ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი 2021

24 ოქტომბერი, 2021

Stacked Wooden Logs
Trans image.png

Valdai Discussion Club

გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტი ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბში სიტყვით გამოვიდა და ყველას ვისაც ისტორიული მეხსიერება ან საღი გონება ღალატობს, შეახსენა თუ რა მძიმე დღეშია დასავლური ცივილიზაცია და როგორ კარგად იცხოვრება რუსეთში.


ერთად გადავავლოთ თვალი ვლადიმერ ვლადიმერის ძის სოჭში გამოსვლის მთავარ თეზისებს:


მსოფლიო სისტემის ახალი ბალანსი ჯერ ნაპოვნი არ არის. ცივ ომში "თითქოს" გამარჯვებულებმა კი იგრძნეს, რომ ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებათ. ნებისმიერი გაელვება რაოდენ მშვენიერიც არ უნდა იყოს ის, დროებითია;


კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა თავი ამოწურა;


დასავლეთის რამდენიმე საუკუნოვანი დომინირება მსოფლიოს საქმეებზე ადგილს უთმობს მრავალმხრივ სისტემას;


აშშ-ს სამხედრო წამოწყებებმა ნგრევა და შფოთვა მოუტანა უამრავ ქვეყანას. ვიეტნამში აშშ-ს სამხედრო მარცხმა კი ვიეტნამის შემდგარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება განაპირობა;


რევოლუციურმა ნჯღრევებმა ჯერ იყო და მეფის რუსეთი ჩამოანგრია მერე კი, სულ რაღაც 30 წლის წინ იმხელა ზესახელმწიფო ჩამოშალა. რევოლუციებს მოსახლეობისთვის მხოლოდ ტანჯვა და ხიფათი მოაქვთ;


თანასწორობისთვის ბრძოლაში დასავლეთი ისე გაერთო, რომ იქ სქესის შეცვლისკენ უბიძგებენ ბავშვებს. "დედის" მაგივრად "გამჩენ მშობელიო" - ამბობენ ქალზე, მშობლები კი შეგიძლია მოიხსენიო, როგორც "მშობელი N1" და მშობელიN2" (ეს ყოველივე რუსეთის პოლიტიკური ელიტის გაქანებული ფანტაზიის ნაყოფია, რასაც პრეზიდენტსაც ჭარბად უზიარებენ).


მსოფლიო ახალი ფასეულობების ძიებაშია და ჯერჯერობით მსოფლიო მოწყობის ახალი ფორმატი განსაზღვრული არ არის. ამიტომ, რათა ამ გაუგებარ დროს არაფერს ვავნოთ, დღეს ყველაზე სწორი არჩევანი -  გონივრული კონსერვატიზმია.


ცოტა რთულია იმის დანამდვილებით თქმა კრემლის მეპატრონეს მართლა სწამს "ხრწნადი დასავლეთის" თუ ამას იდეოლოგიურ საყრდენად იყენებს საკუთარი პოლიტიკური სისტემის გამოსაკვებად. ალბათ ერთიც და მეორეც.


ვალდაის გამოსვლიდან ჩანს, რომ ასაკში შესული ვლადიმერ ვლადიმერის ძე არც თავის მსოფლომხედველობას გადახედავს და არც მის პოლიტიკურ სისტემას შეუცვლის იდეოლოგიურ საყრდენს.


დასავლეთის ცვალებად ლიდერებს კი, აწი სულ უფრო გაუჭირდებათ ასაკში შებიჯებულ და ხანგრლივი თავკაცობით დაბრძენებულ რუსეთის საჭეთმპყრობელთან დიდ თემებზე რაიმე შეთანხმების მიღწევა.