top of page

მოლდოვამ თავისი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში პირველად არარუსული გაზი შეიძინა

26 ოქტომბერი, 2021

მოლდოვამ თავისი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში პირველად არარუსული გაზი შეიძინა.


რუსულ "გაზპრომთან" გაჭიანურებული და გართულებული მოლაპარაკებების ფონზე, მოლდოვამ ერთი მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი პოლონეთისგან შეიძინა. მართალია, არ ხმაურდება რა ფასად მოხდა ამ ალტერნატიული გაზის შეძენა, თუმცა მოლდოვისთვის ეს გაზის პირველი ნაკადი იქნება, რომელიც "გაზპრომიდან" არ შემოედინება.


"ეს საცდელი შესყიდვაა, რათა შევამოწმოთ ალტერნატიული წყაროებიდან გაზის შესყიდვის შესაძლებლობები და გავაწონასწოროთ გაზის მოწოდების სისტემაში დავარდნილი წნევაო"- ამბობს  მოლდოვას ევროპულად  განწყობილი მთავრობა.


100%-ით რუსულ გაზზე ჩამოკიდებული პატარა მოლდოვას მდგომარეობა მაშინ დამძიმდა, როდესაც გასულ თვეში რუსულმა "გაზპრომმა" მოლდოვას გაზის მიწოდება მესამედით შეუმცირა. ამან მოლდოვა იძულებული გახადა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და დახმარებისთვის ევროკავშირისთვის მიემართა.


საქმე იმაშია, რომ "გაზპრომსა" და "მოლდავგაზს" შორის გაზის მიწოდების კონტრაქტი ჯერ კიდევ 2000-იანებში დაიდო და მას შემდეგ ახლდებოდა. ამასობაში, მოლდოვას 700 მილიონი ამერიკული დოლარის დავალიანება დაუგროვდა, კონტრაქტს ვადა ამოეწურა, რუსული გაზის საფასური კი მოულოდნელად და მკვეთრად გაძვირდა.


ამ საბედისწერო შემოდგომამდე მოლდოვა ათას კუბურ მეტრ გაზში დაახლოებით 150 აშშ დოლარს იხდიდა, ახლა კი, იგივე მოცულობის გაზში რუსეთი 790 აშშ დოლარს ითხოვს. "თუ დავალიანებას დაფარავთ, ჯანდაბას თქვენი თავი,  25%-იან ფასდაკლებას მოგცემთ 790 დოლარიან საბაზრო ფასზეო" - გაიძახის "გაზპრომი".


მოლდოვა რუსეთის გაძვირებულ პირობებს არ ყაბულდება და ჯერჯერობით მოლაპარაკებები უშედეგოდ ჭიანურდება, არადა ზამთარი მოლდოვას ევროპული კაბინეტისთვისაც ახლოვდება (მოლდოვა დაახლოებით 3 მლნ. კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, აქედან კი 1.8 მლნ. კუბური მეტრი გაზის მოხმარება დნესტრისპირეთზე მოდის).


ევროპაში ჭორაობენ - რუსეთმა მოლდოვა ევროპული არჩევანის გამო დასაჯაო. ისე, მოლდოვას პრეზიდენტს, პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს პირველად მოუწევთ ევროპული ფასის გადახდა ევროპულ არჩევანში, რაშიც, მართალია, დასავლელი პარტნიორებიც წაეხმარებიან.


როგორც მოჩანს, რუსული ბუნებრივი აირი ევროპულად განწყობილი რუსეთის ახლო სამეზობლოსთვისაც სულ უფრო ცრემლმდენი და მხუთავი გახდება. ეჭვგარეშეა, რომ საგარეო-პოლიტიკურ არჩევანში მაღალი საფასურის გადახდას რუსეთი ყველაზე პრინციპულად სწორედ სამეზობლოში მოითხოვს.

bottom of page