top of page

2021 წლის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები


ზურაბ სამარღანიშვილი | კრიტიკა| 12 ნოემბერი, 2021



2021 წლის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს(Госуда́рственная ду́ма) არჩევნებში, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის საბოლოო მონაცემებით, გამარჯვება მოიპოვა ვლადიმერ პუტინის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“. იგი კვალ ინარჩუნებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, თუმცა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო ნაკლები მანდატი მოიპოვა.


„ერთიანი რუსეთის“ რეიტინგის ვარდნა მრავალი მიზეზით შეიძლება აიხსნას, მათ შორის, ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური ვითარებით. 2018 წელს მიღებულმა არაპოპულარულმა გადაწყვეტილებამ საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით ასევე იქონია მასზე გავლენა. ამასთანავე, პარტიის სათავეებთან ჯერ კიდევ დგანან ისეთი ფიგურები, როგორიცაა, მაგალითად, დიმიტრი მედვედევი. „ლევადა“ ცენტრის გამოკითხვების თანახმად, მედვედევის რეიტინგი სტაბილურად განიცდიდა ვარდნას წლების განმავლობაში. 2007 წელს მას გამოკითხულთა მხოლოდ 33% არ ამართლებდა, 2019 წელს კი უარყოფითად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა და 66% შეადგინა.


პარტიის რეიტინგის ვარდნას პოლიტიკური ლიდერებს შორის დისონანსი არ გამოუწვევია. მათ მიაჩნიათ, რომ „ერთიანი რუსეთი“ წარმოადგენს რეჟიმის საყრდენს და ნებისმიერი რადიკალური ცვლილება დესტაბილიზაციასა და კონტროლის მექანიზმების დაკარგვას გამოიწვევს. როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას იზიარებს თავად ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც არაერთხელ მიიღო მონაწილეობა პარტიის მხარდამჭერ კამპანიაში. თავდაპირველად, ის წარმოადგენდა „კლიენტს“, რომლის დაკვეთაც იყო პარტიას არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არამედ დამაჯერებელი გამარჯვება მოეპოვებინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოკითხვების შედეგად, ნათელი გახდა პარტიის არასასურველი რეიტინგი, მას უშუალოდ მოუწია პროცესებში ჩარევა.


პარტიის რიგით მეოცე კონგრესზე, ვლადიმერ პუტინმა პარტიული რიგების ახალი კონფიგურაცია წარადგინა. სიის პირველი სამეული დაკომპლექტდა შემდეგნაირად: 1. სერგეი შოიგუ (მედვედევის ნაცვლად) 2. სერგეი ლავროვი და 3. დენის პროცენკო (კოვიდპაციენტების მოსკოვის მთავარი საავადმყოფოს წამყვანი ექიმი). არც ამ პოლიტ-ტექნოლოგიამ მოახდინა საზოგადოებრივი განწყობების რადიკალური ცვლილება. ცნობილი და გავლენიანი ფიგურების პარტიული სიის სათავეებთან მხოლოდ არჩევნებისთვის დაყენება და არჩევნების შემდგომ მათ მიერ მანდატებზე უარის თქმა, რუსი ამომრჩევლისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ამდენად, კრემლი იძულებული გახდა ხისტი მეთოდეებისთვისაც მიემართა.


მოწამვლის და, შემდგომ, ციხეში გამოკეტვის მიუხედავად, ნავალნი რჩება კრემლის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად. მისი ინიციატივით შემუშავდა „ჭკვიანი ხმის მიცემის სტრატეგია“, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების მობილიზებას კონკრეტული ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდასაჭერად „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატების წინააღმდეგ. რუსეთში გამოკითხული მოსახლეობის 65% აცხადებს, რომ ჭკვიანი ხმის მიცემის სტრატეგიის შესახებ არც კი სმენიათ. შესაბამისად, მისი ეფექტიანობის თაობაზე კონსესუსი არ არსებობს. დენის ვოლკოვი მიიჩნევს, რომ სტრატეგიას გარკვეული ეფექტი ჰქონდა, რაც, ერთი მხრივ, ნავალნის მხარდაჭერით იყო განპირობებული. მისი აზრით, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ნავალნის პარტიას პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი ჰქონდა, თუ მას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდნენ. ასეა თუ ისე, სტრატეგია კრემლში საფრთხედ მიიჩნიეს; დაიბლოკა ყველა ის ვებ-გვერდი, რომელიც ჭკვიანი ხმის მიცემის სტრატეგიას უკავშირდებოდა; რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, „გუგლისა“ და „ეფლის“ სისტემებიდან გარკვეული დროით, არჩევნების პერიოდში, გაქრა აპლიკაცია „ნავალნი“. ამასთან ერთად, არ შეწყვეტილა თავისუფლებაზე მყოფი ნავალნის მომხრეების დევნა.


პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შევიწროების პარალელურად, ფიქსირდებოდა მასობრივი მოსყიდვის ფაქტებიც. უშუალოდ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ხელფასებზე დანამატები დაურიგდათ სამართალდამცავი და სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლებს.


ყველა ნაბიჯი, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გადადგმული, ემსახურებოდა არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფას სკანდალისა და ხმაურის გარეშე. ამაში ხელისუფლებას არჩევნების სამდღიანი ვადაც უნდა დახმარებოდა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დასაწყისშივე კრემლი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდა, აღარ გახდებოდა საჭირო ჩარევა, ხოლო თუ მოვლენები არასასურველი სცენარით განვითარდებოდა, ხელისუფლებაც შესაბამისად მოიქცეოდა.  არჩევნების პროცესში ხელისუფლების ღია ჩარევა შედეგების ლეგიტიმაციას კიდევ უფრო გაართულებდა. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგების განსაზღვრაში კრემლის კვალი მკაფიოა.


რუსეთში სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის მანიპულირების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი დისტანციური ხმის მიცემის სისტემა იყო. რუსი დამოუკიდებელი ექსპერტის, სერგეი შპილკინის განცხადებით, პარტია „ერთიანი რუსეთის“ სასარგებლოდ „ჩაიყარა“ 14 მილიონი გაყალბებული ბიულეტინი როგორც ელექტრონულ რეჟიმში, ისე უშუალოდ საარჩევნო უბნებზე. ამას გარდა, არსებობს ეჭვი, რომ უმრავლესობამ გადაწყვეტილება საკუთარი ნების წინააღმდეგ მიიღო. ამომრჩევლების ვინაობა დაფარული არაა, ხოლო სისტემას ღრმად აქვს ფესვები გადგმული სახელმწიფო უწყებებში. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მეორე უმსხვილესი „VTB“ ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ ხელმძღვანელობამ ყველა თანამშრომელს ხმის მიცემა ელექტრონულად მოსთხოვა, ხოლო ვინც მოთხოვნას არ შეასრულებდა, მათ სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდნენ. სისტემა მანიპულაციის განუსაზღვრელ შესაძლებლობას იძლევა - ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე, დამკვირვებლებს წვდომა შეეზღუდათ ელექტრონული ხმის მიცემის პორტალზე და რამდენიმე საათის შემდგომ ეცნობათ დაჯამებული შედეგები. პლუს ამას, სისტემა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობას იძლეოდა, რომლის არაერთი ფაქტიც დაფიქსირდა. გადაწყვეტილება ამომრჩეველმა შეცვალა, თუ სისტემამ ამომრჩევლის ნაცვლად, უცნობია. დისტანციური ხმის მიცემის პროცესის ლეგიტიმაციაში ეჭვი არ შეუტანია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „ეხო მასკვის“ უფროსს, ალექსეი ვენედიკტოვს, რომელიც აკვირდებოდა ელექტრონული ხმის მიცემის პროცესს.


ოპოზიციური პარტიები

ერთი შეხედვით, 2021 წლის არჩევნების შედეგად არაფერი არ შეცვლილა, რადგან კონსტიტუციური უმრავლესობა კვლავ სახელისუფლებლო პარტიამ მოიპოვა. თუმცა, ეს ასე არ არის, რადგან, სულ მცირე, რუსეთში საპარლამენტო პარტიულმა სისტემამ განიცადა ტრანსფორმაცია. მანამდე არსებობდა ერთგვარი დიქოტომია: „სისტემის შიგნით“ არსებული პარტიები (ისინი, რომლებიც დუმაში იყვნენ წარმოდგენილები) და „არასისტემური“ პარტიები (პარლამენტის მიღმა ანტი-პუტინისტური, ოპოზიციური ძალები). 2021 წლის არჩევნების შედეგად კი წარმოიშვა განსხვავებული ფენომენი, რასაც ექსპერტები „ადმინისტრაციულ“ პარტიებს უწოდებენ[1]. „ადმინისტრაციული“ პარტიის ერთ-ერთი ნიშანდობლივი მახასიათებელი ის არის, რომ იგი შექმნილია კრემლის ნებისა და დაკვეთის შესაბამისად, რომლის არარსებობის შემთხვევაში ესა თუ ის პარტია არ იარსებებდა პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ აქტორების მთავარი ამოცანა „ერთიანი რუსეთის“ დაკარგული რეიტინგის ათვისებაა.


რუსეთში „ადმინისტრაციულ“ პარტიებად მოიაზრება: „ახალი ხალხი“, „პენსიონერთა პარტია“, „მწვანე ალტერნატივა“, „მწვანე პარტია“ და „რუსეთის კომუნისტები“ (ეს უკანასკნელი არ უნდა აგვერიოს ტრადიციულ კომპარტიაში). მათგან დუმაში მოსახვედრად აუცილებელი ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ „ახალი ხალხი-ის“ პარტიამ გადალახა. ოპოზიციური პარტიებისთვის ხმების წართმევის მიზნით ახალი აქტორების წარმოშობა რუსულ პოლიტიკაში სიახლე არ არის. 2003 წელს პარლამენტში შევიდა ბლოკი „სამშობლო“, თუმცა იგი მალევე განუდგა კრემლს, რასაც 2005 წელს პარტიის დაშლა მოყვა. რუსეთის პარლამენტში ახალი პრო-სახელისუფლებლო პარტიის შესვლა საფრთხის შემცველია როგორც „ერთიანი რუსეთისთვის“, ისე „სისტემური“ პარტიებისთვის. პირველს აღარ აქვს პრო-სახელისუფლებლო პარტიის მონოპოლიური ნიშა, ხოლო „სისტემური“ პარტიებისთვის ეს არის გზავნილი, რომ მათთან მოლაპარაკების ნაცვლად, კრემლმა შესაძლოა გამოიყენოს ალტერნატიული გზა და ისინი ეტაპობრივად ჩაანაცვლოს სხვა პარტიებით.


სისტემის შიგნით მყოფ და ადმინისტრაციულ პარტიებს მრავალი საერთო მახასიათებელი აქვს. ამავე დროს, მათ შორის განსხვავება საკმაოდ მკაფიოა. ისეთი მსხვილი ოპოზიციური ძალას, როგორიცაა კომპარტია (რომელიც სისტემის შიგნით მოიაზრება), გააჩნია საკუთარი ელექტორატი, რომელთა განწყობებიც დამოკიდებულია პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებებზე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კომპარტია ანგარიშს უწევს კრემლის მიერ დაწესებულ თამაშის წესებს, ამომრჩევლის შენარჩუნების მიზნით იგი ერიდება გარკვეული წითელი ხაზების გადაკვეთას და ნელი ტემპით აგრძელებს დინების საწინააღმდეგოდ სვლას.


რუსეთის კომუნისტური პარტიის ელექტორატის ძირითადი ბირთვი უკმაყოფილო საშუალოზე მაღალი ასაკის მოსახლეობაა. პარტიას აქვს სოლიდური რეიტინგი, მაგრამ 2021 წლის არჩევნებზე მოპოვებულმა ხმების რაოდენობამ არსებულ მოლოდინს გადააჭარბა. მას უკეთესი შედეგიც კი შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ მისი მხარდაჭერისგან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი თავს პარტიის ღირებულებების გამო იკავებს. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური ძალების, მათ შორის, პარლამენტს მიღმა დარჩენილი კანდიდატების კონსოლიდაცია სწორედ კომუნისტური პარტიის ირგვლივ მოხდა და შეიქმნა ერთიანი საპროტესტო მოძრაობა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.


თავად კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი, გენადი ზიუგანოვი აკრიტიკებს არჩევნების შედეგებს. მისი აზრით, სამდღიან არჩევნებს დამატებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა ჰგავს ორფაზიან ბომბს, რომელიც სტაბილურ ვითარებას ააფეთქებს. ამასთანავე დასძენს, რომ ეს საფრთხეს უქმნის იმ სტაბილურ გარემოს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდა. კომუნისტური პარტიის ლიდერების დისკურსი უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ თანამედროვე რუსეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს „მეხუთე კოლონა“ (იგულისხმება დასავლეთი) წარმოადგენს. ზიუგანოვის მოადგილე, იური აფონინი სახელმწიფო ტელევიზიებში აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებით და, ამის შედეგად, დესტაბილიზაციით სწორედ დასავლეთია დაინტერესებული. „ქვეყნის შიგნით ნამდვილი აგენტები ისინი არიან, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობას არღვევენ“ - ამბობს აფონინი. განსხვავებით თანაპარტიელებისგან, ვალერი რაშკინი, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს წევრია კომუნისტური პარტიის ეგიდით, ღიად აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე პუტინია პასუხისმგებელი. ნათლია, რომ პარტიაში არსებობს აზრთა სხვაობა. მათ მოწინავე რიგებში იმყოფებიან ისეთები, რომლებიც პუტინს ეთაყვანებიან და ისეთებიც, რომლებიც სისტემის საჯარო კრიტიკას არ ერიდებიან.


საინფორმაციო სააგენტოს „მედუზა“ ცნობით, პარტიის ლიდერები საკუთარი მხარდაჭერით მანიპულირებენ და სახელმწიფო სათათბიროში გავლენების მოპოვების მიზნით კრემლთან ვაჭრობენ. 2021 წლის 25 სექტემბერს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ონლაინ-შეხვედრა გამართა პარლამენტში მოხვედრილ ოპოზიციურ პარტიებთან, რომელთა შორისაც იყო კომუნისტური პარტიაც. შეხვედრისას პუტინმა ისაუბრა არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე. ასევე, ონლაინ ხმის მიცემის რეჟიმზე, რომელის შედეგებსაც ზუგანოვის პარტია არ აღიარებს. პუტინის თქმით, ოპოზიციონერების უკმაყოფილება გამოწვეულია ონლაინ-არჩევნებში არასასურველი შედეგების მოპოვებით. ზუგანოვმა, ელექტრონული არჩევნების სისტემის გარდა, ისაუბრა საპენსიო ასაკთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობაზე. მან ასევე სთხოვა პუტინს გადაეხედა საქმისთვის, რომელიც ირკუტსკის ყოფილი გუბერნატორის, ანდრეი ლევჩენკოს შვილის წინააღმდეგ იყო აღძრული. პუტინმა კი პირობა მისა, რომ „შეხედავდა, რისი გაკეთება შეეძლო“.


შეხვედრის პარალელურად პუშკინის მოედანზე კომპარტიის ორგანიზებით იმართებოდა აქცია სლოგანით „სამართლიანი არჩევნებისთვის“. მომიტინგეები სკანდირებდნენ: «Отпускай!», «Отменяй!», «„Единая Россия“ украла мандаты!», ხოლო პოლიციელებმა მომიტინგეების ხმების გადაფარვის მიზნით ხმამაღლა ჩართეს სიმღერა «Дядя Вова, мы с тобой».


ცხადია, ეს ვითარება კრემლს მშვიდად ყოფნის შესაძლებლობას არ მისცემს. რუსეთის ფედერალური ცენზორი (Роскомнадзор) იუწყება, რომ უკანონო მიტინგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის დაბლოკავს კომუნისტური პარტიის ვებ-გვერდს. მოსკოვის მერიამ მიტინგის ორგანიზების უფლება არ გასცა, რის მიზეზადაც არსებული პანდემია დასახელდა. სამართალდამცავი უწყებები კი არასანქცირებული მიტინგების დაშლით იმუქრებიან. მოსკოვის პოლიციამ დააკავა მემარცხენე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცოვი, რომელიც სოციალურ ქსელში ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებდა. პოლიციელები სახლშიც კი აკითხავდნენ ადმიანებს, რომლებიც კომუნისტური პარტიის მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ 20 სექტემბერს; კერძოდ: მიხაილ ლაბანოვს, სერგეი კურგანსკის და სერგეი ობუხოვს.


მანამდე ყველას ეს მეთოდი გამოყენებული იყო ნავალნისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ, რომელთა ადგილიც, როგორც ჩანს, ისტორიის ამ მონაკვეთში კომუნისტურმა პარტიამ ჩაანაცვლა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, კომპარტიას მოუწევს არჩევანის გაკეთება: ის ან გაიზიარებს „არასისტემური“ პარტიების ბედს და გაქრება, ან სრულ მორჩილებას აღუთქვამს კრემლს. რთულია გაუძლო ცდუნებას და უარი თქვა ბრძოლაზე მაშინ, როდესაც ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევი და, პლუს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა გაქვს. „ლევადა“ ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49%-ს საბჭოთა პოლიტიკურ სისტემას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო არსებულ პოლიტიკურ სისტემას მხოლოდ 18% ემხრობა.


საერთოდ, რა საჭიროა არჩევნები?

ყველა იმ რეპრესიისა და დარღვევის გათვალისწინებით, რასაც ადგილი ჰქონდა 2021 წლის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებამდე, არჩევნების განმავლობაში და მის შემდეგ, ლოგიკურია შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ტარდება საერთოდ რუსეთში არჩევნები? ვლადიმერ პუტინი ხელისუფლების სათავეში 1999 წლიდან იმყოფება. არსებობს ვარაუდი, რომ 2036 წლამდე ის არ აპირებს მართვის სადავეების ხელიდან გაშვებას. წელს პარტია „ერთიან რუსეთს“ ოცი წელი უსრულდება, რომლის განმავლობაშიც პარლამენტის არცერთ პალატაში არ დაუთმია უმრავლესობა. ამის მიუხედავად, რუსეთში არა მხოლოდ საპრეზიდენტო და საპარლამენტო, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებიც კი ტარდება. რუსეთი არ არის ერთადერთი ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც მიუხედავად პოლიტიკური ოპონენტის დევნის, სამოქალაქო საზოგადოების წევრების უცხო ქვეყნის ჯაშუშთა საგანგებო ნუსხაში შეტანის, მედიისა და, ახლა უკვე, ინტერნეტ-სივრცეების შეზღუდვის მიუხედავად ტარდება არჩევნები.


ავტორიტარულ რეჟიმებს არჩევნები ეხმარება ლეგიტიმაციის[2], საზოგადოებისა და კადრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში[3]. ის ასევე არის ძალის დემონსტრირების კარგი შესაძლებლობა[4]. ელიტებზე დაფუძნებული თეორიების თანახმად[5], ავტოკრატულ ხელისუფლებას არჩევნები ელიტებთან ურთიერთობების დალაგებაში უწყობს ხელს. იმის ნაცვლად, რომ ამ ჯგუფებს ებრძოდნენ, უფრო ჭკვიანური მათი რესურსების გამოყენებაა. ხელისუფლებას ეს დააზოგვინებს დროსა და ფინანსურ რესურსებს. თავის მხრივ, ელიტებისთვის არჩევნები წარმოადგენს გარკვეული ავტონომიურობისა და ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, რუსეთში მიმდინარე არჩევნები უფრო კომპლექსური ფენომენია, ვიდრე სიმბოლური პოლიტიკური აქტი. მისი ჩატარება საკმაოდ ძვირი და რეჟიმისთვის მრავალი რისკის შემცველია. თუმცა, არჩევნების არჩატარება შესაძლოა კიდევ უფრო ძვირი დაჯდეს. ამას გარდა, 2024 წელს რუსეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის გენერალურ რეპეტიციად შეიძლება ჩაითვალოს 2021 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები. გაირკვა ხალხის განწყობები, მათ შორის, მინიმალური მზაობა პროტესტისთვის, მიუხედავად ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისა; მოისინჯა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა და სამდღიანი არჩევნების პრაქტიკა; შესწავლილ იქნა ხალხის განწყობები ცვლილებებთან დაკავშირებით; გამოიკვეთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებთანაც, რეიტინგიდან გამომდინარე, ვაჭრობა ღირს ან არ ღირს; დაბოლოს, გამომჟღავნდნენ ჯგუფები, რომლებთანაც ერთად „დაზვერვაზე წასვლა“ შესაძლებელია და რომლებთანაც - სარისკო.


ზემოაღნიშნული თეორიული პარადიგმა განმარტავს ავტორიტარული რეჟიმების პირობებში არჩევნების ჩატარების მოტივებსა და მიზანშეწონილობას, მაგრამ მისი მიზანი არ არის წინასწარმეტყველება იმისა, შესაძლებელია თუ არა ავტორიტარული ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა.


სერგეი ილარიონოვი, რომელიც 2000-2005 წელს ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახლდათ ეკონომიკურ დარგში, მიიჩნევს, რომ ავტორიტარიზმის პირობებში ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა რეჟიმს კვაზი-ლეგიტიმურობას სძენს. მისი აზრით, სრულიად ალოგიკურია მონაწილეობდე არჩევნებში იმ დროს, როდესაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ გაქვს. „ეს იგივეა, რაც ნავალნიმ მონაწილეობა მიიღოს იმ კონცლაგერის უფროსის არჩევნებში, რომელშიც თავად იმყოფება“ - აცხადებს ილარიონოვი.


შედარებით განსხვავებული აზრი აქვს ყოფილ ოლიგარქსა და რუსეთიდან დევნილ მიხაილ ხადარკოვსკის. ის მიიჩნევს,რომ არჩევნებში მონაწილეობას აქვს აზრი, რადგან ეს შესაძლებელია გახდეს ხალხის ქუჩაში გამოსვლის მაპროვოცირებელი - რაც უფრო თვალსაჩინო იქნება გაყალბების მასშტაბი, მით უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში. მაგრამ, როგორც ჩანს, არც მას მიაჩნია, რომ რუსეთში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა შესაძლებელი.


მიუხედავად რიგი გარემოებებისა, რომლებიც არჩევნების მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებაზე მიუთითებს, არც მოსკოვისა და არც რუსეთის სხვა მხარეში არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას პროტესტი არ მოყოლია. ერთი მხრივ, საზოგადოების პასიურობა კრემლის ძალადობრივი და რეპრესიული ქმედებების შედეგია, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციის სისუსტის. შესაძლებელია, „ერთიანი რუსეთის“ წინააღმდეგ კომპარტიას მისცე ხმა, მაგრამ სულ სხვა რამაა სტალინისტებთან ერთად მოსკოვის ქუჩებში დგომა. დამატებით, 2021 წლის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები არ იყო გადამწყვეტი, თუ როგორ განაწილდებოდა რეალური ძალაუფლება.


ახლა, როდესაც 2021 წლის არჩევნებთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ასე თუ ისე ჩაქრა, რუსეთში აქტუალურია შეკითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, არჩევნებზე და მის შემდგომ. შეიძლება ითქვას, რომ რუს ინტელექტუალებს შორის არსებობს კონსესუსი, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნების გზით ხელისუფლებას არ დათმობს, მაგრამ მისთვისაც არჩევნები წარმოადგენს, ერთგვარ, ტესტს იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ცუდადაა რეჟიმის საქმე. იგი ხელისუფლების დათმობის გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც ნათელი გახდება, რომ ძალაუფლების შენარჩუნება უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება პირადად  მისთვის და რეჟიმისთვის, ვიდრე მისი დათმობა.


[1]Stanovaya, T. (2021, September 30). Playing at Politics: Manufacturing Russia’s Parliamentary Parties. Retrieved from Carnegie Moscow: https://carnegiemoscow.org/commentary/85464

[2]Schedler, A. (Ed.). (2006). Electoral authoritarianism: The dynamics of unfree competition. Boulder, CO: Lynne Rienner.

[3]Blaydes, L. (2011). Elections and distributive politics in Mubarak’s Egypt. New York, NY: Cambridge University Press.

[4]Simpser, A. (2014). Why governments and parties manipulate elections: Theory, practice, and implications. New York, NY: Cambridge University Press

[5] Ora John Reuter, Noah Buckley, Alexandra Shubenkova, and Guzel Garifullina. 2016. "Local Elections in Authoritarian Regimes: An Elite-Based Theory With Evidence From Russian Mayoral Elections." Comparative Political Studies 1-31.

bottom of page