გორბაჩოვის ფონდის საარქივო მასალების კვლევისათვის


ცოტნე ჭანტურია | კრიტიკა | 15 აპრილი


ინსტიტუციური მეხსიერება

მოგონებებსა და მეხსიერებას წამყვანი როლი ენიჭება პიროვნების თვით-გააზრების, თვით-იდენტიფიკაციისა და ზოგადად აზროვნების საკითხში. თუკი არ არსებობს მეხსიერება, ვერ არსებობს ადამიანი. აუდიო-ვიზუალური ტრანსლირება კარგია, მაგრამ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებისა და შენახვის გარეშე (რომელიც, თავის მხრივ, იმ მიზნით კეთდება, რომ სამომავლოდ იქნეს შესწავლილი), ეს საქმიანობა აზრს კარგავს იმ მომენტიდან, როდესაც ეს ტრანსლირება სრულდება.


იგივე ითქმის ინსტიტუტების შესახებაც - ინსტიტუციური მეხსიერება ეს ხომ საზოგადოების კრებითი მეხსიერების უმნიშვნელოვანესი პირველწყაროა, ერთგვარი წერილობითი და/ან აუდიო-ვიზუალური ამონაწერი მისი ცხოვრებიდან. ის ძალიან ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს ერთის მხრივ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომლისთვისაც და რომელთან კვეთაშიც ეს ინსტიტუტი ოპერირებს და, მეორეს მხრივ, თავად ამ ინსტიტუტსა და იქ დასაქმებულ პირებზე (ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი, ინსტიტუტების მიერ გატარებულ/წარმოებული პოლიტიკაა). მხოლოდ წამყვანმა აქტორებმა ამ ინსტიტუტისა შეიძლება დაბეჯითებით იცოდნენ თუ რა მექანიზმები არსებობს კონკრეტული პოლიტიკის საწარმოებლად და თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმები? რა პირობები არსებობს ამ მექანიზმების განსახორციელებლად? რომელი მხარე რა რესურსს ფლობს და რას სთავაზობს სხვას? ვის რა უნდა ერგოს და როგორ? და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომაც, პოლიტიკური პროცესების კვლევის ყველაზე ობიექტური მეთოდოლოგია, მოიცავს პოლიტიკური ინსტიტუტების მეხსიერების კვლევას. მეტი თვალსაჩინოებისათვის, „უოტერგეიტის“ საქმეს რომ არ შევწვდეთ, ამა წლის თებერვალში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისიდან მეხსიერების ბლოკების ამოღების ფაქტიც სწორედ ამ ჭეშმარიტების დემონსტრირებაა. აქ არ ვსაუბრობ ამ ქმედების სამართლებრივ შეფასებაზე, უბრალოდ, ეს არის ილუსტრაცია, დამდასტურებელი იმისა თუ რამდენად სენსიტიური და მრავლისმთქმელია ინსტიტუციური მეხსიერება.


პოლიტიკოსების რიტორიკა, მათ მიერ de-facto გადადგმული ნაბიჯები და შემდეგ ამ ყველაფრის გაშუქება მასმედიის მიერ, არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ - ეს ყველაფერი მაინც ფასადად რჩება. ფასადს მიღმა კი დაახლოებით ისეთივე რამ ხდება,  როგორც ის პროცესი თუ რა ხდება ჩვენს გონებაში მაშინ, როდესაც ვაკეთებთ ნებისმიერ არჩევანს; ვაკეთებთ არჩევანს „კი“-სა და „არა“-ს შორის. სწორედ, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ობიექტური დაკვირვება იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას ვიკვლიოთ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ინსტიტუტები, დავადგინოთ მათი მიზნები და, საბოლოოდ, ამ მასალის ფასადურ ინფორმაციასთან სინთეზის შედეგად შევიქმნათ სრულყოფილი წარმოდგენა მიმდინარე პროცესებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ინსტიტუციური მეხსიერება ერთგვარი გამხსნელი დეტალია პოლიტიკური პროცესების კვლევის ფაზლისა, ჩასვამ ამ დეტალს და შენს მიერ შეგროვილი ფასადური ფაქტები კანონზომიერად ლაგდება და ლოგიკურ ფორმას იძენს (თუმცა არა იდეალურს - ეს უკვე ზუსტი მეცნიერებების ამოცანაა).


ინსტიტუციური მეხსიერება მრავალი ტიპის/ფორმის ინფორმაციას მოიცავს. ამ თემაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს რადგან ეს ცალკე კვლევის საკითხია, ამიტომაც თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ინსტიტუციური მეხსიერების კლასიკური ტიპის ინფორმაციაზე - ეს არის წერილობითი ჩანაწერი. თანამედროვე ტერმინოლოგიით, ჩვენ მას სტენოგრაფიულ ჩანაწერს ვუწოდებთ; ასევე შეიძლება მოხსენებული იყოს როგორც შეხვედრის ოქმი, ასე შემდეგ. მოკლედ, ეს არის ორი ან მეტი ადამიანის საუბრის წერილობითი ჩანაწერი. ზოგადად, ყველა ნორმალურად ფუნქციონირებად ინსტიტუტს მეტ-ნაკლებად შეთვისებული აქვს სტენოგრაფიული ფუნქცია, თუმცა კერძო ინსტიტუტებში ამ მხრივ შესაძლოა მეტი თავისუფლება არსებობდეს (ან პირიქით) შიდა საჭიროებებიდან გამომდინარე. საჯარო ინსტიტუტებს რაც შეეხება, მათ გარკვეულწილად სწორედ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის მოვალეობა აკისრებს ამ ვალდებულებას (ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას აქვს მორალური და ხშირად სამართლებრივი უფლება საჯარო ინსტიტუტებს ეს ვალდებულება დააკისროს).


ყველა საჯარო ინსტიტუტს შესაძლოა მეტ-ნაკლებად ინდივიდუალიზებული სტენოგრაფიული პრაქტიკა ჰქონდეს, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ რეჟიმსა და ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად უნგრეთი: კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მინისტრთა საბჭოს სხდომების ოქმები ზედმიწევნითი გულმოდგინებით იწერებოდა (იგივე ითქმის უნგრეთის სოციალისტური მშრომელთა პარტიის პოლიტბიუროს სხდომებზეც), დღევანდელი მდგომარეობით კი, უკვე ათწლეულები გადის რაც მინისტრთა კაბინეტის შეხვედრათა სტენოგრაფიული ჩანაწერები არ კეთდება.


ისტორიკოსისათვის (“ისტორიკოსში” ვგულისხმობ პიროვნებას, რომელიც ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგიით შეისწავლის ისტორიას), რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების კვლევით არის დაინტერესებული, იდეალურია მდგომარეობა როდესაც მისი კვლევითი ბაზა ზედმიწევნით დაოქმებულ სტენოგრაფიულ მასალას მოიცავს. მისთვის ეს ერთგვარი ათას ერთი ღამისეული პასაჟია სადაც მთავარი გმირი განძეულობით სავსე საცავში აღმოჩნდება. ამ მხრივ, საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტი კომუნისტური ქვეყნების ინსტიტუციური მეხსიერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზა ნამდვილად შეიძლება შევადაროთ ამ ათას ერთი ღამისეულ განძეულობის საცავს. ერთადერთი, რისი პოვნაც აქ გაგიჭირდებათ, საიდუმლო პოლიციისა და მასთან აფილირებული ინსტიტუტების (აქ ნებისმიერი ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს ჩრდილოვანი/გასაიდუმლოებული მხარე იგულისხმება) მასალებია - ანუ ინსტიტუციური მეხსიერების ის ნაწილი, რომლის არსებობაც ზოგადად არის ტაბუირებული (როგორც მინიმუმ გასაიდუმლოებული), და რომლის გასაჯაროებაც რადიკალურად შეცვლის საზოგადოების წარმოდგენას მისი უახლოესი წარსულის შესახებ, და დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს აწმყოსა და მომავალზეც. მოლოტოვისა და რიბენტროპის პაქტის გასაიდუმლოებული ქვეპუნქტები, რომელთა გასაჯაროებამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ცივი ომის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის ნგრევაზე იდეალური მაგალითია ამ მხრივ. სამაგიეროდ, ამ ბაზაში იპოვით პოლიტბიუროს სხდომების ოქმებს (რომელიც როგორც წესი გეგმურად ორ კვირაში ერთხელ იმართებოდა), არაგეგმურ სპეციალურ შეხვედრათა სტენოგრაფიულ ჩანაწერებს, წამყვანი პოლიტიკური აქტორების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს და ასე შემდეგ. ანუ პოლიტბიუროს, საბჭოთა მთავრობისა და სხვა საბჭოთა ინსტიტუტების მეხსიერების იმ ნაწილს, რომელიც თავის დროზე გასაიდუმლოებული იყო და სულ ახლახან გასაჯაროვდა.


საარქივო მასალების გასაჯაროების საერთაშორისო პრაქტიკა

სანამ გორბაჩოვის ფონდის საარქივო მასალების განხილვაზე გადავიდოდეთ, რამდენიმე სიტყვით შევეხოთ საარქივო მასალების ხელმისაწვდომობის საკითხს ზოგადად. არსებობს ეგრეთ წოდებული საარქივო მასალების გასაჯაროების „30-წლიანი წესი,“ რაც ერთგვარი არაფორმალური, კრებითი სახელწოდებაა, ამ სფეროში, სხვადასხვა ქვეყნების მიერ მიღებული კანონმდებლობებისა. ეს წესი გულისხმობს, რომ გარკვეული ტიპის საარქივო მასალა, რომელსაც 30 წლიანი ხანდაზმულობა აქვს, უნდა გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი. მაგ. დიდ ბრიტანეთში 1958 წელს მიღებულმა საჯარო ჩანაწერების აქტმა გასაჯაროებისათვის სავალდებულო ხანდაზმულობად 50 წელი განსაზღვრა, მისმა 1967 წლის შესწორებამ კი ეს ვადა 30 წლამდე შეამცირა. 2015 წლიდან ვხედავთ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამ 30-წლიან ვადას 20 წლამდე ამცირებს. 30-წლიანი წესი არსებობს ევროკავშირშიც, რომელიც განისაზღვრება ევროპული საბჭოს 1983 წლის 1 თებერვლის რეგულაციით N 354/83. აღსანიშნავია, რომ ზოგადად ეს „30-წლიანი წესი“ ყველა ტიპის დოკუმენტზე არ ვრცელდება. არსებობს დოკუმენტები, რომელთა სენსიტიურობაც შედარებით მაღალია და მათი გასაჯაროების ხანდაზმულობის ვადაც შესაბამისად არის მაღალი - მაგალითად საბანკო მონაცემები და ასე შემდეგ.


რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ ქვეყნებს, ცივი ომის დასრულებასა და სსრკ-ს ნგრევასთან ერთად მეტ-ნაკლებად მყისიერად გახდა დოკუმენტების დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი. ამ მხრივ, ყველაზე იდეალური ვითარება ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეიქმნა (ჩვენთვის კარგად გასაგები მიზეზების გამო), თუმცა ელცინის დროინდელი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკაც ამ მხრივ ნამდვილად ლიბერალური იყო. ეს იყო ერთგვარი ‘საარქივო მონაცემთა შემგროვებლობის’ პერიოდი დასავლეთის აკადემიური წრეების წარმომადგენელთათვის (და არა მხოლოდ), რამაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სოვეტოლოგიაში, შექმნა რა მყარი ემპირიული ბაზა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ინსტიტუტების საკვლევად.


რატომ „გორბაჩოვის პერიოდი“ და „გორბაჩოვის ფონდი“?

გორბაჩოვის პერიოდში (1985-1991) ადგილი ჰქონდა ისეთი დონისა და ხასიათის მოვლენებს, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადმოსახედიდან სრულიად სამართლიანად შეიძლება კონტინენტური შელფის ფილების შეჯახებას შევადაროთ. მსგავსი ეპიზოდები საერთაშორისო ისტორიაში არის ერთგვარი სიმართლის მომენტი, თეოლოგიური ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ - ჟამი კეთილისა და ბოროტის განრჩევისა, ჟამი იფქლისა და ღვარძლის განცალკევებისა. სწორედ მსგავს გარდამტეხ ეპიზოდებში ცნაურდება სისტემის ჭეშმარიტი სახე, მისი პათოლოგიის დეტალები. შემთხვევით არ უწოდა შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საბჭოთა კავშირში (1987-1991 წლებში) - ჯეკ მეტლოკმა, თავის 1995 წელს გამოცემული წიგნს „იმპერიის აუტოფსია.“


გარდა იმისა, რომ 1985-1991 წლები იყო წლები დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებისა, და ჩემი აზრით აუცილებელი წინაპირობა ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისა, ეს არის ყველაზე გვიანდელი პერიოდი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და კომუნისტური კრემლის სატელიტების ნაციონალურ ისტორიებში, რომლის მომცველი საარქივო მასალებიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ამ პერიოდის საარქივო მასალების შესწავლას - და თან არა მხოლოდ თანამედროვე რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კვლევის კონტექსტში, არამედ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისა და საბჭოთა სატელიტის კვლევის კონტექსტში. ამ მხრივ ყველაზე ძლიერი ემფაზა კი რუსეთის ფედერაციასა და იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე მოდის, რომელნიც ჯერ კიდევ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებულ პოლიტიკურ გზაგასაყარზე დგანან ან ცალმხრივად აიღეს გეზი ძველი კრემლისტური სიძლიერის განსაახლებლად - ანუ იმ ქვეყნებზე, სადაც კონცეპტუალური წყვეტა ძველსა და ახალ რეჟიმებს შორის მინიმალურია.


გორბაჩოვის პერიოდის რუსულენოვანი საარქივო მასალების შემცველი უმნიშვნელოვანესი არასამთავრობო პლატფორმა გორბაჩოვის საერთაშორისო ფონდის ბაზაა. ეს ერთგვარი რუსული ვარიანტია ამერიკული ნაციონალური უსაფრთხოების არქივისა (NSA) იმ განსხვავებით, რომ აქ ქრონოლოგიური ჩარჩო შედარებით ვიწროა. „გორბაჩოვის ფონდი,“ ანუ საერთაშორისო ფონდი სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებებისა 1992 წლის იანვარში დაარსდა - ლამის საბჭოთა კავშირის ფორმალური რღვევისთანავე. ორგანიზაციის შესახებ დამატებით დეტალებს შეგიძლიათ სქოლიოში მიმაგრებული ბმულიდან გაეცნოთ,[1]აქ კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ფონდს მისი დაარსების დღიდან ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ისტორიის ამ კონკრეტული პერიოდის (და პოსტ-საბჭოთა პერიოდის) შესწავლის საქმეში.


2008 წლიდან დღემდე მიმდინარეობს გორბაჩოვის ფონდის ყველაზე მასშტაბური პროექტის, გორბაჩოვის საარქივო მასალების კრებულის პერიოდული გამოცემა (Собрание сочинений М.С.Горбачева). დღევანდელი მდგომარეობით გამოცემულია საარქივო მასალების 29 ტომი, რომელიც ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს 1984 წლიდან 1991 წლის ნოემბრის ბოლომდე (პირველი ტომი მოიცავს გორბაჩოვის პირადი არქივის მასალებს 1961-1984 წლებში). სავარაუდოდ, მიმდინარე ან მომავალ წელს უნდა გამოიცეს ამ სერიის დასკვნითი 30-ე ტომი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 1991 წლის დეკემბრის საარქივო მასალები. ფონდის თანამშრომლები აწარმოებენ კვლევით სამუშაოებს ცენტრალურ არქივში, არედაქტირებენ მოპოვებულ მასალას და სქოლიოების სახით თან ურთავენ საავტორო კომენტარებსა და მითითებებს. მკვლევრისათვის უდიდესი კომფორტია ნაბეჭდი სახით შეიძინოს ეს დამუშავებული მასალა - მართალია ცენტრალურ არქივში მუშაობა გაცილებით მეტ პერსპექტივას იძლევა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს მრავალ დამატებით გარემოებაზეა დამოკიდებული, თან ამ საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალის შესწავლის გარეშე ცენტრალურ არქივში კვლევას დიდი აზრი არა აქვს (საუბარია დაახლოებით 17.000 გვერდამდე წერილობით მასალაზე რომელიც დღევანდელი მდგომარეობით არის გამოცემული). როგორც გამომცემლები გვამცნობენ, გამოქვეყნებული მასალის დაახლოებით 60% პირველად საჯაროვდება ამ პროექტის ფარგლებში. შესაბამისად, მიმაჩნია რომ არა მხოლოდ გორბაჩოვის პერიოდით, არამედ თანამედროვე რუსეთისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური კვლევებით დაინტერესებული პირებისათვის უმნიშვნელოვანესია ამ მასალების კვლევა და ამ მონაცემთა ბაზიდან მათთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვება.


მასალების სანდოობა

რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო გორბაჩოვის ფონდის საარქივო მასალების სანდოობასაც. ცოტათი უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვითვალისწინებ რა საქართველოში არსებულ პოლიტიზებულ გარემოს რუსეთთან და ყველაფერ რუსულთან მიმართებით, ვთვლი რომ აუცილებელია მსგავსი ჩანართის გაკეთება. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც საკითხი საარქივო მასალების რედაქტირებული გამოცემის სანდოობას ეხება, უნდობლობის მიზეზი შესაძლოა გახდეს მხოლოდ და მხოლოდ დედანში არსებული ინფორმაციის მიზანმიმართული დამახინჯება გამომცემლისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ - ეს კი ძალიან სერიოზული ბრალდებაა და თან, დროთა განმავლობაში გამოაშკარავებადი. მსგავსი სახის ფაბრიკაცია საარქივო მასალებისა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი გამომცემელი არის ინსტიტუტი და არა ინდივიდუალური პიროვნება, მინიმალურია, თუმცა თეორიულად არა-გამორიცხული. საბედნიეროდ, ჩვენს შემთხვევაში, საქმე გვაქვს ორგანიზაციასთან, რომელსაც ვრცელი და ახლო ურთიერთობა აქვს დასავლელ მკვლევარებთან, დიპლომატებთან, პოლიტიკოსებთან და ზოგადად ინსტიტუტებთან, რომელნიც ეჭვის ქვეშ არ აყენებენ გამოცემული მასალების სანდოობას, იმოწმებენ რა მათ საკუთარი კვლევების ფარგლებში.


მსგავსი ტიპის გამოცემებში არსებობს ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რომლის ფარგლებშიც გამომცემელი იტოვებს სუბიექტური/ტენდენციური პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას: 1. ეს არის სარედაქციო ჯგუფის მიერ თანდართული სქოლიოები და კომენტარები. შესაბამისად, თუკი მკვლევარს აქვს გარკვეული პრობლემა მისი და გამომცემელი ორგანიზაციისა და სარედაქციო ჯგუფის პოლიტიკურ-კონცეპტუალური ხედვების არათავსებადობასთან, მას შეუძლია თავი აარიდოს რედაქტორისეულ თანდართულ კომენტარებს; 2. ეს არის გამოქვეყნებული მასალების წინასწარი შერჩევის პროცედურა. თეორიულად შესაძლებელია, რომ სარედაქციო ჯგუფმა, რომელიც მსგავსი ტიპის გამოცემებზე მუშაობს, გამოსაცემი მასალის წინასწარი შერჩევისას იხელმძღვანელოს კონკრეტული სარედაქციო პოლიტიკით, რომელსაც მას გამომცემელი ინსტიტუტი დაუწესებს. ამ პროცესის განმავლობაში, შესაძლოა მასალების გარკვეული ნაწილის გამოქვეყნება/გასაჯაროება მიზანმიმართულად იქნეს არიდებული ან პირიქით, წახალისებული. ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულად გორბაჩოვის ფონდის მიერ გამოცემულ მასალაზე, არამედ ზოგადად ტენდენციურობის იმ პრობლემებზე, რომელთა არსებობის თეორიული დაშვება არის შესაძლებელი მსგავსი სახის პუბლიკაციებში.


ზემოაღწერილი გარემოება N2-ის მიერ შექმნილი პრობლემის პრევენცია (ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში) გაცილებით კომპლექსურია, გარემოება N1-ის პრევენციისგან განსხვავებით. ამ გარემოების არსებობას თეორიულად ვერასოდეს გამოვრიცხავთ (ყოველთვის შეიძლება გაკეთდეს თეორიული დაშვება, რომ გამომცემელმა საარქივო მასალების რაღაც ნაწილის გამოქვეყნებას მიზანმიმართულად აარიდა თავი, ან პირიქით), ამიტომაც მკვლევარს ისღა დარჩენია, რომ: ა) დაკმაყოფილდეს გამოქვეყნებული მასალით და ეს მასალა მიიჩნიოს როგორც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ფაქტობრივად არსებული ‘დიდი სიმართლისა’ - ერთი ნაჭერი საერთო მონაცემთა ბაზის ‘პიციდან,’ როდესაც სხვა ნაჭრებს შესაძლოა განსხვავებული გემო და არომატი ჰქონდეს; ბ) თავად აწარმოოს ფიზიკური საარქივო კვლევა გამომცემელთა მიერ დამოწმებულ არქივებში; გ) გადაამოწმოს სხვა საარქივო ბაზებზე დაყრდნობით გამოცემული დოკუმენტური პუბლიკაციები და იქ ეძებოს თეორიული დაშვების შედეგად ნაკლულად მიჩნეული ნაწილები; დ) თავად აწარმოოს ფიზიკური საარქივო კვლევა სხვა საარქივო ბაზებში, სადაც ამ ისტორიული პერიოდის საარქივო მასალები ინახება (უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ როდესაც საქმე საერთაშორისო ურთიერთობებს, ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის სენსიტიურ თემებს ეხება, შესაძლოა ეს ‘ნაკლული’ ინფორმაცია უცხო ქვეყნების ინსტიტუტების საარქივო მასალებში ვიპოვოთ). „ბ,“ „გ,“ და „დ“ შესაძლებლობების არქონის შემთხვევაში, მკვლევარს ისღა დარჩენია რომ ისარგებლოს „ა“ გადაწყვეტით. ზოგადად, ისტორიის კვლევის მეთოდოლოგიას აქვს ზემოაღწერილი სპეციფიკა და მკვლევრის მიერ იდენტურ პრობლემებთან შეჯახება ნორმალური მოვლენაა. ამ ნაკლული „თეთრი ლაქების“ ამოვსება კი დროთა განმავლობაში სისტემური მეთოდოლოგიური მუშაობით მიიღწევა, რაც არის კიდევაც ისტორიული მეცნიერების ცხოვრების ნორმალური რიტმი, ასე რომ, ამ სირთულემ არ უნდა შეგვაშინოს.


ახლა კი, რამდენიმე სიტყვით გორბაჩოვის ფონდის საერთაშორისო კავშირებსა და დასავლელი მკვლევრების მიერ ფონდის გამოცემული მასალების დამოწმების შესახებ, რაც ამყარებს ამ მასალების სანდოობას. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრესის მიერ 2010 წელს გამოცემული საარქივო მასალების რედაქტირებული გამოცემა 1989 წლის შესახებ: “Masterpieces of History. The Peaceful End of the Cold War in Europe, 1989.”[2] გამოცემა მოიცავს ცივი ომის დასრულებასთან დაკავშირებულ 122 მნიშვნელოვან დოკუმენტს (თარგმნილს ინგლისურად ან დედანში ინგლისურ ენაზე), და ამ რედაქტირებული დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ გორბაჩოვის ფონდის არქივშია მოპოვებული. წიგნის ავტორები არიან სვეტლანა სავრანსკაია (რუსეთის პროგრამების დირექტორი ნაციონალური უსაფრთხოების არქივში (NSA)), თომას ბლანტონი (ნაციონალური უსაფრთხოების არქივის დირექტორი) და ვლადისლავ ზუბოკი (ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი საერთაშორისო ისტორიაში); წიგნის წინასიტყვაობა კი ეკუთვნის ანატოლი ჩერნიაევს (გორბაჩოვის მრჩევლობის შემდეგ, გორბაჩოვის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი 2017 წლამდე (გარდ.)) და ჯეკ მეტლოკს (აშშ-ს ელჩი სსრკ-ში, 1987-1991). გორბაჩოვის ფონდის კიდევ ერთი თანამშრომლის, პაველ პალაჟჩენკოს (გორბაჩოვის პოლიტიკური კარიერის დროს იყო მისი ინგლისურენოვანი თარჯიმანი უმაღლესი დონის შეხვედრებზე, იმავე პერიოდში იყო ედუარდ შევარდნაძის თარჯიმანიც) წინასიტყვაობა გვხვდება ჰუვერის ინსტიტუტის (The Hoover Institution at Stanford University) მიერ 2007 წელს გამოცემულ წიგნში „Turning Points in Ending the Cold War.“[3] შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სექტემბრიდან ჰუვერის ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ კონდოლიზა რაისი. ასევე შეგვიძლია დავიმოწმოთ გორბაჩოვის ფონდის მიერ 2009 წელს გამოცემული საავტორო სტატიების კრებული „Breakthrough to Freedom. Perestroika: A Critical Analysis,”[4] რომლის თანაავტორებიც არიან პრინსტონის, ნიუ იორკის, ოქსფორდის, კოლუმბიის უნივერსიტეტების ისეთი ცნობილი პროფესორები და ექსპერტები როგორც სტეფენ კოუენი, არჩი ბრაუნი, ჯეკ მეტლოკი, ასევე დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირსა და რუსეთის ფედერაციაში (1988-1991, 1991-1992) როდრიკ ბრეიტუეიტი. გარდა ამისა, წამყვანი დასავლური უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების მრავალი დასავლელი ექსპერტი იმოწმებს გორბაჩოვის ფონდის საარქივო მასალებს. მოკლედ, ამ დეტალებს მეტად აღარ ჩავუღრმავდები; იმედი მაქვს მკითხველისათვის ნათელია, რომ ამ ორგანიზაციასა და მის მიერ გამოქვეყნებულ საარქივო მასალებს სანდოობის პრობლემა არა აქვს, ყოველ შემთხვევაში დასავლეთის წამყვან ინსტიტუტებში.


კვლევითი თემატიკა რომელიც დაგვაინტერესებს

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევითი თემა, რომლის წარმატებით კვლევის შესაძლებლობასაც იძლევა გორბაჩოვის ფონდის საარქივო მასალები. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა ცივი ომის დასასრულისა და საბჭოთა კავშირის ნგრევას ეხება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი აკადემიური ლიტერატურა არსებობს, რომელიც ეფუძნება ამ პერიოდის საარქივო მასალებს. შესაბამისად, საეჭვოა რომ ქართულმა აკადემიამ ამ თემატიკის კვლევის მხრივ დიდი კონცეპტუალური გარღვევა მოახდინოს - მით უმეტეს, საქართველო არ ფლობის მსგავსი მნიშვნელობის მქონე უმაღლესი დონის საარქივო მასალებს. ასე რომ, ვფიქრობ, სჯობს ეს საქმე უკვე კარგად დახელოვნებულ დასავლელ სოვეტოლოგებს მივანდოთ.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევითი თემა, რომლის კვლევის საშუალებასაც გორბაჩოვის ფონდის მასალები იძლევა, არის კრემლის პოლიტიკა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთთან მიმართებით 1985-1991 წლებში. ეს არის იმპერიული პერიფერიებიდან კრემლის ისტორიული უკანდახევის პერიოდი  - როგორც ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომელთაც მეც ვეთანხმები, კრემლის ერთგვარი „სტრატეგიული უკანდახევა“ იმპერიული ცენტრის შესანარჩუნებლად; ერთგვარი პაუზა შიდა წინააღმდეგობრივ პროცესთა მოსაგვარებლად, რომელიც კრემლს უდიდეს ტერიტორიებზე de-facto და de-jure (ბალტიისპირეთის შემთხვევა) კონტროლის დათმობად დაუჯდა; ასევე ვარშავის პაქტის რღვევად. უნგრელი ისტორიკოსი ჩაბა ბეკეში კრემლის ამ სტრატეგიას „ბრესტ-ლიტოვსკის სინდრომს“ უწოდებს, ავლებს რა ისტორიულ პარალელს ვლადიმერ ლენინის ბრესტ-ლიტოვსკის სტრატეგიასა და მიხეილ გორბაჩოვის საგარეო პოლიტიკას შორის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში. ამ თემატიკაში ბევრი რამ არის საინტერესო საქართველოსთვის - ქვეყნისთვის რომელიც უკვე 30 წელია ცდილობს კრემლის ორბიტიდან დასავლურ ორბიტაზე გადასვლას. ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ემანსიპაცია ზოგადად, 1953 წლიდან 1989 წლის რევოლუციებამდე, მეტად სახასიათო მაგალითია საქართველოსათვის; კრემლის უკანდახევის საგარეო პოლიტიკა კი გორბაჩოვის პერიოდში არის ის ისტორიული პრეცედენტი, რომლის ცოდნაც, ვფიქრობ ქართული მხარისათვის აუცილებელია. მიმაჩნია, რომ ამ კვლევით მიმართულებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და ვისურვებდი რომ საქართველოში არსებული კვლევითი ორგანიზაციები ამ თემატიკით დაინტერესდნენ.


1985-1991 წლების საბჭოთა შიდა პოლიტიკის ისტორია მოიცავს ჩვენთვის ისეთ მტკივნეულ და საგულისხმო საკითხს, როგორიცაა კრემლის პოლიტიკა: ა) საკავშირო რესპუბლიკებთან მიმართებით და ბ) ავტონომიურ ერთეულებთან მიმართებით. ზოგადი კონცეპტუალური შეხედულება, რომელიც ფაქტობრივი გამოცდილების საფუძველზე არის მიღებული, მოიცავს ცენტრისკენულ და ცენტრიდანულ ტენდენციათა კონფლიქტს საბჭოთა მრავალეროვან/მრავალეთნიკურ ფედერაციაში. ერთის მხრივ, საკავშირო რესპუბლიკების უმრავლესობა მიილტვოდა დამოუკიდებლობისკენ/სეპარაციისკენ რასაც კრემლის კონსერვატიული ძალები ეწინააღმდეგებოდნენ, მეორეს მხრივ კი, ავტონომიური ერთეულების პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი (მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად) მიილტვოდა საკავშირო რესპუბლიკების დაქვემდებარებიდან გამოსვლისკენ, თუმცა საერთო საკავშირო ერთიანობის შენარჩუნების ფარგლებში (ამ შემთხვევის იდეალური მაგალითია აფხაზეთის ასსრ-ს შემთხვევა), რასაც კრემლის ლიბერალური და გარკვეულწილად კონსერვატიული ძალები მხარს უჭერდნენ. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიმდინარე სეპარაციული პროცესების კვლევა. როგორც ვიცით, რსფსრ-ს ავტონომიურ ერთეულთა ერთი „პროგრესული“ ნაწილი ითხოვდა სეპარაციას/დამოუკიდებლობას ფედერაციული ცენტრისგან, საბჭოთა კავშირის ერთიანობის შენარჩუნების ხარჯზე. ამ მიმართულებით კვლევა დიდი ალბათობით გვაჩვენებს თუ სეპარატიზმის რა ტენდენციები არსებობდა რსფსრ-ში 1985-1991 წლებში; მეორე მხრივ ძალიან საინტერესო იქნება ამ კვლევითი დასკვნების სინთეზი თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ნაციონალობის პოლიტიკის კვლევებთან.


კლასიკური თემა, რომელიც ვფიქრობ სულ უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში და განსაკუთრებით საქართველოში, არის დემოკრატიზაციისა და პოსტ-ტოტალიტარული მემკვიდრეობის ფაქტორების ურთიერთმიმართება. გორბაჩოვის დროინდელმა გლასნოსტმაც ხომ ამ მდგომარეობაში ჩააყენა საბჭოთა კავშირი: დაიწყო დემოკრატიზაცია (მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და მას-მედიის თავისუფლების დაცვის სახით) პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებაში (თუკი ვიგულისხმებთ რომ ტოტალიტარიზმს თავისი კლასიკური სახით 1953 წლის შემდეგ აღარ უარსებია, თუმცა ეს საკითხი კვლავ სადავოა). შედეგი, რომელიც მოყვა ამ არატრადიციულ სინთეზს, დამანგრეველი აღმოჩნდა, არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ საზოგადოებებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ მსგავსი ფატალური შედეგების ალბათობა მომავალში მინიმალურია, 1985-1991 წლების პერიოდი წარმოადგენს საფუძველს დემოკრატიზაციისა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ამიტომაც, ვფიქრობ, რეგიონში დემოკრატიზაციის მკვლევრებს გორბაჩოვის ფონდის მასალები აუცილებლად დააინტერესებს.


და ბოლოს, ზემოაღნიშნული საარქივო მასალა იძლევა შესაძლებლობას საქართველოს შესახებ კონტენტ-ანალიზისა. ის, თუ რა კონტექსტში იხსენიება “Грузия” და ამ სიტყვის ნებისმიერი ვარიაცია ამ მასალებში, ვფიქრობ, ეფექტურად წარმოაჩენს 1985-1991 წლების კრემლის პოლიტიკის დამოკიდებულებას საქართველოსადმი, ასე რომ, ეს მასალა საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევრებსაც დააინტერესებს.



[1] The International Foundation for Socio-Economic and Political Studies (The Gorbachev Foundation), https://www.gorby.ru/en/gorbi_fund/about/(01.04.2021)

[2] იხ. Savranskaya, S., Thoms S. B. And Zubok, V. (eds) (2010) Masterpieces of History. The Peaceful End of the Cold War in Europe, 1989. Budapest, New York: Central European University Press.https://ceupress.com/book/masterpieces-history(01.04.2021)

[3]იხ. Skinner, K. K. (ed) (2007) Turning Points in Ending the Cold War. Stanford, California: Hoover Institution Press.  https://www.hoover.org/research/turning-points-ending-cold-war(01.04.2021)

[4] იხ. The Gorbachev Foundation (2009) Breakthrough to Freedom. Perestroika: A Critical Analysis. R. Valent Publishers. http://dmitriyfurman.ru/wp-content/uploads/2012/03/breakthrough_to_freedom.pdf (01.04.2021)