top of page

სპუტნიკ V-ის შედეგები არგენტინაში

22 ნოემბერი, 2021

Stacked Wooden Logs
Trans image.png

არგენტინაში მოსკოვის ხმაურიანად წამოწყებული "ვაქცინის დიპლომატია" ჯერ გვარიანად შექანდა, შემდეგ კი რიო-დე-ლა-პლატას სანაპიროებთან მეჩეჩზე დაჯდა.


გასულ უქმეებზე, არგენტინაში პერონისტების მმართველმა კოალიციამ შუალედურ არჩევნებში საკმაოდ ცუდი შედეგი აჩვენა და სენატში უმრავლესობაც დაკარგა. პერონისტების კოალიციის ამ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი კი,  სწორედ რუსულ ვაქცინა "Sputnik V"-ზე დადებული ფსონი იყო.


ჯერ კიდევ წლის დასაწყისში "Pfizer"-თან მოლაპარაკებებით უკმაყოფილო არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა გეოპოლიტიკური არჩევანი რუსულ ვაქცინაზე შეაჩერა. უნდა ითქვას, რუსეთმაც ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა "Sputnik V"-ის აცრაზე ჯერ არგენტინა, შემდეგ კი, მისი გავლით, მთელი ლათინური ამერიკა შეესვა.


ფერნანდესის მთავრობამ რუსული ვაქცინის დოკუმენტაციის ესპანურ ენაზე მოთარგმნა და ამ მასალების სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის გაზიარებაც ითავა.


"Sputnik V"-ის პირველი შეკვრები არგენტინამ და ბოლივიამ ჯერ კიდევ თებერვალში მიიღეს, მოსახლეობის დაჩხვლეტას შეუდგნენ და რუსეთთან ერთად, კაპიტალისტური ამერიკის გარიყვაც ნაადრევად იზეიმეს. პირველ თვეებში პროცესი მეტ-ნაკლები წარმატებით დაიძრა. თითქოს რუსეთის წყალობით, არგენტინა და სამხრეთ ამერიკის რიგი ქვეყნები ვირუსის დამარცხებაში კაპიტალისტურ ამერიკას არ უნდა ჩამორჩენოდნენ.


ამ წარმატებულ დასაწყიისს უკვე ზაფხულში ჩრდილი მიადგა - ივლისში რუსული ვაქცინის მიწოდებები სერიოზულად შეფერხდა და დაგვიანდა, რამაც მეორე დოზებით ასაცრელი მოსახლეობა ხახამშრალი დატოვა. ივლისის ბოლოს, ალბერტო ფერნანდესი იძულებული შეიქნა "Pfizer"-ის ვაქცინები შეეძინა, რათა ქვეყანაში მძვინვარე ვირუსს გამკლავებოდა. უფრო მეტიც, აგვისტოსთვის არგენტინაში "Sputnik"-ის ერთი დოზით აცრილ პირებს მეორე დოზად "AstraZeneca"-სა და "Moderna"-ს ვაქცინებით დაჩხვლეტა შესთავაზეს.


უკვე ნოემბრის დასაწყისისთვის კი აღმოჩნდა, რომ ბუენოს-აირესს 4-ჯერ მეტი რაოდენობის სხვა ვაქცინები ჰქონია შეძენილი ვიდრე გამალეის ინსტიტუტის - "Sputnik V”.


მიწოდების შეფერხებებს ისიც დაემატა, რომ რუსულ ვაქცინამ დღემდე ვერ მიიღო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია. ეს კი რუსული "Sputnik V"-ით აცრილ არგენტინელებს აშშ-სა და ევროკავშირის უდიდეს ნაწილში გამგზავრების საშუალებას არ აძლევს. არგენტინის პრეზიდენტმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასაც შესჩივლა რუსული ვაქცინის დროულ ავტორიზაციაზე, თუმცა მას არავინ გამოხმაურებია.რუსული ვაქცინის თანმდევი მსგავსი სირთულეების დაგემოვნება პარაგვაის, ბოლივიასა და ვენესუელასაც მოუწიათ.


მოსკოვის მიერ წარმოებულმა "ვაქცინის დიპლომატიამ" არგენტინასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში სასურველ გეოპოლიტიკურ სამიზნეებს ნამდვილად ვერ მიაღწია.


აშშ-მ და ჩინეთმა საბოლოოდ ლოგისტიკის თემასაც მოაბეს თავი და საკუთარი ვაქცინების ავტორიზაციაც მშვენივრად გამოტყუეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.


ვირუსთან ბრძოლის ახალ ფრონტზე, მოსკოვი მისმა ძველმა მეტოქემ - ვაშინგტონმა და უკვე პეკინმაც დაჯაბნა.

bottom of page