს საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსია მოახდინა ( მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა შედეგად). შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელ სამნერ უელსის 1940 წლის 23 ივლისის განცხადებით (რომელსაც მოგვიანებით “უელსის დეკლარაცია”[45] (განცხადება) ეწოდა), ამერიკამ საჯაროდ დაგმო ბალტიისპირეთის ანექსია და საფუძველი დაუდო ბალტიისპირეთის ანექსიის არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო დონეზე. ანუ, ის ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებდნენ საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ანექსიას, არ აღიარებდნენ ბალტიისპირეთს საბჭოთა კავშირის ნაწილად.




Fig. 5: საერთაშორისო აღიარების პოლიტიკა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმართებით[46]


არაღიარება-აღიარების ფორმები განსხვავებული იყო და ნაწილდებოდა de jure და de facto არაღიარებიდან, de jure აღიარებამდე (იხ. Fig. 5). როგორც ცხრილიდან ვხედავთ, ყველაზე რადიკალური პოზიცია კრემლის წინააღმდეგ ჰქონდა შეერთებულ შტატებს, ურუგვაის, ბრაზილიასა და ვატიკანს, ყველაზე შემრიგებლური პოზიცია კი გააჩნდა ბოლივიას, იაპონიასა და შვედეთს, ასევე ავსტრიასა და არგენტინას. მართალია, ცხრილზე ასახული რეალობა ზედმიწევნით არ ემთხვევა ჩვენს მიერ Fig. 4-ში წარმოდგენილ ინფორმაციას,[47] მაგრამ ზოგადი სურათი, კერძოდ კი ის, რომ ევროპის დასავლური ნეიტრალური ქვეყნები de jure ან de facto აღიარებდნენ საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ანექსიას, თანხვედრაშია Fig. 4-ში წარმოდგენილ შკალასთან. ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის დასავლური ნეიტრალური ქვეყნების საგარეო პოლიტიკა გარკვეულ შემთხვევებში შემრიგებლური იყო კრემლის ინტერესებთან. ამასთანავე, საგარეო პოლიტიკის ამ ჟესტს არაფერი ჰქონდა საერთო ამ ქვეყნების მორალურ და/ან იდეოლოგიურ განწყობებთან, არამედ გამომდინარეობდა მათი პრაგმატული დამოკიდებულებიდან საკუთარ „მძიმე რეალობებთან“ გამკლავების საქმეში.


ამგვარად, ნეიტრალური ბლოკი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბანაკებს შორის არსებულ პირველ ბუფერულ ზონას წარმოადგენდა და მთელი ცივი ომის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სუპერ-სახელმწიფოთა შორის ძალთა ბალანსის შესაქმნელად. გარდა გლობალური ძალებისა, ამ პოლიტიკური ორიენტაციით სარგებლობდნენ თავად ეს ქვეყნებიც - განსაკუთრებით კი ნეიტრალური ქვეყნების დასავლური ბლოკი. გარდა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ სტაბილურობის შედეგად შექმნილი კეთილდღეობისა - რაც ბლოკის ყველა ქვეყანას შეეხო, ავსტრიისა და ფინეთის შემთხვევაში ნეიტრალიტეტი მათი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და დეოკუპაციის მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა. ფინეთმა კრემლთან ურთიერთობების დასარეგულირებლად ზამთრის ომში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზეც კი თქვა უარი, თუმცა შედეგად მიიღო გრძელვადიანი სტაბილურობა და ხელშეუხებელი დასავლური პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც გახდა თანამედროვე ფინეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და განვითარების გარანტი. 1995 წლამდე, შვედეთი, ფინეთი და ავსტრია ევროკავშირის წევრობისგანაც იკავებდნენ თავს,[48] თუმცა 1990-იან წლებში შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო კონიუნქტურიდან გამომდინარე გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია და ფინეთი სამხედრო ორიენტაციით დღესაც ნეიტრალურ ქვეყნებად რჩებიან.


*გაგრძელება იქნება



[1] პრინსტონისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტების პროფესორი სტეფენ კოუენი აღნიშნავს, რომ მიმდინარე ახალი კონფლიქტი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომლის კულმინაციაც არის უკრაინა, ადასტურებს საერთაშორისო სისტემის შესვლას ახალ და უფრო სახიფათო ცივი ომის მდგომარეობაში. იხ. Cohen, Stephen F. (2020): Why Cold War Again? How America Lost Post-Soviet Russia. I.B. Tauris. კარლტონისა და ლავრენტიის უნივერსიტეტების პროფესორების ჯეი ბლეკისა და მაიკლ ჯოუნსის შეხედულებით, აშშ და რუსეთი დაუბრუნდნენ ცივი ომის დროინდელ მენტალობას და ეს იდეოლოგიური სისტემა საერთაშორისო ურთიერთობათა მნიშვნელოვან საფუძვლად რჩება. იხ. Black, J. L. – Johns, Michael (eds.) (2016): The return of the Cold War. Ukraine, the West and Russia. Routledge: Abingdon. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლეგვოლდი ახალ ცივ ომს უწოდებს ვაშინგტონი-მოსკოვის ურთიერთობების მიმდინარე რღვევას. იხ. Legvold, Robert (2016): Return to Cold War. Polity: Cambridge – Malden. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი მარვინ კალბი 2015 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიზისი ახალი ცივი ომის დემონსტრირებაა. იხ. Kalb, Marvin (2015): Imperial Gamble. Putin, Ukraine, and the New Cold War. The Brookings Institution Press: Washington D.C. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მერშეიმერი, 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ კრიზისი უკრაინაში ცივი ომის პრაქტიკებისა და იდეოლოგიური სისტემის განახლების კულმინაციაა. იხ. Mearsheimer, John J. (2014): Why the Ukraine Crisis in the West’s Fault. The Liberal Delusions that Provoked Putin. Foreign Affairs Sept/Oct: 77-90. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი 2010 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ კავკასია, ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა ევრაზიის უმეტესი ნაწილი, მასზე კონტროლის დამყარების მიზნით ამერიკასა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგნად იქცა. იხ. Suny, R. G. (2010): The Pawn of Great Powers: The East–West Competition for Caucasia. Journal of Eurasian Studies 1(1): 10-25. ასევე იხ. ჰალ ბრანდსისა და ჯონ ლუის გადისის (“The New Cold War: America, China, and the Echoes of History”), ჯონ მერშეიმერის (“The Inevitable Rivalry: America, China, and the Tragedy of Great-Power Politics”), მერი ელიზ საროტისა (“Containment Beyond the Cold War: How Washington Lost the Post-Soviet Peace”), და ფიონა ჰილის (“The Kremlin’s Strange Victory: How Putin Exploits American Dysfunction and Fuels American Decline”) სტატიები ჟურნალ Foreign Affairs-ის 2021 წლის ნოემბერ-დეკემბრის ნომერში (Vol. 100, N. 6) სახელწოდებით: „დაყოფილი მსოფლიო: ამერიკის ცივი ომები “: https://www.foreignaffairs.com/issues/2021/100/6 (წვდომა: 03.11.2021). [2] დასტური დასავლეთთან მიმართებით რუსეთის საგარეო პოლიტიკის რადიკალური ცვლილებისა (ცივი ომის დასრულების შემდეგ) პუტინის ცნობილი „მიუნხენის მოხსენებაა,“ რომელიც მან 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. მოხსენებაში პუტინმა დაგმო შეერთებული შტატების მისწრაფება მონოპოლისტური დომინაციისა გლობალურ ურთიერთობებში და განაცხადა, რომ რუსეთი მეტს აღარ მოითმენდა. მოხსენების ვიდეოჩანაწერი იხ. ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=U4MAsIh3zMA (წვდომა: 26.08.2021). მედვედევის განცხადებით, რუსეთმა, საქართველოსთან 2008 წლის ომით, ნატოს აღმოსავლეთისაკენ ექსპანსია შეაჩერა. იხ. https://www.atlanticcouncil.org/blogs/natosource/medvedev-russias-2008-war-with-georgia-prevented-nato-growth/ (წვდომა: 26.08.2021). გერმანულ Die Zeit-ში 2021 წლის 22 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში პუტინი აღნიშნავს, რომ 2014 წელს უკრაინაში შეერთებულმა შტატებმა განახორციელა შეიარაღებული არაკონსტიტუციური გადატრიალება, ევროკავშირის ქვეყნებმა კი ამ გადატრიალებას მხარი დაუჭირეს. მისი თქმით, კრიზისი უკრაინაში არის შედეგი ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს აღმოსავლეთით ექსპანსიისა. დასავლელი პოლიტიკოსების ზეპირი დაპირებები გერმანიის გაერთიანების მომენტისას იმის შესახებ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, დავიწყებულ იქნა, წერს პუტინი. იხ. სტატია ბმულზე: https://www.zeit.de/politik/ausland/2021-06/ueberfall-auf-die-sowjetunion-1941-europa-russland-geschichte-wladimir-putin (წვდომა: 26.08.2021). [3] იხ. ჯორჯ კენანის „ვრცელი ტელეგრამა“ ბმულზე: https://digitalarchive.wilsoncenter.org/document/116178.pdf (წვდომა: 24.08.2021) ასევე იხ. კენანის 1947 წელს გამოქვეყნებული სტატიის: „საბჭოური მმართველობის სათავეები“ ქართულენოვანი თარგმანი წყაროში: ნაბახტეველი, ელზა (რედ.) (2020): პოლიტიკა და დემოკრატია. ინტელექტი, თბილისი. გვ. 109-130. [4] „შეკავების პოლიტიკის“ შესახებ იხ. ქვეთავები: „George F. Kennan and the Strategy of Containment“ და „Implementing Containment“ ჯონ ლუის გადისის კლასიკად ქცეულ მონოგრაფიაში - „შეკავების სტრატეგიები: ცივი ომის დროს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კრიტიკული შეფასება.“ იხ. Gaddis, John Lewis (2005): Strategies of Containment: A Critical Appraisal of American National Security Policy during the Cold War. Revised and Expanded Edition. Oxford University Press, Oxford – New York. [5] იხ. Pechatnov, V. (2010). The Soviet Union and the world, 1944–1953. In M. Leffler & O. Westad (Eds.), The Cambridge History of the Cold War. Vol I. Cambridge University press, Cambridge, p. 95. [6] იხ. Brzezinski, Z. (1984). The Soviet Union: World Power of a New Type. Proceedings of the Academy of Political Science 35(3), 147-159. p. 148. [7] კრემლის მიერ სამხედრო ოკუპაციაში არ იგულისხმება წითელი არმიის მიერ ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლება ნაციზმისაგან. ოკუპაციას წარმოადგენდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად განხორციელებული ანექსია; ასევე, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, წითელი არმიის ძალადობრივი დარჩენა მის მიერ „განთავისუფლებულ“ ტერიტორიებზე. ამგვარად, მივიღეთ ოკუპაცია განთავისუფლების გზით. განმანთავისუფლებელი არმია, იქცა ოკუპანტად. რა თქმა უნდა, კრემლის მიერ ოკუპაციაში იგულისხმება ასევე საბჭოთა რუსეთის მიერ 1920-იანი წლების დასაწყისში განხორციელებული სამხედრო ბატალიები მეზობელ ქვეყნებში - მათ შორის საქართველოში - რასაც საბოლოოდ სსრკ-ს ჩამოყალიბება მოჰყვა. დეოკუპაციის მცირე გამონაკლისების სახით შეიძლება დავასახელოთ ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, ავსტრია და ფინეთის პორკალას კონცხი. წითელმა არმიამ ჩეხოსლოვაკია 1945 წელსვე დატოვა, თუმცა 1948 წლის სამხედრო გადატრიალებით, რომელიც კრემლის მიერ იყო მხარდაჭერილი, ამ მცირე დეოკუპაციის პერიოდს ბოლო მოეღო. რუმინეთის დეოკუპაცია 1958 წელს დასრულდა, თუმცა ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, რომელიც გარშემორტყმული იყო მხოლოდ სოციალისტური ქვეყნებით (მათ შორის ვარშავის პაქტის ქვეყნებითა და მიუმხრობელი სოციალისტური იუგოსლავიით) დეოკუპაციის ამ ჟესტს ემანსიპაციური ხასიათი არ ჰქონია. პირიქით, მოგვიანებით ჩაუშესკუს რეჟიმის სახით, რუმინეთმა ტოტალიტარიზმით საბჭოთა კავშირსაც კი გაასწრო. ავსტრიის დეოკუპაცია 1955 წელს, ნამდვილად წარმოადგენდა საგულისხმო გამონაკლისს, და ამ შეთხვევის შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი. რაც შეეხება პორკალას კონცხის ფინეთისათვის გადაცემის შემთხვევას (1956 წელს), ეს კრემლის მიერ 1940-1944 წლებში ანექსირებული ფინეთის მრავალი ტერიტორიიდან (პეტსამოს, კარელიის, სალლასა და კუუსამოს პროვინციების ნაწილები, პორკალას კონცხი და ფინეთის ყურეში მდებარე ოთხი კუნძული) მხოლოდ ერთის დაბრუნება იყო ფინეთისათვის. ამასთანავე, ხრუშჩოვის ამ გადაწყვეტილების რეალური საფუძველი პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდა. 1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნატოს წევრად გახდომისა და ვარშავის ხელშეკრულების ჩამოყალიბების შემდეგ, ხრუშჩოვმა გააჟღერა ინიციატივა, რასაც საერთაშორისო დონეზე საბჭოთა კავშირის პრესტიჟის ზრდა უნდა გამოეწვია. ხრუშჩოვის ინიციატივის თანახმად, ყველა დიდ სახელმწიფოს უარი უნდა განეცხადებინა უცხო ქვეყნის ტერიტორიებზე განთავსებულ სამხედრო ბაზებზე. პორკალას კონცხის (სადაც რუსული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული) ფინეთისათვის დაბრუნებაც სწორედ ამ კონტექსტში განხორციელდა. იხ. მეინანდერი, ჰენრიკ (2015): ფინეთის ისტორია. მიმართულებები, სტრუქტურები გარდატეხები. მერებაშვილი-ტიკესონის გამომცემლობა: თბილისი. გვ. 224. თავის მხრივ, „კარელიის საკითხი,“ რაც რუსეთის მიერ 1940-1944 წლებში ანექსირებული ფინეთის დანარჩენი ტერიტორიების ფინეთისათვის დაბრუნების ეხება, დღესაც აქტუალურია თანამედროვე ფინეთში. ცენტრალურ აღმოსავლეთი ევროპის შესახებ ცივი ომის პერიოდში იხ.: Kramer, Mark – Smetana, Vit (eds.) (2014): Imposing, maintaining, and tearing open the Iron Curtain: The Cold War and East-Central Europe, 1945-1989. Lexington Books: Lanham, Maryland - Plymouth, England. რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ 1944/45 – 1948/49 წლებში იხ. Békés, Csaba - Borhi, László - Ruggenthaler, Peter – Trasca, Ottmar (eds.) (2015): CEU Press: Budapest – New York. [8] სწორედ ეს საკითხი არის მთავარი თემა 2021 წლის 22 ივნისს გერმანულ Die Zeit-ში გამოქვეყნებული ვლადიმირ პუტინის სტატიისა. სტატია იხ. ბმულზე: https://www.zeit.de/politik/ausland/2021-06/ueberfall-auf-die-sowjetunion-1941-europa-russland-geschichte-wladimir-putin (წვდომა: 26.08.2021). [9] იხ. ციტატა გორბაჩოვის, შევარდნაძისა და ბეიკერის შეხვედრის (შეხვედრა შედგა 1990 წლის 9 თებერვალს კრემლში) რუსულენოვანი სტენოგრამიდან: „Мы понемаем, что не только Советскому Союзу, но и другим европейским странам важно иметь гарантии того, что если Соединенные Штаты будут сохранять в рамках НАТО свое присутствие в Германии, то не произойдет распространения юрисдикции или военного присутствия НАТО ни на один дюйм в восточном направлении" წყარო: Горбачев М.С. (2011): Собрание сочинений. Том 18. Декабрь 1989 - март 1990. Весь Мир, Москва, გვ. 615. ამერიკულ სტენოგრამაშიც იგივე შინაარსის ტექსტია: „We understand the need for assurances to the countries in the East. If we maintain a presence in a Germany that is a part of NATO, there would be no extension of NATO’s jurisdiction for forces of NATO one inch to the east.“ იხ. შეხვედრის ინგლისურენოვანი სტენოგრამა ბმულზე: https://nsarchive.gwu.edu/document/16116-document-05-memorandum-conversation-between (წვდომა: 26.08.2021) აღსანიშნავია, რომ გორბაჩოვს მსგავსი დაპირებები მხოლოდ ბეიკერისგან არ მიუღია. როგორც ნაციონალური უსაფრთხოების არქივის (National Security Archive) მკვლევართა - სვეტლანა სავრანსკაიასა და ტომას ბლანტონის კვლევამ აჩვენა, საბჭოთა მხარემ მსგავსი დაპირებები გარდა ბეიკერისა მიიღო ბუშისგან, გენშერისგან, კოლისგან, გეიტსისგან, მიტერანისგან, ტეტჩერისგან, ჰარდისგან, მეიჯორისგან და ვოერნერისგან. იხ. Savranskaya, Svetlana and Blanton, Tom (2017): NATO Expansion: What Gorbachev Heard. NSA Briefing Book #613 ბმულზე: https://nsarchive.gwu.edu/briefing-book/russia-programs/2017-12-12/nato-expansion-what-gorbachev-heard-western-leaders-early#_ednref1 (წვდომა: 24.08.2021). [10] მეტი დეტალებისათვის იხ. საბჭოთა კავშირში აშშ-ს ყოფილი ელჩის, ჯეკ მეტლოკის ბლოგი “NATO expansion: was there a promise?” ბმულზე: https://jackmatlock.com/2014/04/nato-expansion-was-there-a-promise/ (წვდომა: 24.08.2021). [11] ამ კონტექსტში, ილუსტრაციად გამოგვადგება ბალტიისპირეთის ემანსიპაციის მაგალითი. 1940 წლიდან 1991 წლის სექტემბრამდე ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად ანექსირებულნი აღმოჩნდნენ საბჭოთა კავშირის მიერ. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელს დასავლურ სამყაროს, მთელი ამ 51-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში არ უღიარებია სსრკ-ს მიერ ბალტიისპირეთის ანექსია. ანუ, მთელი დასავლური სამყარო 1940-1991 წლებში არ ცნობდა ბალტიისპირეთს, როგორც საბჭოთა კავშირის ლეგიტიმურ ნაწილს. თუმცა, მხოლოდ ეს არაღიარების პოლიტიკა ვერ გახდა საფუძველი ბალტიისპირეთის ქვეყნების სახელმწიფოებრიობის აღდგენისა 1991 წლის სექტემბერში, არამედ ის კონიუნქტურა, რომლის დროსაც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ საბჭოთა კავშირის შიდა მრავალმხრივი კრიზისით ისარგებლა და სისტემური ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის შედეგად იძულებული გახადა გორბაჩოვის ხელისუფლება, ეცნო ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის დამოუკიდებლობა. [12] პოპულარულ ლიტერატურაში, მსგავსი ტიპის პროვინციული საფორტიფიკაციო ერთეულის გენიალური აღწერაა დინო ბუცატის „თათრების უდაბნო.“ იხ. ბუცატი, დინო (2016): თათრების უდაბნო. დიოგენე: თბილისი. [13] იხ. Chay, John – Ross, Thomas E. (2018): “Introduction” In: Chay, John – Ross, Thomas E. (eds.): Buffer States in World Politics. Routledge: London and New York. [14] იხ. Knudsen, Olav Fagelund (2018): “Eastern Europe: The Buffer Effect of a Cordon Sanitaire” In: Chay, John – Ross, Thomas E. (eds.): Buffer States in World Politics. Routledge: London and New York. [15] იხ. Ross, Thomas E. (2018): “Buffer States: A Geographer’s Perspective” In: Chay, John – Ross, Thomas E. (eds.): Buffer States in World Politics. Routledge: London and New York. [16] იხ. კიკნაძე, ზურაბ (მთარგმნ.) (2009): გილგამეშიანი. ძველი შუამდინარული ეპოსი. მემკვიდრეობა: თბილისი. [17] წყარო: Layard, Austin Henry (1853): The Monuments of Nineveh. From Drawings made on the spot by Austin Henry Layard. Illustrated in one Hundred Plates. John Murray. Albemarle Street: London. [18] იხ. Van de Mieroop, Marc (1997): The Ancient Mesopotamian City. Clarendon Press: Oxford. გვ. 73. [19] იხ. ჭელიძე, ედიშერ (რედ.) (2015): ბიბლია. ალილო: თბილისი. [20] იერუსალიმის სოლომონის ტაძარი ბენიტო არიას მონტანოს მიხედვით. ანტვერპენის ბიბლია პოლიგლოტტა, 1576. [21] ლიტერატურის კვლევა ადასტურებს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ვარშავის პაქტთან მიმართებით მნიშვნელოვან ბუფერულ ზონად განიხილავდა შვედეთს, ფინეთსა და იუგოსლავიას . იხ. Lazic, Milorad – Petersson, Magnus (2021): “NATO and the neutrals on the flanks: Finland, Sweden, and Yugoslavia” In Kramer, Mark – Ruggenthaler, Peter – Makko, Aryo (eds.): The Soviet Union and Cold War Neutrality and Nonalignment in Europe. Lexington Books: London; და: Hanhimäki, Jussi M. (1996): The First Line of Defense or a Springboard for Disintegration: The European Neutrals in American Foreign and Security Policy, 1945-1961. Diplomacy and Statecraft 7(2): 378-403. თავის მხრივ, ფინეთისა და ავსტრიის ნეიტრალიტეტი - რაც წარმოადგენდა მათი ნატო-ს წევრობის ალტერნატივას, მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებდა კრემლის უსაფრთხოებისთვისაც. მართალია, საბჭოთა ლიდერები ევროპული ქვეყნების ნეიტრალიტეტზე მხოლოდ მაშინ აცხადებდნენ თანხმობას, როდესაც ამ ქვეყნებში კომუნიზმის დამყარების შანსი მინიმალური იყო, მაგრამ მათთვის ნეიტრალიტეტი ყოველთვის უფრო უკეთეს არჩევანს წარმოადგენდა, ვიდრე ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის აღმოსავლეთით გაფართოება. იხ. Mueller, Wolfgang (2016): The USSR and Permanent Neutrality in the Cold War. Journal of Cold War Studies 18(4): 148-179; და Ross, Thomas E. (2018): “Buffer States: A Geographer’s Perspective” In: Chay, John – Ross, Thomas E. (eds.): Buffer States in World Politics. Routledge: London and New York. [22] იხ. Békés, Csaba (2019): Enyhülés és emancipáció: Magyarország, a szovjet blokk és a nemzetközi politika, 1944–1991 [დეტანტი და ემანსიპაცია: უნგრეთი, საბჭოთა ბლოკი და საერთაშორისო პოლიტიკა, 1944-1991]. Budapest: Osiris Kiadó—MTA TK. ამ მომენტისათვის არსებობს წიგნის მხოლოდ უნგრულენოვანი ვერსია; ინგლისურენოვანი თარგმანის გამოცემა იგეგმება 2022 წლის გაზაფხულისათვის. [23] ბეკეშის თანახმად, სტალინისგან განსხვავებით, ხრუშჩოვს სურდა ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაში ნამდვილი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი შეექმნა, რაც დაეფუძნებოდა მისი წევრი ქვეყნების ნამდვილ ნებაყოფლობით თანხმობას კოლექტიური თავდაცვის შესახებ. მართალია, ამ ახალ კოლექტიურ ალიანსში საბჭოთა კავშირი კვლავ წამყვან და გადამწყვეტ როლს ითამაშებდა, მაგრამ ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაცილებით მეტი თავისუფლება ეძლეოდათ. ერთ-ერთ მოხსენებაში ხრუშჩოვი მათ ავალდებულებს გახდნენ უფრო აქტიურნი და დამოუკიდებლად წამოაყენონ საერთაშორისო ინიციატივები. ეს, რა თქმა უნდა, არ მოასწავებდა იმას, რომ კრემლმა ამ ქვეყნებს სრული თავისუფლება მიანიჭა, მაგრამ ნამდვილად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მათი თავისუფლება საერთაშორისო პოლიტიკის არენაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, მათ ეძლეოდათ სრული თავისუფლება ახალ საერთაშორისო ინიციატივათა ინიცირებისა; მოგვიანებით, ამ ინიციატივას კრემლი განიხილავდა და თუკი გადაწყვეტდა რომ ეს ინიციატივა მართებული იყო, ინიციატორ ქვეყანას შეეძლო დასახული გეგმა გაესაჯაროებინა, მოგვიანებით კი, ამ ინიციატივას საბჭოთა კავშირი და ბლოკის სხვა ქვეყნები მხარს დაუჭერდნენ. მეტი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ინგლისურენოვანი პოდკასტი, სადაც ბეკეში საუბრობს მისი ახალ გამოქვეყნებული წიგნის „დეტანტი და ემანსიპაცია“ შესახებ, ბმულზე: https://soundcloud.com/user-617631673/why-east-europe-mattered-a-new-history-of-the-cold-war?fbclid=IwAR18BMOCK2cXTBDh3HJbbSvEcC2qjAmv8c8UuwA48OcMq9BpaNxNrUfLmBw (წვდომა: 01.09.2021). [24] „ემანსიპაციის თეორიის“ გავრცობა კრემლის ბუფერულ ზონებზე „აღმოსავლეთის ბლოკის“ დასავლეთით და აღმოსავლეთით, ვრცელ თეორიულ და პრაქტიკულ კვლევას მოითხოვს, ამიტომაც ჩემი დაშვება ამ ეტაპზე დაეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ „ემანსიპაციის თეორიაში“ მოცემულ ემანსიპაციას საბჭოთა კავშირთან, დასავლურ სამყაროსთან და მესამე მსოფლიოსთან მიმართებით გარდა „აღმოსავლეთის ბლოკის“ ქვეყნებისა, განსხვავებული ინტენსივობით განიცდიდნენ როგორც ნეიტრალური ბლოკის, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები; ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ეს პროცესი კვლავ გრძელდება, იმ ძირეული განსხვავებით, რომ მოვლენათა ეპიცენტრმა აღმოსავლეთით გადმოინაცვლა და ამ პროცესში (ასევე განსხვავებული ინტენსივობით) ჩართულნი არიან ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები. [25] სიმპოზიუმის შესახებ ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://bik.ac.at/konferenz-european-neutrality-and-the-kremlin-during-the-cold-war/ (წვდომა: 27.08.2021). [26] იხ. Kramer, Mark – Ruggenthaler, Peter – Makko, Aryo (eds.): The Soviet Union and Cold War Neutrality and Nonalignment in Europe. Lexington Books: London. [27] იგულისხმება ალბანეთის ნაწილობრივი-ნეიტრალიტეტის (quasi-neutrality) პოლიტიკა 1970-იანი წლების ბოლოდან. წიგნში ასევე ცალკე ქვეთავი ეთმობა უნგრეთის ნეიტრალიტეტს 1956 წლის რევოლუციისას. იხ. Austin, Robert C. (2021): “Albania: Exploiting Relevance and Irrelevance during the Cold War” In: Kramer, et. al. (eds.). p. 344. [28] ალბანეთმა ვარშავის პაქტი ფორმალურად 1968 წელს დატოვა, რის შემდეგაც გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სატელიტი ევროპაში. საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის გზები 1948 წელს გაიყო. [29] აღსანიშნავია, რომ შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, ფინეთი დღესაც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს და დღესაც არიან ცალსახად დასავლური ორიენტაციის. 1995 წლიდან შვედეთი, ავსტრია, ფინეთი გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. [30] ჰარვარდში არსებული დეივისის ცენტრის დირექტორისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის მარკ კრამერის შეხედულებით, ევროპის ნეიტრალური ქვეყნებიდან ყველაზე დასავლური, და რიგ შემთხვევებში რადიკალურად ანტი-საბჭოური, იყო შვეიცარია, ფინეთში კი პირიქით - ყველაზე მაღალი იყო კრემლის გავლენები. იხ. მარკ კამერის მოხსენება დეივისის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ვებინარზე საბჭოთა კავშირისა და ევროპის ნეიტრალური ქვეყნების ურთიერთობების შესახებ ცივი ომის პერიოდში ბმულზე: https://daviscenter.fas.harvard.edu/events/soviet-union-and-neutral-european-countries-during-cold-war (წვდომა: 30.08.2021). ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) პროფესორი პოლიტიკის მეცნიერებებში, ჰარტო ჰაკოვირტა 1983 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ფსიქოლოგიური და გეოსტრატეგიული დაშორებისა და ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით, შვეიცარიასა და შვედეთზე საბჭოთა კავშირს გაცილებით ნაკლები გავლენა ჰქონდა, ვიდრე ავსტრიასა და ფინეთზე. ამასთანავე, ფინეთი გაცილებით უფრო მეტად მგრძნობიარე იყო კრემლიდან მომავალი სიგნალებისა, ვიდრე ავსტრია. მეტი ინფორმაციისათვის იხ.: Hakovirta, Harto. (1983). The Soviet Union and the Varieties of Neutrality in Western Europe. World Politics 35(4), 563-585. p. 569. გამომდინარე იქიდან, რომ ფინეთისა და ავსტრიის ნეიტრალიტეტი, შვეიცარიისა და შვედეთის ნეიტრალიტეტისაგან განსხვავებით, განპირობებული იყო ცივი ომის თემატიკითა და კრემლის უშუალო გავლენით, ასევე ფინეთისა და ავსტრიის შედარებითი გეო-პოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ფინეთის შემდეგ, კრემლის ყველაზე ძლიერი გავლენა ამ ქვეყნებში იყო ავსტრიაში. იხ. Rainio-Niemi, Johanna (2021): “Neutrality as Compromises. Finland’s Cold War Neutrality” In: Kramer, Mark – Ruggenthaler, Peter – Makko, Aryo (eds.): The Soviet Union and Cold War Neutrality and Nonalignment in Europe. Lexington Books: London. p. 76. [31] იხ. Morgenthau, Hans J. (1958): Dilemmas of Politics. University of Chicago Press: Chicago. [32] იხ. პეტერ რუგგენტალერის მოხსენება დეივისის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ვებინარზე საბჭოთა კავშირისა და ევროპის ნეიტრალური ქვეყნების ურთიერთობების შესახებ ცივი ომის პერიოდში ბმულზე: https://daviscenter.fas.harvard.edu/events/soviet-union-and-neutral-european-countries-during-cold-war (წვდომა: 30.08.2021). [33] ფინეთის ისტორიის შესახებ იხ. დიმიტრი გოგოლაშვილი მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი ჰენრიკ მეინანდერის მონოგრაფია: მეინანდერი, ჰენრიკ (2015): ფინეთის ისტორია. მიმართულებები, სტრუქტურები, გარდატეხები. მერებაშვილი-ტიკესონის გამომცემლობა: თბილისი. [34] აღმოსავლეთ კარელია და დასავლეთ კარელიის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დღეს რუსეთის შემადგენლობაში მყოფი კარელიის ფედერალური რესპუბლიკის შემადგენლობაში მდებარეობს. ცნობისათვის, ფინეთის ნაციონალური ეპოსი „კალევალა,“ სწორედ კარელიის ტერიტორიაზე შეგროვილი ფოლკლორული მონათხრობების საფუძველზეა შექმნილი. ფინეთის ერი-სახელმწიფოს ისტორიული სივრცის ტიპოლოგიური კვლევის შესახებ იხ. Häkli, Jouni (2008): Regions, Networks and Fluidity in the Finnish nation-state. National Identities 10(1): 5-20. [35] იხ. M. B. (1941). Finland and the Claim to Eastern Karelia. Bulletin of International News 18(25): 1958-1960. [36] იხ. https://www.rferl.org/a/1103688.html (წვდომა: 31.08.2021). [37] ფინეთის აღმოსავლეთის პოლიტიკას, ისევე როგორც ავსტრიისა და მოგვიანებით გერმანიის (ostpolitik) აღმოსავლეთის პოლიტიკებს, დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში, და განსაკუთრებით ვაშინგტონში, უნდობლობით უცქერდნენ. ფინეთის შემთხვევაში, დასავლეთში დამკვიდრდა კიდევაც ტერმინი „ფინლანდიზაცია,“ რასაც ნეგატიური კონოტაცია გააჩნდა, ხაზს უსვამდა რა ფინეთის ზედმეტად (და საეჭვოდ) კონსტრუქციულ დამოკიდებულებას კრემლთან, ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადასვლის პერსპექტივით. თავის მხრივ, ფინეთის აღმოსავლეთის პოლიტიკას ქვეყნის პრეზიდენტი ურჰო კეკონენი „ფინურ პარადოქსს“ უწოდებდა. მისი თქმით, ფინეთის დასავლეთთან თანამშრომლობის შანსების ზრდა პირდაპირ პროპორციული იყო ქვეყნის მიერ კრემლის ნდობის მოპოვების ხარისხზე. ანუ, კრემლის ნდობის დამსახურება ზრდიდა ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციის შანსს. იხ. Rainio-Niemi (2021): “Neutrality as Compromises. Finland’s Cold War neutrality” In: Kramer, et. al. (eds.). [38] იხ. Rentola, Kimmo (2021): “Soviet Attitudes to Finnish Neutralism, 1947-1989” In: Kramer, et. al. (eds.). [39] ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულების ტექსტი იხ. ბმულზე: https://www.cvce.eu/en/obj/state_treaty_for_the_re_establishment_of_an_independent_and_democratic_austria_vienna_15_may_1955-en-5c586461-7528-4a74-92c3-d3eba73c2d7d.html (წვდომა: 31.08.2021). [40] იხ. საბჭოურ და ავსტრიულ მხარეებს შორის 1955 წლის 15 აპრილს დადებული მემორანდუმის გერმანულენოვანი ტექსტი ბმულზე: https://www.cvce.eu/en/obj/memorandum_uber_die_besprechungen_der_sowjetunion_und_osterreich_15_april_1955-de-63977731-04e8-4657-87fa-1d48c3ea6a18.html (წვდომა: 01.09.2021). [41] 1955 წლის ავსტრიის ნეიტრალიტეტის აქტი იხ. ბმულზე: https://www.parlament.gv.at/POOL/BILDER/41599/4159953_500.shtml?backurl=https%3A%2F%2Fwww.parlament.gv.at%2FENGL%2FPERK%2FHIS%2FREP2%2F1955%2Findex.shtml (წვდომა: 31.08.2021). საინფორმაციო ბლოგი ავსტრიის ნეიტრალიტეტის შესახებ, იხ. ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმულზე: https://www.parlament.gv.at/ENGL/PERK/HIS/REP2/1955/index.shtml (წვდომა: 31.08.2021). [42] იხ. Békés, Csaba (2021): “The Neutrality of Hungary during the 1956 Revolution” In: Kramer, et. al. (eds.). [43] იხ. პეტერ რუგგენტალერის მოხსენება დეივისის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ვებინარზე საბჭოთა კავშირისა და ევროპის ნეიტრალური ქვეყნების ურთიერთობების შესახებ ცივი ომის პერიოდში ბმულზე: https://daviscenter.fas.harvard.edu/events/soviet-union-and-neutral-european-countries-during-cold-war (წვდომა: 30.08.2021). [44] წესით, Fig. 4-ის მიხედვით, დასავლური ნეიტრალური ქვეყნებიდან ყველაზე აღმოსავლეთით ფინეთი და არა ავსტრია მდებარეობს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ ქვეყნების განლაგება გარკვეულწილად პირობითია და ზოგად სურათს წარმოაჩენს. ჩეხოსლოვაკიის შემთხვევაში, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ავსტრიული მოდელი გაცილებით ახლოს იდგა, ვიდრე - ფინური. [45] „უელსის დეკლარაციის“ ინგლისურ-ენოვანი ტექსტი იხ. ბმულზე: https://digitalarchive.wilsoncenter.org/document/144967.pdf (წვდომა: 01.09.2021). [46] წყარო: Spohr Readman, Kristina (2006): Between Political Rhetoric and Realpolitik Calculations: Western Diplomacy and the Baltic Independence Struggle in the Cold War Endgame. Cold War History 6(1): 1-42. p. 8. [47] Fig. 5-ში წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, შვედეთი და შემდეგ ავსტრია უნდა მდებარეობდეს ჩვენს მიერ Fig. 4-ზე წარმოდგენილ პირობით შკალაზე. [48] როგორც ლიტერატურის კვლევიდან დგინდება, 1960-იან და ადრეულ 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირი ხშირად აფრთხილებდა შვეიცარიას, თავი შეეკავებინა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (EEC) წევრობისაგან. იგივე მოთხოვნებს უყენებდა კრემლი ავსტრიასაც. იხ. Hakovirta, 1983, p. 565-566.